თეიმურაზ კაჭკაჭიშვილი სიმონის ძე დაიბადა 01 აგვისტო 1961 წელს სოფელ არალში, ადიგენი გარდაიცვალა 02 ივლისი 1993 წელს ტამიშში, ოჩამჩირე აფხაზეთი
თემურ (თეიმურაზ) კაჭკაჭაშვილი ლეიტენანტი
დაიბადა 1961 წლის 1 აგვისტოს, ადიგენის რაიონის სოფელ არალში; დაამთავრა ახალციხის პირველი საშუალო სკოლა; შემდეგ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მათემატიკა-ასტრონომიის ფაკულტეტი.ირიცხებოდა თავდაცვის სამინისტროს 22-ე მოტომსროლელი ბრიგადის კავშირგაბმულობის ასეულის მეთაურის მოადგილედ. იბრძოდა აფხაზეთში, კერძოდ, ოჩამჩირის რაიონში, სოფელ კინდღში, ლაბრაში და შრომა-ახალშენის მიმართულებით. ტამიშში რუსული დესანტის გადმოსხმის დროს, დაიღუპა ბრძოლის ველზე 1993 წლის 2 ივლისს...
გოგიტა მელიქიძე-ომის ვეტერანი, ჟურნალისტი_’’თანაკლასელები და ახლო მეგობრები ვიყავით. აფხაზეთში, როგორც ჟურნალისტი, ისე ჩავედი და თემური იქაც ვნახე. ამის შემდეგ, უკვე, ომის მეგობრებიც გავხდით. 1995 წელს გამოვეცი წიგნი ‘’სულთათანა,’’ რომელიც სამშობლოსთვის თავშეწირული გმირების გარდაცვალებას, ქრისტიანული მორალითა და ეკლესიური სულთათანას მიდგომით ხსნიდა. ამ წიგნში,ისევე, როგორც ჩემს გულში, განსაკუთრებული ადგილი აქვს თემურ კაჭკაჭაშვილს:’’არიან ადამიანები, გულის უცნაურ სითბოს რომ ატარებენ. ასეთ ადამიანებთან შეხვედრისას აშკარად შეიგრძნობა ისეთი სიფაქიზე, რომელიც ჩვენს მყიფე, გახისტებულ საზოგადოებრივ ურთიერთობებში უდაბნოს წყაროსავით იშვიათია. თემურ კაჭკაჭაშვილი სწორედ ასეთი პიროვნება იყო. ჩვენს კლასში ერთ-ერთ საუკეთესო მოსწავლედ ითვლებოდა. სკოლის დამთავრების შემდეგ, უმაღლეს სასწავლებელში, საბუთები, ერთად შევიტანეთ. მას სოფლიდან დედა წამოჰყვა და ის გულშემატკივრობდა.ერთმანეთის კონკურენტებიც ვიყავით და გულშემატკივრებიც. ბოლოს აღმოჩნდა, რომ ზუსტად ერთნაირი ქულები დავაგროვეთ, ჩვენს რაიონზე კი მხოლოდ ერთი ადგილი იყო გამოყოფილი. თემური დედამისისგან ფარულად, ინსტიტუტის დერეფანში პროფესორ ვასილ კიკნაძეს შეხვდა და მისაღები გამოცდებიდან მისი მოხსნა სთხოვა. სხვა შემთხვევაში, ჩემთან შედარებით, ატესტატის მიხედვით, უპირატესობა ჰქონდა და გასული იყო. მოგვიანებით, როდესაც ამის შესახებ ვკითხე, გაეღიმა: შენ ისე იყავი მონდომებული, ‘’გამოსავარდნად’’ ვერ გაგიმეტეო... თემურმა, მეორე წელს ჩააბარა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. მას შემდეგ, როგორც იტყვიან, ჩვენი გზები ერთმანეთს დაშორდა, ხოლო როდესაც აფეთქების ხმით გაბრუებულ სოხუმში შევხვდით ერთმანეთს, არ გამკვირვებია.
სოხუმში თემურის ნახვა ისე გამიხარდა,რომ პრეს-ცენტრიდან დავეთხოვე და მასთან გადავედი. ერთი კვირა მის ჯარისკაცებთან ერთად ვცხოვრობდი. დღისით ყველას ჩვენ-ჩვენი დავალება გვქონდა, საღამოს კი ერთად ვიკრიბებოდით. შევამჩნიე, ხშირად, უბის წიგნაკს ჩასცქეროდა, რომლითაც მეუღლისა და პატარა ვაჟიშვილის ფოტოს ატარებდა.’’იმდენი ხანია, აქეთ ვარ, შვილმა, შეიძლება, ვერ მიცნოს და მიუცხოვოს კიდეცო,’’- თითქოს, განიცდიდა. მეორე შვილს ველოდებიო, გამიმხილა...
ერთ დღეს, თემურს გამოუცხადეს, მოწინააღმდეგის მხარეს ჩვენი ტანკი ჩარჩა, ხვალ ტანკისტთან ერთად, ელექტრობის სპეციალისტიც გაგზავნე, იქნებ, აღადგინონ და გამოიყვანონო. ასეთ რისკზე ამათ როგორ გავუშვებო, უპასუხა და თვითონ წავიდა.საღამოს ფრთაშესხმული დაბრუნდა_ აღვადგინეთო...
თემური სულ თავის მეომრებზე ზრუნავდა,უფრთხილდებოდა და ალალბედად არსად აგზავნიდა; იგი საოცარ წინდახედულობასა და გონიერებას იჩენდა, რაც ომში, ესოდენ საჭიროა.სოხუმიდან წამოსვლისას, გადამეხვია და იშვიათი სითბოთი დამემშვიდობა. მერე სასალუტე მაშხალა გადმომცა_ ეს ჩემგან გქონდეს საჩუქრადო. გარკვეული დროის შემდეგ, მისი ერთი თანამებრძოლი შემხვდა,რომელსაც თემური, მოფერებით ‘’კვაჭას’’ეძახდა. მას, გულზე, თემურის პატარა სურათი ჰქონდა მიმაგრებული. ყველაფერი გასაგები იყო:’’ 2 ივლისს, ტამიშში, რუსებმა დესანტი რომ გადმოსხეს, ჩვენ, მაშინ, სოხუმ-ოჩამჩირის ტრასას ვიცავდით. კარგად არც იყო გათენებული, ინტენსიური ცეცხლის ქვეშ მოვყევით. თემურმა უკანდახევა გვიბრძანა, თვითონ მჭიდები მოიმზადა და საპასუხო ცეცხლი გახსნა. ამ დროს, უკვე, დაჭრილები გვყავდა. ჩვენ, უკვე, გამოსულები ვიყავით, როდესაც მტერმა თემურის საცეცხლე წერტილი შეამჩნია და იქაურობა ქვა-ქვაზე დაადუღა. ტყვიებისაგან მიწიდან ავარდნილ კორიანტელში აღარაფერი ჩანდა. თემურის ავტომატის ხმაც შეწყდა. მასთან სულ ფორთხვით მივედი. თემური მიწას პირქვე დამხობოდა და სხეული ერთიანად ტყვიებით ჰქონდა დაცხრილული. წამოღება ვერ შევძელი... დიდი დანაკლისით უკან დავიხიეთ.მაშველი ძალა მოგვივიდა და იმ ადგილს ორი დღე ვუტევდით, რათა გვამები მაინც გამოგვეტანა. ბოლოს ტანკით შევედით. მტერს, თემურის ცხედრისთვის, იმავე ადგილზე მიწა წაეყარა.მასთან მიახლოებისას ნაღმი აგვიფეთქდა და ჩვენი მებრძოლები დაიჭრნენ. მოწინააღმდეგე გვამებისა და საფლავების დანაღმვასაც კი მიმართავდა.ოჩამჩირიდან ცხედრის გადმოსვენება, მისი მტრის პოზიციებიდან გამოტანაზე არანაკლებ გაგვიჭირდა.ისეთი ორომტრიალი იყო, იქ, დაღუპულებისთვის, არავის ეცალა.ბოლოს, მფრინავები დაგვეხმარნენ და ქუთაისში გადმოიყვანეს. კოპიტნარის აეროდრომის მუშაკებმა ნამდვილი ქართული გულისხმიერება გამოიჩინეს_ხელი გაგვიმართეს და გამოგვისტუმრეს.საგუშაგოები, ჩვენს შესახებ, ერთმანეთს გადმოსცემდნენ და პოლიციელები, გზის პირას, ქუდმოხდით დამწკრივებულნი გვხვდებოდნენ,’’-მიამბო ‘’კვაჭამ’’.
აფხაზეთში გმირულად დაღუპული ვაჟკაცების ათეულებსა და ასეულებს, კიდევ ერთი, კარგი ქართველი შეუერთდა და მარადისობისკენ მიმავალ გზაზე დაემგზავრა. მესხეთის უდიდეს სოფელში_არალში, თემურის ახლადმიწაშემაღლებულ საფლავთან, 2 წლის ბიჭი თამაშობდა და შავებით მოსილი ფეხმძიმე ქალი მწარედ ქვითინებდა...
ჩემი წიგნების კარადაზე დევს ყველაზე უფრო ძვირფასი საჩუქარი_ სასალუტე მაშხალა წარწერით:’’შენთვის ყველაზე უფრო დიდი ბედნიერების ჟამს ჩემგან ნაჩუქარი ეს მაშხალა ცაში გაუშვი. თემურ კაჭკაჭაშვილი.სოხუმი. 1992 წლის დეკემბერი.’’
თემური უკვე ცოცხალი აღარ არის, მისი ნაჩუქარი მაშხალა კი კვლავ ბედნიერების მოლოდინშია...’’(ამონარიდი წიგნიდან’’სულთათანა’’)
✍️ნათელა მათოშვილი-მეუღლე_ ‘’მართლა უიშვიათესი ადამიანი იყო. მეგობრობის საოცარი ნიჭი ჰქონდა, თავგანწირული მეგობრობა იცოდა. მისი გარდაცვალების შემდეგ, წლების განმავლობაში ჩამოდიოდნენ მისი მეგობრები საქართველოს ყველა კუთხიდან და თემურის ხსოვნას პატივს მიაგებდნენ. მხოლოდ სამი წელი ვიყავით ერთად და 3 ათეული წელია, მის გარეშე ვცხოვრობ, მაგრამ ის სამი ბედნიერი წელი, ვაჟკაც კაცთან გატარებული, მთელს ცხოვრებას უდრის ჩემთვის! მეორე ვაჟზე 4 თვის ფეხმძიმე ვიყავი, ომში რომ წავიდა. ვერ მოესწრო მის დაბადებას. თემური დავარქვი, იმ მამის სახელი, რომელიც თვალითაც არ უნახავს... ჩემს შვილიშვილსაც თემური ჰქვია.
ლელობნის საშუალო სკოლაში მასწავლებლად მუშაობდა, როცა დავქორწინდით; ერთ ზაფხულს, კომისარიატიდან გაწვევა მოუვიდა ე.წ.’’ზბორებზე’’ და წავიდა. ნაწილში უმალ შეამჩნიეს მისი გამორჩეული თვისებები და სთხოვეს, დარჩენილიყო. მან თანხმობა განაცხადა. სკოლის დირექტორი არ უშვებდა, არ ემეტებოდა; თემური კი სამხედრო საქმემ გაიტაცა; ახალციხეში ბინაც მოგვცეს, მაგრამ სამწუხაროდ, იმ ბინაში, მხოლოდ მე მომიწია ცხოვრება, რადგან თემური უკვე აღარ იყო.. ომში წავიდა; წამით არ დაფიქრებულა, ისე წავიდა_ ჩემი ყველა მეგობარი, 18 წლის ბიჭებიც კი სამშობლოს დასაცავად მიდიან და მე აქ მშვიდად ვიჯდეო? ვერ დავუშალე... ან რა აზრი ჰქონდა?! მე გამოვაცილე აფხაზეთისკენ მიმავალ გზაზე... მე და ჩვენმა ჯერარდაბადებულმა, მუცლად მყოფმა ვაჟმა გამოვაცილეთ იმ ბოლო გზაზე, საიდანაც გმირად დაბრუნდა!
სამშობლო უზომოდ უყვარდა, მთელი გულით, შეგნებით! უნივერსიტეტში მესამე კურსზე იყო, როცა გაერთიანებულ ლექციაზე, ლექტორი შევიდა და გამოაცხადა, რომ კოდორის ხეობაში სჭირდებათ მათემატიკის მასწავლებელი, კადრი არ ჰყავთ და რომელი წახვალთო. 200 სტუდენტამდე ესწრებოდა ლექციას, მხოლოდ თემური წამოდგა და თქვა_ მე წავალ, სადაც ჩემს სამშობლოს ვჭირდები, იქ ვიქნებიო; დაუსწრებელზე გადაიტანა საბუთები და წავიდა სოფელ გენწვისში. იქაც დიდი სიყვარული დაიმსახურა. დღემდე სითბოთი იხსენებენ თემურს გენწვისელი სვანები,მოსწავლეები და მასწავლებლები, ვისთან ერთადაც გაატარა 2 წელი...
... ლელობნის სკოლის მეთერთმეტე კლასის მოსწავლეებმა, ‘’ბოლო ზარზე’’ დაპატიჟეს თავიანთი საყვარელი მასწავლებელი. თემური უკვე აფხაზეთში იყო, მაგრამ ხათრი ვერ გაუტეხა მოსწავლეებს და ომიდან სპეციალურად მათთვის ჩამოვიდა. სამხედრო ფორმის შიგნით მაისური ეცვა და მოსწავლეებმა ამ მაისურზე დააწერეს თავიანთი სურვილები. თემურს ხუმრობით უთქვამს:’’ ნეტა რომელი თქვენგანის ნაწერზე მომხვდება ტყვიაო;’’აფხაზეთში სწორედ იმ მაისურით წავიდა; საოცარი ისაა, რომ იმ ბოლო ბრძოლაში,ტამიშზე, ეს მაისური ეცვა და მისი ცხედარი, სწორედ ამ მაისურით ამოიცნეს...
ვერაფრით გამოვყოფ მხოლოდ ერთ დადებით თვისებას, რომელიც მას გამოარჩევდა _თითქოს, უნაკლო ადამიანი იყო..ძალიან ნიჭიერი,უგანათლებულესი, სამშობლოს მოყვარული, უკეთილშობილესი. თუ სადმე კონფლიქტი იყო, თემურის მისვლის შემდეგ, ყველა ერთმანეთს ურიგდებოდა. მასეთები მართლა იშვიათად იბადებიან. სიცოცხლეშიც გმირი იყო და სიკვდილშიც!
მისით და მისთვის ვცოცხლობ დღესაც. შავი დღემდე არ გამიხდია, შეიძლება კიდეც გაუკვირდეს ვინმეს, მაგრამ... შავებს მხოლოდ მაშინ გავიხდი, როცა აფხაზეთში ჩავალ და იმ ადგილზე დავანთებ სანთელს, სადაც ჩემმა ვაჟკაცმა ქმარმა ამ ქვეყნისთვის სული დალია!..’’
ლეიტენანტი თემურ კაჭკაჭაშვილი (სიკვდილის შემდეგ) დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით.
წიგნი სულთათანა ავტორი გოგიტა იასონის ძე მელიქიძე დაბადებულია 02 მაისი 1961 წელი. წარმომავლობით სოფელი კლდე, ახალციხე. ცხოვრობს რუსთავში.
ითანამშრომლა მეუღლემ ნათელა პავლეს ასული მათოშვილი დაბადებულია არალში 01 იანვარი 1966 წელს