სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11821

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
წმიდა სინოდი
ანტონ (დიმიტრი, ერიკ. დავით) აბაშიძე 1867-1942წწ სქემმთავარეპისკოპოსი, დაბ. სოფ. ვეჯინი, გურჯაანი ანტონ (დიმიტრი, ერიკ. დავით) აბაშიძე 1867-1942წწ სქემმთავარეპისკოპოსი, დაბ. სოფ. ვეჯინი, გურჯაანი

1867-1942 წწ. გარდ. 75 წლის

ბმულის კოპირება

წმიდა სინოდი

გვარი აბაშიძე სია

გურჯაანი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

450       ბეჭდვა

ანტონ (დიმიტრი, ერიკ. დავით) აბაშიძე 1867-1942წწ სქემმთავარეპისკოპოსი, დაბ. სოფ. ვეჯინი, გურჯაანი

 ეკუთვნოდა აბაშიძეთა თავადურ საგვარეულოს.1891 წელს წარჩინებით დაამთავრა ოდესის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. იყო  ჩაუქი მხედარი, მოფარიკავე და მოცეკვავე.  გადაშლილი ჰქონდა დიდი საერო ასპარეზი, რის ნაცვლადაც იგი გაემგზავრა კიევს, აღიკვეცა ბერად დიმიტრის (დიმიტრი როსტოველის სახელობაზე) სახელით და ჩაირიცხა სასულიერო აკადემიაში. აკადემიის დამთავრების შემდეგ ჩამოვიდა თბილისში.


       იყო თბილისის იმ სემინარიის ინსპექტორი, სადაც სტალინი სწავლობდა და, როცა  ამ დაუდგრომელ მოსწავლეს დანაშაულებრივი ქცევისათვის კარცერში სვამდნენ პურზე და წყალზე, ჩუმად უგზავნიდა ხოლმე საჭმელს. შემდგომშიც ხვდებოდნენ ერთმანეთს და მიმოწერაც კი ჰქონდათ. ასეთი თანაგრძნობა მომავალში დაუფასა ბელადმა არქიეპისკოპოსს – საეკლესიო პირთა დევნის ჟამს  საბჭოთა  ხელისუფალმა გასცა ბრძანება, ხელი არ ეხლოთ მისთვის. მონაზონ სერგის ცნობით: „სქიარქიეპისკოპოსი ანტონი სტალინისთვის ლოცულობდა და, ვინ უწყის, თუ  რაგვარად შეეწეოდა მას  ეს ლოცვა!“   

      საქართველოში მსახურებისას ის ასრულებდა ალავერდელი ეპისკოპოსის, ქართული საეგზარქოსოს ვიკარიუსის, თბილისის მაცხოვრის ფერისცვალების მონასტრის ნასტოიატელის მოვალეობებს. შემდეგ გვევლინება გურია–სამეგრელოს ეპისკოპოსად;

       ამის შემდეგ გრძელდება მსახურება რუსეთის იმპერიის ფარგლებში –1905 წლიდან პოდოლსკის ეპარქიაში, 1906 წლიდან – ტაშკენტისა და თურქესტანის კათედრაზე. იმპერიის ეკლესიის სამსახურში მყოფი მეუფე მტკიცედ იდგა რუსული სახელმწიფოებრიობის დაცვის სადარაჯოზე. ის არ უშინდებოდა შუა აზიის უდაბურ სივრცეებს და ველურ ბუნებას – ეპისკოპოსის გამოწრთობილი სულით და კავალერისტის გამობრძმედილი  სხეულით ლახავდა მდინარეებს და უდაბნოებს, აარსებდა ეკლესიებს, ამრავლებდა მრევლს...

       თურქესტანში მისი მსახურებისას ტაძრების რიცხვი ერთიორად გაიზარდა – 78–დან 161–მდე. მისი მმართველობის ჟამს, როგორც იქნა, დასრულდა ათწლეულობით გახანგრძლივებული ამაღლების სოფიის კათედრალური ტაძრის მშენებლობა ალმა–ატაში, რომელსაც სილამაზით მოსკოვის ვასილი ნეტარის ტაძარს ადარებდნენ.  აშენდა მშვენიერი ტაძრები სამარყანდში, კოკანდში, აშხაბადში, ბაირამ–ალიში, ისიკ–ყულის წმიდა სამების მამათა მონასტერში. მისივე დახმარებით ალმა–ატაში დაარსდა ივერო–სერაფიმეს ქალთა მონასტერი, რომელსაც მეუფემ გადასცა ქალაქგარეთ სააგარაკე მიწის ნაკვეთი და ნაგებობანი, რომლებიც მის დასასვენებლად იყო გამოყოფილი. მეუფის ლოცვა–კურთხევით აშხაბადში დაარსდა დედათა მონასტერი. დააარსა თურქესტანში ეპარქიის ბეჭდვითი ორგანო, რაც წინანდელი სასულიერო პირების შეფასებით შეუძლებლობას წარმოადგენდა. „თურქესტანის ეპარქიული უწყებანი“ გახდა ეპოქალური მოვლენა მთელი ამ უზარმაზარი რეგიონისათვის. ამას მოჰყვა სასულიეროთა საერთო ეპარქიული ყრილობები, სადაც საეკლესიო პირებს მიეცათ საჭირბოროტო საკითხების ერთობლივად განხილვის საშუალება.

       პირველი ასეთი შეკრება ჩატარდა 1908 წელს. თავის სიტყვაში მეუფემ მათი საქმიანობა მოციქულებრივ ღვაწლს შეადარა. ხშირად ჩადიოდა რუსეთში და იქიდან ჩამოჰყავდა მღვდლები „სამოციქულო ღვაწლისათვის“ თურქესტანში; მოჰქონდა დიდი შემოწირულობები რუსი ქველმოქმედებისაგან; ჩამოჰქონდა წმიდანთა წმიდა ნაწილები, წმიდა ხატები. ტაშკენტში დააარსა რელიგიურ–ზნეობრივი განათლების თურქესტანის საზოგადოება; აშხაბადში – წმიდა ჯვრის იმიერკასპიის საძმო.

      1912 წელს გადაიყვანეს ყირიმში – ტავრიის ეპარქიის ეპისკოპოსად. რუსეთის პატრიოტის სულით განმსჭვალული ეპისკოპოსი პირველი მსოფლიო ომის დასაწყისიდან 1914 წელს ჩაეწერა შავი ზღვის ესკადრაში და რიგითი საეკლესიო მუშაკის სახით იმყოფებოდა  ბრძოლებში ჩაბმულ ერთ–ერთ სამხედრო გემზე. აქ გამოჩენილი გმირობისათვის მიიღო იშვიათი ჯილდო – პანაღია გოირგის ბაფთით(პანაგია ნა გეორგიევსკოი ლენტე).

      1917 წელს მეუფემ მიიღო კავკასიაში მართლმადიდებლური ეკლესიის მოწყობის განყოფილების თავმჯდომარის თანამდებობა. მეუფე აწარმოებდა მოლაპარაკებას ბოლშევიკებთან და შეაწყვეტინა სროლა კრემლის მიმართულებით, რითაც საშუალება მიეცათ სასულიერო პირებს,  ჩაეტარებინათ თავიანთი კრება.


      საქართველოში ავტოკეფალიის გამოცხადების გამო დიმიტრი აბაშიძე არჩეულ იქნა წმიდა სინოდის წევრის მოადგილედ. მეუფე  გამოვიდა საქართველოს „თვითნებური“ ავტოკეფალიის გამოცხადების წინააღმდეგ, რის შემდეგაც მან თვით დაიხშო გზა საქართველოსკენ. 

      1918 წელს დაბრუნდა ტავრიის ეპარქიაში. იქ მეფის არმიის ოფიცრებს იცავდა  რევოლუციონერთა მხრივ ანგარიშსწორებისაგან.

      1919 წელს ყირიმში ვრანგელის შენაერთების შესვლის შემდეგ, ის აირჩიეს დროებითი უმაღლესი საეკლესიო სამმართველოს თავმჯდომარედ  რუსეთის სამხრეთ–აღმოსავლეთში. ამ დროს სოვნარკომის წარმომადგენელი ჯუღაშვილი ხელმძღვანელობდა ცარიცინის დაცვას და ყოფილი მასწავლებელი არაერთგზის მიმართავდა მას თხოვნით, შეერბილებინა ხვედრი წითელარმიელთა ხელში მოხვედრილი საეკლესიო მსახურებისათვის.


     ვრანგელის დამარცხების შემდეგ სასულიერო პირთა უმრავლესობამ დატოვა რუსეთი, მაგრამ თეთრი არმიების ყირიმიდან ევაკუაციის შემდეგ არქიეპისკოპოსმა არ მოისურვა რუსეთის დატოვება. ეს თვითმკვლელობის ტოლფასი იყო, რადგან იგი ამხილებდა ბოლშევიკებს. 1923 წელს იგი დააპატიმრეს, მიუსაჯეს სასჯელის უმაღლესი ზომა, მაგრამ სტალინის ჩარევის შემდეგ აკმარეს მინიმალური სასჯელი. 2 წელი იჯდა ციხეში და იქ დაკარგა მხედველობა. უსინათლო გამოუშვეს ციხიდან.

       1926 წელს კიევო–პეჩორის ლავრაში, პეჩორის წმიდა მამათა საძვალეებთან მრავალდღიანი ლოცვის შემდეგ იქმნა სასწაული – უფალმა ნაწილობრივ აღუდგინა მეუფეს მხედველობა.

       1926 წელს მიიღო დიდი სქემა: ანტონ პეჩორელის სახელის საპატივცემულოდ – ანტონის სახელით. 1931 წელს კიევო–პეჩორის ლავრა დაიკეტა, საძმო განიდევნა მონასტრიდან და აეკრძალა ქვეყნის 6 მთავარ ქალაქში ცხოვრება; მეუფე ანტონი დააპატიმრეს 1933 წელს – სასჯელის ზომა იყო  5 წელი საკონცენტრაციო ბანაკში (პირობით). საგანგებო დადგენილებით გაათავისუფლეს – დააბრუნეს ერში – ფიზიკურად არსებობდა  მორწმუნეთა კარიდან კარზე გადაადგილებით 1933-დან 1941 წლამდე.

      ასრულებდა ფარულ ღვთისმსახურებებს და ხელდასხმებს; ითვლებოდა კიევის ჯგუფის კატაკომბური ეკლესიის სულიერ მწყემსმთავრად; ზოგიერთი მონაცემებით, იყო ქართული კატაკომბური ეკლესიის ორგანიზატორიც და მისი პირველიერარქი 1926 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე.

სურათებზე: მეუფე ანტონი

მეუფის სამარადისო განსასვენებელი კიევო–პეჩორის ლავრაში


საპატრიარქოს უწყებანი N23 24ივნისი-7ივლისი 2010წ გვ. 17

სქემმთავარეპისკოპოსი ანტონი (აბაშიძე) 1867-1942

სქემმთავარეპისკოპოსი ანტონი, ერისკაცობაში დავით ილიას ძე აბაშიძე, დაიბადა 1867 წლის 2 ოქტომბერს, კახეთში, სიღნაღის მაზრის სოფელ ვეჯინში, თავადის ოჯახში. იგი ეკუთვნოდა აბაშიძეთა გვარის კახეთის შტოს. მეუფის მამა იყო ილია ზურაბის ძე აბაშიძე, დემარიამ ალექსანდრეს ასული ავლენიშვილი. მათ ჰყავდათ 6 შვილი: 3 ვაჟი და 3 ქალიშვილი. უფროსი ვაჟი იყო დავითი. პატარა დავითი თავდაპირველად თბილისის პირველ კლასიკურ გიმნაზიაში სწავლობდა. შემდეგ სწავლა რუდა სეთში, ქალაქ ნოვოროსიისკის საიმპერატორო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე გააგრძელა, რომელიც 1891 წელს წარჩინებით დაამთავრა. უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ შეძლებულ თავადური გვარის წარმომადგე- ნელს საერო ასპარეზზე არაფერი ეღობებოდა წინ.


მას თავისუფლად შეეძლო წარჩინებული სამხედრო და პოლიტიკური კარიერა დაეწყო, მაგრამ დავითმა სულ სხვა გზა აირჩია და 1892 წელს კიევის სასულიერო აკადემიაში ჩააბარა. 1892 წლის 16 ნოემბერს სასულიერო აკადემიის პირველი კურსის სტუდენტი დავით აბაშიძე ბერად აღიკვეცა და სახელად დიმიტრი ეწოდა (წმინდა დიმიტრი როსტოველის სახელობაზე). ამავე წლის 21 ნოემბერს დიაკვნად აკურთხეს. 1896 წელს ბერ-დიაკონმა დავითმა კიევის სასულიერო აკადემია ღვთისმეტყველების მაგისტრის ხარისხით დაამთავრა. ამავე წლის ზაფხულში მღვდლად დაასხეს ხელი და 16 აგვისტოს თბილისის სასულიერო სემინარიაში საღმრთო წერილის მასწავლებლად დაინიშნა. 1897 წლის 19 მარტს ქუთაისის სასულიერო სემინარიის ინსპექტორად გადაიყვანეს და საგ-ვერდულით დააჯილდოვეს. 1898 წლის 6 მაისს სამკერდე ოქროს ჯვარი უბოძეს. ამავე წლის 21 ივლისის მღვდელ-მონაზონი დიმიტრი თბილისის სემინარიის ინსპექტორად დაინიშნა. 1900 წლის 10-13 იანვრის წმინდა სინოდის ბრძანების საფუძველზე, ჩრდილო ოსეთში მდებარე ალექსანდროვის არდონის სამისიონერო სემინარიის რექტორად დაადგინეს და არქიმანდრიტის წოდება მიანიჭეს. 1902 წლის 16 მარტს რუსეთის წმინდა სინოდის სხდომაზე არქიმანდრიტი დიმიტრი ალავერდის ეპარქიის მღვდელმთავრად გამოირჩიეს. ამავე წლის 23 აპრილს თბილისის წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობის სამხედრო ტაძარში საქართველოს ეგზარქოსმა ალექსიმ (ოპოცკი) ეპისკოპოსად დაასხა ხელი. ქიროტონიის დროს ეგზარქოსის თანამწირველნი იყვნენ: გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსი ალექსანდრე (ოქროპირიძე), სოხუმის ეპისკოპოსი არსენი (იზოტოვი), იმერეთის ეპისკოპოსი ლეონიდე (ოქროპირიძე) და გორის ეპისკოპოსი ბენიამენი (ბორნუკოვი). 1903 წლის 6 მ . წმინდა ვლადიმერის III ხარისხის

23-1  საოატრიარქოს უწყებანი N23 24ივნისი-7ივლისი 2010წ 18

სქემმთავარეპისკოპოსი ანტონი (აბაშიძე) 1867-1942 (გაგრძელება)

ორდენით დააჯილდოვეს. 1903 წლის 4 ნოემბერს გურია-სამეგრელოს ეპარქიის კათედრაზე გადაიყვანეს. ახალგაზრდა, ენერგიული და განათლებული მღვდელმთავრის შემომატებას დიდი სიხარულით შეხვდა ქართული საზოგადოება. მასზე დიდ იმედებს ამყარებდა გურია-სა- მეგრელოს ეპისკოპოსი ალექსანდრე (ოქროპირიძე). 1902 წლის 8 მაისს, მცხეთაში, წმინდა ნინოს ეკლესიის კურთხევის დღეს წარმოთქმულ ქადაგებაში მან ბრძანა: „საქართველოს შეგნებული ჰქონდა, რომ მის დანიშნულებას კაცობრიობის ცხოვრებაში შეადგენდა ქრისტეს ჭეშმარიტი სარწმუნოების დაცვა ღვთისმშობლის წილხდომილ ქვეყანაში და ამიტომ ჩვენმა სამშობლომ თავისი ცხოვრება მთლად უმსხვერპლა ქრისტეს სამოციქულო და მსოფლიო, ესე იგი კათოლიკე ეკლესიის გამტკიცებას. საქართველომ არ იცოდა, რა იყო დაღლა, რა იყო მოსვენება, დილიდან საღამომდე და საღამოდან დილამდე იგი ღმერთს ემსახურებოდა და მას ადიდებდა. საქართველო არა ქვეყნიურსა, არამედ ზეცისასა ზრახავდა (კოლ. 3, 2.). საქართველო გრძნობდა და თავისი ცხოვრებით ეუბნებოდა მთელს ცისქვეშეთს: „არა მაქვს ჩვენ აქა საყოფელად ქალაქი, არამედ მერმესა მას ვეძიებთ“ (ებრ. 13, 14) და ამიტომ თვით მო- ციქული უთხრობს ივერიის ძეთა: „მოსრულხართ თქვენ მთასა სიონსა და ქალაქსა ღმრთისა ცხოველისა, იერუსალიმსა ზეცისასა და ბევრეულსა ანგელოზთა კრებულსა, და ეკლესიასა პირმშოთასა, აღწერილსა ცათა შინა“ (ებრ. 12, 20.). წმიდა დიდებულნი საქართველოს ტაძარნი დაცულ არიან და ძმური შიდა რუსეთიდგან გადმოცემულ შეწირულებით ჰშვენდებიან, ენა ჩვენი მოისმის საქართველოს ყველა კუთხეებში. წმიდა ჩვენს მონასტრებსა და ტაძრებში ქართველთა შორის მოისმის ღვთის ვედრება ჩვენ მშობლიურ ენაზე. ჩვენი მღვდელმთავარნი, ეპისკოპოსები ევედრებიან ქართველთა მოძღვართა, რათა ყველგან ეკლესიებში, სახლში, სასწავლებელში მშობლიურ ქართულ ენაზე ექადაგოს ქართველ ერს ჭეშმარიტებანი ქრისტეს მოძღვრებისა და მისი მაღალი ზნეობრივი სწავლა, რომ ჩვენს წმიდა ტაძრებში ყველგან მოისმოდეს ტკბილი ქართული გალობა“. მეუფე დიმიტრი ერთგულად ემსახურებოდა დედაეკლესიას, მეფის ტახტს, ებრძოდა სოციალისტური იდეების შეღწევას საზოგადოებაში. აქტიურად ებრძოდა სოციალ-დემოკრატებს, მაგრამ, სამწუხაროდ, აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ არ ამოუდგა მხარში ქართელი სამღვდელოების ბრძოლას ავტოკეფალიის მოსაპოვებლად და არ თანაუგრძნობდა მათ ამ ეროვნული საქმის განხორციელებაში. ეს კარგად ჩანს არქიმანდრიტ ამბროსის (ხელაია, შემდგომში კათოლიკოს-პატრიარქი) წერილში, რომელიც 1905 წლის 30 მაისს გაზეთ „რუს“-ში  გამოქვეყნდა ეპისკოპოს დიმიტრის წერილის საპასუხოდ. აი, რას წერდა მამა ამბროსი: „კარგად უნდა იცოდეთ, რომ მე, მთელი ორ-ნახევარი წელიწადი ვსცდილობდი, ადგილი მეშოვნა საქარ- თველოში, სადაც მეტი სარგებლობა შემეძლო მომეტანა ხალხისათვის. თუმცა მე, ჩემი სურვილის წინააღმდეგ, გადამიყვანეს სამშობლოს ფარგლებს გარეთ. ამის მიზეზი ის იყო, რომ მე მოხელეს თვალით არ ვუყურებდა საქმეს, არ თანავუგრძნობდი იმ სამღვდელო პირთ, რომელნიც ხალხის გარუსებას სცდილობდნენ და ამხედრებდნენ ხალხს ეკლესიისა და სამღვდელოების წინააღმდეგ.


ხალხი დარწმუნდა, რომ სამღვდელო პირნი, რომლებიც ებრძოდნენ მკვიდრთა სამშობლო ენას, ვერ გაუძღვებოდნენ ბავშვების აღზრდას. ხალხის გარუსების მოსურნეთ იმდენად თვალი არ უჭრის, რომ შეიგრძნონ მათ მიერ არჩეულ საშუალებათა მავნებლობა. იმ ხალხს, რომელთაც ათასი წლის ისტორია აქვს, რასაკვირველია, ძალაც შესწევს იმდენად, რათა დაიცვას თავისი ეროვნული სახე და სამშობლო ენა. გარუსების წადილი ვნების მეტს არაფერს მოუტანს ხალხს. ცუდი ქართველი კარგ რუსად ვერ გადაიქცევა. ყველას სჯობს ზნეობრივ ნიადაგზე ხალხთა დაახლოება, რეპრესიული, ხალხის მჩაგვრელი ზომები ყოველთვის არასასურველ შედეგს გამოიწვევს ხოლმე. ამგვარ ზომებით სა- ქართველოს ეკლესია უფსკრულის კიდემდის მიიყვანეს. ეს ყველაზე უფრო ცხადად გამომჟღავ-ნდა ყოვლადსამღვდელო დიმიტრის ეპარქიაში, რომელმაც გაჭირვების დროს დატოვა თავისი სამწყსო და პეტერბურგს გაემგზავრა“. ცნობილი ავტოკეფალისტი, დეკანოზი ნიკიტა თა-ლაკვაძე თავის მოგონებებში ეპისკოპოს დიმიტრის შესახებ წერდა: „იგი იყო დიდი მოყვარული რუსებისა, მას ქართული და ქართველობა არ სწამდა, თვითონ გარუსებული იყო, არც კი ეხერხებოდა ლაპარაკი ქართულად. იგი იყო რუსეთის ბატონობის ჭეშმარიტი იდეოლოგი“. 1906 წელს, როდესაც პეტერბურგში იმართებოდა რუსეთის ეკლესიის სინოდის სპეციალური სხდომები, სადაც ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხს განიხილავდნენ, მეუფე დიმიტრიმ აშკარად დაიჭირა რუსეთის მხარე და განაცხადა: დაიჭირეთ ეპისკოპოსები კირიონი და ლეონიდე და ქართული ეკლესიის დამოუკიდებლობაზე საუბარიც შეწყდებაო. 1905 წლის 16 აპრილს ეპისკოპოსი დიმიტრი, მისივე თხოვნით, კამენეც-პოდოლსკის ეპარქიაში, ბალტის ეპარქიის ქორეპისკოპოსად გადაიყვანეს. 1906 წლის 20 იანვარს თურქისტანისა და ტაშკენტის ეპარქიის ეპისკოპოსია. შუა აზიაში მან განსაკუთრებით გაითქვა სახელი, როგორც კარგმა მქადაგებელმა და მისიონერმა. თურქისტანის ეპარქიაში მის გადასვლამდე 80 სამრევლო მოქმედებდა. 6 წლის შემდეგ მეუფის ენერგიული ხელმ-

23-2   საოატრიარქოს უწყებანი N23 24ივნისი-7ივლისი 2010წ 19

სქემმთავარეპისკოპოსი ანტონი (აბაშიძე) 1867-1942 (გაგრძელება)

ძღვანელობის შედეგად კი მათმა რიცხვმა 160-ს გადააჭარბა. 1912 წლის 25 ივნისს იგი ყირიმში, ტავრიდისა და სიმფეროპოლის კათედრაზე განამწესეს. მისი რეზიდენცია ორ ნაბიჯზე მდებარეობდა ლივადიის სასახლიდან, სადაც მეფის ოჯახი დიდი ხნით ცხოვრობდა ხოლმე. იმპერატორის ოჯახის წევრები ხშირად იწვევდნენ მას რჩევის საკითხავად. არისტოკრატულ წრეებში მეუფეს უდიდესი ავტორიტეტი ჰქონდა. 1913 წლის 13 მაისს იგი ძვირფასი თვლებით შემკული პანაღიით დააჯილდოვეს. 1914 წელს მეუფე დიმიტრი I მსოფლიო ომში მოხალისედ წავიდა და სამხედრო გემზე „პანტელეიმონზე“ რიგით მოძღვრად მსახურობდა. 1915 წლის 6 მაისს მას მთავარეპისკოპოსის წოდება მიენიჭა. 1917 წლის აგვისტოდან იგი მოსკოვში, სრულიად რუსეთის ეკლესიის ადგილობრივი კრების მუშაობაში მონაწილეობს. კრება გაიხსნა 1917 წლის 15 აგვისტოს. კრების მთავარი საკითხი გახლდათ პატრიარქობის აღდგენა რუსეთში. პატრიარქის ინსტიტუტის შემოღებასთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობა იყო. მეუფე დიმიტრი ემხრობოდა პატრიარქობის აღდგენას. იგი ამბობდა: „ტყუილად ხომ არ ვლაპარაკობთ პატრიარქობის აღდგენაზე რუსეთში? რა, იგი არ არსებობდა? კოლეგია არასოდეს რჩებოდა თავმჯდომარის გარეშე, არანაირი ხელისუფლება არ დარჩებოდა დაუკავებელი...და ხელში ჩაიგდეს ეს ხელისუფლება ხარბმა ადამიანებმა.


ხელისუფლების გადაცემა მოხდა არა კაბოსნებისათვის, არამედ ფრაკოსნებისა და მუნდიროსნებისათვის, აშკარად სარწმუნოებიდან განმდგარი ურწმუნო ადამიანებისათვის, რომლებიც თავისი წარმო- შობითა და აღზრდით არ ეკუთვნოდნენ რუს ხალხს. ასეთები არიან თავადი გოლიცინი, მელისინი და სხვები. იყვნენ მორწმუნეებიც, მაგრამ ისინი იყვნენ რუსეთის ეკლესიის უკანონო პატრიარქები, იმიტომ, რომ საშინელია სათქმელად ისინი რუსეთის პატრიარქები კი არ იყვნენ, არამედ რომის პაპები პატრიარქების ტახტზე!“ თავადი ი. ვ. ვასილჩიკოვი, რომელიც სათათბიროდან (დუმა) იყო მივლინებული კრებაზე, მას იხსენებს, როგორც ერთ-ერთ ყველაზე ბრწყინვალე პიროვნებას, რომელიც ყურადღებას იქცევდა თავისი გამოსვლებით. კრების მასალები ადასტურებს, რომ პირადად მისი კანდიდატურა სახელდებოდა იმ იერარქებს შორის, რომელთა კანდიდატურებიც კრებამ თავდაპირველად პატრიარქის ტახტზე წამოაყენა. 1917 წლის 25 ოქტომბრის გადატრიალების შემდეგ მოსკოვში დაიწყო ძმათამკვლელი ბრძოლები. ქუჩებში ასობით მოკლული და დაჭრილი ეყარა. იხსენებენ, რომ მეუფე დიმიტრი და კამჩატკის ეპისკოპოსი ნესტორი (ანისიმოვი) ქუჩებში პირველადი დახმარების ჩანთებით დადიოდნენ და ბრძოლაში დაჭრილებს ეხმარებოდნენ. იგი იყო ერთ-ერთი იმ მღვდელმთავართაგანი, რომლებმაც არ მიიღეს სახალხო კომისართა საბჭოს დეკრეტი ეკლესიის სახელმწიფოსაგან გამოყოფის შესახებ. 1918 წლის ბოლოს მეუფე დიმიტრი დაბრუნდა თავის კათედრაზე ყირიმში. რევოლუციური შფოთის დროს მას ნამდვილად გმირულად ეჭირა თავი. მთავარე- პისკოპოს დიმიტრის ტაძარი არაერთხელ გაჩხრიკეს, ყველაფერი თავდაყირა დააყენეს. ტაძარში შედიოდნენ ქუდდახურულები, ხელში პაპიროსებით, ხიშტით გახვრიტეს სამსხვერპლო და ტრაპეზი. სევასტოპოლში მან წესი აუგო მღვდელ ჩერპანოვს, რომელიც მატროსებმა მოკლეს იმის გამო, რომ სიკვდილმისჯილი აზიარა წმინდა საიდუმლოს. სამოქალაქო ომის დროს ქვეყნის სამხრეთი რაიონები თითქმის მთლიანად მოწყდა ცენტრალურ რუსეთს. ამ ტერიტორიაზე აღმოჩნდა ორ ათეულზე მეტი სასულიერო იერარქი, რამდენიმე ეპარქია. 1919 წლის დასაწყისისათვის გენერალ დენიკინის არმიის კონტროლის ქვეშ მყოფ ტერიტორიაზე უკვე 500 სასულიერი პირი იყო. 1919 წლის მაისში სამხრეთ რუსეთში მოიწვიეს სამხრეთ-აღმოსავლეთ რუსეთის საეკლესიო კრებაზე, რომელსაც 11 მღვდელმთავარი ესწრებოდა. მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვან როლს თამაშობდნენ დონისა და ნოვოჩერკასკის მთავარეპისკოპოსი მიტროფანე (სიმაშკევიჩი) და მთავარეპისკოპოსი დი-მიტრი. კრებამ დაარსა დამოუკიდებლად მოქმედი და თვითმმართველი დროებითი უმაღლესი საეკლესიო საამმართველო, რომელიც ჯერ დენიკინს ემორჩილებოდა, მისი გაქცევის შემდეგ კი — გენერალ პ. ვრანგელს. დასაწყისში სამმართველოს უფროსი იყო მეუფე მიტროფანე, 1920 წლის მარტიდან კი, ბარონ ვრანგელის დაჟინებული თხოვნით, გახდა მთავარეპისკოპოსი დიმიტრი. ამ ახალ ასპარეზზე მან თავი გამოიჩინა, როგორც თეთრი მოძრაობის აქტიურმა ქომაგმა და საბჭოთა ხელისუფლების მოწინააღმდეგემ. თეთრი მოძრაობის დამარცხების შემდეგ, 1921 წლის 14 სექტემბერს, მეუფე დიმიტრიმ დაწერა თხოვნა გადადგომაზე და დროებით დატოვა ეპარქიის მმართველობა. იგი თეთრ არმიასთან ერთად ემიგრაციაში წავიდა. 1922 წელს, რუსეთში დაბრუნების შემდეგ, მეუფე დიმიტრი დროებით თეოდოსიის ეპარქიის მმართველად დაინიშნა და ტავრიის გუბერნიაში, თეოდოსიის მაზრაში არსებულ ტოპლოისკის დედათა მონასტერში დასახლდა. 1923 წელს ადგილობრივმა ხელისუფლებამ იგი დააპატიმრა და ორი თვე სიმფეროპოლის ციხეში გაატარა. გათავისუფლების შემდეგ მას აუკრძალეს ყირიმში ცხოვრება და იძულებული გახდა, ქ. კიევში გადასულიყო


23-3   საოატრიარქოს უწყებანი N23 24ივნისი-7ივლისი 2010წ 20

სქემმთავარეპისკოპოსი ანტონი (აბაშიძე) 1867-1942 (დასასრული)

საცხოვრებლად. 1923 წლის მაისიდან მეუფე დიმიტრი კიტაევის ყოვლადწმინდა სამების სახელობის უდაბნოში დასახლდა, რომელიც კიევპეჩორის ლავრას ეკუთვნოდა და მისგან 9 კილომეტრით იყო დაშორებული. 1928-29 წლებში იგი დიდ სქემაში აღკვეცეს და სახელად ანტონი უწოდეს. 1930 წელს კომუნისტურმა ხელისუფლებამ კიევ-პეჩორის ლავრაც დახურა და მეუფე ქ. კიევში დასახლდა. 1933 წლის მარტში იგი მეორედ დააპატიმრეს და ქ. კიევის ლუკი- ანოვის ციხის სპეცკორპუსში მოათავსეს. ამავე წლის 22 ივლისს მეუფე დიმიტრი საპატიმ-როდან ავადმყოფობის გამო გაათავისუფლეს.  კიევში მას პატივს სცემდნენ, როგორც დიდასკეტს, მლოცველ პიროვნებას და მაღალი სულიერების მატარებელს, სულიერი ჭვრეტის ნიჭით დაჯილდოებულ ბერს. კიეველები მას „წმინდანს“ ეძახდნენ. მართლმადიდებლები რუსეთიდან, უკრაინიდან, ბელორუსიიდან და საქართველოდან მრავლად ჩადიოდნენ მასთან რჩევის საკითხავად. მეუფე დიმიტრი ცხოვრობდა ძალიან უბრალოდ, წირვა-ლოცვას აღასრულებდა სახლში, სადაც პატარა ეკლესია ჰქონდა მოწყობილი. 1941 წლის 22 ივნისს დაიწყო დიდი სამამულო ომი. მალე ქ. კიევი გერმანელებმა დაიკავეს. მათ გარკვეული პოლიტიკური გათვლების შედეგად ნება დართეს ხალხს, ტაძრები და მონასტრები გაეხსნათ. 1941 წლის 27 სექტემბერს, ჯვართამაღლების დღესასწაულზე, მეუფე ანტონმა საზეიმოდ აკურთხა კიევის ლავრა და თვითონაც იქვე დასახლდა სამოღვაწეოდ. 1942 წლის 1 ნოემბერს, 75 წლის ასაკში, სქემმთავარეპისკოპოსი ანტონი გარდაიცვალა და იგი დიდი პატივით დაასაფლავეს კიევი-პეჩორის ლავრის ტერიტორიაზე (მეორე ცნობით, იგი 1943 წლის დეკემბერში გარდაიცვალა). 



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 25.09.2023
ბოლო რედაქტირება 28.09.2025
სულ რედაქტირებულია 7





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0