სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

ომი/სამხედრო პირი
თამარ ურდულაშვილი დ. 1968წ. პედაგოგი, აქტიური მოქალაქე დაბ. საგარეჯო თამარ ურდულაშვილი დ. 1968წ. პედაგოგი, აქტიური მოქალაქე დაბ. საგარეჯო
ბმულის კოპირება



გვარი ურდულაშვილი სია

საგარეჯო გამოჩენილი ადამიანები სრული სია

516       ბეჭდვა

თამარ ურდულაშვილი დ. 1968წ. პედაგოგი, აქტიური მოქალაქე დაბ. საგარეჯო

გსურთ თქვენც ახსოვდეთ შთამომავლობას? ზოგადი ნიმუში 

თამარ ფირუზის ასული ურდულაშვილი 


დაიბადა ყვითელგულა შემოდგომისას, ირმის მყვირალობისას, 1968 წლის 29 სექტემბერს შუაღამისას...

თურმე მაშინ ჭრიჭინებდნენ,ჭრიჭინებდნენ ჭრიჭინები..

რომელთა ხმა მისმა ტირილმა გადაფარა,ტირილმა დედის სხეულთან დაშორების,ტირილმა შიშის ვეებერთელა სამყაროსი. გრძნობდა უსაზღვრო და უკიდეგანო სამყაროს და ეძებდა საყრდენს გასაჩერებლად...და ამ საყრდენიანად დედამიწასთან ერთად დავიწყო ბრუნვა...

დაიწყო ათვლა მისი წლების საზომმაც.

1985წელს წარჩინებით დაამთავრა საგარეჯოს #3 საჯარო სკოლა.

1992 წელს წარჩინებით დაამთავრა თბილისის სულხან–საბა ორბელიანის პედაგოგიური ინსტიტუტის ფიზიკა–მათემატიკის ფაკულტეტი, ფიზიკის სპეციალობით.

რატომ ფიზიკის?

„უმეცარნი ფიზიკისა მსგავს არიან მკვდართა“/ანტონ დიდი/

აინშტაინის არ იყოს ბუნებისმეცნიერული ინტერესები სჭარბობდა ყველა დანარჩენს...

1992 წელს მუშაობა დაიწყო საგარეჯოს რკინიგზის #19 არასრულ საშუალო სკოლაში 

ფიზიკა–მათემატიკის მასწავლებლად, 1995 წელს–ნინოწმინდის საშუალო სკოლაში დირექტორის მოადგილედ სასწავლო დარგში და ფიზიკის მასწავლებლად.

2005 წელს დაინიშნა საგარეჯოს #3 საჯარო სკოლის დირექტორად და ფიზიკის მასწავლებლად.

2007 წელს აირჩიეს საგარეჯოს #2 საჯარო სკოლის დირექტორად და ფიზიკის მასწავლებლად.

2012 წლის 1 მაისს დაინიშნა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მრჩევლად გენდერულ საკითხებში.

2018 წლის 14 მაისს დაინიშნა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის  გენდერზე პასუხისმგებელ პირად–მრჩევლად გენდერულ საკითხებში და „ქალთა ოთახის“ მენეჯერად .

რედაქტორობდა დამოუკიდებელ გაზეთ“ხვალინდელ დღეს“.

არის ლექსების კრებულის „შენს სიყვარულად ვიყავ მოსული“ავტორი.

არის მრავალი კონფერენციის,კონკურსის,პროექტის გამარჯვებული და განათლების მინისტრების პერსონალური პრემიის მფლობელი.

2005 წელს ი.გოგებაშვილის პედაგოგთა საზოგადოებამ მიანიჭა რესპუბლიკის წლის საუკეთესო ფიზიკოსის წოდება თემებისთვის:“ჭიანჭველების მუშაობა და მექანიკური მუშაობა“,“ი.გოგებაშვილის ცისარტყელას ფერები და ნიუტონის სპექტრი“.

2008 წელს გაიმარჯვა რეგიონულ კონფერენციაში, თემა: “ფერისა და ბგერის როლი ადამიანის ცხოვრებაში“

2018 წელს  ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით გაიარა Key Consulting-ის და შავი ზღვის უნივერსიტეტის სრული კურსი“გახდი ტრენერი“ და გავხდა სერთიიცირებული  ტრენერი.

2019 წელს წელს ი.გოგებაშვილის პედაგოგთა საზოგადოებამ განათლების სისტემაში შეტანილი წვლილისთვის დააჯილდოვა პედაგოგთა ელიტარული ჯილდოთი–იაკობ გოგებაშვილის მედლით.

სალომე ზურაბიშვილი (დ. 18 მარტი, 1952, პარიზი) — საფრანგეთისა და საქართველოს პოლიტიკური მოღვაწე, საქართველოს მე-5 პრეზიდენტი,

გუგული მაღრაძე (დ. 9 აპრილი, 1945, წყალტუბო) — ქართველი ფსიქოლოგი, პოლიტიკოსი. საქართველოს პარლამენტის სამგზის (2004, 2012, 2016, ) წევრი.

***

დავითის ლავრა გადმოგყურებთ...

გლოცავთ ბერთუბანი,წამებული,

სულხან-საბა მოჩანს ლურჯ ზეცაზე

თუ ასურელ მამის თვალებია დახატული?

თითქოს ლუკიანეც გვერდით უდგას...

მოჩანს ათორმეტი მონასტერი,

თეთრ-სენაკები, მაღაზანა ,

ვერანგარეჯა და ჩიჩხატური.

იცით როგორ სტკივათ მაგ ბილიკებს

ავი თემურ-ლენგის ლაშქრობები?

ყაყაჩოს სიწითლე მიუღია

ბერქა-ყაენის დარბევებით...

თქვენ ხართ მომავალი ჩემი ქვეყნის

გლოცავთ ონოფრე გარეჯელი,

თუკი ჩემს სამშობლოს გაუჭირდა

ქუდზე კაცს დაიტევს დიდი ველი...



ნახატები შექმნილია 2022 წელს

***

ეჰა, მეომარნო ქრისტესნო!

სამშობლოს,

ღვთის სჯულის დამცავნო!

უფალს აღთქმა მივცეთ,

გვაპატიოს,

მტერს ,რომ ჩვენი ღონე ვანახოთ.

მტკიცედ, 

დაუნდობლად შევუტიოთ

ქრისტესნო!

უშიშარნო გულისა,

თურქმანთა სიუხვემ არ შეგაკრთოთ

ვაჩვენოთ სიძლიერე სულისა.

ქართველნო!

დიდი ველი გველოდება

და ბრძოლის ყიჟინაც აშლილა...

დიდგორთან გზა უნდა ჩაგიხერგოთ ...

ნიჩბისიც საკმაოდ გაშლილა.

ეჰა, მეომარნო ქართვლისანო!

ძლევა საკვირველი ვაჩვენოთ…

ისმის ხმა დავით IV-ისა :

-თვალზე ცრემლი არ მაჩვენოთ...

თქვენ, მეომარნო სამშობლოსთვის!

გესმით!

გამარჯვება ან სიკვდილი!

უკანდასახევი მოგიჭერით ...

ზურგშეუქცეველი სიკვდილი!

აბა, გამარჯვება მეომარნო!

მიწა ჩანს სისხლიანი ფერებით...

ნადავლაღებული მივადგებით,

ჩემს გელათს მოვეფერებით.

მეოტთა გაქცევა არ ვაკმაროთ,

სდიეთ ანისის საზღვრამდე,

ილღაზი სიკვდილის თვითმხილველი

სირცხვილით მივა ქვეყნამდე...

ეჰა, მეომარნო ქრისტესნო!

ჩემო უშიშარნო, გულადნო

სამშობლოს მუდამ მოუფრთხილდით,

სხვა მრწამსს ნუ მიიღებთ რჯულადო…

ეჰა, მეომარნო ქრისტესნო!

სამშობლოს,

ღვთის სჯულის დამცავნო!

უფალს აღთქმა მივცეთ

გვაპატიოს,

მტერს ,რომ ჩვენი ღონე ვანახოთ.


***

შემორჩენილა 

ფრესკებიდან

შენი პორტრეტი...

აგერ ვარძია,

ყინწვისი

და ის ბეთანია

ათას ჭირვარამ გადახდილი....

შენი ხატება

ბერთუბანში კვლავ ილოცება ...

აცხონე ღმერთო 

მეფე აფხაზთა,

ქართველთა, რანთა,

კახთა,სომეხთა

და შაჰანშათა ,

მეფე შირვანთა ,

ოქროს ხანისა ,

მეფეთა მეფე

უამრავი სპასალარისა.

შემორჩენილა

ფრესკებიდან

შენი პორტრეტი....


ადამიანები,რომლებიც თანამონაწილენი არიან  ჩემი წარმატებების..


დედა–მერი  ფირუზის ასული გრატიაშვილი დაიბადა საგარეჯოში საგარეჯოში საგვარეულო სასაფლაოზე (ტიგინაანთ გორა)

(24.05.1949 წ – 09.07.2014 წ)

დიდი ტკივილი...

ჩემი ცხოვრების იდეალი...

ხელოვნებაზე , ქართულ ხალხურ და არა მარტო ხალხურ სიმღერაზე უზომოდ  შეყვარებული და უბადლო შემსრულებელი. 

60–იანი წლებში საგარეჯოს სიმღერის გუნდის (ლოტბარი ვანო მჭედიშვილი) სოლისტი.

ახლაც ჩამესმის დედაჩემის ხმებში გაშლილი სიმღერა ჩემთვის და ჩემი დებისთვის...

შემდეგ ერთად შესრულებული „იავნანა“,“ურმული“,“მრავალჟამიერი“...

თურმე ცხოვრებაში დგება დრო დედასთან განშორების,შემდეგ უდიდესი მონატრების...

დადიხარ და ახლა შენ დაატარებ დედაშენს ლექსით, სიმღერით და საერთოდ შენი მოძრაობით...

***

არასდროს გითქვამს,რომ ჩვენს განშორებას ასეთი დიდი ტკივილი მოჰყვებოდა...

ტკივილი უნახაობის, არ შეხვედრის, არა შეხების,არა საუბრის...

ტკივილი სიცარიელის,მარტოობის,უიმედობის...

არასდროს გვისაუბრია მანძილზე ცამდე, ადრე ძალიან გრძელი, უსასრულო და დაუმთავრებელი მეგონა,თურმე რა მოკლეა,თითქმის არ არსებობს...

არსებობს უსიტყვო დიალოგი შენთან...


***

ქარს მიჰქონდა 

ჟასმინების სურნელი,

შენი კაბის ყვავილები დაჭკდნენ...

შენს სურათთან ანთებული სანთლები

ჩაიწვნენ და გაქრნენ...

ჩემს თვალებში შენი სახე ცოცხლდება

და შენს ამბორს ისევა გრძნობს ღაწვი

უსაშველოდ მომენატრე 

ვეღარ ვძლებ

საძვალის გზას მივყვები და მაწვიმს...


***

ქუჩას მივუყვები თვალაბცრემლიანი

წვიმის წვეთები მორცხვად მესალმება,

ისევ უდედობის სევდა მოაქვს ჯანღს 

და დედის უსხეულო ლანდი მენატრება...

ვეძებ, ვერ ვპოულობ, ქუჩა გადავწეწე,

თითქოს ვპოულობ და შემდეგ მეკარგება,

ისევ სევდიანი მივუყვები სავალს 

დედის მოფერება მენატრება.

მაწვიმს...

ვეღარ მივდევ ქუჩას დარდიანი ,

წლებიც რა უაზროდ მემატება,

ადრე შენს დაძახილს გვურბოდი 

დღეს შენი გაჯავრებაც მენატრება...

ქუჩას მივუყვები თვალებცრემლიანი

შენი გულუბრყვილო ლანდი მესალმება...

ჰოდა გამიყოლე, ვდგავარ აწურული,

შენთან საუბარი ძლიერ მენატრება.



***

ღრუბლებო !

ცის მაწანწალებო,

საით მიდიხართ მალვით?

მეც მინდა თან გამიყოლოთ

მაკმარეთ ურვა და დარდი.

ღრუბლებო!

ცის მაწანწალებო,

ქარის ორკესტრი უკრავს,

დედა მაჩვენეთ სადმე 

ფიქრით მოგყვებით უკან.

ღრუბლებო!

ცის მაწანწალებო,

მე აგარიდებთ ქუხილს,

იქნება დედაც მეძებს

შევუმსუბუქებ წუხილს.



***

უმთვარო ღამე გადათელილ ყვავილებს ტირის,

რა სტკივა ნეტავ?

მათ ისე სტკივათ უსულო ყლორტი,

როგორც მე შენი დაკარგვა დედა...

ივლისის ღამე...

მთვარიანი,

უკვე უშენო,

მოქარგავს ყვითლად შენს სამარეს...

ცაანაბარად დარჩენილი

ამ წყვდიად ღამეს შენს თავს ვაბარებ...

უმთვარო ღამე გადათელილ ყვავილებს ტირის

თიბათვის მზისგან სულ ყველაფერს ფერი აკლდება,

მხრებზე შემდგარი სასახლეთი მზეს განახვებენ,

ვგრძნობ შენი მზერა დღის სინათლეს ღიად აკვდება...

უმთვარო ღამე გადათელილ ყვავილებს ტირის...


***

ცხელი ივლისის მწველი მზეებით 

მიემგზავრები,

ველებს სიყვითლე შეჰპარვია

დამთბარა გზებიც,

მაღლა და მაღლა მიემგზავრები,

სადაც ჰაერსაც სუნი აქვს ცრემლის,

სუნი აქვს დარდის 

და ოცნებებიც უფერულდება...

და ისმის ლოცვა ღვთის ტაძარში, 

იწვის სანთელი, 

მიემგზავრები თიბათვეში

მოჭრილ ვარდებით,

უკანასკნელად ჩავეხუტე გაყინულ სხეულს,

მე გეფერები...

ნუ დამიტოვებ, შენ წაიღე სპექტრის ფერები

აქ ოცნებები უფერულდება...


***

ხომ არ დაიღალე დედაჩემო,

ჩამოისვენე...

ხელის გულები დააფინე დაღლილ მუხლისთავს,

ჩამოისვენე,

არ იჩქარო,

სვენებ–სვენებით აიარე საზვერეები...

მომეცი ხელი შეგაშველო,

ნუ გეშინია ფსალმუნებით გზას გინათებ,

მოგდევ დედაჩემო,

მოგდევ უფლამდე,

რომ დაგაბინავო,

ჩაგაბარო უფალს დაღლილი... 

მე კი დავბრუნდე 

მარადიული სივრცეებიდან,

რომ ჩემს მზერაში კვლავ დაიბადო...

ხომ არ დაიღალე დედაჩემო,

ისევ დამლოცე და მერე წადი...




მამა– ფირუზ  ალექსის ძე ურდულაშვილი საგარეჯოში საგვარეულო სასაფლაოზე (ტიგინაანთ გორა)

(27.10.1939 წ  – 12.09.2016 წ)

სიკეთის განსახიერება...

ქართული ტრადიციების მოყვარული და მიმდევარი

ქარათული სუფრის უბადლო თამადა...

სპექტრის ფერთა დიდოსტატი...

დახვეწილი,გამორჩეული,ფერთა ჰარმონიული მხატვრობა ჰქონდა...

ერთი პატარა ფუნჯით მთელ სამყაროს მოგიხატავდა... 

ჰოდა მოგვიხატა და წავიდა,წავიდა ვალმოხდილი...

დამიტოვა ნაკვალევი,რომელსაც უნდა მოვუფრთხილდე,რათა არ წაიშალოს და მივყვე...

***

მე მეშინოდა უშენობის 

და არა სუსხის

ძვლებში, რომ ატანს, 

მე მეშინოდა სულის ზამთრის,

სულის ჭირხლის,

თეთრი ფერების,

შენთან მოსული სიკვდილის,

უგრძნობი ცრემლების...

მე გეფერები...

აღარ მეშინია ახლა უშენობის,

აღარც სუსხი მაშინებს ზამთრის,

მენატრება შენი ყველაფერი...

უფრო ბავშვობის სახლი,

შენი ხმა მენატრება,

ნაჯაფი ხელები,

შენი პატარა პალიტრა და ფუნჯი,

შენგან მოხატული სამყარო მენატრება,

შენი გაყინული გული,

შენთან შეხვედრა მენატრება...

გამიჯავრდები ვიცი,

მეტყვი რა გეჩქარებოდაო? 

რა სულსწრაფი ვარ იცი...

შენი მოფერება მენატრება, 

შენი მოხვეული ხელი

შენი ნაყიდი კაბა

ბალახისფერი, გრძელი,

შენი თამადობა მენატრება...

იცი ჩვენ ისევ ვმღერით!

დროს უკან ვერ ვიტოვებ

წინ გარბის და უნდა გინახულო, მოდი!

ახლა არარფრის მეშინია

შენთან შეხვედრას ველი...


ბებია, მამის დედა თამარ დავითის ასული ტიგინაშვილი (01.04.1920–21.05.1998) საგარეჯოში საგვარეულო სასაფლაოზე (ტიგინაანთ გორა)

გზანათელი შენს სულს ზეციურ მარადისობაში!

სინათლე გაიცრიცა.

ხეები წყვდიადს ქსოვდნენ მზის მოხეტიალე ­სხივისთვის. ნატიფი, მსუბუქი სხივი, წყვდიადის ცივად გამკვეთი, ჩემი განმთანგველი სხივი მინის იქით ციმ­ციმებდა.

სიკვდილი იყო მინა, სიკვდილი იდგა ჩვენ შორის.

სახლი დაა­ობლა, ფანჯრები ამოგმანა, ოთახები წყვდი­ადით ­აავსო.

ფანჯრებიდან კი სინათლის თანაბარი შუქი აღწევს. გაფიჩხებული სანთელი წყნარად იწვის.

ორი მოჩვენება დახეტიალობს სახლში, ფანჯრებს აღებენ, ჩურჩულებენ, ეშინიათ არ გაგვაღვიძონ,

მაღლა აწეული ვერცხლის ლამპებით ხელში, გადმო­იხრებიან, დაჟინებით, ხანგრძლივად ჩამოგვცქერიან. დიდხანს დგანან ასე...


"სახლი მოჩვენებებით"

ვირჯინია ვულფი


***

ძველი სახლი

ფერდაზე შემომხტარი,

ჭაპანი დაწეული,

ჭერი შემჭვარტლული,

ბუხარი ჩამქრალი,

გამხმარი პურის ყუა ჩაიში ჩალბობილი,

შენი აჩრდილი...

ნათითურები,

დაკემსილი წინსაფარი,

საკინძე დაბნეული ღილები,

ძირგამოკერებული წინდები,

ჭერზე ჩამოკიდებული ჯაგნები

,ჩურჩხელები,ჩირები,

მოწკრიალებული ბანი,

მწყურვალი ჩაიდანი,

დასვენებული ბარი

ბახჩის კართან დიდი ჩექმები,

წასასვლელად გამზადებული.

ადრე ჩათესილი ხახვი

ამოწვერილი და შენი ხელის მომლოდინე,

თონე გაციებული,

ფიჩხიც ძაძაშემორჩენილი,

გადარჩენილი დახრუკვას,

ატირებული ნაცარი,

შემშრალი და მოუნელებელი,

გათეთრებული საფანელი,

აღარც კუტებისა და დედას პურის სურნელი,

ეზო შენს ნაბიჯებს მონატრებული

და მარტო ეზო?


მამის მამა ალექსი ფირუზის ძე ურდულაშვილი (1914 –1944) საგარეჯოში საგვარეულო სასაფლაოზე (ტიგინაანთ გორა) დაიკარგა ფრონზე სამამულო ომი 1941-45წწ

 ვიღვიძებ... შეგრძნებები სიზმარში მრჩება, ვცდილობ ძილი შევიბრუნო, მაგრამ ამაოდ...

კედლიდან, ჩარჩოში ჩასმული, ახალგაზრდა კაცის სურათი მიცქერს. წაბლისფერი თმებით, ალუჩისფერი თვალებით, გმირული სულით,ჩემი წინაპარი - მამაჩემის მამა. 1941 წელი, უჭირდა სამშობლოს... ომში მიდიოდი უშიშრად, გმირულად, მოხალისედ, ცხოვრების ბნელი კუთხისკენ. უკან დაბზარული ჩრდილი მოგყვებოდა, ცდილობდი დასწეოდი შენს ჩრდილს, შეერთებოდი და გამთელებულიყავი... ჩრდილი სულია... ძირს დაცემულებს ჩრდილი არა აქვთ... გმირულად დაეცი სამშობლოსათვის ბრძოლაში. იქ უცხო ქვეყანაში ღრუბლებმა გააღეს ფანჯარა ცაში, წვიმა გამოუშვეს განსასვენებელ ზიარებაზე.

სამძიმარზე მოვიდნენ ჩემი თვალები შენს ძვლებთან...მეამაყები, რადგან შენა ხარ "წინა-დასაბამი, გინა პირველი, გინა ნათესავი და მისთანანი რაიცა" , შენა ხარ სისხლი ჩემი, ჯიში ჩემი, გენი ჩემი, " წინაპარი- წინა პირველი" .



ჩემი დები

მარინა  ფირუზის ასული ურდულაშვილი 05.06.1971 წ  

ლალი  ფირუზის ასული ურდულაშვილი 07.08.1978 წ  


ჩემი სიმდიდრე...

ჩემი სისხლის და გენის მატარებელნი...

ჩემი მშობლების მაგიერნი...

ჩემი ჭირისა და სიხარულის მოწილენი...

სულის მოძღვარნი და მჭედელნი,

მწერალნი ბავშვთა სულის სუფთა დაფაზე...

უამრავი თაობის აღმზრდელნი.

მასწავლებლად დაბადებულნი და არა გამხდარნი...

მანძილზე ბავშვთა გულისცემის შემგრძნობნი...

ძლიერნი,ძალიან ძლიერნი,ჭირშიც მომღერალნი...


მეუღლე დავით ბუზარიაშვილი დ. 18 აპრილი 1964 წ. წარმ. სპორტსმენი, სამბო, თავისუფალი ჭიდაობა დაბ. საგარეჯო


ჩემი ნახევარი...

რაინდი...

დიდი სულისა და თბილი გულის ადამიანი.

უთქმელი...

კაცობის ეტალონი.

ფალავანი თავისი ქვეყნის, ქალაქის...

ბევრჯერ უსამართლო ცხოვრებისაგან და ადამიანებისგან“დამარცხებული’’,მაგრამ არა დაცემული... 

უფრო ამაყი თავისი წარსულით.

მესაკუთრე უამრავი გარმაჯვებებისა...

ჩემი ძილგატეხილი ღამეების დარაჯი...

მეწილე ჩემი გამარჯვებებისა...


***


გათენდა...

სიმშვიდე დამეკარგა დღის თქარუნში

და სადღაც ღამესავით მიილია

შენი ზღაპრული აღნაგობა:

მხრები–უფლის ხელით ნაბრტყელები,

მკლავები–ოქროს სალტეები,

შენი დიდრონი ნატერფლები,

დიდი ბეჭები...

მათი სიდიდე–იცი მე როგორ გამიკვირდა?

დიდხანს გიყურე და მინდა გითხრა

გრძნობის შეკავება გამიჭირდა...



 შვილი  ნინო ბუზარიაშვილი – 05.01.2002 წ


ჩემი ერთადერთი,სიკეთის ათინათებით ანთებული ბალახისფერი თვალებით...

პატარა,მაგრამ დიდი შემოქმედებით...ახალგაზრდა,ინოვაციურად მოაზროვნე ახალგაზრდა მწერალი.

მის გულს,როგორც თვითონ ეძახის“სიყვარულის მიმოქცევის ორგანოს“ უზომოდ დიდი სიყვარულის დატევა შეუძლია.

ის ჩემი მეგობარიცაა. 

ვსაუბრობთ სიყვარულზე,მეგობრობაზე, ლიტერატურაზე,კინოხელოვნებაზე,სამყაროს კანონებზე და საერთოდ ნებისმიერ თემაზე...

არ ვსაუბრობთ ჩვენს განშორებაზე განზომილებების მიხედვით.

ერთ– ერთ წერილში წერს,რომ რაც იზრდება უჩნდება შიში დედასთან განშორების,მაგრამ... იცის, რომ მარადიული არაფერია...მაგრამ ისიც იცის,რომ ბუნებაში არც არაფერი იკარგება და არც უკვალოდ ქრება,არამედ ერთი სახიდან მეორეში გადადის.


ცარიელ გზას

თოვლი ისევ ხატავს

გაიღვიძე!

სიზმრის ქალო

მინდა გითხრა რაღაც

გაიღვიძე სიზმრის ქალო

მაკოცნინე, ვჩქარობ

თოვლსაც უნდა მოგეფეროს 

ისე წუხს და წვალობს

დედის მზევ და სიხარულო 

ამიხდინე ნატვრა

რომ არ მომკლას,

არ გამყინოს 

უშენობის დარდმა 

ამ ჩემს გულსაც 

დედის მზეო

ეპარება სევდა

ბედისწერას რას გაუგებ

საით წახვალ ნეტავ

ცარიელ გზას

თოვლი ისევ ხატავს

გაიღვიძე...




ჩემთვის მართვა ხელოვნებაა, მეცნიერებაა...თვითდამკვიდრების საშუალებაა და ცხოვრების სტილია.

მენეჯერად არ ინიშნებიან,მენეჯერად ცხოვრობენ...მენეჯერობა უმეტესად პიროვნების შინაგანი მდგომადეობაა,პასუხისმგებლობაა,მოვალეობაა და არა სოციალური სტატუსი ან თანამდებობა.

ყოველთვის მაწუხებს უძრაობა,მაგრამ მაფიქრებს მოძრაობა...

ვისწრაფი მაქსიმალური თვითრეალიზებისკენ ,ვიცი რა მინდა და მაქვს გზა,რომლითაც ვაპირებ მიზნის მიღწევას.

ვიყენებ დროს...

დრო მიდის,ადამიანები კვდებიან...

რჩებიან მხოლოდ ისინი,ვინც განსაკუთრებული საზოგადოებრივი ღირებულებების შექმნა შეძლო.მხოლოდ ისინი ახერხებენ აჯობონ ყველაფერზე სწრაფსა და ძლიერს – დროს.

მინდა დავრჩე...

მინდა დავამარცხო დრო...



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 22.07.2022
ბოლო რედაქტირება 22.07.2022
სულ რედაქტირებულია 3





გსურთ ახსოვდეთ შთამომავლობას? ნიმუში

2 0

გსურთ ახსოვდეთ შთამომავლობას? ზოგადი ნიმუში ზაქარია (შაქრო) საბას ძე ფეიქრიშვილი 1897-1965წწ დაბ. სოფ. კონდოლი, თელავი

2 0


447 567 დოკუმენტი 1941-1945 სამამულო ომი

1 0


მიხეილ ნიკიფორეს ძე გორბაჩევი 1917-1955წწ სამამულო ომის გმირი (1941-1945), დაბ. თბილისი, ქართლი.

1 0


კონსტანტინე მიხეილის ძე გორბაჩევი 1921-2003წწ სამამულო ომის გმირი (1941-1945) სოხუმი, აფხაზეთი.

1 0


ნიკოლოზ ივანეს ძე გოგიჩაიშვილი 1903-1945წწ 41 წლის, სამამულო ომის გმირი (1941-1945) დაბ. სოფელი ნიგვზიანი, ლანჩხუთი, გურია.

1 0