სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12188

მთავარი იუბილარი/ ხსენება

კოვალჩუკი კონსტანტინე (მიხეილ) იღუმენი
ბმულის კოპირება

ბეჭდვა

კოვალჩუკი კონსტანტინე (მიხეილ) იღუმენი

2026 წლის 02 თებერვალს აღიყვანა ღუმენის ხარსხში და დააჯილდოვა გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით;

მარჯვნიდან პირველი

2026 წლის, 2 თებერვალს, ღირსი ექვთიმე აღმსარებელის (კერესელიძე) ხსენებასთან დაკავშირებით, ნიკორწმინდელმა ეპისკოპოსმა ვახტანგმა (ლიპარტელიანი), 

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ლოცვა კურთხევით სამღვდელოება დააჯილდოვა.

დეკანოზი ლაზარე (სოხაძე) დაჯილდოებულია მეორე გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით.

იღუმენის ხარისხში აიყვანა და გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით დააჯილდოვა მღვდელ-მონაზონი კონსტანტინე (კოვალჩუკი)


20 მარტი 2025წ. ჟურნალი კარიბჭის სტატია. გთავაზობთ ინფორმაციას წერილის ავტორის, მღვდელმონაზონ კონსტანტინეს (კოვალჩუკის), შესახებ - ის ახლა უწერის მონასტერში მოღვაწეობს.



ეს არის წინსიტყვაობა მისი ერთ-ერთი წიგნისა:



„რა მელოდება მარადისობაში: სამოთხე თუ ჯოჯოხეთი?“ - ბავშვობიდანვე არ ასვენებდა ეს შეკითხვა ავტორს „საუბრებისა“, რომელსაც მკითხველს ვთავაზობთ.

მომავალი მღვდელ-მონაზონი კონსტანტინე (ერისკაცობაში მიხეილ კოვალჩუკი) დაიბადა 1950 წელს უკრაინაში, მორწმუნე ოჯახში, სადაც თითოეულმა ბავშვმა იმთავითვე იცოდა, რომ ღვთის თვალწინ ცხოვრობდა. მაგრამ იმ დროსაც კი ღმერთთან ურთიერთობის საკითხი მისი ნორჩი სულისთვის რუტინა და ყოველდღიურობა როდი იყო, არამედ ძლიერ აღელვებდა იგი და გულში უპასუხოდ დარჩენილ შეკითხვებს უგროვებდა.

ხანდახან, ჯერ კიდევ ჭაბუკი ქრისტიანი, ასე ფიქრობდა: მარადისობის ზღურბლის გადაბიჯების ჟამი რომ დამიდგება, ვაითუ, ყველა ადგილი დაკავებული დამხვდეს ცათა სასუფეველშიო... და ამგვარი ფიქრები სასოწარკვეთილებას ჰგვრიდა. მწუხარების მიზეზი კი იყო მისი მცდარი წარმოდგენა ღმერთისა და მასთან ურთიერთობის წესის შესახებ, განუცდელობა იმისა, თუ რაოდენ დიდი სიხარულით აღავსებს სინანულის ლოცვა ყოფიერებას კაცისას, რომელიც უსიტყვოდ მინდობია საღმრთო განგებას. ყოველივე ამას მამა კონსტანტინე მოგვიანებით გაგვიზიარებს, მას შემდეგ, რაც ათწლეულებს განლევს უდაბნოში ცხოვრებით, მას შემდეგ, რაც სულიერად დამწყემსავენ მამები, რომლებმაც წმიდა მამათა გზებით იარეს, გულში ღვთის სული მოიხვეჭეს და თავიანთი ლოცვითი გამოცდილება _ ცოცხალ ღმერთთან ურთიერთობის გამოცდილება - სათუთად გადასცეს მისი მიღების ყოველ მსურველს. ამის მსურველი იყო ისიც. ამ გზაზე თანამოაზრეებს ეძებდა, ამას ითხოვდა ღვთისგან და იპოვა კიდეც.


*   *   *


1973 წელს, როდესაც საყოველთაოდ აღიარებული უღმერთობის საბჭოური იდეოლოგია ახალგაზრდა თაობას არა მარტო „ნათელ მომავალს“, არამედ „დედამიწაზე სამოთხესაც“ კი ჰპირდებოდა, ორი მეგობარი (მომავალი მეუდაბნოე მონაზვნები დავითი და კონსტანტინე) სწორედ ამ დედამიწაზე ეძიებდა ზეციურ სამოთხეს _ ქრისტეს გზას, და თავად ქრისტეს. მათ სურდათ, თავიანთი ცხოვრება ღმერთისთვის მიეძღვნათ, უკანმოუხედავად შესდგომოდნენ მის კვალს, მაგრამ არ იცოდნენ, როგორ მიეღწიათ ამ მიზნისათვის. იმხანად მცნებების განუხრელი დაცვით ერში ცხოვრება სულიერი ცხოვრების გამოცდილების არმქონე ახალგაზრდებისათვის თითქმის შეუძლებელი იყო _ გაპარტახებული და დაკეტილი იყო მონასტრები. ერთადერთი გამოსავალი ჩანდა: ერისა და მისთვის დამახასიათებელი არსებობის ცოდვისმიერი წესის დატევება და ცივილიზაციიდან შორს, სადმე ტყეში ან მთებში წასვლა, სადაც ვერაფერი გარეგანი ხელს ვერ შეუშლიდათ გულისმიერი სუფთა ლოცვით წარდგომაში ღვთის წინაშე.

ღმერთმა აკურთხა ისინი _ ახალგაზრდებმა ამის შესახებ შეიტყვეს მჭვრეტელი უხუცესი ბერისგან († 1974), რომელიც იმ დროისთვის პოჩაევოს ლავრაში ცხოვრობდა. რომელი მიმართულებით უნდა წასულიყვნენ, ეს რკინიგზის სადგურში გამოფენილმა საბჭოთა კავშირის უზარმაზარმა რუკამ უკარნახა: აირჩიეს ხმელეთზე ყველაზე მსხვილი მწვანე `კუნძული~, რომელიც დასახლებული პუნქტების სიხალვათით გამოირჩეოდა.

კავკასია... აირჩიეს ამტყელის ტბის რაიონი. ცოცხალი რწმენისა და ღმერთთან ცოცხალი ურთიერთობის მაძიებელი ახალგაზრდების ყოველი ნაბიჯი უკვე განსაზღვრული იყო ორი _ ღვთისა და კაცობრივი _ ნების ურთიერთქმედებით. თუმცა ბოლომდე ჯერ კიდევ ვერ ხვდებოდნენ ამას, მაგრამ სწამდათ, სასოებდნენ და ეძიებდნენ აშკარა მითითებას იმისა, რომ უსათუოდ თვით უფალი იზრუნებდა მათზე.

უკვე ცხადი იყო ზეგარდმო მზრუნველობა: აკი ამ ადგილის მომავალ საცხოვრისად არჩევისას ძმებმა არც იცოდნენ, რომ სწორედ ამ მიდამოებში უკვე საუკუნეების განმავლობაში მოღვაწეობდნენ მეუდაბნოეები, რომლებიც ღვთივსათნო ასკეტური ცხოვრების ძველ მონაზვნურ ტრადიციას, იმგვარ ცხოვრებას მისდევდნენ, როგორიც ესოდენ საწადელი იყო ორი ნორჩი სულისათვის. მართალია, მთაში თვეობით ცხოვრების შემდეგ შეხვდნენ პირველ მეუდაბნოეებს, მაგრამ ხომ აუხდინა მათ უფალმა გულის წადილი...


*   *   *


იმხანად უდაბნოს საძმოს მწყემსავდა ღირსი ბერი სქიმარქიმანდრიტი სერაფიმე (რომანცოვი, † 1976, სოხუმი). მისი გარდაცვალების შემდეგ ღმერთის განგებულებამ ორი ახალგაზრდა მეუდაბნოე იმჟამად ჯერ კიდევ სოხუმისა და აფხაზეთის მიტროპოლიტის, ხოლო ამჟამად სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის საფარველქვეშ მიიყვანა. 1977 წელს მეუფემ ისინი საბეროებად აღკვეცა სოხუმში, ხოლო ორი წლის შემდეგ, 1979 წელს, თბილისში მანვე (უკვე კათოლიკოს-პატრიარქმა) მონაზვნებად აღკვეცა ისინი, არგვეთის ქართველი მთავრების პატივსაცემად დავითი და კონსტანტინე უწოდა და აკურთხა, უწინდებურად მთებში დაბრუნებულიყვნენ.

ამის შემდეგ ბერი დავითი აღარ გამოსულა უდაბნოდან - შეუძლოდ იყო, ექვსი წლის შემდეგ კი, როგორც წინდაწინ განეცხადა, უფლისმიერ განისვენა (1985 წლის ნოემბერში). ბერმა კონსტანტინემ ორმოცდაორი წელი იცხოვრა მთაში... მისთვის  ეს იყო ღმერთთან ცოცხალი ლოცვითი ურთიერთობის სკოლა _ წმიდა წერილის მცნებებში გამჟღავნებული ღვთის წმიდა ნების შეცნობისა და აღსრულების სკოლა. საკუთარი გულის, აზრებისა და გრძნობების, თავისი ცხოვრების გარდაქმნის მიზნით, წმიდა მამათა გადმოცემებს სწავლობდა, უფროსი თაობის მეუდაბოე ასკეტთა გამოცდილებას აგროვებდა...


ჩვიდმეტი წლის განმავლობაში მამა კონსტანტინეს მოძღვრობას უწევდა სქიმარქიმანდრიტი ვიტალი (სიდორენკო, † 1992). ადრე ეს უხუცესი ბერიც ამ მთებში მოსაგრეობდა, შემდეგ თბილისში, წმიდა ალექსანდრე ნეველის ტაძარში მსახურობდა, სადაც არის კიდეც დაკრძალული. მეუდაბნოეს მოძღვართან წერილობითი ურთიერთობა ჰქონდა, მაგრამ განსაკუთრებულ შემთხვევებში მთებს ტოვებდა, რათა რჩევისა და კურთხევის მისაღებად მამა ვიტალისთან თბილისში ჩასულიყო. იქ იგი ხვდებოდა წმიდა ბერებს: სქიმარქიმანდრიტ ანდრონიკეს (ლუკაში, † 1974), სქიმმიტროპოლიტ სერაფიმესა (მაჟუგა, † 1985) და არქიმანდრიტ გაბრიელს (ურგებაძე, † 1995), რომელთა ლოცვითი გამოცდილება და მხარდაჭერა ფასდაუდებელი იყო მისთვის.


*   *   *


მრავალი რამ შეიცვალა მამა კონსტანტინეს ცხოვრებაში, როდესაც უწმიდესმა და უნეტარესმა პატრიარქმა ილია II-მ 2014 წელს კვლავ მოიხმო თბილისში და მღვდელ-მონაზვნად აკურთხა. მეუდაბნოემ თავის ცხოვრებაში მომხდარი ეს ცვლილება ყოველი სულის ცხონებაზე მზრუნველი ღვთის ნებისადმი მორჩილებად მიიღო...

„რა მელოდება მარადისობაში: სამოთხე თუ ჯოჯოხეთი?“ - როგორც ყოველი ქრისტიანისთვის, მღვდელ-მონაზონ კონსტანტინესთვისაც დღემდე აქტუალურია ეს საკითხი. სხვაგვარად შეუძლებელიცაა - აკი ის, თუ როგორ შედეგს მოიტანს თითოეული სულის მიწიერი ყოფიერება, ღმერთისადმი მისი პირადი ცოცხალი ლოცვითი  მიმართვით განისაზღვრება - განისაზღვრება არჩეული ცხოვრების საზრისის მიხედვით.

კოვალჩუკი - გვარის 1 ღვთისმსახური

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადობის გაზრდის მიზნით. 

დამუშავებულია მილიონობით (საარქივო და სხვადასხვა გამომცემლების) დოკუმენტი,                                  

   facebook

     messenger

     email


თუ გაქვთ დამატებითი ინფორმაცია ფოტომასალა გამოგვიგზავნეთ, თუ არ დევს ფოტო და ინფორმაცია მინიმალურია, ბევრი მცდელობის მიუხედავად ვერ შევძელით მოპოვება, არც არავინ დაინტერესებულა და არც შეგვხმიანებია.

კოვალჩუკი კონსტანტინე (მიხეილ) იღუმენი
კოვალჩუკი კონსტანტინე (მიხეილ) - იღუმენი. 2026 წლის 02 თებერვალს აღიყვანა ღუმენის ხარსხში და დააჯილდოვა გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით; სრულად ნახვა
ეკლესიის მსახურნი და შემწირველნი
სულ 0

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.