ვახტანგ II (გ. 1292) — აღმოსავლეთ საქართველოს მეფე 1289-1292 წლებში, დავით VI ნარინის ძე. მან აღმოსავლეთ საქართველოს სამეფო ტახტი დემეტრე II თავდადებულის სიკვდილით დასჯის შემდეგ დაიკავა.
დავით VI ნარინს ოთხი ვაჟი ჰყავდა, რომელთაგან უფროსი — ვახტანგი უკვე გამოცხადებული ჰყავდა თანამოსაყდრედ და ამდენად, დავითის მემკვიდრედ ითვლებოდა. არღუნ-ყაენის დავალებით, ხუტლუბუღა (სადუნ მანკაბერდელის ძე) იმერეთში გადავიდა და დავით მეფეს მისი მემკვიდრის აღმოსავლეთ საქართველოში გამეფება შესთავაზა. ამ ფაქტს ის მნიშვნელობა ჰქონდა, რომ დავით ნარინის გარდაცვალების შემდეგ ვახტანგი მემკვიდრეობით დასავლეთ საქართველოსაც მიიღებდა, რასაც საქართველოს ორივე ნაწილის კვლავ ერთი მეფის ხელისუფლების ქვეშ გაერთიანება მოჰყვებოდა.[3] მართალია, ეს მონღოლთა ბატონობის დასავლეთ საქართველოში გავრცელებასაც გამოიწვევდა, მაგრამ ამჯერად დავით ნარინმა ქვეყნის ერთიანობის აღდგენა უფრო მნიშვნელოვნად ჩათვალა და ილხანთა ყაენის წინადადებაზე თანხმობა განაცხადა. იგი ვახტანგისა და ჯარის თანხლებით აღმოსავლეთ საქართველოში გადმოვიდა. მამა-შვილი „დადგეს ტასისკარს, ქვიშხეთის მინდორსა აქათ“. მეფესთან, რასაკვირველია, მონღოლთა ნოინები მივიდნენ, ისევე, როგორც „ყოველნი დიდებულნი საქართველოსანი შემოკრბეს“.[4]
დავით ნარინის შვილთან, ვახტანგთან გამოყოლის მიზანი, როგორც ჩანს, ის იყო, რომ დარწმუნებულიყო მონღოლთა ყაენის ამ პოლიტიკურ გეგმას თავად აღმოსავლეთ საქართველოში რამდენად უჭერდნენ მხარს. ამას ის გარემოება ამჟღავნებს, რომ დავით ნარინმა მხოლოდ მას შემდეგ „მოსცა ძე მისი“, როდესაც იქ თავშეყრილმა დიდებულებმა „ყუეს ფიცი და სიმტკიცე ერთგულობისა“. ამით დამშვიდებული დავით მეფე დასავლეთ საქართველოში დაბრუნდა, უფლისწული ვახტანგი კი არღუნ ყაენთან წარსადგენად და დასამტკიცებლად წაიყვანეს.[5]