სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10823

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
 დავით ზაქარიას ძე გარსიაშვილი 1870-1957წწ დეკანოზი დაბ.საგარეჯო  დავით ზაქარიას ძე გარსიაშვილი 1870-1957წწ დეკანოზი დაბ.საგარეჯო

1870-1957 წწ. გარდ. 87 წლის

ბმულის კოპირება



გვარი გარსიაშვილი სია

საგარეჯო გამოჩენილი ადამიანები სრული სია

216       ბეჭდვა

დავით ზაქარიას ძე გარსიაშვილი 1870-1957წწ დეკანოზი დაბ.საგარეჯო


დეკანოზი დავით ზაქარიას ძე გარსიაშვილი

დაიბადა 1870 წელს სოფელ საგარეჯოში, დაამთავრა თბილისის სასულიერო სასწავლებელი, შემდეგ სემინარია 1893 წელს.

1893-1895 წლებში მასწავლებლობდა დიდუბის სკოლაში. 1895-1922 წლებში კუკიის წმ. ნინოს ეკლესიის მღვდელია. 1922-1934 წლებში თბილისის ვერის წმიდა ნიკოლოზის ეკლესიის წინამძღვარია. 1934-1945 წლებში მსახურობდა სიონის საპატრიარქო ტაძარში. 1945 წლიდან 1957 წლამდე იყო კუკიის წმიდა ნინოს ეკლესიის წინამძღვარი. ოჯახი ცხოვრობდა ჩუღურეთის რაიონში, ტყეშელაშვილის ქ. N 10.


გარსიაშვილი დავით – (22.09. 1870, სოფ. საგარეჯო, თბილისის მაზრა, თბილისის გუბერნია, – 03.08.1957, ქ. თბილისი), დეკანოზი. პედაგოგი.

დეკანოზი დავით გარსიაშვილი. XXს. 10-იანი წლები

დაიბადა მედავითნის ოჯახში. 1879-1887 წწ. დ. გარსაშვილი თბილისის სასულიერო სასწავლებელში, ხოლო 1887-1893 წწ. თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლობდა. 1893 წ. 24 აგვისტოდან 1895 წ. 18 დეკემბრამდე დიდუბის სამრევლო-საეკლესიო სკოლაში ასწავლიდა. სკოლის მოწაფეთაგან შეადგინა გუნდი, რომელიც ორშაბათობით დიდუბის ტაძარში ქართულ და რუსულ ენებზე გალობდა. 1895 წ. 18 ნოემბერს დიაკვნად აკურთხეს, მეორე დღეს მღვდლად დაასხეს ხელი და კუკიის წმ. ნინოს ტაძარში განაწესეს. 1896 წ. კუკიის ტაძართან გაიხსნა სამრევლო-საეკლესიო სკოლა, სადაც გარსაშვილი ოთხი წლის განმავლობაში ყველა საგანს ასწავლიდა. 1900 წლიდან მხოლოდ საღვთო სჯულის პედაგოგი იყო. 1901 წ. 6 მაისს დაჯილდოვდა საგვერდულით 1902 წ. 25 მარტს სკუფია უბოძეს. 1904 წ. 29 ოქტომბრიდან თბილისის წმ. ალექსანდრე ნეველის ტაძარში გადაიყვანეს. მალევე, თავისი თხოვნის საფუძველზე, ისევ კუკიის ტაძარში დააბრუნეს. 1914 წ. 6 მაისს კამილავკა ეწყალობა. 1914-1918 წწ., პირველი მსოფლიო ომის დროს, სამხრეთ-დასავლეთ ფრონტზე №335 სამხედრო-საველე ჰოსპიტლის კაპელანად მსახურობდა. 1917 წ. სამკერდე ოქროს ჯვარი მიიღო და დეკანოზის პატივი მიენიჭა. 1918 წ. საქართველოში დაბრუნდა და ისევ კუკიის წმ. ნინოს ტაძარში განაგრძო მოღვაწეობა. 1921 წ. საქართველოში ბოლშევიკური მმართველობა დამყარდა. გახშირდა სასულიერო პირთა დევნა, რაც მათ ოჯახებზეც აისახა. გამონაკლისი არც გარსაშვილი გახლდათ. მისი ორი ვაჟი – გიგლა და არჩილი ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრები იყვნენ. 1924 წ. აგვვისტოს ცნობილ აჯანყებაში ისინიც აქტიურად მონაწილეობდნენ, რის გამოც ორივე დააპატიმრეს. ამავე წლის 1 სექტემბერს გიგლა დახვრიტეს. მცირე ხნით დაპატიმრებული იყო თავად მამა დავითიც და სასჯელს მეტეხის ციხეში იხდიდა. 1922 წ. ივნისში ვერის წმ. ნიკოლოზის ტაძრის მეორე მღვდლად დაინიშნა. 1926 წ. ენქერით დაჯილდოვდა.


გარსაშვილი მხარს უჭერდა კათოლიკოს-პატრიარქ ამბროსის (ხელაია) არჩეულ კურსს. იგი პატრიარქის შინა პატიმრობის დროს მის გვერდით იყო. „დღეს ჩვენ, ქართველები, დიდ სამწუხარო და გულსაკლავ ფაქტის წინაშე ვდგევართ... ეკლესიის მწყემსმთავარი... კათალიკოზ-პატრიარხი ამბროსი მსხვერპლად შეიქმნა შინა გამცემთა, იუდა ისკარიოტელის მსგავსთა უმუხთლეს, უღალატეს...“ ქადაგებდა გარსაშვილი 1927 წ. 2 სექტემბერს ვერის წმ. ნიკოლოზის ტაძარში. ლოგინად ჩავარდნილი პატრიარქის ბედით შეწუხებული გარსაშვილი აღშფოთებას ვერ მალავდა: „ჩვენი დროის იუდებო და შინა გამცემლებო! დრო გწყალობთ, არა? როდემდეს ინავარდებთ, შორს არ არის აღსასრული თქვენი... რადგან მალე მოვა ის დრო, როდესაც გაწამებული ერის სამსჯავროზე წარსდგებით... ბოროტმოქმედთა თქვენთა სიტყვისაგებად“. გარსაშვილის უშუალო ჩარევით ჩაიშალა თბილისის სამღვდელოების კრება, რომელიც კათოლიკოს ამბროსის მეტეხის ციხეში ყოფნის დროს მისი მოწინააღმდეგე სამღვდელოების ერთმა ჯგუფმა მოიწვია. ისინი მოითხოვდნენ საეკლესიო კრების მოწვევას და პატრიარქის გადაყენებას. ამ კრებაზე გარსაშვილმა წარმოთქვა სიტყვა, რომლის შემდეგაც მას საკმაოდ ბევრი მომხრე გამოუჩნდა და კრება ისე დაიშალა, დადგენილება არ მიუღიათ.


გარსაშვილი იმ მღვდელმსახურთა რიცხვს მიეკუთვნებოდა, რომლებიც არ შეგუებიან ქვეყანაში არსებულ ძალმომრეობას და თავის დამოკიდებულებას იმ დროისათვის მეტად გაბედული ქადაგებებით გამოხატავდნენ. ვერის წმ. ნიკოლოზის ტაძარში, სიონის საკათედრო ტაძარში, ქაშვეთისა თუ კუკიის ტაძრებში, სადაც კი მოღვაწეობდა გარსაშვილი, კაცთმოყვარეობისა და რწმენის განმტკიცების ქადაგებასთან ერთად, თავისებურად აანალიზებდა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს. ამ მხრივ მნიშვნელოვანია ქაშვეთის წმ. გიორგის ტაძარში ილია ჭავჭავაძის მკვლელობის მეორმოცე დღეს წარმოთქმული ქადაგება, რომელიც ქრისტიანობის ერთ-ერთი ძირითადი მცნების – „არა კაც ჰკლა“ განმარტებას ეხება და, რასაკვირველია, ქადაგებანი, რომლებიც 1924 წ. აჯანყების შემდეგ პერიოდს, 1925-1927 წწ. მოიცავს.


1933 წ. აპრილში კომუნისტებმა წმ. ნიკოლოზის ტაძარი დაანგრიეს და იქ ვერის ბაღი გააშენეს. გარსაშვილი, კათოლიკოს-პატრიარქ კალისტრატეს (ცინცაძე) ლოცვა-კურთხევით, სიონის საპატრიარქო ტაძრის კრებულში გადაიყვანეს. 1945 წ. 19 მაისს კუკიის წმ. ნინოს ტაძრის მეორე მღვდლად დაინიშნა. 1945 წ. მიტრა უბოძეს. 1952 წ. ოქტომბერში კათოლიკოს-პატრიარქმა მელქისედეკ III-მ (ფხალაძე) კუკიის ტაძრის წინამძღვრად დაადგინა. მალე მისივე ლოცვა-კურთხევით თბილისის სამღვდელოების სულიერ მოძღვრად აირჩიეს.


დაკრძალულია კუკიის ტაძრის ეზოში. გარსაშვილი გამორჩეული სასულიერო პირი იყო XX ს. I ნახევრის ქართული ეკლესიის ისტორიაში. იგი იყო საუკეთესო მქადაგებელი. შემორჩენილია მისი ქადაგებების კრებული, ჩანაწერები, მიწერ-მოწერა და სხვა უამრავი საინტერესო მასალა, რომელიც ამჟამად საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში ინახება და ბიბლიოთეკის მიერ გამოიცა 2007 წელს.

დიაკ. გ. მაჩურიშვილი


წყაროები და ლიტერატურა

დავით გარსიაშვილის არქივი, მ. ყვავილაშვილის გამოც., თბ., 2007;

საქართველოს საპატრიარქოს არქივი, აღწერა 1, საქმე №2581; სუიცა, ფ. 1880, აღწერა 3, საქმე №17;

ჟურნ., «Духовный вестник Грузинского экзархата», 1893, №13; 1895, №22; 1901, №9; 1902, №7-8; 1904, №22;

ჟურნ., «Вестник Грузинского экзархата», 1914, №10.

მაჩურიშვილივ გ., ტოგონიძე ლ., XVIII-XX საუკუნეში მოღვაწე სასულიერო პირთა ცხოვრება და მოღვაწეობა, ტ. 1, თბ., 2012;

საქართველოს პარლამენტის ი. ჭავჭავაძის სახ. ეროვნული ბიბლიოთეკა, დეკანოზ დავით გარსიაშვილის არქივი, თბ., 2007; ცინცაძე კ., ქვაშვეთის წმიდის გიორგის ეკლესია ტფილისში, თბ., 1994.


წყარო

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია:ენციკლოპედია


დეკანოზი დავით გარსიაშვილი 1870-1957წწ.  XVIII - XX საუკუნეში მოღვაწე სასულიერთ პირთა ცხოვრება მოღვაწეობა ავტ. გიორგი მაჩურიშვილი, ლურსაბ ტოგონიძე 

დეკანოზი დავით ზაქარიას ძე გარსიაშვილი 1870 წლის 22 სექტემბერს სოფელ საგარეჯოში, მედავითნის ოჯახში დაიბადა. 
მამამისი ზაქარია გარსიაშვილი დავით გარეჯის მონასტერში იყო გაზრდილი და ქართლ-კახეთის სხვადასხვა ტაძარში მსახურობდა მედავითნედ. 
იგი ადრე გარდაიცვალა და ოთხი მცირეწლოვანი შვილი დედამ – ნინომ გაზარდა. 
1883-1837 წლებში პატარა დავითი თბილისის სასულიერო სასწავლებელში სწავლობდა, რომლის დასრულების შემდეგ 
სწავლა თბილისის სასულიერო სემინარიაში განაგრძო. სემინარია დავითმა 1893 წელს პირველი ხარისხის დიპლომით დაამთავრა. 
1893 წლის 24 აგვისტოდან 1895 წლის 18 დეკემბრამ-
გვ208

დე დიდუბის სამრევლო–საეკლესიო სკოლაში საღვთო სჯულს ასწავლიდა. სკოლის მოწაფეთაგან შეადგინა გუნდი, რომელიც 
ორშაბათობით გალობდა ტაძარში ქართულ-რუსულ ენაზე. 
1895 წლის 19 დეკემბერს დავითი დიაკვნად აკურთხეს, ერთ კვირაში კი მღვდლად დაასხეს ხელი და კუკიის წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიაში დიაკვნის შტატში 
განამწესეს. 
1896 წელს კუკიის ეკლესიასთან გაიხსნა სამრევლო-საეკლესიო დაწყებითი სკოლა, სადაც მამა დავითი ოთხი წლის განმავლობაში ყველა საგანს ასწავლიდა. 
1901 წლის 6 მაისს საგვერდულით დაჯილდოვდა, ხოლო 1902 წლის 25 შარტს სკუფია უბოძეს. 
1904 წლის 29 ოქტომბერს მამა დავითი თბილისის წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობის ეკლესიაში, დიაკვნის 
შტატში გაადაიყვანეს. ნეველის ეკლესიაში მან მცირე ხნით იმსახურა· შემდეგ, თავისი თხოვნის საფუძველზე ისევ კუკიის ეკლესიაში დააბრუნეს. 
1914 წლის 6 მაისს კამილავკა ეწყალობა. 
1914-1918 წლებში, პირველი მსოფლიო ომის დროს, მამა დავითი დასავლეთ ფრონტზე N335 სამხედრო-საველე ჰოსპიტლის 
მღვდლად მსახურობდა. აქ. იგი სამკერდე ოქროს ჯვრით დაჯილდოვდა და დეკანოზის წოდება მიენიჭა. 
1918 წელს დეკანოზი დავითი საქართველოში დაბრუნდა და ისევ კუკიის წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიაში დაინიშნა. 
გვ209

1921 წელს საქართველოში პოლიტიკური მდგომარეობა რადიკალურად შეიცვალა: დამყარდა 
ბოლშევიკური ხელისუფლება. გახშირდა სასულიერო პირთა დევნა რაც საერთო ისტყრიაში გადაიზარდა, 
ინგრეოდა ეკლესიები· ნადგურდებოდა საეკლესიო ქონება დამცირებასა და უსაზღვრო შევიწროებას განიცდიდნენ სასულიერი პირები. 
ეკლესია ფორმალურად გამოყოფილი იყო სახელმწიფოსგან, თუმცა ხელისუფლება აშკარად ერეოდა
ეკლესიის საქმეებში. გამონაკლისი არც მამა დავითის ოჯახი გახლდათ, მისი ორი ვაჟი გიგლა და არჩილი ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრები 
იყვნენ. 1924 წლის აგტვისტოს ცნობილ აჯანყებაში ისინიც აქტირად მონაწილეობდნენ, რის გამოც  ირივე დაააპატიმრეს ამავე 
წლის 1 სექტემბერს გიგლა დახვრიტეს მცირე ხნით დაპატიმრებული იყო თავად მამა დავითიც. 
1922 წლის ივნისიდან იგი ვერის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის მეორე მღვდლად განამწესეს. 
1926 წელს ენქერით დაჯილდოვდა. 1933 წლის აპრილში კომუნისტებმა წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესია
დაანგრიეს და იქ ვერის ბაღი გააშენეს. დეკანოზი დავითი სრულიად საქართველოს კატოლიკოს პატრიარქის,
უწმინდესისა და უნეტარესის  კალისტრატეს ცინცაძე ლოცვა-კურთხევით, სიონის საპატრიარქო ტაძარში
გადმოიყვანეს. 1945 წლის მაისში, თავისი თხოვნის საფუძველზე კუკიის წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიის მეორე მღვდლად
დაინიშნა. მალევე კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით თბილისის სამღვდელოების სულიერ მოძღვრად აირჩიეს.
1953 წელს კათოლიკოს-პატრიარქმა მელქისედეკ III-მ (ფხალაძე·) ამავე ტაძრის წინამძღვრად დაადგინა.
გვ210
დეკანოზი დავით გარსიაშვილი 1957 წლის 3 აგვისტოს გარდაიცვალა. იგი დაკრძალულია კუკიის წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიის ეზოში. 
მამა დავითი გამორჩეული სასულიერო პირი გახლდათ XX საუკუნის I ნახევრის ქართული ეკლესიის ისტორიაში. იგი იყო 
საუკეთესო მქადაგებელი. საბედნიეროდ, შემორჩა მისი ქადაგებები. ერთ-ერთი ასეთი ქადაგება მან 1931 წლის 11 მარტს, ვერის 
წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიაში მართლმადიდებელთა ზეიმზე, დიდმარხვის პირველ კვირიაკეს წარმოთქვა, სამწუხაროდ, მას ბოლო აკლია: 
„მორწმუნენო! ყველამ ვიცით, რომ ამჟამად წმინდა დიდმარხვა არის. ამ მარხვის პირველი კვირიაკე უკვე გავატარეთ. 
გვესმის დიდმარხვის მნიშვნელობა ჩვენი სულის და ხორცისათვის. ამ შეგნების გავლენით დავიარებით ეკლესიებში, ვლოცულობთ, ვმარხულობთ, ღვთისაგან დაწესებულს ორ დიდ საიდუმლოებას – სინანულსა და ზიარებას ვასრულებთ ქრისტეს 
მცნებათა მიხედვით, და მოციქულთა და წმიდათა მამათა მაგალითებით და რჩევა-დარიგებებით ქველის-ვმოქმედებთ კიდეც. 
რას ნიშნავს ყველა ეს? რის მაჩვენებელია ასეთი ყოფა-ქცევა ჩვენი? ჩვენი ასეთი ცხოვრება ნათლად გვიჩვენებს და აღნიშნავს, ქრისტიანენო, ჩვენს ღვთისნიერებას, სჯულიერებას, მორწმუნეობას. ასეთი ჩვენი ყოფა-ქცევით საჯაროთ ვადასტურებთ, 
რომ არსებობს უხილავი ძალა, კაცის გონებისათვის მიუწვდომელი, გამოუკვლეველი და გამოუძიებელი უმაღლესი გო- ნიერება – ღმერთი. რომ მხოლოდ ასეთი გონიერება – ღმერთი 
არის მამა ყოვლისამპყრობელი, შემოქმედი ცათა და ქვეყანისა, 
წარმომშობელი დიად ბუნებისა, და მის მრავალფეროვან მოვლენათა და ძალთა, ხილულთა ყოველთა და არა ხილულთა; 
რომ ბუნების მოვლენა, და გვირგვინი და მფლობელი კაციც ღვთის დანაბადია; და რომ კაცს ღვთისაგან აქვს შთაბერილი 
სული უკვდავი და გონიერი; რომ კაცის გვამი თავ მოციქულის პავლეს სწავლით, „ტაძარია ღვთისა და სადგური სულისა წმიდ
გვ211

ისა''(1 კორ. 3, 16); რომ კაცის ასეთ უმწ აღლეს დანიშნულების გვამში ჩაქსოვილია ნიჭნი და ნაყოფნი 
სულისა წმინდისანი, რომელნიც არიან: შიში ღვთისა, ღვთისმსახურება, ძლიერება, ზრახვა, მეცნიერება, გულისხმისყოფა, სიბრძნე, 
სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, სულგრძელება, სიტკბოება, სახიერება, სარწმუნოება, მყუდროება, მოთმინება.. და აგრეთვე
მოწყალებათა შემდეგი საქმენი, ხორციელნი და სულიერნი: ჭმევა მშიერთა, სუმევა მწყურვალთა, შემოსვა შიშველთა, შეწყნარება 
უცხოთა, მოკითხვა სნეულთა, მიხედვა პატიმართა, დაფვლა მიცვალებულთა, მოქცევა ცოდვილთა, სწავლება უმეცართა, გან- მ§რთვა დაბრ კოლებ·ჟღთა, ნ·:··ჩეშინისცემა მწუხარეთა, მოთმინებით 
ატანა უსამართლოებისა, მიტევება შემცოდეთა, ვედრება ღვთისა საცხოვნებელად მოყვსისა. 
ნათქვამი ვსთქვათ მოკლედ: წმინდა დიდმარხვის დროს ჩვენი ბეჯითი ლოცვა, მარხვა, სინანული, ზიარება და კეთილი 
საქმეები ხმამაღლად, ქუხილისებური გრგვინვით, მღაღადებელნი და დამმოწმებელნი არიან იმისა, რომ არის ღმერთი და მისი 
განგება; რომ ჩვენსავით ჩაგრულთა, დევნულთა, მაშვრალთა და ტვირთმძიმეთათვის, უღვთოთ წამებულ დიდ ილიას თქმით:
„ღმერთია ყველას მშველელი, მხსნელი, 
ღვთით არ განწირულს ყველგან წინ უძღვის 
მისი მარჯვენა შემწყნარებელი“..
გვ212
ჩვენი ასეთი რწმენისა გამო, წმინდათა ანგელოსთა და მთავარანგელოსთა და ყოველთა ზეცისა უხორცოთა ძალებთან 
ერთად, ჩვენ მორწმუნენი, დღე-მუდამ ვუგალობთ ღმერთს და ვიტყვით: „წმიდა ხარ, წმიდა ხარ, წმიდა ხარ უფალო, საბაოთ, 
სავსე არიან ცანი და ქვეყანა დიდებითა შენითა!“ 
ჩვენი ასეთივე რწმენის საბუთით ჩვენ, მორწმუნენი, „შოველით 
აღდგომასა მკვდრეთით და ცხოვრებასა მერმისა მის საუკუნისასა“.. მაგრამ, ქრისტიანენო, ამა და იმ ქვეყნებში ღვთის 
მგალობელთა, მაკურთხეველთა, თაყვანისმცემელთა, დიდებისმეტყველთა და მშადლობელთა გუნდთ და ბანაკთ უპირისპირდებიან, გზას უღობავენ 
და უჭრიან, საშვალებას და გასაქანს უბორკავენ და უსპობენ სხვანი, საკმაოდ დიდი ღონის და ძალის მქონენი ბანაკნი უღვთოთა, უსჯულოთა და ურწმუნოთა. 
ამ სხვათა ბანაკთაგან წარმოშობილნი და გამოსულნი უღვთონი, უსჯულონი და ურწმუნონი აშკარად, მოურიდებლად, თამამად, 
ამაღლებული ხმით და ანგარიშმიუცემლად გაჰკივიან, რომ არ არის ღმერთი და არც არავითარი მისი გუნდნი და ბანაკნი 
წმინდათა ანგელოსთა, და მთავარანგელოსთა და ყოველთა ზეცისა ძალთაო. არისო, გაიძახიან ასეთნი, არა ღმერთი, არამედ 
მხოლოდ ბუნება და ბუნების აურაცხელნი სხვადასხვა მოვლენანი.. არისო მატერია, – ანუ ნივთიერება, – და არა უმაღლესი, 
მიუწვდომელი, გამოუკვლეველი და გამოუძიებელი, უკვდავი და გონიერი სულიო... უღმრთოთა, უსჯულოთა და ურწმუნოთა ასეთი თვალსაზრისით და გონების ნააზრევით და ნამოქმედარით, 
მაშასადამე, არც კაცია ღვთის დანაბადი და სულით და გონებით მისი ხატება და მსგავსება... კაცის არც გვამია ,ტაძარი ღვთისა და სადგური სულისა წმინდისა“.. მათი სწავლით კაციც 
იმავე ბალახის მჭამელ ცხოველთა მოდგმისა, მსგავსებისა და დანიშნულებისა ყოფილა... კაცსა და ცხოველს შორის განსხვავებას ჰხედავენ უღვთონი, უსჯულონი და ურწმუნონი მხოლოდ იმაში, რომ პირველი მეტყველი და გონიერია, მეორე კი 
პირუტყვი და უგონოა, ანდა ნაკლები და განუვითარებელი
გვ213 
გონებისა.. მათი შეხედულობით, კაცი სანამ ცოცხალია, აზროვნებს, მოქმედებს, სჭამს, სვამს და სხვადასხვა გართობებს ეძლევა... 
მოკვდა იგი და ცხოველთა მსგავსად მოისპო, მიწაში სხვაგვარ მატერიად, – ნივთიერებად, გადაიქცა... მორჩა და გათავდა... იყო და აღარ არის აქ, 
ამ დედამიწის არემარეზე, არის კაცის დასაწყისი, აქვე არის მისი დასასრულიო... არ იქნება არც აღდგომა მკვდართა, და არც ცხოვრება მერმისა მის საუკუნისასა..
ღმერთი, სჯული, სარწმუნოება, რელიგია, კაცთა გონების დაშაჩლუნგებე– 
ლი და დამაძინებელი ბანგიაო.. ცრუმორწმუნებააო... მუქთახორა კულტის მსახურთა, მღვდელთა მოგონილიაო... ასე ამბობენ 
ყველგან ყოველთვის უღვთონი, უსჯულონი და ურწმუნონი... მორწმუნენო! ღვთისნიერება და უღვთოობა, სჯულიერება თუ 
უსჯულოება, მორწმუნეობა თუ ურწმუნოება კაცთა შორის არც ახალია, ძველთაგან ძველია· ღმერთის ყოფნა და არყოფნა მარტო ჩვენი დროით როდი 
განიზომება და აიწონება, ამოიწურება. მას აქვს შორეული წარსული. დასაწყისი ღვთის აღიარებისა და უარყოფისაც ქვეყნის წარმოშობის ხანაში უნდა ვეძიოთ. 
დიდი, წმინდა და სიბრძნით სავსე საუცხოვო წიგნის ბიბლიის სწავლით ქვეყნიურ სამოთხეში შემოქმედს ღმერთსა და კაცობრიობის წარმომშობელთა პირველ კაცთა ადამ და ევას შორის 
გამუდმებული ბაასი წარმოებულა; ღმერთსა და კაცთა შორის ბაასს კი ლოცვა და ღვთისმსახურება ეწოდება, რაიც გამომხატველია ადამიანის ღვთისნიერებისა, სულიერებისა და მორწმუნეობისა...
აგრეთვე, როგორც უკვე ვთქვით, უღვთოობა, უსჯულოება და ურწმუნოებაც არ ახალია, ძველია, იგიც შორეული 
წარსულისაა.. საღმრთო წერილის სწავლით ხილულ ქვეყნის გაჩენამდე უხილავ ქვეყანაში ღვთაებრივ ნათელში მყოფთა 
კეთილ ანგელოზთა შორისაც უჩენია თავი ლვთის ურჩობას. 
ერთი უმთავრესთაგანი ანგელოზი გაამპარტავნებულა, გაამაყებულა, გადიდგულებულა, დამბადებელის ღვთის მსახურება და 
მორჩილება უუკადრისია, უკუუგდია და უარყვია, მიზანს ვერ მისწვდომია და დაცემულა; ღვთისაგან თავისუფლებით აღჭურ
გვ214

ვილს თავისუფლება ასე ბოროტად მოუხმარია. ამ ბოროტად ქცეულს მთავარ სულს ანგელოსთა შორის მიმდევარნიც აღმოსჩენია; 
და ყველა ამათ ღვთაებრივ ნათელსა შინა ცხოვრების უფლება დაუკარგნიათ. და ამნაირად კეთილად დაბადებულნი ღვთისმსახურნი თავისუფალი ანგელოსნი გაყოფილან 
ორ ბანაკად; შექმნილან ერთის მხრივ ღვთის სამსახუროდ და საქებ–სადიღებლად და კაცთა სარწმუნო წინამძღვრებად და 
სულთა და ხორცთა მცველებად ბანაკნი წმინდათა ანგელოსთა, მთავარანგელოზთა და ყოველთა ზეცისა უხორცოთა ძალთა; 
და წარმოშობილან ბანაკნი ბოროტთა ანგელოსთა, ანუ ეშმაკთა, მავნე სულთა მოღალატეთა, გაუტანელთა, ცილისმწამებელთა, 
მაბეზღართა, ავ საქმეთა მქნელთა და მრჩეველთა, კაცთა სულიერად და ხორციელად დამღუპველთა, შემმუსვრელთა და უფსკრულში 
გადამჩეხველთა და წარწყმედელთა... ამ ნათქვამ საღმ
გვ215
რთო წერილის სწავლაში კეთილ და ბოროტ ანგელოსთა წარმოშობის შესახებ დიდი აზრია ჩაქსოვილი და ჩაწნული, მორწ 
მუნენო! ნათქვამი ნათლად ადასტურებს იმას, რომ ქვეყნის დასაბამიდანვე ბრძოლა არსებულა და წარმოებულა მუდმივად 
სიკეთესა და სიბოროტის, ლვთისნიერებასა და უღვთოების, _სულიერებას და უსჯულოების, მორწმუნეობასა და ურწმუნოებას შორის.  
ბიბლიის წელთ აღრიცხვით ადამ და ევას ქვეყნად მოვლინებიდან ქრისტესშობამდე 5604 წელს გაუვლია: ქრისტეს 
შობიდან დღევანდლამდე, როგორც ვიცით ყველამ, 1931 წელია, და მაშასადამე, სულ კაცთა გაჩენიდან ჩვენამდე 7535 წლის 
ისტორიული ცხოვრების მანძილია (5604 წ. + 1931 წ. = 7535 წ). და აი, ამ დიდი ხნის განმავლობაში რელიგიური მიმდინარეობაც 
არსებობს და არ მოსპობილა იგი და რელიგიის წინააღმდეგი ბრძოლა და მისი სასტიკი ზომებიც ფრთაგაშლილია. 
კაცობრიობის ისტორიას ახსოვს, რომ ბევრჯელ ღვთისნიერობას, სჯულიერობას და მორწმუნეობას გამარჯვების ნიშნად 
აღუმართავს მაღლა თავისი დროშა; და ბევრჯელაც უღვთოობას, უსჯულოებას და ურწმუნოებას გაულესნია ხანჯალი და სხვა 
მრავალგვარი მახვილი, მუხანათურად უშიშვლებია და მძლავრად მოუქნევია პირველის გასაქრობად და ძირიან-ფესვიან ამოსაგდებად. 
მორწმუნენო! ჩვენ, ამქვეყნად მოვლინებულნი ადამიანნი, მცირე დროისანი ვართ. საღმრთო წერილის სწავლით, რაც ბევრჯელ 
გვითქვამს ამ წმინდა ამბიონიდან, ჩვენი სიცოცხლე თივისა, ყვავილისა და კვამლის სადარია. ხანგრძლივობა კაცთა სიცოცხლისა დედამიწაზედ იშვიათ 
შემთხვევებში თუ აღემატება 70-30 წლებს. ,მწირნი ვართ წინაშე უფლისა და წარმავალნი, 
ვითარცა ყოველნი მამანი ჩვენნი“ (ნეშტთა XXIX. 15). ამ ნათქვამით ცხოვრების მქონეთათვის ამქვეყნად რა უფრო ხელსაყრელია და სამჯობინარი: 
ღვთის აღიარება თუ მისი უარყოფა, სჯულის დაცვა თუ მისი აბუჩად აგდება, ფეხქვეშ გათელა,
გვ216 
შეგინება და უსჯულოების გამეფება? სარწმუნოების თავისუფლება,ხელშეუხებლობა, შეწყნარება, შეგუება-შეთვისება და შეყვარება 
თუ მისი დევნა, შეუწყნარებლობა, შეუგუებლობა-შეუთვისებლობა და მძულვარება ურწმუნოების სასტიკი ფარ-ხმლით, სისხლის სმის 
და კაციჭამიობის მდომით? საღმრთო-საეკლესიო და სამოქალაქო ისტორიიდან სანიმუშოდ მოყვანილი მაგალითები გაგვცემენ სწორ 
პასუხს ამ დასმულ კითხვებზედ...“ 

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 25.10.2023
ბოლო რედაქტირება 06.02.2024
სულ რედაქტირებულია 3





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0