სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10823

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
კონსტანტინე ქვარაია ნოჩოს ძე 1902-1989წწ არქიმანდრიტი თეკლათის მონასტერი დაბ.სოფ. ორსანტია. ზუგდიდი კონსტანტინე ქვარაია ნოჩოს ძე 1902-1989წწ არქიმანდრიტი თეკლათის მონასტერი დაბ.სოფ. ორსანტია. ზუგდიდი

1902-1989 წწ. გარდ. 87 წლის

ბმულის კოპირება



გვარი ქვარაია სია

ზუგდიდი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

276       ბეჭდვა

კონსტანტინე ქვარაია ნოჩოს ძე 1902-1989წწ არქიმანდრიტი თეკლათის მონასტერი დაბ.სოფ. ორსანტია. ზუგდიდი

კონსტანტინე ქვარაია 1902-1989წწ არქიმანდრიტი თეკლათის მონასტერი

ამ უმძიმესი უღლის ღირსეული მატარებელი

ამ უმძიმესი უღლის ღირსეული მატარებელი 

23.12.2010

მას მერე, რაც ეკლესიურ ცხოვრებას შევუდექი, ქართველ მამათაგან ერთ-ერთი პირველი, ვისი სახელიც მორწმუნეთაგან გავიგონე, მამა კონსტანტინე (ქვარაია) გახლდათ. ამბობდნენ, ძალზე მადლმოსილი, დაფარულთმცოდნელი და წინასწარმეტყველების მადლით ღვთისაგან დაჯილდოებულიაო. ერთმა ჩემმა მეგობარმა მიამბო: ერთხელ, ნათლისღებას, თეკლათის მონასტერში მოვხვდი. მამა კონსტანტინემ დიდი აიაზმის წესით წყალი აკურთხა - წყალში ტაძარში დაცული წმინდა იოანე ნათლისმცემელის თითი ჩაასვენა. მოხდა სასწაული მთელი ამ ხანგრძლივი ლოცვის განმავლობაში ნათლისმცემელის თითი წყლის ზედაპირზე ვერტიკალურად იყო გაGერებული, თითქოს წმინდა იოანე თვითონვე აკურთხებდა წყალს. ეს სასწაული უფალმა მამა კონსტანტინეს სიწმინდის გამოც მოახდინა. ამ ამბავმა ცნობისმოყვარეობა უფრო გამიმძაფრა. ვიცოდი ისიც, რომ მამა კონსტანტინე სულიერი მამა გახლდათ მღვდელმონაზონ ბასილისა (ფირცხალავა) და მისივე კურთხევით დასახლდა ბეთანიელ წმინდა მამებთან. ვნატრობდი ისეთი ადამიანის გაცნობას, რომელიც ბევრ რამეს მომიყვებოდა მამა კონსტანტინეზე. ისე ყველა კეთილი სურვილი აგიხდეთ... ლუარსაბ ტოგონიძის დახმარებით გავიცანი ბატონი პაატა ქურდოვანიძე, რომელმაც ბევრი რამ მიამბო მამა კონსტანტინესა და თეკლათის მონასტერზე.


- ბატონო პაატა, ალბათ ის გარემო, სადაც თეკლათის მონასტერი მდებარეობს, ამ წმინდა სავანეში დაცული სიწმინდეები უფრო მეტი ლოცვისთვის განგაწყობს კაცს.


- მართლაც, თეკლათის დედათა მონასტერი, 1860-იანი წლების შუა ხანებიდან მოყოლებული, აგერ უკვე საუკუნე-ნახევარია, ეკის მთიდან გადაჰყურებს კოლხეთის ულამაზეს ვაკეს და ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის სადიდებლად აგებულ ტაძარში აღვლენილი ლოცვის მადლი მფარველობს სრულიად საქართველოს, ამ კუთხესა და სენაკის სულიერ ცხოვრებას.

ღირსმოსახსენებელი დედების - სალომე თავდგირიძის, ათანასია სალაყაიასა და მათი ქრისტესმიერი დების ღვწითა და შრომით შექმნილ სავანეს დიდი ამაგი დასდო იმერეთის ეპისკოპოსმა გაბრიელ ქიქოძემ. შემდგომში კი მის გამშვენებასა და სულიერი ცხოვრების სიმაღლეზე გურია-სამეგრელოს ეპარქიის პირველმა ეპისკოპოსმა გრიგოლ დადიანმა იზრუნა.

1920-იანი წლების ფოტო 1920-იანი წლები ბედიის (ოჩამჩირე) მონასტერი 

1904 წლის მაისიდან თეკლათში დასვენებულია ათონის მთიდან ჩამობრძანებული, დღეს მირონმდინარე ხატი ღვთისმშობლისა - ,,ყვავილი დაუჭნობელი".

საკუთრივ სატაძრო ხატი - "შობა ყოვლადწმიდისა ღვთისმშობლისა", რომელზეც ახალშობილ ღვთისმშობელთან ერთად მისი მშობელნი, წმიდანი და მართალნი იოაკიმ და ანა არიან გამოსახულნი, მონასტერს რუსეთის იმპერატორმა ალექსანდრე III-მ შემოსწირა.

განსაკუთრებულადაა აღსანიშნავი უდიდესი სიწმინდის - წმიდა იოანე ნათლისმცემლის ცერა თითი. ის ძვირფასად შემკულ ვერცხლის ლუსკუმაშია ჩასვენებული. ეს შენაწირი მამა გიორგი ახვლედიანს თითქოსდა საბერძნეთში უნდა ჰქონდეს შეძენილი. მეორე ვერსიით, ის გასაბჭოების შემდგომ ბედიის მონასტრის უკანასკნელმა ბერებმა თეკლათში გამოხიზნეს. ტრადიციადაა ქცეული ნათლისმცემლობას, 7 ივლისს, მისი გამოსვენება და საზეიმო წირვის აღსრულება.

სავანის კრებულის ყოველდღიურ ცხოვრებას სასოებით უძღოდნენ თეკლათელი მამანი, მათგან გამორჩევითაა აღსანიშნავი არქიმანდრიტი კონსტანტინე ქვარაია (1902-1989), რომელიც 1948 წლის ნოემბრიდან საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ კალისტრატე ცინცაძის ლოცვა-კურთხევით, მღვდელმსახურად განწესდა მონასტერში და გარდაცვალების დღემდე ამ წმიდა კერას ემსახურებოდა.

- ამბობენ, რომ სასწაულებრივად მომხდარა მისი ამ სავანეში დამკვიდრება.

- როგორც გადმოცემითაა ცნობილი, მამა კონსტანტინეს სამჯერ ჰქონდა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ზენაარი ჩვენება. ჯერ კიდევ სრულიად ახალგაზრდას სწორედ დედა ღვთისამ მიუთითა თეკლათში დამკვიდრებაზე. სიცოცხლის მიწურულს იგი საქართველოს ეკლესიის ყველაზე უხუცესი ბერ-მონაზონი გახლდათ. ამ ღირსმა მამამ ჩვენი ქვეყნისთვის უმტკივნეულეს 1921 წელს ნებით აირჩია ცხოვრების ნარ-ეკლიანი გზა და დიდი მოთმინებით, უდრტვინველად ზიდა ბერ-მონაზვნის მძიმე ჯვარი. "მძიმეა ბერობის უღელი, მაგრამ სანატრელიო", - არაერთხელ უთქვამს. მართლაც, ამ უმძიმესი უღლის ღირსეული მატარებელი გახლდათ სულკურთხეული.

- როგორი იყო მამა კონსტანტინე?

- "მამა კონსტანტინეო", იტყოდნენ და ფიქრით დედათა მონასტრისაკენ მიდიოდნენ - ეკის მთის ულამაზესი სანახებისაკენ, სარწმუნოებრივი სიმტკიცის იმ დიდი სავანისაკენ, სადაც დღე-ღამის ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ამინდში, საქართველოს სამოციქულო ეკლესიის უხუცესი მწყემსი კეთილი ერისა და მრევლის სულიერ ცხოვრებას ავედრებდა უფალს.

ვერ ვიგონებ მამა კონსტანტინეს ვერც მონასტრის ეზოში, ვერც რომელიმე მონაზვნის სენაკთან, ქალაქში ჩამოსული ხომ არასოდეს მინახავს. მისი სახე მხოლოდ ტაძარში, ამბიონზე მდგარი შემიძლია გავიხსენო. პირხმელი კაცი იყო, ტკბილად მოუბარი, მშვიდი, აუღელვებელი, ფუჭსიტყვაობა არ უყვარდა. ლამაზი, ძველსურნელოვანი ქართულით მეტყველებდა, ხშირად მომისმენია მისი მეგრული ბაასიც, კილო გამორჩეულად სხვანაირი ჰქონდა - რბილი, წამღერებული, შავი, მეტყველი თვალები - მოსიყვარულე გამოხედვით. გრძელი, თხელი თითები. იშვიათად იცინოდა, მაგრამ მოღუშულიც არასოდეს მინახავს. ხალვათად ჩაცმულს ვერ იხილავდით.

თვალწინ მიდგას ამბიონზე მდგარი, სახარების სასოებით მკითხველი, ლამაზად მგალობელი, დედებთან ხმადაბლა მოსაუბრე, მედავითნის დაუზარებელი მრჩეველი.

კონსტანტინე ბერს, ამ დიდებულ მოძღვარს, დიახაც ჰქონდა უფლება, არა მარტო მრევლის, არამედ ქალაქისა და კუთხის სულიერ წინამძღოლად წარმდგარიყო, მაგრამ საკუთარ თავს არასოდეს აძლევდა ამის უფლებას. მისგან შორს იყო ამპარტავნება, პირადული თხოვნით იშვიათად თუ შეუწუხებია ვინმე, მით უმეტეს - ხელისუფლების წარმომადგენლები. მისი ცხოვრების ყოველი დღე ცისკრის ლოცვით იწყებოდა და გვიან ღამით ლოცვითვე მთავრდებოდა. და ასე თითქმის ნახევარი საუკუნე განვლო თეკლათის დედათა მონასტერში... ლოცავდა და მოძღვრავდა ერს, ნათლავდა ბავშვებს, აზიარებდა მრევლს, წირვა-ლოცვის მადლით ზრდიდა ახალგაზრდა მღვდელმსახურთ და ასე ატარებდა წუთისოფლის მძიმე ტვირთს.

მამა კონსტანტინეს ღვაწლსა და მადლმოსილებას დიდად აფასებდნენ საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობელი პატრიარქები, მღვდელმთავრნი და ბერ-მონაზვნები.

თეკლათის დედათა მონასტრის ისტორიაში მნიშვნელოვანი მოვლენა გახდა 1978 წლის ოქტომბერში უწმინდესის ილია II-ის პირველი სტუმრობა. ამ დღეს კათოლიკოს-პატრიარქმა საქართველოს ეკლესიის სამსახურში დამაშვრალი, დიდად მოღვაწე ბერმონაზონი კონსტანტინე წმიდა გიორგის მეორე ხარისხის ჯვრით დააჯილდოვა.

- ბატონო პაატა, მახსენდება ჩვენი პირველი შეხვედრა, 26 აპრილი. მაშინ საუბარში ახსენეთ, რომ ამ დღეს გარდაიცვალა თეკლათელი მონაზონი დედა მარიამი (გიგინეიშვილი). ცოტა ხნის წინ ვნახე "ფეისბუქზე" თქვენ მიერ დადებული სურათები დედა მარიამისა, შთამბეჭდავი და ამაღელვებელი. გთხოვთ კიდევ ერთხელ გაიხსენოთ ეს ამბავი.

- მართლაც ამაღელვებელია მამა კონსტანტინესა და თეკლათის დედათა მონასტრის ძველი დასის უკანასკნელი დედის - მონაზონ მარიამ გიგინეიშვილის განშორების ამბავი. რასაც ახლა გიამბობთ, მერწმუნეთ, ლეგენდა არ არის, სინამდვილეა... 1980 წლის 26 აპრილის მზიანი დილა იდგა, ტაძარში მამა კონსტანტინე სწირავდა. ჩვეულებისამებრ, ჯორკოზე მდგარი დედა მარიამი სასოებით კითხულობდა დავითნს... ფსალმუნება უდროოდ შეწყდა, არც გალობას ააყოლა ხმა.Aამ უჩვეულო შემთხვევამ მოძღვარი გააკვირვა, მაგრამ ღვთისმსახურება გააგრძელა, სულიერ დას საკურთხევლიდან შეეხმიანა, პასუხი ვერ მიიღო. ასე გავიდა რამდენიმე წუთი, შეშფოთებული მამა კონსტანტინე აღსავლის კარიდან გამოვიდა. დედა მარიამი თავის ადგილზე იდგა. მიუახლოვდა, გაფითრებულს ხელითაც შეეხო და... ზეზეულად აღსრულებულის უსულო სხეული მის მკლავებში ჩაიკეცა...

ვინ უწყის, წმინდა გულიდან ზეცად მიმართული ლოცვისას თავსწამომდგარი სიკვდილის აჩრდილის სახებისგან შემკრთალმა, საუკუნეს მიღწეულმა, ამ ჭეშმარიტად მოღვაწე დედამ მოასწრო თუ არა ხსოვნის შორეთიდან თეკლათელ დათა ლანდების გამოხმობა... მაგრამ გვჯერა, რომ უკანასკნელი განსაცდელის ჟამს განწმენდილი სული უშფოთველად მიაბარა მისთვის ეგზომ სასასოო მაცხოვარს. სიმბოლური და ლოგიკურიც იყო, რომ დედა მარიამის, ისევე, როგორც თეკლათელი მონაზვნების დიდი უმრავლესობის, უპირველესი ჭირისუფალი და ამ საწუთროდან გამცილებელი მამა კონსტანტინე გახდა...


- მამა კონსტანტინეს გვერდით ღირსეული მამები მოღვაწეობდნენ, რას იხსენებენ ისინი მასზე?


- დიდი სასოებით იგონებს კონსტანტინე ბერსა და მის თანამოღვაწე დედებს მენჯის მთავარანგელოზთა სავანის მოძღვარი, არქიმანდრიტი მელქისედეკი (მიქავა).


"არქიმანდრიტი კონსტანტინე 1978 წელს გავიცანი, მისსავე სავანეში - თეკლათის დედათა მონასტერში, როცა ჭყონდიდელი მთავარეპისკოპოსის იოანეს კურთხევით მორჩილად განმაწესეს. მამა კონსტანტინე ლოცვას დილის 5 საათზე იწყებდა და 9 საათზე ამთავრებდა. ეს ლოცვა სრულდებოდა სახლში, რომელიც იქვე, მონასტრის ეზოში იდგა. ტაძარში 10 საათზე დაწყებული წირვა შუადღის 2 საათამდე გრძელდებოდა. ასეთი გაჭიანურებული წირვისათვის მისი და ძაბია ხშირად იტყოდა, - მამა კონსტანტინე ძველსა და ახალს ერთად წირავსო! რადგან მისი და ვახსენეთ, მინდა ორიოდ სიტყვა ვთქვა მასზეც. ეს იყო ჩია, სუსტი აგებულების ქალი, რომელიც შესამჩნევად კოჭლობდა. ის დღედაღამ კერიასთან იჯდა და თიხის პატარა ქოთნით ლობიოს ხარშავდა. ერთხელ სადილობისას ვესტუმრე. მიმიწვიეს. ჩამოვჯექი თუ არა, მაშინვე ვინანე. სადილზე კონსტანტინეს ძმისშვილები იყვნენ, სულ ხუთიოდე კაცი, ხოლო ლობიოს ქოთანი ისეთი პატარა იყო, ვერ წარმომედგინა, იგი ხუთ კაცს როგორ ეყოფოდა. ადგომაც მეუხერხულა. ძაბიამ ლობიო ჯამებით დაგვიდგა. მამა კონსტანტინემ სუფრა აკურთხა და არყით სავსე პატარა, სათითის ტოლი ჭიქით საქართველოს მშვიდობა ადღეგრძელა. მე გაოცებით მივაჩერდი, არ მეგონა, თუ ასეთი პატარა ჭიქით დალევა შეიძლებოდა - სასმელი ენას თუ დაუსველებდა კაცს. მამა კონსტანტინემ, ეტყობა, ჩემს გამოხედვას მოჰკრა თვალი, რადგან ძაბიას უთხრა, ჩემთვის ჩაის ჭიქით მოეწოდებინა ღვინო. ახლაც თვალწინ მიდგას მისი მშვიდი ღიმილი, რომელშიც სიკეთე, სიყვარული და უანგარობა იხატებოდა. დავამთავრეთ სადილობა. ჩემდა გასაოცრად, ქოთანში კიდევ იმდენი ლობიო დარჩენილიყო, რომ ორ-სამ კაცს დაანაყრებდა... მას შემდეგ ოცი წელი გავიდა. ვიხსენებ ხის დაბალ ტაბაკს, მამა კონსტანტინეს სათითესავით პატარა ჭიქას, თიხის იმ პატარა ქოთანს, რომელმაც ათი კაცის დაპურება შეძლო.


KARIBCHEმამა კონსტანტინე მაღალი, წელგამართული მოხუცი იყო, გამხდარი სახე ჰქონდა, მეჩხერი წვერი, თმა - თეთრი, შეთხელებული, უკან გადავარცხნილი, თასმით შეკრული. სიტყვას აუჩქარებლად ამბობდა. დაკვირვებით უყურებდა თავის წინ მდგომ თანამოსაუბრეს. მუდამ მშვიდი, არა მომღიმარი, მაგრამ არც პირქუში. თუ ვინმე განსაკუთრებით მოეწონებოდა, იცოდა თქმა: - "კარგად იყავი, ბაბა!"


სანამ მწუხრს დაიწყებდა, აუცილებლად "ივერიის ღვთისმშობლის" სახელზე პარაკლისს გადაიხდიდა. ღვთისმშობლის ხატის წინ დაიჩოქებდა და მისი სუსტი, მაგრამ მკაფიო ხმა საათნახევარი გაისმოდა. მასთან ერთად, რა თქმა უნდა, მეც ვიჩოქებდი და მონაზონი მარიამიც (გიგინეიშვილი), რომელსაც "ჭიჭე მარიას" ეძახდნენ (პატარა ტანის გამო). ეს იყო ძალიან სათნო სახის მოხუცი. მიუხედავად იმისა, რომ 90 წელს იყო გადაცილებული, არც თვალს აკლდა და არც ყურს, ხოლო მისი საუბარი ბევრ ახალგაზრდას შეშურდებოდა.


მამა კონსტანტინეს მავედრებელ ხმას დედა მარიამთან ერთად დაჩოქილი ისმენდა იღუმენია ელენეც (ადანაია). ის მამა კონსტანტინეს ბაძავდა - წელგამართულს უნდოდა მოესმინა წირვა, მაგრამ მხოლოდ ოც წუთს უძლებდა, მერე კი ორივე ხელით ეყრდნობოდა იატაკს.


მათთან შედარებით ძალიან ახალგაზრდა ვიყავი, მაგრამ მეც ვერ ვუძლებდი წელგამართულად ლოცვის მოსმენას და იძულებული ვხდებოდი, იღუმენიასთვის მიმებაძა. მამა კონსტანტინე კი საათნახევარი იყო ასე, ერთხელაც არ გადაიხრებოდა იატაკისკენ. პარაკლისის შემდეგ მწუხრი იწყებოდა. მედავითნის მოვალეობას მე ვასრულებდი, კითხვის დროს თუ რამე შემეშლებოდა, დედა მარიამი მისწორებდა. ჩემს გვერდით ჯორკოზე შემდგარი ტექსტს თვალს აყოლებდა და განუშორებელ სკვნილს ნელა მარცვლავდა. დედა იღუმენია ცოტა ხანს მოუსმენდა მწუხრს და შემდეგ ტაძარს ტოვებდა ძროხის მოსაწველად, რომელსაც ტყიდან მორჩილი ლიდია (ტაბაღუა) მოდენიდა.


ერთი წელი დავყავი მათთან. იმ ხნის განმავლობაში, არ მახსოვს, ცისკარსა და მწუხრზე ვინმე მოსულიყო. კვირადღე გამონაკლისი იყო. ამ დღეს მორწმუნეთა უმრავლესობა ჩამოსული რუსები იყვნენ. ისინი დიდი გულისყურით ისმენდნენ არქიმანდრიტ კონსტანტინესგან წარმოთქმულ ღვთის სადიდებელს"...


დასასრული შემდეგ ნომერში

ავტორი: კახა კენკიშვილი გიორგის ძე დაბ. 1966 წელს თიანეთის რაიონის სოფელ ხევსურთსოფელში. ჟურნალი კარიბჭის თანაავტორი


მე არქიმანდრიტი კონსტანტინე (კონსტანტინე ნოჩოს ძე ქვარაია) ეროვნებით ქართველი, დავიბადე 1902 წ. 15 ოქტომბერს. ძვ. სტ. ზუგდიდის რაიონის სოფელ ორსანტიაში, გლეხის ოჯახში. 1909 წ. შემიყვანეს ზუგდიდის რაიონის სოფელ კოკის ორკლასიანი ნორმალურ სასწავლებელში. სასწავლებელი დავამთავრე 1914 წ. 1921 წ. შევედი ანდრიამოციქულის პირველწოდებულის წარჩემოხურის მამათა მონასტერში მორჩილად. 1926 წ. ამავე მონასტერში აღვიკვეცე ბერად მონასტრის წინამძღვრის არქიმანდრიტი ლუკას მიერ. 1930 მონასტერი დაკეტეს. 1930 წ.-1935 წლამდე ვცხოვრობდი სოფელ ორსანტიაში - დედასთან. 1935 წ. მარტში აფხაზეთის მიტროპოლიტმა მელქისედეკმა (ფხალაძემ) ამჟამად დანგრეულ სოხუმის წმიდა ნიკოლოზის საკათედრო ტაძარში მაკურთხა იროდიაკონად, ხოლო მეორე დღეს მღვდელმონაზვნად. არეული დრო იყო. გამიშვეს ჩემს სოფელში, სადაც ვცხოვრობდი 1947 წლამდე ამ ხნის განმავლობაში. იქ ვეწეოდი სულიერ მოღვაწეობას დროის ვითარებისდა მიხედვით. 1947 წლიდან 1948 წლის ნოემბრამდე ვიყავი მეორე მღვდლად სოხუმის რაიონის სოფელ თავისუფლების ფერიცვალების ეკლესიაში. წინამძღვრად იმ ეკლესიაში იყო არქიმანდრიტი - ლუკა (ნადარეიშვილი) 1948 წ. ნოემბერში აღნიშნული ეკლესია დაკეტეს 1948 წლის ნოემბერში კათალიკოს პატრიარქ კალისტრატეს მიერ დანიშნულ ვიქმენ მღვდელ მსახურად თეკლათის დედათა მონასტერში, ცხაკაიაში, სადაც ვმოღვაწეობ და ვცხოვრობ დღემდე 1958 წლიდან მიტროპოლიტი ეფრემის, შემდეგში კათოლიკოს-პატრიარქისა, ლოცვა-კურთხევით ერთდროულად ვღვდელმქმედობ ვიდრე დღემდე, ლანჩხუთის რაიონის სოფელ ქვიანის ზემოთ ჯიხეთის დედათა მონასტერში.

მამაჩემი ნოჩო გვაჩილიას ძე ქვარაია, დაბადების წელი არ ვიცი, გარდაიცვალა 1930 წ.

დედა ჩემი ბარბარე გუსარის ასული ცანაია, დაბადების წელი არ ვიცი, გარდაიცვალა 1959 წელს.

დაი თებრონია (ძაბია) ნოჩოს ასული ქვარაია დაიბადა 1893 წ. მონასტრის მორჩილი, ცხოვერობს - ცხაკაიას დედათამონასტერში, ძმა - დომენტი ნოჩოსძე ქვარაია, დაიბადა 1898 წ. გარდაიცვალა 1929 და ქრისტინა ნოჩოს ასული ქვარაია. დაიბადა 1905 წ. პენსიონერი. ცხოვრობს ზუგდიდის რაიონის სოფელ ანავლიაში. ძმა ტარასი ნოჩოს ძექვარაია, დაიბადა 1908 წ. გარდაიცვალა 1931 წ. ძმა კალისტრატე (კოლია) ნოჩოს ქვარაია დაიბადა 1911 წ. პენციონერია ცხოვრობს ზუგდიდის რაიონ სოფელ ანაკლიაში. ჩემი პასპორტის ნომერი და სერიაა - 574560 XII-0Ф, როგორც მე ისე ახლო ნათესავები არასოდეს ვყოფილვართ კომკავშირისა და კომპარტის წევრი. სამხედრო სამსახურში არ გამივლია, ვარ არა სამხედრო ვალდებული. საზღვარგარეთ არა ვყოფილვარ, არა მაქვს მიმოწერა და არც ნათესავი , მეგობრები მყავს.

იღუმენად ნაკურთხი ვარ მიტროპოლიტი ეფრემის მიერ 1956 წ. ბათუმის წმიდა ნიკოლოზის ტაძარში, არქიმანდრიტად - 1961 წელს, თბილისის დიდუბის ღვთისმშობლის ტაძარში კათოლიკოს პატრიარქ ეფრემ II-ს მიერ.



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 13.10.2023
ბოლო რედაქტირება 09.02.2024
სულ რედაქტირებულია 4





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0