კაკუშაძე მოსე მათეს ძე 1905-06 წლებში სოფ. გუმათის მთავარანგელოზის ეკლესიიის, 1906-17 წლებში პატრიკეთის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი.
მამა მოსე ქუთაისის მაზრის სოფელ პატრიკეთში დაიბადა, გლეხის ოჯახში. მამამისმა მას კარგი საერო განათლება მისცა. გიმნაზიაში ნასწავლი ენების გარდა იგი კარგად ფლობდა რუსულსა და გერმანულს. მამა მოსე ერში პედაგოგიურ-სამეცნიერო მოღვაწეობას ეწეოდა. სახადმა ჯერ მშობლები და მერე თოთხმეტიდან შვიდი შვილი დაუხოცა. ამ ტრაგიკულმა ამბავმა მთლიანად შეცვალა მისი ცხო¬ვრება, მან თავი ღვთის სამსახურს მიუძღვნა. 1900 წელს მას მღვდლად ხელი დაასხეს. მამა მოსე სამი სოფლის თემს ხელმძღვანელობდა და მრევლის საერო განათლებაზეც ზრუნავდა. საცხოვრებელ სახლთან გახსნილი ჰქონდა ოთხწლიანი დაწყებითი სკოლა, სადაც ყოველგვარი გასამრჯელოს გარეშე ამეცადინებდა მრევლს.
დეკანოზი მოსე მედგარ წინააღმდეგობას უწევდა ბოლშევიკებს, 1924 წელს, უფროს ვაჟთან ერთად, აქტიურად მონაწილეობდა სახალხო გამოსვლებში.
ბოლშევიკებმა შური მასზე მაშინ იძიეს, როცა მამა მოსეს ოჯახს სახადმა კვლავ დარია ხელი - "უებარი წამალი" შეუგზავნეს მარქსისტულად განწყობილი აფთიაქარის ხელით. თანაც აფთიაქარი გააფრთხილეს, რომ "წამალი" მხოლოდ დეკანოზისთვის მიეცა. საწამლავის მიღებიდან ერთი საათის შემდეგ დეკანოზი მოსე გარდაიცვალა. დაკრძალულია სოფელ პატრიკეთში, წმინდა გიორგის ეკლესიის კარიბჭესთან.