სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11124

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
წმიდანები
 აბო თბილელი დიდმოწამე +786 ხსენება  8 (21) იანვარი ეწამა თბილისი  აბო თბილელი დიდმოწამე +786 ხსენება  8 (21) იანვარი ეწამა თბილისი

756-786 წწ. გარდ. 30 წლის

ბმულის კოპირება

წმიდანები

თბილისიი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

400       ბეჭდვა

აბო თბილელი დიდმოწამე +786 ხსენება 8 (21) იანვარი ეწამა თბილისი

აბო თბილელი (ძვ. ქართ. ჰაბო ტფილელი; დ. დაახლ. 756 — გ. 6 იანვარი786) — ქრისტიანობისათვის წამებული არაბი, ნერსე ქართლის ერისმთავრის მსახური, ნელსაცხებელთა ოსტატი, წმინდანი [ხსენების დღე — 8 (21) იანვარი].

წმიდა მოწამე აბო თბილელი. მე-8 საუკუნეში სარკინოზთა უღელმა მძიმე დღეში ჩააგდო ქართლი. არაბები ყოველ ღონეს ხმარობდნენ ქართველთა დასათრგუნად. მტერი ჩვენი განადგურების საუკეთესო საშუალებად ქრისტიანული სარწმუნოების აღმოფხვრას მიიჩნევდა, ბევრი გადადრიკეს კიდეც ჭეშმარიტებისაგან მძლავრებითა და ცბიერებით. შიშისაგან განლეული ქვეყანა ირყეოდა, „ვითარცა ლერწამი ქართაგან ძლიერთა”. სამღვდელოება და ერის საუკეთესო შვილები ეძებდნენ გამოსავალს. 766 წელს კახეთის აჯანყება მტერმა სისხლში ჩაახშო, დამარცხდა აჯანყებული ქართლიც. ქართლ-კახეთის აჯანყების ხელმძღვანელობა ქართლის ერისმთავარს ნერსეს დაბრალდა და არაბთა ამირა მუმნი აბდილამ ის ბაღდადში იხმო.


სამი წელი გაატარა ნერსემ არაბთა ტყვეობაში. მან იქ გაიცნო 17 წლის მენელსაცხებლე აბო, რომელიც განთავისუფლების შემდეგ თან წამოჰყვა ერისმთავარს საქართველოში. მიუხედავდ ერის უბედურებისა, აბო გაკვირვებული იყო ქართველთა ზნეობით; იგი სწავლობდა ქართულ ენას, დადიოდა ეკლესიაში, ესაუბრებოდა სამღვდელოებას, ლოცულობდა მათთან ერთად და მარხულობდა. აბო მთელი სულითა და გულით ცდილობდა ქრისტიანობის მიღებას და ნერსესთან ერთად ხაზარეთში ყოფნისას მოინათლა კიდეც. აბო თან გაჰყვა არაბთა რისხვას განრიდებულ ერისმთავარს აფხაზეთში. იგი მადლობდა ღმერთს, რომ იხილა ადგილი, სადაც ყველა ქრისტიანი იყო და ერთი პირითა და ერთი გულით ადიდებდა შემოქმედს. შემდგომმა პოლიტიკურმა მოვლენებმა ნერსეს საშუალება მისცა ისევ ქართლს დაბრუნებოდა. აფხაზთა მეფემ სთხოვა აბოს დარჩენილიყო აფხაზეთში: „მეშინის მე შენთჳს, ნუუკუე კუალად განგდრიკონ შენ სარწმუნოებისაგან ქრისტჱსისა ნებსით, გინა უნებლიეთ და ესოდენი შრომაჲ შენი წარწყმიდო”, - უთხრა მან აბოს. „განმიტევე მე, რაჲთა ეუწყოს განცხადებულად ქრისტიანობაჲ ჩემი ქრისტეს მოძულეთა მათ”. – უპასუხა ნეტარმა.

სამი წელი მოღვაწეობდა აბო თბილისში და ქადაგებდა ქრისტიანობას. ძველმა თანამემამულეებმა დაასმინეს იგი, შეიპყრეს და სატუსაღოში ჩააგდეს, მაგრამ სტეფანოზ ერისთავის თხოვნით მალე გაანთავისუფლეს.


თბილისში ახალი ამირა დასვეს. ქრისტიანებმა გაიგეს, რომ ამირა შეპყრობას უპირებდა ნეტარ აბოს, გააფრთხილეს და ურჩიეს დამალულიყო, მან კი გახარებულმა ასე უპასუხა: „მე არა ხოლო ტანჯვად განმზადებულ ვარ ქრისტესთვის, არამედ სიკუდიდცა.”

ამირას მსახურებმა შეიპყრეს ნეტარი აბო და მსაჯულს წარუდგინეს. მან წმიდანს ქრისტეს დაგმობა და მამა-პაპათა სჯულზე დაბრუნება შესთავაზა. ყოველნაირად ეცადნენ აბოს გადაბირებას, მაგრამ წმიდანი მტკიცედ იდგა. განრისხებული მსაჯულის ბრძანებით აბოს ხელ-ფეხზე ბორკილი დაადეს და საპყრობილეში ჩასვეს. ქრისტესთვის დათმენილმა ჭირმა კიდევ უფრო მეტი სიყვარულით აღავსო ნეტარი, მან თხოვა ქრისტიანებს გაეყიდათ მისი სამოსელი, ეყიდათ სანთელ-საკმეველი და ქალაქის ეკლესიებისათვის შეეწირათ.


წამების დღეს წმიდა აბომ დაიბანა პირი, იცხო ზეთი, მიიღო წმიდა ზიარება და ასე სადღესასწაულოდ განემზადა საწამებლად. „ნუ სტირთ ჩემ ზედა, არამედ გიხაროდენ, რამეთუ მე უფლისა ჩემისა მივალ, ლოცვით წარმგზავნეთ და მშჳდობამან უფლისამან დაგიცვენინ თქუენ”, - ამხნევებდა იგი მისი მოსალოდნელი სიკვდილით დამწუხრებულ ქრისტიანებს. ამირამ მისი მოკვლა ბრძანა. წმიდა აბომ ჯვარედინად დაიწყო გულზე ხელები და სიხარულით მოუდრიკა ქედი მახვილს.

ჯალათებმა სამჯერ მსუბუქად დაჰკრეს მახვილი იმ იმედით, რომ სიკვდილის შიშით წმიდანი უარყოფდა ქრისტეს, მაგრამ აბო ბოლო წუთებშიც მხნედ და უდრეკად იდგა. სირცხვილეულმა და დამარცხებულმა უსჯულოებმა წმიდანის გვამზეც კი იძიეს შური, მისი წმიდა სხეული ტანსაცმლებთან და მისივე სისხლით გაჟღენთილ მიწასთან ერთად ტომარაში ჩადეს, ქალაქიდან გაიტანეს და მტკვრის პირას დაწვეს, ფერფლი ცხვრის ტყავში გაახვიეს და მტკვარში გადაყარეს.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ.

წმიდა აბო თბილელის სახელობის ტაძარი

რამდენიმე წლის წინ სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით გადაწყდა მეტეხის კლდის ძირში, ახალი ხიდის მიმდებარედ, წმიდა აბო თბილელის ეკლესიის მშენებლობა. 1994 წლიდან ეკლესიის პროექტზე მუშაობას აწარმოებდა საპატრიარქოს საეკლესიო ხუროთმოძღვრების ცენტრი. პროექტის ავტორია რეზო ჯანაშია(02 ოქტომბერი 1943წ ჩხოროწყუ), კონსულტანტები – დეკანოზი ბესარიონ მენაბდე და ქეთევან აბაშიძე.


 დეკანოზი ბესარიონ მენაბდე დ.1957წ. 


ქეთევან აბაშიძე ხელოვნების ისტორიკოსი, ცენტრის მეცნიერი თანამშრომელი.


როდესაც მეტეხის კლდის მიმდებარე ტერიტორიას სამშენებლოდ ამზადებდნენ და იქაურობის გაწმენდა მიმდინარეობდა, წმ. აბოს ნიშის მიწაყრილით დაფარულ ტერიტორიაზე მოჭრეს მომცრო ზომის ფიჭვის ხე. თბილისის ფერისცვალების დედათა მონასტერში ფიჭვის მორი გადახერხეს და გადანაჭერზე სასწაულებრივად გამოსახული ჯვარი აღმოჩნდა. ქართულმა ეკლესიამ იგი ჭეშმარიტ ხელთუქმნელ ჯვრად, ღმრთის ნებით, მოხდენილ სასწაულად აღიარა (წლების განმავლობაში ჯვარი დაცული იყო კრწანისის წმ. ნიკოლოზის ეკლესიაში, ახლა კი დაბრძანებულია წმ. აბოს სახელობის ტაძარში).

1996 წლის 17 მარტს ჯვრის თაყვანისცემის დღესასწაულზე წმ. აბო თბილელის ტაძრის საძირკველი იკურთხა. კურთხევა აღასრულა კრწანისის წმიდა ნიკოლოზის ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზმა ბესარიონ მენაბდემ.

ახალი ტაძრის მშენებლობა ნიშის უკან გაწმენდილ ტერიტორიაზე დაიწყო. არქიტექტორთა მთავარი მიზანი, წმ. აბოს ნიშის განახლება-აღდგენასთან ერთად, მისი ახალ ტაძართან გაერთმთლიანება და ამ კომპლექსის მეტეხის კლდის ისტორიულ განაშენიანებაში ორგანულად ჩართვა იყო. ნაშთი “სამარტვილესა-დილეგოსი” იმ სახით, როგორითაც ის გადარჩა და რისი დანგრევაც უფალმა არ ინება, ხელუხლებლად დარჩა (ცხადია, შესაბამისი გამაგრებით). იგი პროექტის ხასიათის განმსაზღვრელ ბირთვად იქცა.

ახლადაშენებული ტაძარი მხატვრულ-კომპოზიციურად ისე გაერთმთლიანდა ორივესთან – კლდესთან და წმ. სადილეგო-სამლოცველოსთან, რომ კლდეს მიბჯენილი სადილეგო-სამლოცველო და ტაძარი ერთ მთლიანობად იქცა.

ტაძრის ინტერიერში კლდის მონაკვეთი სამხრეთ კედლად გვევლინება და თავისი ბუნებრივი სახითაა დატოვებული, ხოლო ეკლესიის დასავლეთი კედლის საძირკველი და ქვედა ნაწილის დიდი მონაკვეთი, წმიდა ნიშის დღეისათვის შემორჩენილი ნაშთი ხელუხლებლადაა ჩაყოლებული. ფაქტობრივად, დასავლეთი კედელი მასზე ეყრდნობა და მის უშუალო გაგრძელებას წარმოადგენს. დასავლეთ კედელში ჩაყოლებული წმ. აბოს ნიშის ფასადი ძველებურად კვლავ თბილისისკენ არის მომართული.

წმიდა აბოს სახელობის ტაძარი 2007 წლის 13 იანვარს აკურთხა გურჯაანისა და ველისციხის ეპისკოპოსმა, მაღალყოვლადუსამღდელოესმა ექვთიმემ (ლეჟავა) კრწანისის წმიდა ნიკოლოზის ტაძრის სამღვდელოებასთან ერთად. ტაძარი წარმოადგენს ორნავიანი ტიპის, შვერილ-აფსიდიან მცირე ზომის ბაზილიკას, უშუალოდ კლდეს უერთდება და ორგანულად ერწყმის მას. სამშენებლო მასალა შერჩეულია მდინარე მტკვრის ხეობიდან. იგი ფერითაც კარგად შეეხამება მეტეხის კლდეს. ტაძრის სახურავადაც ქვაა გამოყენებული. სამრეკლოც მარტივი ტიპისაა: ეს არის კლდეში ჩამაგრებულ ლითონის საკიდზე შებმული ზარი.

ასევე კომპლექსში შედის უშუალოდ წმ. აბოს დაწვის ადგილას, ძველ ნიშში წმ. აბოს მოზაიკური ხატი.

დავით დანელია


მაღალყოვლადუსამღვდელოესი ექვთიმე

გურჯაანისა და ველისციხის მთავარეპისკოპოსი

ერისკაცობაში – თეიმურაზ გიორგის ძე ლეჟავა

დაიბადა: 1953 წლის 25 იანვარს, ქ. თბილისში.





კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 21.01.2022
სულ რედაქტირებულია 2





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0