სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
წმიდა სინოდი
მიტროპოლიტი გაიოზი (ბიძინა კერატიშვილი) 1945-2016წწ ურბნელი მიტროპოლიტი დაბ. სოფ. წყაროსთავი საგარეჯო მიტროპოლიტი გაიოზი (ბიძინა კერატიშვილი) 1945-2016წწ ურბნელი მიტროპოლიტი დაბ. სოფ. წყაროსთავი საგარეჯო

1945-2016 წწ. გარდ. 71 წლის

ბმულის კოპირება

წმიდა სინოდი

გვარი კერატიშვილი სია

საგარეჯო გამოჩენილი ადამიანები სრული სია

394       ბეჭდვა

მიტროპოლიტი გაიოზი (ბიძინა კერატიშვილი) 1945-2016წწ ურბნელი მიტროპოლიტი დაბ. სოფ. წყაროსთავი საგარეჯო

მიტროპოლიტი გაიოზი (ერისკაცობაში ბიძინა ტიტიკოს ძე კერატიშვილი; დ. 24 თებერვალი, 1945, წყაროსთავი, საგარეჯოს რაიონი, საქართველოს სსრ — გ. 19 მარტი, 2016, თბილისი, საქართველო) — ქართველი საეკლესიო მოღვაწე, წილკნელი, შემდეგ ურბნელი მიტროპოლიტი.


მიტროპოლიტი გაიოზი, ერისკაცობაში ბიძინა ტიტიკოს ძე კერატიშვილი, დაიბადა 1945 წლის 24 თებერვალს საგარეჯოს რაიონის სოფელ წყაროსთავში. 1963 წელს დაამთავრა საგარეჯოს საშუალო სკოლა, რის შემდეგ ჩაირიცხა და სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ისტორიის ფაკულტეტზე, ხოლო მანამდე თხოვნით მიმართა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ეფრემ II-ს, სასულიერო განათლების მისაღებად ჩაერიცხათ მცხეთის ახალგახსნილ სასულიერო სასწავლებელში, მაგრამ პატრიარქის კანცელარიამ სამხედრო ბეგარის მოუხდელობის გამო უარი უთხრა საბუთების მიღებაზე. 1965 სავალდებულო სამხედრო სამსახურიდან დემობილიზაციის შემდეგ აღდგენილ იქნა თბილისის უნივერსიტეტში.


სწავლის პარალელურად მუშაობდა ჯერ საგარეჯოს მხარეთმცოდნეობის, შემდეგ - პატარძეულის გიორგი ლეონიძის სახელობის მუზეუმის მეცნიერ-თანამშრომლად. ახალგაზრდობიდანვე რაიონული და რესპუბლიკური პრესის ფურცლებზე აქვეყნებდა ისტორიულ-ფილოლოგიურ ხასიათის სამეცნიერო წერილებს, სტატიებს. ბიძინა კერატიშვილი ახლოს იცნობდა საგარეჯოს წმიდა დოდოს ეკლესიის წინამძღვარ, არქიმანდრიტ ევაგრე დიასამიძეს, რომელიც 1903 წლიდან იყო შემოსილი. მამა ევაგრე საქართველოს ეკლესიის ისტორიის ცოცხალი მატიანე იყო, მას ჰქონდა უნიკალური ბიბლიოთეკა, რომლითაც სარგებლობდა ბიძინა კერატიშვილი. ევაგრე დიასამიძემ დიდი როლი შეასრულა ახალგაზრდის მსოფლმხედველობის ფორმირებაში, მისი რეკომენდაციით წარსდგა იგი კათოლიკოს-პატრიარქ ეფრემ II-ის წინაშე. პატრიარქმა ეფრემმა დაიახლოვა პერსპექტიული ახალგაზრდა, რომელიც უკვე სისტემატურად ესწრებოდა წირვა-ლოცვებს სიონის საპატრიარქო ტაძარში. აქ მისი მოძღვარნი და მასწავლებლები იყვნენ: პროტოპრესვიტერი ალექსანდრე გაბუნია, დეკანოზები: პახუმ ობოლაძე, ალექსანდრე ჩაჩუა. მეგობრობდა არქიდიაკონ ამბროსი ახობაძესთან.


1969 წელს უწმიდესი ეფრემ II-ის რჩევით ბიძინა კერატიშვილმა დატოვა საერო სამსახური და ჩაირიცხა მცხეთის სასულიერო სემინარიაში, ერთი წლის შემდეგ პატრიარქის კურთხევით დაინიშნა საქართველოს საპატრიარქოში საქმის მწარმოებლად. 1971 წლის 15 ნოემბერს ბიძინა კერატიშვილმა ასეთი შინაარსის განცხადებით მიმართა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ეფრემ II-ს - "უწმიდესო და უნეტარესო მეუფეო! მსურს შევიმოსო ხარისხით მონაზონობისა და უმორჩილესად გთხოვთ ინებოთ და მიმაღებინოთ მადლი საიდუმლო მღვდელობისა, "რამეთუ ესე არს კეთილ და სათნო წინაშე მაცხოვრისა ჩუენისა ღმრთისა." მსურს თქვენო უწმიდესობავ, დღენი ცხოვრებისა ჩემისანი სრულის სიყვარულით განვვლო ღვთისა და კაცთა და საქართველოს დედა ეკლესიის სამსახურში. ვსასოებ ყოველივე ესე, მეოხებითა ყოველთა წმიდათა და ლოცვითა თქვენი უწმიდესობისა - შემაძლებინოს მრავალმოწყალე იესო მაცხოვარმა, "რომელსა ყოველთა კაცთა ჰნებავს ცხოვრება და მეცნიერებასა ჭეშმარიტებისასა მოსვლათ.!

1971 წლის 14 დეკემბერს ეფრემ II-მ ბიძინა კერატიშვილი აღკვეცა ბერად და უწოდა სახელად გაიოზი. 17 დეკემბერს ბარბარეს სახელობის ეკლესიაში აკურთხა დიაკვნად, 19 დეკემბერს, ნიკოლოზობას, საკათედრო ტაძრის დღესასწაულზე ხელი დაასხა მღვდლად. მღვდელმონაზონი გაიოზი აგრძელებდა საპატრიარქოს კანცელარიაში საქმიანობას, ამავე დროს მას ევალებოდა ყოველდღიური ღვთისმსახურება სიონის საპატრიარქო ტაძარში. 1972 წლის მარტში კათოლიკოს-პატრიარქმა ეფრემ II-მ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავრებს დაუგზავნა შეტყობინება მღვდელმონაზონ გაიოზის ეპისკოპოსის ხარისხში აყვანის შესახებ და გამოითხოვა წერილობითი პასუხი. 1972 წლის 24 მარტს შედგა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის სხდომა, რომელსაც ესწრებოდნენ: კათოლიკოს-პატრიარქი ეფრემ II, ურბნელი მიტროპოლიტი დავითი (დევდარიანი), თეთრწყაროელი მიტროპოლიტი ზინობი (მაჟუგა), ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია (შიოლაშვილი), ბათუმ-შემოქმედელი და ჭყონდიდელი ეპისკოპოსი რომანოზი (პეტრიაშვილი). სინოდმა წილკნელ ეპისკოპოსად გამოარჩია მღვდელმონაზონი გაიოზი. 26 მარტს დიდმარხვაში ბზობის კვირიაკის წინა კვირას, სიონის საპატრიარქო ტაძარში მოხდა მისი წილკნელ ეპისკოპოსად კურთხევა, რომელსაც ესწრებოდა ყველა მოქმედი მღვდელმთავარი. კათოლიკოს-პატრიარქმა ეფრემ II-მ სიტყვით მიმართა ეპისკოპოს გაიოზს სამღვდელმთავრო მოღვაწეობისათვის გზა დაულოცა მას და აღნიშნა, რომ საქართველოს უძველეს ეკლესიას მოციქულთა მადლის მატარებელი კიდევ ერთი მღვდელმთავარი შეემატა... გახსოვდეს ეს გზა ეკლიანი გზაა, არც მადლიერი გეყოლება არავინ ამ რთულ დროში, მაგრამ არაფერმა არ უნდა დაგაბრკოლოს და ერთგულად უნდა ზიდო ის მძიმე ტვირთი, რაც ღვთის განგებით დღეიდან მხრებზე დაგაწვაო... სამადლობელ სიტყვაში ეპისკოპოსმა გაიოზმა აღუთქვა მის უწმიდესობას, სინოდის წევრებს და მორწმუნე საზოგადოებას, რომ ძალასა და ენერგიას არ დაზოგავდა საქართველოს ეკლესიის საკეთილდღეოდ იმის ღრმა რწმენით, რომ საეკლესიო მოღვაწეობის დიდ და ძნელ გზაზე მას შეეწეოდა ერისა და სამღვდელოების თანადგომა და დიდ წინაპართა ლოცვა ზეციური საქართველოდან. 1972 წლის 26 მარტიდან წილკნელი ეპისკოპოსი გაიოზი დაინიშნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსად.

1972 წლის 7 აპრილს გარდაიცვალა უწმიდესი და უნეტარესი ეფრემ II. ამავე დღეს გამართულმა წმიდა სინოდის სხდომამ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრედ ურბნელი მიტროპოლიტი დავითი (დევდარიანი) აირჩია. 1 ივნისს გამართულმა XI საეკლესიო კრებამ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად მოსაყდრე მიტროპოლიტი დავითი აირჩია... უწმიდესმა დავით V-მ ეპისკოპოსი გაიოზი მცხეთის სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძრის წინამძღვრად და სასულიერო სემინარიის რექტორად დანიშნა. სემინარიაში იგი კითხულობდა საქართველოს ეკლესიის ისტორიას, ჰომილეტიკას, საეკლესიო სამართალს. სემინარიაში დაარსდა ანტონ კათოლიკოსის სახელობის საქართველოს ისტორიის კათედრა, კედლის გაზეთი "სვეტიცხოველი", გამდიდრდა სემინარიის ბიბლიოთეკა, სავალდებულო საგანად შემოვიდა ინგლისური, სემინარიას ეწოდა "ანდრია პირველწოდებულის სახელობის მცხეთის სასულიერო სემინარია." ეპისკოპოს გაიოზის რექტორობის ჟამს სემინარიაში სწავლობდნენ მიტროპოლიტები: ზოსიმე (შიოშვილი), ვახტანგი (ახვლედიანი), მთავარეპისკოპოსები: იოანე (ანანიაშვილი), თადეოზი (იორამაშვილი), პროფესორი ექვთიმე კოჭლამაზაშვილი, საქართველოს ეკლესიის ერთ-ერთი უხუცესი დეკანოზი უშანგი ჩარკვიანი. ეპისკოპოს გაიოზის ინიციატივით მოწესრიგდა სვეტიცხოვლისა და წილკნის საეპისკოპოსოს არქივი. მან თბილისის ხელოვნების სახელმწიფო, მუზეუმის მაღალკვალიფიციურ სპეციალისტებს დაუკვეთა და დაამზადებინა უძველესი ქართული ხატების ზუსტი ასლები და სპეციალურ კიოტებში მოთავსებული დაასვენა სვეტიცხოველში. როგორც წილკნელმა ეპისკოპოსმა დაამზადებინა X საუკუნის წილკნის ღვთისმშობლის ხატის ასლი, რომელიც დროებით სვეტიცხოველში მოათავსა იმის იმედით, რომ როდესმე ეს ხატი მის ისტორიულ სამყოფელში, წილკნის საკათედრო ტაძარში დაიდებდა ბინას.

ცალკე აღნიშვნის ღირსია ეპისკოპოს გაიოზის საგამომცემლო საქმიანობა. 1973 წლიდან იგი ადგენდა და გამოსაცემად ამზადებდა საქართველოს ეკლესიის კალენდარს, რომელსაც შეუცვალა პროფილი, 10 საგამომცემლო თაბახიდან გაზარდა 30-მდე და აქცია სამეცნიერო-საღვთისმეტყველო შინაარსის კრებულად. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ იმხანად საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას არ ჰქონდა არც პერიოდული ჟურნალი და არც სასულიერო გაზეთი, საეკლესიო კალენდარი იყო ერთადერთი საშუალება, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი იყო მორწმუნე მრევლთან სამეცნიერო-საღვთისმეტყველო ურთიერთობა. 1973-1977 წლებში გამოცემული კალენდრები გამორჩეული იყო როგორც პოლიგრაფიული ხარისხით, ასევე შინაარსით, რომელნიც მოიცავდა საქართველოს ისტორიის, ეკლესიის ისტორიის, ქართულ ენასა და ლიტერატურის აქტიურ პრობლემებს. ამ გამოცემისათვის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა დავით V-მ მადლობის წერილები მიიღო ვატიკანიდან, გერმანიიდან, საფრანგეთიდან. 1976 წლის კალენდარი განსაკუთრებით გამორჩეული იყო. აქ ისტორიული ხასიათის მასალებთან ერთად პირველად დაიბეჭდა საეკლესიო სამართლის ისეთი უძველესი ძეგლი, როგორიცაა "მოციქულთა კანონები," განვრცობილი ცნობები მსოფლიო საეკლესიო კრებათა შესახებ, ეპისკოპოსის ხელდასხმისა და პატრიარქის აღსაყდრების წესები, ძველი ქართული ენის გამოკრებილი ლექსიკონი, ძველი ქართული სამოხელეო ტერმინები. ცნობები "ქართლის ცხოვრებიდან" დავით აღმაშენებლისა და თამარის შესახებ.

1976 წლის საეკლესიო კალენდარში ეპისკოპოსმა გაიოზმა დაბეჭდა გაბრიელ ეპისკოპოსის წერილი გიორგი მუხრანბატონისადმი "მცირე ერთა ენების შესახებ", რომელშიც დაგმობილი იყო ქართული ენისადმი ნიჰილისტური და კოსმოპოლიტური დამოკიდებულება. თუ გავითვალისწინებთ XX საუკუნის 70-იანი წლების პოლიტიკურ ვითარებას, როდესაც ქართული ენის სახელმწიფოებრივ სტატუსს სერიოზული საფრთხე დაემუქრა, მაშინ გასაგები გახდება რა სირთულეების წინაშე აღმოჩნდებოდა საეკლესიო კალენდრების შემდგენელი. საეკლესიო კალენდრის მიმართულება მოიწონეს როგორც საზღვარგარეთის ქართველოლოგიურ ცენტრებში, ასევე საქარ¬თველოში მოღვაწე პატრიოტმა მეცნიერებმა (პროფ. იოსებ მეგრელიძე, პროფ. შერმადინ ონიანი). ეპისკოპოსი გაიოზი გატაცებით ეძიებდა და იკვლევდა ქართულ სიძველეებს. დღეს საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრისა და ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდებში არაერთი ხელნაწერი და ბიბლიოგრაფიული იშვიათობის წიგნია ეპისკოპოს გაიოზის ბიბლიოთეკიდან.

პროფესორი ილია აბულაძე 1967 წელს მადლობის წერილსს წერდა ბიძინა კერატიშვილს ინსტიტუტისადმი მის მიერ შეწირული ერთ-ერთი ხელნაწერის გამო. ხელნაწერი ათონის მთაზე გადაუწერია იოანე მაისურაძეს, რომელსაც გამოსაკვლევად გადაუცია აკად. კორნელი კეკელიძისათვის, რომელსაც მისი შინაარსი დაბეჭდილი აქვს "ეტიუდების" ერთ-ერთ ტომში. მას ხელნაწერი დაუბრუნებია იოანე მაისურაძისთვის, რომელსაც გადაუცია არქიმანდრიტ ევაგრე დიასამიძისათვის. მამა ევაგრემ ხელნაწერი ახალგაზრდა ბიძინა კერატიშვილს გადასცა, რომელმაც საჭიროდ მიიჩნია მისი ხელნაწერთა ინსტიტუტისათვის გადაცემა. ეპისკოპოსმა გაიოზმა პეტერბურგის სალტიკოვ-შჩედრინის ბიბლიოთეკიდან საქართველოს წიგნის პალატის დირექტორის ალიო მირცხულავას, ჩიტო კაპანაძისა და პეტერბურგში მოღვაწე ელისო აბრამიშვილის დახმარებით მოიძია და საქართველოში ჩამოატანინა ჟურნალ "სვეტიცხოვლისა" და "ახალი სიტყვის" (1917-1918 წ.წ.) ორიგინალები. სოფელ ნინოწმინდაში მიაკვლია და დაღუპვას გადაარჩინა მეფე ერეკლე II-ის დროის ნასყიდობის ორი სიგელი, რომლის ანალიზის საფუძველზე დაადგინა XVIII საუკუნის ცნობილი საეკლესიო მოღვაწის საბა ნინოწმინდელი მიტროპოლიტის გარდაცვალების თარიღი. სვეტიცხოვლის ძველ ნაბეჭდ წიგნებში მისი ყურადღება მიიქცია თაგვისგან შეჭმულმა და თავბოლნაკლულმა ერთმა პატარა ტანის გამოცემამ, რომელიც არმოჩნდა სტამბის 1709 წლის "დავითნის" გამოცემა და რომელიც ერთ-ერთ დღემდე მოღწეულ გამოცემად ითვლება ქართულ ბიბლიოგრაფიაში. ამ გამოცემას გაიოზ კერატიშვილმა 1977 წელს სპეციალური გამოკვლევაც მიუძღვნა და ფრიად საგულისხმო დასკვნები გააკეთა ქართული ბიბლიური ტექსტების ბეჭდვის ისტორიისათვის. (გ. კერატიშვილის ცხოვრებისა და მოღვაწეობის დღემდე უცნობ დეტალებზე იხ. მისი ინტერვიუ გაზეთში "ასავალ-დასავალი", 2009 წ. N1 (797)).

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი დავით V ჯერ კიდევ 60-იან წლებში დაუახლოვდა ბიძინა კერატიშვილს და აფასებდა მის ნიჭიერებას. იმხანად ურბნელმა მიტროპოლიტმა დავითმა მას აჩუქა მაცხოვრის ჯვარცმის ხატი ასეთი წარწერით: "ამ წმიდა ჯვარცმას ვჩუქნი ჩემს მეგობარ ბიძინა კერატიშვილის. ამ წმიდა ჯვარცმით ვიმედოვნებ, რომ ერთ დროს იგი კარგი მღვდელმთავარი იქნება." 1977 წლის 4 ივნისს, მამადავითობის დღესასწაულზე, უწმიდესმა და უნეტარესმა დავით V-მ ეპისკოპოსი გაიოზი მიტროპოლიტის ხარისხში აიყვანა. მიტროპოლიტი გაიოზი დაჯილდოებული იყო საქართველოსა და ადგილობრივ მართლმადიდებელ ეკლესიათა ორდენებით. მონაწილეობდა მოსკოვსა და პრაღაში მართლმადიდებელ ეკლესიათა ფორუმებში. საპატრიარქოში მუშაობის პერიოდში იგი დაუახლოვდა ქართველ მეცნიერებს: აკაკი შანიძეს, სიმონ ყაუხჩიშვილის, შალვა ამირანაშვილს, ავლია ზურაბიშვილის, იოსებ მეგრელიძეს, შერმადინ ონიანს, ქეთევან ნუცუბიძეს. მწერლებს: ლევან გოთუას, რევაზ ჯაფარიძეს, ახალგაზრდობიდანვე მეგობრობდა პოეტ-აკადემიკოს გიორგი ლეონიძესთან...

1977 წლის 9 ნოემბერს, როდესაც გარდაიცვალა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უწმიდესი და უნეტარესი დავით V, მიტროპოლიტმა გაიოზმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრედ ასარჩევად მხარი დაუჭირა ბათუმ-შემოქმედელ და ჭყონდიდელ მიტროპოლიტ რომანოზს (პეტრიაშვილი) და ამ პოზიციაზე ურყევად იდგა 1977 წლის 20 დეკემბრამდე. მიუხედავად ამისა, მან 23 დეკემბერს სიონში გამართულ XII საეკლესიო კრებაზე ხმა მისცა ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილიას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას. მანვე წაიკითხა საეკლესიო კრების დეკლარაცია და ძირითადი ლოცვებიც სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში. უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით მიტროპოლიტი გაიოზი გადაყვანილ იქნა ურბნისის ეპარქიის მმართველად და ქაშუეთის ეკლესიის წინამძღვრად. 1978 წლის 25 მაისს უშიშროებისა და შინაგან საქმეთა ორგანოების მიერ მიტროპოლიტი გაიოზი დაპატიმრებულ იქნა საეკლესიო ქონების მითვისების ბრალდებით. ჯერ კიდევ 1977 წლის 19 დეკემბერს რელიგიის საქმეთა რწმუნებული თ. ონოფრიშვილი საქართველოს კომპარტიის ცენტრალურ კომიტეტში გაგზავნილ საიდუმლო წერილში მოითხოვდა მიტროპოლიტ გაიოზის დაპატიმრებას. თბილისის საქალაქო სასამართლომ მოსამართლე ალექსანდრე ალადაშვილის თავმჯდომარეობით მიტროპოლიტ გაიოზს მიუსაჯა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა და ქონების კონფისკაცია. სამწუხაროდ, ხელისუფლების წარმომადგენლებმა გაძარცვეს მისი არქივი, დაიკარგა საკათალიკოსო საბჭოს სხდომათა ოქმების ნაწილი (1917-1927 წ.წ.), სინოდის ოქმები (1940-58 წ.წ.), მასალები კათოლიკოს-პატრიარქ კირიონ II-ის მკვლელობაზე, აუდიო ჩანაწერები არქიმანდრიტ ევაგრე დიასამიძესთან, კათოლიკოს-პატრიარქ დავით V-სთან, დაიკარგა მისი შრომები, უნიკალური ბიბლიოთეკა. მას ჩამოართვეს სახლი სიმონ ჩიქოვანის N33-ში. 1979 წლის სინოდის განჩინებით ჩამოერთვა მღვდელმთავრის ხარისხი. გასამართლების შემდეგ სასჯელის მოსახდელად გადაგზავნილ იქნა დაღესტანში, საიდანაც მიხეილ გორბაჩოვის მიერ მიღებული ამინისტიის საფუძველზე განთავისუფლებულ იქნა 11 წლიანი პატიმრობის შემდეგ. საქართველოში დაბრუნებულს აღარ ჰქონდა აღარც ბინა, აღარც საარსებო საშუალება.

ამჟამად მიტროპოლიტყოფილი გაიოზ კერატიშვილი საპატრიარქოს პენსიაზეა. მიუხედავად იმისა, რომ მან სასჯელი მოიხადა, ქართულ პრესაში არცთუ იშვიათად იბეჭდება წერილები, რომელთა ავტორები ცდილობენ 30 წლის წინანდელი ამბების კიდევ უფრო დრამატიზირებას და უკვე ავადმყოფი ხანდაზმული მღვდელმთავარყოფილისათვის დარჩენილი სიცოცხლის გამწარებას... სამწუხაროა, რომ ასეთი ნიჭიერი კაცი დააკლდა საქართველოს სამოციქულო ეკლესიას... მიტროპოლიტ ყოფილმა გაიოზმა 2005 წლის გაზეთ "ასავალ-დასავალში" (N15-51) გამოაქვეყნა ახალი აღთქმის ძველი ქართულიდან ახალზე შესრულებული თარგმანი, რომელიც წარმოადგენს სრულიად განსხვავებულ ნაშრომს ტექსტის ენობრივი სტილისა და მასში შინაგანი რიტმის დაცვა-შენარჩუნების თვალსაზრისით. ხსენებულ საკითხებზე მან "ასავალ-დასავლის" 2006 წლის 28-ე ნომერში დაბეჭდა ვრცელი წერილი "ვინ არიან ახალი მწვალებელნი, ფარისეველნი და მწიგნობარნი." ასევე საინტერესო წერილი მიუძღვნა ქართველთა განმანათლებლის წმიდა ნინოს ხატს "ქართველთა განმანათლებელი წმიდა ნინო, მისი უძველესი ხატება და ვაზის ჯვრის მისტერია" ("ასავალ-დასავალი", 2005 წ. N9) 1974-1975 წლების საქართველოს ეკლესიის კალენდრებში ჩართულია წმიდა ნინოს ხატის ფერადი რეპროდუქცია, იგი XVIII საუკუნეშია განახლებული და საინტერესო ინფორმაციას შეიცავს ადრეული საუკუნეების ხატწერის ტრადიციაზე. ხატი ემსხვერპლა საქართველოს საპატრიარქოში გაჩენილ ხანძარს 1978 წლის 1 აპრილს. ხატის ფერადი ფოტორეპროდუქცია თავისი წარწერით საეკლესიო კალენდრის მეშვეობით შემორჩა შთამომავლობას. მიტროპოლიტყოფილ გაიოზს დარჩა ბევრი გამოქვეყნებული შრომა, რომელთა ბიბლიოგრაფიას ქვემოთ გთავაზობთ.

1. გავუფრთხილდეთ ძეგლებს. გაზ. "სამგორი", 1965 წ. 26 ოქტომბერი.

2. წარსულისადმი პატივისცემით. გაზ. "ივერიის განთიადი," 1966 წ. 24 მარტი.

3. ცხოვრების გულმართალი მეხოტბე. გაზ. "ივერიის განთიადი", 1966 წ. 2 აპრილი.

4. თამარის ეპოქა და შოთა რუსთაველის "ვეფხისტყაოსანი". წაკითხული რუსთაველის დაბადების 800 წლისათვისადმი მიძღვნილ სამეცნიერო სესიაზე საგარეჯოში, 1966 წლის 29 სექტემბერს. დარბევისას დაკარგული. (გადარჩენილა სამეც. სესიაზე მოსაწვევი ბარათი).

5. ისევ თვალ-საგარეჯოს ისტორიისათვის. გაზ. "ივრის განთიადი," 1968 წ. 9 მარტი.

6. ორი საყურადღებო დოკუმენტი ნინოწმინდიდან. გაზ. "ახალგაზრდა კომუნისტი". 1969 წ. 21 ივნისი.

7. ნინოწმინდის ქართული წარწერა. ჟურნალი "საბჭოთა ხელოვნება", 1969 წ. N7.

8. წარმართობის გადმონაშთები გარეკახეთში. გაზ. "ივრის განთიადი," 1969 წ. 18 მარტი.

9. რას ნიშნავს სიტყვა გარეჯა? 1968 წ. (დაკარგული. არასრული, შემორჩენილია გვერდები).

10. ერთი ადგილის გაგებისათვის "შუშანიკის მარტვილობიდან." 1969 წ. (დაკარგული. შემორჩენილია გვერდები).

11. ერთი თავისებურება ძველ ქართულ წერილობით და ჰაგიოგრაფიულ ტექსტებში. 1968 წ. (დაუბეჭდავი).

12. ძველ ქართულში ერთი ტერმინის სულხან-საბა ორბელიანისეული განმარტების გარშემო. 1968 წ. (დაუბეჭდავი).

13. საუკუნეების საიდუმლოება. ნინოწმინდის ქართული წარწერა. 1968-1969 წ.წ. (დაკარგული 2008 წ.).

14. ქართლის ცხოვრების ერთი ტერმინის დადგენისათვის 1972 წ. (დაუბეჭდავი).¬

15. რამდენი მონასტერია გარეჯაში? ჟურნალი "ძეგლის მეგობარი". 1971 წ. N27-28.

16-20. საქართველოს ეკლესიის კალენდარი - 1973, 1974, 1975, 1976, 1977 წ.წ. შემდგენელ-რედაქტორი ეპისკოპოსი გაიოზი. მოიცავს საავტორო უფლების სხვადასხვა სახის წერილობით სტატიებს: 1) გაბრიელ ეპისკოპოსი. 1976 წ. კალენდარი. გვ. 17-21. 2) კანონნი წმიდა მოციქულთანი. იგივე. გვ. 43-43. 3) კათოლიკოს ანტონ I. იგივე. გვ. 99-100. 4) მსოფლიო საეკლესიო კრებები. იგივე. გვ. 102-109. 5) ქორონიკონის გამოანგარიშება. იგივე. გვ. 137-138. 6) ძველი ქართული ენის გამოკრებული ლექსიკონი. იგივე. გვ. 338-386. 7) ძველი ქართული სამოციქულო და საეკლესიო იერარქიული ტერმინების ლექსიკონი. იგივე. გვ. 387-396.  იაკობის ჟამის წირვა. 1977 წ. კალენდარი. გვ. 201-202.

21. პოეტური ნიმუშები ძველი ქართული ნაბეჭდი წიგნებიდან. 1977 წ. (დაკარგული. შემორჩენილია რამოდენიმე გვერდი).

22. სტეფანოს ორბელიანის ისტორიიდან ერთი ადგილის გაგებისათვის. 1972 წ. (დაუბეჭდავი. დაკარგული. აკლია დასაწყისი გვერდები).

23. ქართული სტამბისა და ბიბლიური ტექსტების ბეჭდვის ისტორიისათვის. 1977 წ. (გაზ. "ასავალ-დასავალი", 2009 წ. N50 (79ა)).

24. შოთა რუსთაველის ვეფხისტყაოსნის პროლოგი და საეკლესიო სამართლის ზოგი საკითხები. 1977-1978 წ.წ. (დაკარგული. გადარჩენილია 55 ნაბეჭდი და მცირე რაოდენობის ხელნაწერი გვერდები).

25. ნათელმეტყველება. 1980-1988 წ.წ. შრომა-გასწორების კოლონიაში შედგენილი სამუშაო მასალა კონსპექტებისა და ჩანაწერების სახით. დასამუშავებელი. მოიცავს 100-ზე მეტ რვეულს.

26. რუსეთის გაქრისტიანების 1000 წლისთავისადმი მიძღვნილი წერილი რუსეთის პატრიარქ პიმენს. 1988 წ. დაწერილია შრომა-გასწორების კოლონიაში. დაუბეჭდავი.

27. ქართული ბიბლიის საკითხები და თანამედროვეობა. 1977 წელს, პრაღაში, 5-10 სექტემბერს გამართულ ევროპის სემინარზე წაკითხული მოხსენება (დაუბეჭდავი).

28. მოკლე ისტორიული წიაღსვლები საქართველოს ეკლესიის XIX და XX საუკუნეების ცხოვრებიდან ავტოკეფალიასთან მიმართებაში. 1998 წ. (დაუბეჭდავი).

29. საქართველოს საკათოლიკოსო საბჭოს აღდგენის შესახებ. 2004 წ. (დაუბეჭდავი).

30. ქართველთა განმანათლებელი წმიდა ნინო, მისი უძველესი ქართული ხატება და ვაზის ჯვრის მისტერია. გაზ. "ასავალ-დასავალი", 2005 წ. #9 (548).

31. 300 წლისთავი უფლის საგალობლის "დავითნის" დაბეჭდვიდან. გაზ. "ასავალ-დასავალი", 2005 წ. N14 (553).

32. ახალი რედაქცია ქართული ოთხთავისა (მათე, მარკოზი, ლუკა, იოანე). გიორგი მთაწმიდისეული რედაქციის თარგმანი თანამედროვე ქართულ ენაზე. გაზ. "ასავალ-დასავალი". 2005 წ. 15-51-ე და 2006 წლის პირველ ნომერში.

33. აუცილებელი განმარტება სახარების ახალი რედაქციის ავტორისაგან. გაზ. "ასავალ-დასავალი", 2005 წ. N33 (572).

34. ვინ არიან ახალი მწვალებელნი, ფარისეველნი და მწიგნობარნი. იუდას ამბორი და უმეცართა ინკვიზიცია საღვთო წერილის წინააღმდეგ. გაზ. "ასავალ-დასავალი." 2006 წ. N18 (618).

35. ლექსები. დაკარგული 1978 წელს. გადარჩენილი მკვლევარისა და მთარგმნელის თამარ მესხის მიერ. ნაწილი დაკარგული. დაბეჭდილია ერთი ნაწილი. გაზ. "ასავალ-დასავალი," 2005 წ. N5(544).

36. მითი და სინამდვილე (ინტერვიუ, გაზ. "ასავალ-დასავალი", 2009 წ. N1 (797)).

სერგო ვარდოსანიძე

"ქართველი მღვდელმთავრები" (XX-XXI საუკუნეები), თბილისი, 2010 წ.


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 26.09.2022
ბოლო რედაქტირება 26.09.2022
სულ რედაქტირებულია 2





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0