განჯა-ყარაბაღის ბეგლარბეგი 1625–1633წწ. წარმომავლობით ქართველი.
ცოლად ჰყავდა თეიმურაზ I-ის და ელენე. იყო ნიჭიერი მხედართმთავარი. მისი ხელმძღვანელობით ირანის ჯარმა 1614 წელს დაიპყრო გამბრუნი; 1618 წელს არდებილთან შეაკავა ოსმალები და შემდეგ უკუაქცია ისინი; ეწეოდა დიდ სააღმშენებლო საქმიანობას – ააგო ბაზრები, ქარვასლები და სხვ.; ახლო ურთიერთობა ჰქონდა გიორგი სააკაძესთან და გარეული იყო მარტყოფის აჯანყების მომზადებაში. შაჰის ბრძანებით აჯანყებულ ქართველთა წინააღმდეგ უნდა გამოსულიყო, თუმცა, ავადმყოფობის საბაბით, უარი თქვა ამ ბრძანების შესრულებაზე; 1625 წელს, როგორც შაჰის მოციქული, მონაწილეობდა თბილისის მახლობლად თეიმურაზ I-თან გამართულ მოლაპარაკებაში; მისი მცდელობით შემუშავდა საქართველოს მიმართ შაჰ–აბას I-ის კომპრომისული პოლიტიკა; 1629 წელს ირანში შაჰ-სეფი I-ის კარზე დაწინაურებულმა ქართველმა ბატონიშვილმა ხოსრო-მირზამ (შემდგომ ქართლის მეფე როსტომი) მოახერხა მისი ჩამოქვეითება; 1630–1631წწ. სეფი I-მა დაუდ-ხანი მეჯლისიდან გააძევა; 1633 წელს აქტიურად მონაწილეობდა თეიმურაზ I-ის მეთაურობით სეფიანთა წინააღმდეგ მოწყობილ აჯანყებაში; მან ყაჯართა ერთი ჯგუფი წაიყვანა საქართველოში, შემდეგ აჯანყებულებმა ყაჯართა თავკაცები დახოცეს და განჯა-ყარაბაღი დაარბიეს. სეფი I-მა თეიმურაზს მოსთხოვა დაუდ-ხანის გაცემა, სანაცვლოდ პატიებას შეჰპირდა, მაგრამ თეიმურაზმა შაჰს უარი შეუთვალა. დაუდ-ხანმა ოსმალეთს შეაფარა თავი. ალავერდი-ხანის (ალავერდ უნდილაძე) ძე.
წყარო-nplg.gov.ge