გოგელაშვილი გერმანე იღუმენი 1845 წლიდან მოღვაწეობდა აფხაზეთშიიღუმენი თეოფანე (გაბუნია) აფხაზეთში 1845 წლამდე მოღვაწეობდა. შემდეგ იგი იღუმენმა გერმანემ (გოგელაშვილი) შეცვალა.
40იანი წლების ბოლოს რუსეთის ხელისუფლება იმ დასკვნამდე მივიდა, რომ აფხაზეთში ცალკე ეპარქიის შექმნა აუცილებელი იყო. მიხეილ შარვაშიძესაც ძალიან სურდა აფხაზეთში სამღვდელმთავრო კათედრის შექმნა. მან შესაბამისი წინადადებით საქართველოს ეგზარქოსს 1849 წელს მიმართა. იმპერატორის განკარგულებით, მართლმადიდებლური ქრისტიანობის აღორძინების მიზნით, 1851 წლის 30 აპრილს, აფხაზეთის ეპარქია შეიქმნა. 8 სექტემბერს, სიონის ტაძარში, აფხაზეთის ეპისკოპოსად ხელდასხმულ იქნა მიხეილ შარვაშიძის სულიერი მოძღვარი, არქიმანდრიტი გერმანე (გოგელაშვილი).
1857 წლის 2 ოქტომბერს ეპისკოპოსი გერმანე (გოგელაშვილი) იმერეთის კათედრაზე გადაიყვანეს, ხოლო 6 ოქტომბერს აფხაზეთის ეპისკოპოსად დავით გარეჯის უდაბნოს არქიმანდრიტი გერონტი (პაპიტაშვილი) ეკურთხა. ახალი მღვდელმთავრის აფხაზეთში ჩასვლამდე, 1857 წ. ოქტომბრიდან 1858 წ. იანვრამდე აფხაზეთის კათედრას არქიმანდრიტი ალექსანდრე (ოქროპირიძე) განაგებდა. 1859 წლის 17 ოქტომბერს ეპისკოპოსმა გერონტიმ აფხაზეთის ეპარქიაში მისიონერული მოღვაწეობა იღუმენ გრიგოლს (დადიანი) დააკისრა. იღუმენმა გრიგოლმა სოფლებში: ლიხნი, ებერნიხა, არხუა, რიუითა, ჩიგურხვა, კვასკემიწა და სხვ. მრავალი წარმართი და მაჰმადიანი აფხაზი მონათლა.