სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10823

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
პიროსი (მათე) იოანეს ძე ოქროპირიძე 1874-1922წწ ეპისკოპოსი დაბ. სოფ. დისევი გორი პიროსი (მათე) იოანეს ძე ოქროპირიძე 1874-1922წწ ეპისკოპოსი დაბ. სოფ. დისევი გორი

1874-1922 წწ. გარდ. 48 წლის

ბმულის კოპირება



გვარი ოქროპირიძე სია

გორი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

223       ბეჭდვა

პიროსი (მათე) იოანეს ძე ოქროპირიძე 1874-1922წწ ეპისკოპოსი დაბ. სოფ. დისევი გორი


ეპისკოპოსი პიროსი (ერისკაცობაში მათე იოანეს ძე ოქროპირიძე) დაიბადა 1874 წლის 10 ნოემბერს, გორის რ-ნ სოფ. დისევში. მან დაწყებითი სასულიერო განათლება მიიღო ალავერდის მონასტერში, ხოლო შემდეგ, თბილისის სასულიერო სასწავლებელში.


1890 წელს იგი ჩაირიცხა თბილისის სასულიერო სემინარიაში, ხოლო 1893 წელს გადავიდა სტრავროპოლის სასულიერო სემინარიაში, რომელიც დაასრულა 1896 წელს. ამავე წელს ჩაირიცხა კიევის სასულიერო აკადემიაში, რომელიც 1900 წელს დაამთავრა ღმრთისმეტყველების კანდიდატის ხარისხით. 1900 წლის სექტემბერში აღიკვეცა ბერად, პიროსის სახელით. ამავე წელს ხელდასხმულ იქნა ბერ-დიაკონად, მღვდელ-მონაზვნად და ეჭირა სხვადასხვა ადმინისტრაციული თანამდებობა. 1905 წლის 9 ივლისს დადგინდა მოწამეთას წმ. დავითისა და კონსტანტინეს სახ. მონასტრის წინამძღვრად, ხოლო 1907 წელს აღყვანილ იქნა არქიმანდრიტის ხარისხში. 1909 წლის 29 მაისის წმ. სინოდის დადგენილებით დაინიშნა საქართველო-იმერეთის სინოდალური კანტორის წევრად და დავით-გარეჯის უდაბნოს წინამძღვრად. 1915 წლის 10 დეკემბერს იგი გამორჩეულ იქნა ალავერდის ეპისკოპოსად; ქიროტონია შესრულდა 1916 წლის 15 იანვარს, პეტროგრადის წმ. ალექსანდრე ნეველის სახ. ლავრაში. იგი ასევე მსახურობდა იმერეთის ეპარქიაში, სადაც დაინიშნა მონასტრების კეთილმოწესედ, ასევე მღვდელმსახურთა და მედავითნეთა გამომცდელი კომისიის თავმჯდომარედ, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ეპარქიაში გადასვლის შემდეგ ეჭირა სხვადასხვა ადმინისტრაციული თანამდებობა; იყო "საქართველოს საეგზარხოსოს მოამბის" რედაქტორი. 1916 წლის 24 მარტს, ეპისკოპოსი პიროსი დაინიშნა საქართველოს ეპარქიაში, მესამე ქორეპისკოპოსად. 1917 წლის სექტემბერში გამართულმა სრულიად საქართველოს საეკლესიო კრებამ, იგი აირჩია ალავერდის სამღვდელმთავრო კათედრაზე, სახელწოდებით "ალავერდელი". 1922 წლის 23 აპრილს მას დაემართა დამბლა. ღმრთივმიიცვალა 1922 წლის 28 აპრილს, ქ. თელავში. უწმიდესისა და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ამბროსის ლოცვა-კურთხევით, წესი აუგო ეპისკოპოსმა ქრისტეფორემ.

ეპისკოპოსი პიროსი დაკრძალეს 30 აპრილს, ალავერდის საკათედრო ტაძარში.

ვულოცავთ ანგელოზის დღეს, მის ყოვლადუსამღვდელოესობას მეუფე პიროსს და შევთხოვთ მრავალმოწყალე უფალს, რათა ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლისა და ღირსი პიროს ბრეთელის მეოხებით, შეიწყალოს და მარადიულ სიხარულში დაავანოს ეპისკოპოს პიროსის უკვდავი სული.

შეგვეწიოს მისი წმიდა ლოცვები!

ტექსტი მოამზადა თეოლოგიის მაგისტრანტმა ლაშა დეისაძე-შარვაშიძემ

ეპისკოპოს პიროსის წარმოდგენილი ფოტო გახლავთ მიტროპოლიტ გაიოზის (კერატიშვილი) პირადი ფოტოარქივიდან

23.08.2023  კარბიჭე

ეპისკოპოსი პიროსი, ერისკაცობაში მათე იოანეს ძე ოქროპირიძე, დაიბადა 1874 წლის ნოემბერს სოფელ დისევში (გორის მაზრა). 7 წლისა მამამ მიაბარა ალავერდის მონასტერს, სადაც მიიღო დაწყებითი სასულიერო განათლება თავისი პაპის, მღვდელ-მონაზონ სილვესტერის მიერ (ცნობილი მკაცრი ცხოვრებით), რომელიც იყო ალექსანდრე ეპისკოპოსის ძმა. მალე ის შეიყვანეს თბილისის სასულიერო სასწავლებელში, კურსის დასრულების შემდეგ, 1890 წელს, გადაიყვანეს თბილისის სასულიერო სემინარიაში; 1893-94 სასწავლო წლებში გადავიდა სტავროპოლის სასულიერო სემინარიაში და დაამთავრა 1896 წელს სემინარიის სტუდენტის ხარისხით, იმავე წელს შევიდა კიევის სასულიერო აკადემიაში, რომელიც 1900 წელს დაამთავრა ღვთისმეტყველების კანდიდატის ხარისხით, 1900 წლის სექტემბერში აღიკვეცა ბერად და ეწოდა სახელად პიროსი, ამავე დროს აკურთხეს ჯერ იერო-დიაკვნად, შემდეგ მღვდელ-მონაზვნად; 1900 წლის 14 ნოემბერს დაინიშნა კავკასიაში მართლმადიდებლური ქრისტიანობის აღმდგენელი საზოგადოების სკოლის ინსპექტორად, 1902 წლის 10-17 მაისს სინოდის დადგენილებით დაინიშნა გორის სასულიერო სასწავლებლების უფროსის თანაშემწედ, 1905 წლის 9 ივლისს მოწამეთის მონასტრის წინამძღვრად, 1907 წელს აიყვანეს არქიმანდრიტის ხარისხში, 1909 წლის 29 მაისის წმ. სინოდის დადგენილებით დაინიშნა საქართველო-იმერეთის სინოდური კანტორის წევრად და დავითგარეჯის უდაბნოს წინამძღვრად.


1915 წლის 10 დეკემბრის ბრძანებით დაინიშნა ალავერდის ეპისკოპოსად, 1916 წლის 15 იანვარს მოხდა კურთხევა ეპისკოპოსად პეტროგრადის წმ. ალექსანდრე ნეველის ლავრაში ალავერდის ეპისკოპოსად, ეპისკოპოსმა პიროსმა მღვდელმთავრად კურთხევის დროს წარმოთქმულ სიტყვაში აღნიშნა: "ლმობიერად თავს მოვიდრეკ რა წინაშე ღვთის განგებისა, მე მთელი ჩემი არსებითა ვმადლობ უფალსა, რომ მან გადამიწყვიტა შევწირო ჩემნი დღენი დიდსა სამღვდელმთავრო ხარისხში ამ კათედრასა, რომელიც სახელგანთქმულია ქრისტიანული, თავდადებულ ღვაწლთა ჩემის სამშობლოს მოსაქმე ადამიანთა. ჭეშმარიტად კათედრა იგი მდიდარია ბრწყინვალე მშრომელებითა, რომელნიც სხივმოსილ გზა მაჩვენებელ ვარსკვლავივით მიუძღოდნენ ჩემს თანამემამულეებს სასუფევლისაკენ ღვთისა. აი, ჩემს თვალწინ დიდების ბრწყინვით მეხატებიან ღირსი მამა იოსებ ალავერდელი, რომელმაც მეექვსე საუკუნეში განამტკიცა ქრისტიანობა კახეთში, ასაფლავია ალავერდის ტაძარში. ეპისკოპოსი იოანე, რომელმაც მიიღო მოწამებრივი სიკვდილი ლეკთაგან 1480 წელს, ეპისკოპოსი ვარსანოფი, რომელმაც მეთხუთმეტე საუკუნეში უქადაგა ქრისტიანული სარწმუ-ნოება ლეკთა, რომელთაგან ბევრი მოაქცია ქრისტიანობაში, ეპისკოპოსი ზენონი, რომელმაც მოიარა ადგილი მაცხოვრის ვნებათა და ჯვარზე სიკვდილისა და რომელიც უკან დაბრუნებისას თურქებმა დაატყვევეს, მაგრამ მაინც ღირს იქმნა ამავე ტაძარში დასაფლავებისა. ეპისკოპოსი გაბრიელი, რომელიც XVI საუკუნეში ცხოვრობდა და რომელმაც მოიტანა ალავერდის ტაძარში რუსეთის პატრიარქის იობისაგან შეწირული წმინდა ხატები და საეკლესიო სამკაული. ჩემსავე თვალთა წინა მე მეხატებიან მოწამებრივი გვირგვინებით გასხივოსნებულნი კეთილმორწმუნე დედოფალი კახეთისა ქეთევანი, რომელიც აწამა შაჰ-აბასმა სპარსეთში 1624 წელსა ქრისტეს სარწმუნეობის მტკიცედ დაცვისათვის, მეფე ალექსანდრე, ძე ღვთისა, რომელიც ვერაგობით მოჰკლეს კახეთში, რუსის ელჩის ტატიშჩევის თვალწინ და სხვა. ვიგონებ რა იმ დიდებულ და ღვაწლშემოსილებს, დიდებულთ სარწმუნოებით, თავდადებით და ვადარებ რა ჩემ თავს იმათ, მე ცხადად ვგრძნობ ჩემ უძლურებას და უღირსებას, მე ვგრძნობ, რომ ჩემი მცირე ძალთა და მცირე ცხოვრების გამოცდილებით, ვერ შევძლებ იმ დიდს და საპასუხისმგებლო საქმეს, რომელსაც მავალებს მე ჩემი ახალი სამსახური. მე ვიცი, რომ ამ სამსახურის გზაზე გადამეღობებიან ის ბოროტი ვერაგობანი, რომელიც გაშლილია და კვლავ გაიშლება ამ გზაზე ბოროტი სულისა და სიბნელისაგან დასაღუპავად ეკლესიის შვილთა. ვითვალისწინებ რა ყველა ამას და სხვაგვარ დაბრკოლებათა ჩემი სამსახურის ასპარეზზე, წყნარად გევედრებით თქვენ, ღვთივგაბრძნობილნო, აღვსილნო ცხოვრების გამოცდილებით მწყემსმთავარნო ეკლესიისა ღვთისა, აღავლინეთ უმაღლესი მწყემსმთავარ უფლისა იესო ქრისტესადმი წმიდა ლოცვანი თქვენნი, რათა გამაბრძნოს მე და გამხადოს მე, უღირსი მსახური მისი, ძლიერი, სამართლიანი და წყნარი სადიდებლად წმიდისა მართლმადიდებელ ეკლესიისა და სასარგებლოდ აწ ტანჯულის ჩემი ძვირფასი სამშობლოსი".


მსახურობდა იმერეთის ეპარქიაშიც, დაინიშნა მონასტრების კეთილმოწესედ და იმ პირთა გამოსაცდელი კომისიის თავმჯდომარედ, რომელთაც ეკავათ მღვდელმსახურებისა და მედავითნეთა ადგილები, ხოლო საქართველოს ეპარქიაში გადასვლის შემდეგ სხვადასხვა დროს ეკავა შემდეგი თანამდებობები: საეკლესიო მუზეუმის თავმჯდომარის ამხანაგის და ქართულ ენაზე საეკლესიო და საღვთისმეტყველო წიგნების გამოცემის კომიტეტის თავმჯდომარე, სინოდურ კრებასთან არსებული ღვთისმშობლის საძმოს თავმჯდომარე "საქართველოს საეგზარხოსოს მოამბის" რედაქტორი და სხვა. 1916 წლის 24 მარტს დაინიშნა საქართველოს ეპარქიაში მესამე ქორეპისკოპოსად; 1917 წლის სექტემბერში სრულიად საქართველოს საეკლესიო კრებამ აირჩია ალავერდის საეპარქიო კათედრაზე სახელწოდებით "ალავერდელი".


1921 წელს საქართველოში ბოლშევიკები გაბატონდნენ. დაიწყო ეკლესია-მონასტრების შევიწროება. უსაფუძვლო ბრალდებით დააპატიმრეს პიროს ეპისკოპოსიც. 1922 წელს კომუნისტები იმდენად გათავხედდნენ, რომ ალავერდის მონასტერში დასვენებული წმინდა გიორგის ოქროს ხატი გაძარცვეს. ალავერდის საგანძური იქაურ მამებს ტაძრის თაღში ჩაუშენებიათ. მაგრამ გამცემს რა დალევს! კომუნისტებმა სამალავს მიაგნეს, საგანძური თელავში გადაიტანეს და დაპატიმრებულ მეუფე პიროსს მოსთხოვეს, ხელი მოეწერა ამ სიწმინდეების სახელმწიფოსთვის გადაცემის აქტზე, რაზეც მან მტკიცე უარი თქვა. მაშინ ალავერდის სიწმინდეები თბილისში გადაგზავნეს, ხოლო ეპისკოპოსი კომკავშირელებს აცემინეს და დასისხლიანებულ-დასახიჩრებული კიბის ქვეშ დაამწყვდიეს. გულმა ვეღარ გაუძლო და 23 აპრილს ქრისტესთვის წამებული ამბა ალავერდელი პიროსი წარდგა საყვარელი უფლის წინაშე. იგი დაკრძალეს 30 აპრილს ალავერდის საკათედრო ტაძარში, ეპისკოპოს პეტრეს საფლავის მარცხნივ, წესი აუგო ეპისკოპოსმა ქრისტეფორემ, რომელიც ალავერდში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ამბროსის ლოცვა-კურთხევით იქნა გაგზავნილი.

გამოყენებული ლიტერატურა:

სერგო ვარდოსანიძე, საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია 1917-1952 წლებში;

გიორგი მაჩურიშვილი, ალავერდის ეპარქია 1917-2007 წლებში;

გიორგი მაჩურიშვილი, ლუარსაბ ტოგონიძე, XVIII-XX საუკუნეებში მოღვაწე სასულიერო პირთა ცხოვრება და მოღვაწეობა.

ზვიად ჟვანია, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქნი და მღვდელმთავარნი 1917 წლიდან;

მადლობა ნუგზარ (ნუკრი) ხადურს თანამშრომლობისთვის დაბ. 1964წელს გორში, მეუფე პიროსი იყო ნუკრის, მამის იულონის, მამის სამსონის დედის მაიკო ოქროპირიძის (მეუღლე ზაქარია) ბიძა.


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 17.10.2023
ბოლო რედაქტირება 21.02.2024
სულ რედაქტირებულია 3





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0