შალვა მაღლაკელიძე დაიბადა სოფ. დიხაშხოში (ვანი), შეძლებული გლეხის, ნიკოლოზ მაღლაკელიძისა და ბაისო აბრამიძის ოჯახში.
იმ დროში გლეხის შვილისთვის განათლების მიღება ადვილი არ იყო, მაგრამ მამას ფული არ დაუნანებია, რომ მის ვაჟს აზნაურებისა და თავადიშვილების გვერდით ესწავლა. წერა–კითხვა 6 წლის ასაკში სოფლის დიაკვანმა შეასწავლა, შემდეგ სოფელ სალხინოს სკოლაში შეიყვანეს. 1904–1905 წლებში სწავლობდა ამაღლების სამასწავლებლო რუსულ სკოლა–პანსიონში, რომელიც ისტორიკოს თედო ჟორდანიას ეკუთვნოდა.
გამოირჩეოდა ნიჭიერებითა და სიბეჯითით. შვილის წარმატებებით ფრთაშესხმულმა მამამ რეპეტიტორები დაუქირავა და ქუთაისის კერძო ქართულ გიმნაზიაში ჩააბარებინა. თბილისის ქართულ სათავადაზნაურო გიმნაზიასთან ერთად ეს სასწავლებელი წარმოადგენდა საქართველოში საშუალო განათლების უმნიშვნელოვანეს კერას. აქ თავმოყრილი იყვნენ მასწავლებლები, რომლებიც შემდეგ ცნობილი სწავლულები გახდნენ. მიუხედავად რუსი ჩინოვნიკების აქტიური ჩარევისა გიმნაზიის მოწაფეები მაინც გულმხურვალე პატრიოტებად ყალიბდებოდნენ.
შალვა მაღლაკელიძემ გიმნაზია 1914 წელს დაამთავრა. სწავლის გაგრძელებას ყაზანის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე აპირებდა, მაგრამ განგებამ სულ სხვანაირად ინება. მატარებელში მასთან ერთად მგზავრობდნენ – მისი თანასოფლელი, მოსკოვის ისტორიულ–ფილოლოგიური ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტი ტიციან ტაბიძე და კიდევ ერთი მოსკოველი სტუდენტი – შალვა ხუნდაძე. ყაზანში წასასვლელად როსტოვში სხვა მატარებელზე გადაჯდომა იყო საჭირო, მაგრამ მეგობრებმა შალვას ამის საშუალება არ მისცეს და ყაზანის ბილეთით მოსკოვში წაიყვანეს. ასე გახდა შალვა მაღლაკელიძე მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი, მაგრამ სწავლის დასრულებაში ხელი შეუშალა I მსოფლიო ომის დაწყებამ.
1915 წლის მაისში მეორე კურსის სტუდენტი სამხედრო კომისარიატში გამოიძახეს და თბილისის სამხედრო სასწავლებელში გაამწესეს, რომლის დაჩქარებული კურსის დასრულებისთანავე მიენიჭა რუსეთის საიმპერიო არმიის ოფიცრის წოდება. ჯერ კიდევ სწავლის პერიოდში გადაწყვიტა კავკასიის ფრონტზე ებრძოლა და საკუთარი სურვილით აღმოჩნდა ახალციხეში დისლოცირებულ 114–ე ქვეით პოლკში. იმედი ჰქონდა, რომ თურქების დამარცხების შემთხვევაში სამაჰმადიანო საქართველოს სამშობლოსთან შემოერთებაში თავის წვლილს შეიტანდა. 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ იგი იყო ახალციხის გარნიზონის სამხედრო პრეზიდიუმის თავმჯდომარე.
1917 წლის ნოემბერში ამიერკავკასიის კომისარიატის მიერ შალვა მაღლაკელიძე დაინიშნა საგანგებო რწმუნებულად სამხედრო და სამოქალაქო საქმეებისათვის სამაჰმადიანო საქართველოში (არტაანი, ფოცხოვი, ახალციხე, ახალქალაქი). ამ თანამდებობაზე დარჩა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის არსებობის პირველ ხანებშიც. მისი გონივრული მოქმედებების შედეგად ქართულმა სახელმწიფომ იმხანად არსებულ ურთულეს ვითარებაში მოახერხა ამ ძირძველი ისტორიული მხარის შენარჩუნება.
1918-1921 წლებში შალვა მაღლაკელიძე დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობაში ერთ–ერთი თვალსაჩინო ფიგურა გახლდათ. ჰქონდა ქართული არმიის პოლკოვნიკის წოდება, მსახურობდა ქუთაისის მაზრის კომისრად, შემდეგ ტფილისის გუბერნიის კომისრად. 1919 წელს დაინიშნა ტფილისის გენერალ–გუბერნატორად. საბჭოთა რუსეთის ჯარების მიერ თბილისის აღებამდე იყო აღმოსავლეთ საქართველოს გენერალ–გუბერნატორი და ბოლოს, 1921 წლის 23 თებერვალს, მას ნიშნავენ აფხაზეთის გენერალ–გუბერნატორად რუსეთის IX არმიისათვის წინააღმდეგობის გასაწევად. აფხაზეთიდან სამ კვირაში წამოვიდა, რადგან მენშევიკური მთავრობა უკვე ბათუმში იყო და საზღვარგარეთ წასასვლელად ემზადებოდა. მასაც შესთავაზეს ემიგრაციაში წასვლა, მაგრამ უარი თქვა და ცოლ–შვილთან ერთად მშობლიურ სოფელს შეაფარა თავი. მამისეულ სახლში დიდხანს არ გააჩერეს. 1921 წლის 13 მაისს რევკომის გადაწყვეტილებით დააპატიმრეს და მომდევნო წლამდე ჯერ ქუთაისის, შემდეგ კი მეტეხის ციხეში ამყოფეს.
თავად შალვა არც ერთი პარტიის წევრი არ ყოფილა, გიმნაზიის წლებიდანვე კონსტიტუციური მონარქიის მომხრე იყო. ციხიდან განთავისუფლების მერე მოახერხა ემიგრაციაში წასვლა. მეუღლესთან, რიგელ გერმანელ მარია გრასისთან და ერთადერთ ვაჟთან– გაიოზთან ერთად დასახლდა ლატვიაში, ცოლის ნათესავებთან. პოლიტიკურად აქაც აქტიურობდა. იყო რიგაში ჩამოყალიბებული ქართული და კავკასიური საზოგადოებების ერთ–ერთი ხელმძღვანელი.
1923 წელს, პარიზში მყოფი საქართველოს მთავრობის რეკომენდაციით, პრაღაში გაემგზავრა სწავლის გასაგრძელებლად. პრაღაში ჯერ კიდევ ფუნქციონირებდა დამოუკიდებელი საქართველოს კონსული და იქ მცხოვრებ ქართველებს სტიპენდიებს თუ ჯამაგირს ჩეხოსლოვაკიის მთავრობა უხდიდა. შალვას საბუთები გამოითხოვეს მოსკოვის უნივერსიტეტიდან, მან ჩააბარა განსხვავებული საგნები და გახდა კანდიდატი, რაც საკმარისი იყო პროკურორობისთვის, მაგრამ არა ადვოკატობისთვის. ერთი წლის დაძაბული მეცადინეობის შემდეგ შალვა მაღლაკელიძემ დაიცვა დისერტაცია და პრაღის უნივერსიტეტი დაამთავრა იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორის ხარისხით. შემდეგში კი ნაფიცი ვექილიც გახდა.
ჩეხოსლოვაკიიდან იგი კვლავ ლატვიაში დაბრუნდა. მუშაობდა რიგის ერთ–ერთ ბანკში იურისტად. 1929 წელს, რიგაში, გიორგი შვანგირაძესთან ერთად ჩამოაყალიბა საზოგადოება ”ივერია”, რომელსაც მალე სომხური დიასპორაც შეუერთდა. ორგანიზაციას ”კავკასიური საზოგადოება” დაერქვა. საზოგადოების ერთ-ერთი მთავარი მიზანი სამშობლოდან წამოსულ თანამოძმეთათვის მატერიალური და სხვა სახის დახმარების გაწევა იყო. შიდა უთანხმოების გამო 1933 წელს საზოგადოებიდან ქართველები წამოვიდნენ და იმავე წლის ნოემბერში დააარსეს ლატვიის ქართული საზოგადოება.
1934 წელს შალვა მაღლაკელიძე ოჯახთან ერთად საცხოვრებლად საფრანგეთში გადავიდა და აქტიურად ჩაება პოლიტიკურ ცხოვრებაში. იგი ხელმძღვანელობდა ქართულ ემიგრანტულ პატრიოტულ ორგანიზაციებს: "ორნატი", "თეთრი გიორგი" და "ქართლოსი".
1938-1945 წლებში გერმანიაში ცხოვრობდა. იყო ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირის წევრი (1942 წ.); 1942–1943 წლებში აირჩიეს ბერლინში "ქართული ეროვნული კომიტეტისა" და "ქართული სამოკავშირეო შტაბის" წევრად. II მსოფლიო ომის პერიოდში იყო გერმანიის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო მრჩეველი. დაღუპვას გადაარჩინა ათასობით ქართველი სამხედრო ტყვე; მის მიზანს წარმოადგენდა გერმანიის მხარდაჭერით საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენა. 1941 წლიდან, პოლკოვნიკი შალვა მაღლაკელიძე თავის ვაჟთან ერთად, რომელსაც ლეიტენანტის წოდება ჰქონდა, გერმანულ არმიაში, ფრონტის წინა ხაზზე იბრძოდა. გენერალ მიხეილ წულუკიძესა და პოლკოვნიკ სოლომონ ზალდასტანთან ერთად იგი მესამე რაიხის ქართულ ლეგიონს ხელმძღვანელობდა.
ქართული ლეგიონი1941 წელს ჩამოყალიბდა ქართველ პატრიოტთა მიერ საბჭოთა კავშირთან საბრძოლველად. ლეგიონში იბრძოდა 30,000 საქართველოდან დევნილი ემიგრანტი. ისინი გადანაწილებულნი იყვნენ: ვერმახტის, აბვერისა და სს-ის ქვედანაყოფებში. მათი საბოლოო ამოცანა იყო საქართველოს ბოლშევიზმისგან გათავისუფლება.
1941 წელს შალვა მაღლაკელიძის ინიციატივით საბრძოლო მოტივაციის ამაღლების მიზნით დაწესდა ქართული ლეგიონის თამარ-მეფის ორდენი. 1943 წელს ლეგიონერები უკვე კავკასიონთან იმყოფებოდნენ. ლეგიონის საქართველოში შემოსვლისთანავე კათოლიკოს–პატრიარქ კალისტრატე ცინცაძეს და მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტ ნიკო მუსხელიშვილს დამოუკიდებლობის აღდგენა უნდა გამოეცხადებინათ. მაგრამ გერმანელები დამარცხდნენ და ამ გეგმის განხორციელება ვერ მოხერხდა.
1943 წლის 3 იანვრამდე დაჰყო ქართულმა ჯარმა საქართველოს საზღვრებთან, ყველაზე გვიან დატოვა პოზიციები და ბრძოლით გაიკაფა უკან დასახევი გზა.
1943 წლის ბოლოს პოლონეთში კვლავ ჩამოყალიბდა ქართული ლეგიონი 7 ბატალიონის შემადგენლობით, რომელთაც საზეიმო ვითარებაში გადაეცათ საბრძოლო დროშები და მიენიჭათ შემდეგი სახელები: “შალვა მაღლაკელიძე” , “გიორგი სააკაძე”’, “მეფე ერეკლე II” , “დავით აღმაშენებელი” , “თამარ მეფე” , “შოთა რუსთაველი”, “ილია ჭავჭავაძე”. ლეგიონერები გამოსცემდნენ გაზეთ „საქართველოს“(1942–1945 წწ.) გაიოზ მაღლაკელიძის რედაქტორობით.
1944 წელს, დაბადების 50 წლისთავზე, შალვა მაღლაკელიძეს ვერმახტის გენერალ-მაიორის წოდება მიენიჭა. სხვათა შორის, გერმანელების მხარეს მებრძოლ ქართველთაგან სხვას არავის ჰქონია გენერლის წოდება.
II მსოფლიო ომის დამთავრებამდე შალვა მაღლაკელიძე თავმჯდომარეობდა გენ. ვლასოვის არმიის ე.წ. „რუსეთის ხალხთა განმათავისუფლებელ კომიტეტში“ (конр) შემავალ "კავკასიის კომიტეტს".
ომის დამთავრების შემდეგ საბჭოთა რუსეთმა მოსთხოვა ამერიკელებს რამდენიმე გენერლის გადაცემა, მათ შორის გენ. მაღლაკელიძისა. ამერიკელებმა დააპატიმრეს, მაგრამ შვილისა და მეგობრების დახმარებით მან მოახერხა შვეიცარიაში და შემდეგ რომში გადასვლა. 1948-1950 წწ. მოღვაწეობდა იტალიაში, სამხედრო მრჩევლად მსახურობდა ორგანიზაციაში „ხმელთაშუა ზღვის პაქტი“.
იტალიაში მეორედ იქორწინა პოლონეთში დაბადებულ–გაზრდილ ქართველზე, მარიამ ცოტაძეზე, რომელიც რომში სამედიცინო აკადემიაში სწავლობდა. 1950 წლის 28 მარტს მათ ქ. ყარაჩიში შეეძინათ ასული – თამარი.
საქართველოში იტალიის ყოფილი ელჩის, ინსაბატოს დახმარებით, შალვა მაღლაკელიძე გაერთიანდა მასონთა ლოჟაში. მათი რეკომენდაციით აიყვანა სამსახურში სამხედრო მრჩევლად გენერალმა აიუბ-ხანმა, რომელიც შემდეგ პაკისტანის პრეზიდენტი გახდა. იტალიელი გენერლის ამადარის გვარით ბატონი შალვა მეუღლესთან ერთად ყარაჩიში გადავიდა საცხოვრებლად. აიუბ–ხანი მას ძალზე აფასებდა და როცა მისი პაკისტანში ყოფნა სახიფათო გახდა მან პირადად უშუამდგომლა გენერალ ადენაუერთან.1953 წლის დასაწყისში შალვა მაღლაკელიძე დასავლეთ გერმანიაში ჩავიდა და კონრად ადენაუერის სამხედრო მრჩეველი გახდა.
1954 წლის 26 იანვარს მან ვაჟთან, გაიოზ მაღლაკელიძესთან ერთად მიუნჰენში დააფუძნა ორგანიზაცია „ქართველ მხედართა დარაზმულობა უცხოეთში“. ამავე წელს პაკისტანიდან ჩამოფრენილი გენერლის ცოლ–შვილი საბჭოთა აგენტურამ აეროპორტიდანვე აღმოსავლეთ გერმანიაში გაიტაცა. 1954 წლის 1 აგვისტოს ძალდატანებით გადაიყვანეს აღმოსავლეთ გერმანიაში შალვა მაღლაკელიძეც. ოჯახთან ერთად ჯერ მოსკოვში ჩაიყვანეს, ხოლო შემდეგ საიდუმლოდ, ყალბი პასპორტით, გადმოიყვანეს თბილისში. რამდენჯერმე დაჰკითხეს სუკ-ში. ავალებდნენ უცხოეთში მოღვაწე ქართველი ემიგრანტებისთვის აგიტაცია გაეწია და საქართველოში ჩამოეყვანა. შემდეგ, ეტყობა ხრუშჩოვის „ლიბერალიზაცია“ მასაც შეეხო და თანდათანობით, სპეციალობით სამსახურის დაწყებისა და პასპორტში თავისი ვინაობის ჩაწერის ნება დართეს.
ადვოკატურ სარბიელზე ბატონმა შალვამ თავი გამოიჩინა. მან ბრწყინვალედ ჩაატარა მრავალი პროცესი და დიდად გაითქვა სახელი. მაგრამ ერთხელ, როდესაც იგი გამფლანგველების ერთ-ერთ ჯგუფს იცავდა, საქმეებში შემთხვევით აღმოაჩინა სსრკ-ს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარის ლ. ი. ბრეჟნევის რეზოლუცია მისივე ხელმოწერით, რომელიც სასამართლოს ფაქტიურად უბრძანებდა, რათა ერთ-ერთი გამფლანგველისთვის დახვრეტა მიესაჯათ. შალვა მაღლაკელიძემ განგაში ატეხა და ეს საქმე ჩაშალა, მაგრამ ამ ფაქტს შედეგად მოჰყვა საქართველოს იუსტიციის მინისტრის რეფერენტ როსტომოვის ტელეგრამა მოსკოვში: „არ შეიძლება ვანდოთ ადვოკატის ტრიბუნა ფაშისტ გენ. მაღლაკელიძეს!“ ამის შემდეგ ადვოკატობიდან გადააყენეს, მცირეოდენი პენსიაც არ დაუნიშნეს და იძულებული გახდა მოხუცებულობის ჟამს რვა თუმნად ემუშავა მწერალთა კავშირის გამომცემლობაში „იურისტკონსულტანტად“. 1973 წელს მეუღლე გარდაეცვალა. მისი ქალიშვილი თამარი ქმარ–შვილთან ერთად თბილისში ცხოვრობს. ის და მისი მეუღლე პროფესიით ფიზიკოსები არიან, ხოლო მათი შვილები ლაშა და რუსუდან ლაგვილავები – ენერგეტიკოსები.
გენერალი მაღლაკელიძე1960 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე ცხოვრობდა თბილისში, დიდუბის რაიონში, მისამართზე ბათუმის ქ. 29 ა-ში, სადაც გარდაიცვალა კიდეც 1976 წლის 7 ნოემბერს, 83 წლის ასაკში. დაკრძალულია საბურთალოს სასაფლაოზე.
შალვა მაღლაკელიძის ვაჟმა გაიოზ მაღლაკელიძემ (1919–1989) დაამთავრა ქ. რიგის გიმნაზია. 1938 წლიდან ცხოვრობდა გერმანიაში, იყო გერმანიის არმიის ოფიცერი და ჟურნალისტი. მისი ინიციატივით გერმანიაში ქართველთა სათვისტომოს სახელით ჩატარდა მრავალი ღონისძიება. აქტიურად მოღვაწეობდა ანტიბოლშევიკურ ორგანიზაციებში. შალვა მაღლაკელიძეს დასავლეთ გერმანიაში მცხოვრებ შვილთან მიმოწერა ჰქონდა, მაგრამ არაერთგზის თხოვნის მიუხედავად მისი ნახვის საშუალება არ მიეცა. გაიოზის ვაჟმა, აშშ არმიის სამხედრო მფრინავმა ვამეხ მაღლაკელიძემ თავი ისახელა ვიეტნამის ომში, რისთვისაც ამერიკის მთავრობამ მას ჯილდოდ თვითმფრინავი აჩუქა. პროფესიით იგი არქიტექტორია. ბაბუასთან მიმოწერა მასაც ჰქონდა.
შალვა და გაიოზ მაღლაკელიძეების პირადი არქივი დაცულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში, არქივი შემოსწირეს გაიოზის მეუღლემ, ჰანა მაღლაკელიძემ, ჰილდე ჰერპისმა და კარლო ინასარიძემ 1990 წ. 27 ივლისს (შემოწირულობათა წიგნი N661). ფონდი 600 საარქივო საქმეს შეიცავს: 1. ბიოგრაფიისა და საზოგადოებრივი მოღვაწეობის ამსახველი მასალა; 2. მიმოწერა; 3. სხვადასხვა.