ოთარაშვილი მიქაელი იღუმენი,მცხეთა თბილისის ეპარქია მოსახსენებელი 2008 წ. გვ. 12
საპატრიარქოს უწყებანი N29 6-12ოქტომბერი 2011წ გვ.12
4 ოქტომბერს გარდაბნისა და მარტყოფის ეპისკოპოსმა იაკობმა (იაკობიშვილი) აკურთხა თხინვალის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია, სადაც მამათა მონასტერი დაფუძნდა. მონასტრის წინამძღვრად იღუმენი მიქაელი (ოთარაშვილი) დაინიშნა.

ფოტო მოგვაწოდა ბერდიაკონმა გიორგი ბურჭულაძემ.
იღუმენი მიქაელი
- სასულიერო ცხოვრება ჯუმათის მამათა მონასტერში დავიწყე. იქ აღვიკვეცე ბერად და მეწოდა მთავარანგელოზ მიქაელის სახელი.
ერში სამხედრო ვიყავი, აფხაზეთის ომში ვმონაწილეობდი. ომიდან დაბრუნების შემდეგ, 1995 წელს, წავედი მონასტერში. ვიარე, ვიარე და მივედი ჯუმათის მონასტერში, წინამძღვარი იყო მამა კონსტანტინე (ჭინჭარაული). უკვე გადაწყვეტილი მქონდა ბერობა. ორი წელი ვიცხოვრე ჯუმათის მონასტერში. როცა ბერობის გზას აირჩევს ადამიანი, აუცილებელია გაიაროს მორჩილება. მონასტერში ცხოვრების დროს უფლის, წინამძღვრის მორჩილებაში ხარ და გიხარია, რომ ამ ყველაფერს მათთვის ითმენ. ერში კაცს თავისი საქმე, სამსახური აქვს და იმით არსებობს. მონასტერშიც ასევეა. საქმეს გიჩენს უფალი და იმით ცხოვრობ. დათმენა-არდათმენაზე აღარ არის ლაპარაკი. რამდენიმე თვე ცარიელი ხელებით აღვადგენდით მონასტერს. ღვთის წყალობით აღვადგინეთ ტაძარი და ხალხმა დაიწყო ეკლესიური ცხოვრება. ყოველდღიური წირვა-ლოცვები მიმდინარეობდა. უწმინდესის ლოცვა-კურთხევით, გადმომიყვანეს მცხეთის ჯვრის მონასტერში. 12 წელი იქ ვმსახურობდი. უკვე 15 წელია, რაც ბერი ვარ. წლებმა საკმაოდ დიდი გამოცდილება შემძინა.
KARIBCHE
მამა მიქაელი ქალბატონ ნანული დავითაშვილი-ნადიბაიძესთან და მზია დავითაშვილთან ერთად
2002 წელს, მეუფე პეტრე რომ დაადგინეს ეპისკოპოსად ყაზბეგში, ორი წელი სნოს ხეობის სოფლებში ვმსახურობდი, მათ შორის ახალციხე-კარკუჩა-ჯუთაში. სნოს ხეობაში მეუფეს ვეხმარებოდით ეპარქიის ჩამოყალიბებაში, მღვდელმსახურების აღდგენაში, სოფლებში დავდიოდით და ქრისტიანობაზე მოვაქცევდით ხალხს. ღვთის წყალობით, აღვადგინეთ ახალციხის ღვთისმშობლის ტაძარი. უწმინდესის კურთხევით, სნოს ხეობიდან გადმომიყვანეს სოფელ გამარჯვებაში. იქ ახალი ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი ავაშენეთ. მერე უწმინდესის ლოცვა-კურთხევით, გადმოვედი თხინვალაში. ეს ტერიტორიები თბილისს შეუერთდა. ჩემი მრევლი მთხოვდა უწმინდესისგან კურთხევის აღებას, რომ თვეში ერთხელ მაინც ჩაგვეტარებინა წმინდა გიორგის ტაძარში ღვთისმსახურება. მაშინ ყაზბეგში ვმსახურობდი. ახალ ტაძრებთან ერთად ძველი ტაძრებიც უნდა აღვადგინოთ.
წმინდა გიორგის ტაძარი მიწით იყო ამოვსებული. კედლები მთლიანად გამურული იყო. ჩანს, ტაძარში საწყობიც იყო, შიგ თურმე კარტოფილსაც თესავდნენ. გაგიკვირდებათ და, ტაძარი შუაზე გაიპო. ორივე გვერდი აქვს მოცლილი. ადრე ტაძრამდე მისვლა უგზობის გამო ძალიან ჭირდა. დღეს ტაძარში შუქიც არის გაყვანილი. წყალიც გვაქვს, გზაც. რაც საჭიროა მონასტრისთვის, ყველაფერია. ახლა სენაკების მშენებლობას ვიწყებთ.
დიდი ხნის განმავლობაში ამ ტაძარში მოძღვარი არ მსახურობდა. ქართული მოსახლეობა მოწყურებული იყო მოძღვარს. მოგეხსენებათ, რომ გარშემო სოფლებში - მსხალდიდში აზერბაიჯანული მოსახლეობა ცხოვრობს. იქ ერთი ძველი ტაძარია დარჩენილი წმინდა გიორგის სახელობისა. უწმინდესმა ჩამაბარა მისი მზრუნველობა და აღდგენა. ძველი ქართული სოფელია, მაგრამ ახლა იქ ქართველები აღარ ცხოვრობენ. სამწუხაროა, რომ მსხალდიდში ქართველობა მიწებს ყიდის და იქ აზერბაიჯანული მოსახლეობა მრავლდება. უწმინდესმა ბრძანა, - თუ მსხალდიდში ტაძარი ამოქმედდება, ქართველი მოსახლეობა არ დატოვებს სოფელსო. მოსახლეობას რომ არ უჭირდეს, მიწებს არ გაყიდის და არ წავა სხვაგან. მოსახლეობის უმეტესობა უმუშევარია. ახლა ტაძარში არიან დასაქმებულები, გვეხმარებიან კეთილმოწყობაში. ტაძრის ამოქმედებით გამოცოცხლდა სოფელი, რწმენა და იმედი ჩაესახათ. ღვთის საქმეს რომ გააკეთებ, ასჯერ მეტი მადლი მოგეზღვება და ხელი მოგემართება ყველა სასიკეთო საქმეში. ტაძარში სტიქაროსნებად პატარა ბავშვები გვყავს. გვყავს მგალობლებიც. წარმოუდგენელი რამ გაკეთდა და რამდენიმე თვეში ტაძარი აღვადგინეთ. ყაზბეგში ოთხ სოფელში დავდიოდი ფეხით და ისე ვწირავდი. შეიძლება რთულია სოფელში მსახურება, მაგრამ ჩემთვის უფრო მეტი სიწმინდეა, უფრო მეტად ვხედავ ტრადიციებს, იმას, რაც ქართველობას გვინარჩუნებს. მთავარი ადამიანის სულის გადარჩენაა. თუ სული დაავადდა, სხეულიც დაავადდება.
ღმერთი შეგვეწიოს.
სტატიის ავტორი: თეა ცაგურიშვილი