წყარო 1811-1917წწ ეგზარქოსობისდროინდელი იმერეთის ეკლესიები და მღვდლები, ავტ. მერაბ კეზევაძე სრული სია
1100-ზე მეტი წმიდა გიორგის ტაძარი საქართველოში, მოგვაწოდეთ რაც, გამოგვრჩა.
ცქიტიშვილი ლავრენტი ნიკოლოზის ძე. 1902-1906 წწ გოგნის მაცხოვრის ფერიცვალების ეკლესია. 1879-1900წწ დილიკაურის ღმრთისმშობლის მიძინების ეკლესია. 1900-1902წწ თხილთაწყაროს წმ. გიორგის ეკლესია. 1900-1915წწ სკანდის მთავარანგელოზის ეკლესია . 1906-1907წწ სპეთის მაცხოვრის ამაღლების ეკლესია.
საპატრიარქოს უწყებანი N22 24ივლისი-6აგვისტო 2009წ გვ.20
მღვდელმონაზონი ლავრენტი ცქიტიშვილი
მღვდელი ლავრენტი ნიკოლოზის ძე ცქიტიშვილი იმერეთში ცნობილი და განთქმული მოძღვარი იყო. იგი 1879 წელს იმერეთის ეპისკოპოსმა გაბრიელმა (ქიქოძე) მღვდლად აკურთხა და დილიკაურის ყოვლადწმინდა მიძინების სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაადგინა, სა-დაც 1900 წლამდე იმსახურა. შემდეგში იგი სხვა ეკლესიებშიც მოღვაწეობდა, კერძოდ: 1900-1902 წლებში თხილწყაროს წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში, 1902-06 წლებში გოგნის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ეკლესიაში, 1906-1907 წლებში სპეთის მაცხოვრის ამაღლების სახელობის ეკლესიაში. 1909 წელს კი სკანდის მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაადგინეს. 1913 წლის 15 მაისს ეკლესიაში ერთგული სამსახურისათვის სამკერდე ოქროს ჯვრით დააჯილდოვეს. მღვდელი ლავრენტი 1915 წლის 20 აგვისტოს გარდაიცვალა. იგი 23 აგვისტოს, დილით, 8 საათზე ქუთაისის საკათედრო ტაძარში მიასვენეს, საიდანაც წირვის შემდეგ თავის მშობლიურ სოფელ საქარაში, საგვარეულო სასაფლაოზე მიაბარეს მიწას.
აი, რას წერდა მისი გარდაცვალების შესახებ გაზეთ „სამშობლოში“ ვინმე მ. ფარცხნალელი: „ოც აგვისტოს ქ. ქუთაისში გარდაიცვალა მღვდელი ლავრენტი ცქიტიშვილი. მამა ლავრენტი, ჩვენი ძველი მღვდლების, ერთი საუკეთესო წარმომადგენელი იყო. მას, როგორც ყველა ჩვენ საუკეთესო ძველ მღვდლებს, ძვალსა და რბილში ჰქონდა გამჯდარი ქრისტეს მოძღვრება, იყო საღმრთო წერილის ზედმიწევნით მცოდნე და მშვენიერი მწიგნობარი ქართულ ენაზე. მისი სასოებიანი წირვა-ლოცვა ურწმუნოსაც კი აუტოკებდა გულს. იშვიათი შემთხვევა იყო მის ცხოვრებაში, წირვა-ლოცვა ისე გაეთავებინა, რომ ხალხისათვის შესაფერი სულიერი საზრდო არ მიეცა. ბუნებით იყო ფიცხი კაცი, მაგრამ უზომო გულკეთილი, ადამიანის მოყვარული და პატივისმცემელი. თავის სამწყოსაგან მოითხოვდა ქრისტიანულ სიყვარულს ურთიერთშორის და ქართველურ პურადობას. ძუნწობა თავისიც ეზარებოდა და სხვისიც, ამ სოფლად ბევრი დავიდარაბის გადამტანი იყო. უკანასკნელ ჟამს, ძვირფასი მეუღლის და ორი მოსწრებული შვილის დაკარგვამ, ამასთანავე თავის საკუთარი ბედის უკუღმა დატრიალებამ, სა- სოწარკვეთილებაში ჩააგდო. თავის ხანგრძლივი სამსახურისათვის, სასულიერო მთავრობისაგან შესაფერად იყო დაჯილდოვებული. იშვიათი არის ასეთი მღვდელი ჩვენში. საუკუნოდ იყოს ხსენება მისი“. ღვთისნიერმა მოძღვარმა თავისი შვილებიც ღვთის სამსახურში ჩააყენა. უფროსი ვაჟი, დეკანოზი იოანე, ასევე ცნობილი სასულიერო პირი გახლდათ (იხ. მასზე „საპატრიარქოს უწყებანი“ №13. 2009წ.). თავისი ერთადერთი ქალიშვილი პელაგია იმერეთში ცნობილი დეკანოზის დავით ღამბაშიძის ვაჟს (ჟურნალ „მწყემსის“ რედაქტორი, იხ. მასზე „საპატრიარქოს უწყებანი“ №13. 2009წ.), მღვდელ ქსენეფონტეს მიათხოვა. ასევე ცნობილი სასულიერო მოღვაწეა მისი შემდეგი შვილი პლატონი. მის შესახებ ჩვენი გაზეთის მორიგ ნომერში გვექნება საუბარი.