მღვდელი ერმილე ჩიმაკაძე
საპატრიარქოს უწყებანი N43 15-21 დეკემბერი 2005წ გვ.24
მღვდელი ერმილე ჩიმაკაძე
დაიბადა 1870 წელს, სოფელ მათხოჯში მღვდლის ოჯახში. დაამთავრა ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი. სწავლის დამთავრების შემდეგ ოჩამჩირეში პედაგოგად გაანაწილეს. ცოტა ხნის შემდეგ სწავლა საბერძნეთში, სასულიერო სემინარიაში გააგრძელა. სამშობლოში დაბრუნებისას ცოლად შეირთო თავადის ასული ანასტასია ლაკერბაია, რომელთანაც ცხრა შვილი შეეძინა. 1900-იანი წლების დასაწყისში ხელადასხმულ იქნა მღვდლად და მსახურობდა აფხაზეთში, სოხუმის ეპარქიაში. 1918 წელს დაბრუნდა სამეგრელოში და იქ გააგრძელა მოღვაწეობა. კომუნისტების შემოსვლის შემდეგ დაიწყო ეკლესია-მონასტრების და სასულიერო პირთა დევნა-შევიწროება. გამონაკლისი არც მამა ერმილე იყო. იგი რამდენჯერმე დაიბარეს აღმასკომში და მოსთხოვეს თავი დაენებებინა მღვდლობისათვის და გაეპარსა წვერი, რაზედაც მან სასტიკი უარი განაცხადა. ყოველივე ამით შეშინებულმა ეკლესიის მეორე მღვდელმა ნესტორ ჯინჭარაძემ იქაურობა მიატოვა და თავის სამშობლოში, ზესტაფონში დაბრუნდა. გაშმაგებულმა კომუნისტებმა ეკლესია და მამა ერმილეს სახლიც მრავალჯერ დაარბიეს. ერთერთი დარბევის დროს მათ დაწვეს მამა ერმილეს კუთვნილი უნიკალური წიგნები და ხატები, რომლებიც მან საბერძნეთიდან ჩამოიტანა. მერე დაუწვეს სახლი, საიდანაც ძლივს მოასწრო ცოლ-შვილის გამოყვანა. ბოლო დროს სულ უფრო და უფრო ხშირად იბარებდნენ საბჭოში და მოკვლით ემუქრებოდნენ. ერთხელ შინ დაბრუნებულს მეზობელმა ანნა ფირცხალავამ ჰკითხა: „მამაო ერმილე, როგორაა საქმეო. მან კი უპასუხა სანამ არ წამასვენებენ, მანამ არ მომასვენებენო.“ ერთ საღამოს კომკავშირლებმა სახლში მიმავალი დაიჭირეს და აღმასკომში მიიყვანეს. გაოგნებული მამა ერმილე სკამზე დააბეს და როდესაც მაკრატელი წვერთან მიუტანეს იგი იმ წუთშივე აღესრულა. მას გული გაუსკდა ყოველივე ამის შემხედვარეს. მამა ერმილეს მონახსოვრე პირების ნაამბობიდან იგი იყო ნამდვილი ღვთის კაცი,ზრდილობითა და ღვთიური მადლით დაჯილდოებული, მართალი და ბრძენი, ცოლ-შვილისა და სხვათა მოყვარული, მშობლებისა და და-ძმათა ღირსეული პატივისმცემელი.
ფოტოს მოწოდებისთვის მადლობას ვუხდით მამა ერმილეს შთამომავალს მარეხ ჩიმაკაძეს.
მამა ერმილე 1870 წელს სოფელ მათხოჯში დაიბადა, მღვდლის ოჯახში. სამშობლოში მიღებული განათლების მერე სწავლა საბერძნეთში, სასულიერო სემინარიაში გაუგრძელებია. სამშობლოში დაბრუნებისას შეირთო ცოლი და ცხრა შვილი შეეძინა. 1900-იანი წლების დასაწყისში მღვდლად აკურთხეს და აფხაზეთში მსახურობდა. 1918 წელს კი სამეგრელოში გააგრძელა მოღვაწეობა. კომუნისტების შემოსვლის შემდეგ დაიწყო ეკლესია-მონასტრებისა და სასულიერო პირთა დევნა. მამა ერმილეც რამდენჯერმე დაიბარეს აღმასკომში და მოსთხოვეს, მღვდლობისთვის თავი დაენებებინა და წვერი გაეპარსა, რაზეც მან სასტიკი უარი განაცხადა. გაშმაგებულმა კომუნისტებმა ეკლესია და მამა ერმილეს სახლიც სასტიკად დაარბიეს. ერთ-ერთი დარბევისას მათ დაწვეს მამა ერმილეს კუთვნილი უნიკალური წიგნები და ხატები, რამლებიც მან საბერძნეთიდან ჩამოიტანა. დაუწვეს სახლი, საიდანაც ძლივს მოასწრო ცოლ-შვილის გამოყვანა. ბოლო დროს სულ უფრო და უფრო ხშირად იბარებდნენ საბჭოში და მოკვლით ემუქრებოდნენ. ერთხელ შინ დაბრუნებულს მეზობელმა ჰკითხა: "მამა ერმილე, როგორაა საქმეო. მან კი უპასუხა, - სანამ არ წამასვენებენ, მანამ არ მომასვენებენო". ერთ საღამოს კომკავშირელებმა შინ მიმავალი დაიჭირეს და აღმასკომში მიიყვანეს. გაოგნებული მამა ერმილე სკამზე დააბეს და როდესაც მაკრატელი წვერთან მიუტანეს, იგი იმ წუთშივე აღესრულა - გული გაუსკდა ყოველივე ამის შემხედვარეს.
მამა ერმილე იყო ნამდვილი ღვთის კაცი, ზრდილობითა და ღვთიური მადლით დაჯილდოებული. მართალი და ბრძენი, ცოლ-შვილისა და სხვათა მოყვარული, მშობლებისა და და-ძმათა ღირსეული პატივისმცემელი.