სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10823

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
პეტრიაშვილი ათანასე (ალექსი)  1774-1832წწ არქიმანდრიტი დაკრძ. დონის მონასტერი (რუსეთი) პეტრიაშვილი ათანასე (ალექსი)  1774-1832წწ არქიმანდრიტი დაკრძ. დონის მონასტერი (რუსეთი)
ბმულის კოპირება



გვარი პეტრიაშვილი სია

გამოჩენილი ადამიანები სრული სია

207       ბეჭდვა

პეტრიაშვილი ათანასე (ალექსი) 1774-1832წწ არქიმანდრიტი დაკრძ. დონის მონასტერი (რუსეთი)

ათანასე (პეტრიაშვილი ალექსი) - (28.09.1774, ქ. ყიზლარი, – 17.10.1832, დონის მონასტერი, მოსკოვი), სასულიერო და საზოგადო მოღვაწე, პედაგოგი, არქიმანდრიტი.

დაიბადა დეკანოზის ოჯახში. მამამისი წარმოშობით აზნაური იყო. 1786 წელს ათანასე ასტრახანის სასულიერო სემინარიაში მიაბარეს, რომელიც წარჩინებით დაასრულა და იქვე პედაგოგად დაიწყო მუშაობა. ამავე პერიოდში იგი დაოჯახდა და დიაკვნად აკურთხეს. 1796 წელს მოზდოკის ეპისკოპოსმა გაიოზმა მღვდლად აკურთხა და ყიზლარის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურად დანიშნა. 1798 წელს კავკასიის ხაზის მაშინდელი უფროსის, გენერალ-ლეიტენანტ კისელსკის, თხოვნით, ყაზანის მუშკეტერთა სამხედრო პოლკში კაპელანად (სამხედრო მღვდელი) გადაიყვანეს. ამ პოლკში ათანასემ ერთი წელი დაყო. 1800 წელს გენერალ-ლეიტენანტ კ. კნორინგს საქართველოში ჩამოჰყვა და საქართველო-რუსეთის ურთიერთობების დალაგებაში მიიღო აქტიური მონაწილეობა. 1801 წლის 25 აგვისტოს ოქროს ჯვრით დაჯილდოვდა.


ათანასე ადრე დაქვრივდა. 1802 წელს ბერად აღკვეცა ითხოვა, რისი მოწოდებაც მას თავიდანვე ჰქონდა, თუმცა უარი მიიღო. 1803 წელს საქართველოს მთავარმართებლად გარუსებული ქართველი პავლე ციციანოვი დაინიშნა, რომელმაც 1803 წლის 9 აგვისტოს ცოდნითა და განათლებით ყოველმხრივ გამორჩეული ათანასე თბილისში გადმოიყვანა და თავის კანცელარიაში მთარგმნელის თანამდებობაზე დანიშნა. მისივე შუამდგომლობით, 1803 წლის 29 მაისს რუსეთის წმინდა სინოდმა ათანასეს გამშვენებული ჯვარი უბოძა, ხოლო 1804 წელს დეკანოზის წოდება მიანიჭა.

1804 წელს ათანასე თბილისის კეთილშობილთა სასწავლებლის პირველ დირექტორად დაინიშნა. თუმცა ეს სასწავლებელი განკუთვნილი იყო მაღალი წოდების ბავშვებისათვის, მაგრამ პირველ ხანებში, ვინაიდან არ იყო სწავლის მსურველ თავად-აზნაურთა საკმაო რაოდენობა, იღებდნენ მოქალაქეთა და სასულიერო პირთა შვილებსაც. სასწავლებელი დასაწყისში იყო ორკლასიანი. სწავლა ქართულ და რუსულ ენებზე მიმდინარეობდა. 1806 წელს თბილისის კეთილშობილთა სასწავლებელი გიმნაზიად გადაკეთდა, რომელიც საკმაო ავტორიტეტით სარგებლობდა მოსახლეობაში. აღნიშნული სასწავლებლის ავტორიტეტს ქმნიდა უმთავრესად სასწავლებლის დირექტორი, ათანასე, რომელსაც ეს თანამდებობა 1810 წლის ჩათვლით ეკავა. ამ ხნის განმავლობაში მან შეძლო სასწავლო-აღმზრდელობითი რეჟიმი სათანადო სიმაღლეზე აეყვანა. მას კარგი მასწავლებლისა და ადმინისტრატორის სახელი ჰქონდა მოხვეჭილი. მის დროს გაიზარდა მოწაფეთა კონტინგენტი, სასწავლებელთან მოეწყო სტამბა, მან შეადგინა ქართული ენისა და ლიტერატურის ქრესტომათია, დეკანოზ იოანე ქართველიშვილთან ერთად რუსული ენიდან თარგმნა სახელმძღვანელოები და დაბეჭდა ახლად გახსნილ სტამბაში. 1806 წელს პ. ციციანოვის შუამავლობით ითხოვა თანამდებობიდან გათავისუფლება ბერად აღკვეცის მიზნით, მაგრამ რუსეთის იმპერატორმა ალექსანდრე I-მა, მიიღო რა ციციანოვისაგან საუცხოო დახასიათება, როგორც საუკეთესო დირექტორისა და მასწავლებლისა, ათანასეს თხოვნა არ დააკმაყოფილა. სამაგიეროდ, 1806 წლის 6 ოქტომბერს იგი წმ. ანას II ხარისხის ორდენით დააჯილდოვა, პირადად მის სახელზე გამოცემულ რესკრიპტში კი სწერდა: „მე მსურს და მესიამოვნება, რომ თქვენ განაგრძოთ თქვენი მუშაობა სასწავლებლის მმართველად, მასში მოსწავლეთა განათლებისათვის“.

ათანასე მეტად მიღებული იყო როგორც რუს უმაღლეს მმართველ წრეებში, ასევე ქართულ საზოგადოებაშიც და საკმაო გავლენა ჰქონდა საქართველოს ეკლესიისა და ქვეყნის პოლიტიკურ საქმეებზე. 1804 წ. იგი მონაწილეობდა იმერეთის მეფე სოლომონ II–სთან გამართულ მოლაპარაკებებში. მას ასევე დავალებული ჰქონდა იმპერიის მოწინააღმდეგე ქართველ თავადაზნაურობასთან დიალოგი, რათა ისინი შერიგებოდნენ ქვეყანაში რუსეთის მმართველობის დამყარებას.

1810 წ. ათანასემ კვლავ აღძრა შუამდგომლობა სასწავლებლის დირექტორის მოვალეობიდან გათავისუფლების შესახებ, რასაც მხარი დაუჭირა ახალმა მთავარმართებელმა ტორმასოვმა. უკანასკნელს განზრახვა ჰქონდა, თბილისის კეთილშობილთა გიმნაზია სამხედრო სასწავლებლად გადაეკეთებინა და მის სათავეში სასულიერო პირის ყოფნა საჭიროებას აღარ წარმოადგენდა. ათანასემ სასწავლებელში შვიდწლიანი კეთილსინდისიერი სამსახურისათვის მიიღო ფულადი ჯილდო 2000 მანეთის ოდენობით.

1810 წელს ათანასე კვლავ რუსეთში დაბრუნდა და რამდენიმე წელი იქ დაყო. 1813 წლის 20 მაისს ნოვგოროდის მიტროპოლიტ ამბროსის (პოდობედოვი) ლოცვა-კურთხევით სანკტ-პეტერბურგის წმ. ალექსანდრე ნეველის ლავრაში არქიმანდრიტმა გედეონმა (მოშკინი) ათანასე ბერად აღკვეცა და სახელად ათანასე უწოდა. ამავე დღეს არქიმანდრიტის წოდება მიენიჭა და ნიჟეგოროდის ეპარქიის მაკარიევის ჟელტოვოდის მეორე კლასის მონასტრის წინამძღვრად დაინიშნა.

1815 წ. 14 აპრილს თელავის მთავარეპისკოპოს დოსითეოსის (ფიცხელაური) თხოვნით ათანასე საქართველოში დააბრუნეს და ქვათახევისა და შიომღვიმის მონასტრების წინამძღვრად დანიშნეს. 1815 წ. თბილისში დაარსდა საქართველო-იმერეთის სინოდალური კანტორა და ათანასე მის წევრად აირჩიეს. 1815 წ. 8 მაისს კანტორის საზეიმო გახსნაზე მან რუსულად წარმოთქვა საკმაოდ შინაარსიანი და საინტერესო სიტყვა. წინამძღვრად დანიშვნისთანავე მან მიმოიხილა ქვათახევისა და შიომღვიმის მონასტრები და აღრიცხა ქონება და შემოსავალ-გასავალი. ამ მხრივ მას მონასტრებში ბევრი უწესრიგობა დახვდა. 1815 წ. 26 სექტემბერს ერთგული სამსახურისათვის მას გარეჯის წმ. იოანე ნათლისმცემლის მონასტრის წინამძღვრობაც მიანდვეს.

1817 წლის 14 მაისს საქართველოს საეკლესიო შემოსავლებიდან დაენიშნა წელიწადში 500 მანეთი ვერცხლით. XIX საუკუნის 10-იანი წლების ბოლოს ათანასე საქართველოს ეგზარქოს თეოფილაქტეს (რუსანოვი) დავალებით სამეგრელოში იქაური საეკლესიო ყმების, საერთო შემოსავლისა და სასუკიერო პირთა შესახებ ზუსტი ცნობების შესაკრებად, ამასთანავე, რუსული საეკლესიო მმართველობის განსამტკიცებლად მიავლინეს.

1819 წლის 19 იანვარს ათანასე თბილისში, დარეჯან დედოფლის ყოფილ სასახლეში, ახლად გახსნილ მამათა მონასტრის წინამძღვრად დაინიშნა, რომელიც 1822 წელს მაცხოვრის ფერისცვალების სახელზე იკურთხა. 1821 წლის მაისში იგი რუსეთში გაემგზავრა და მოსკოვის ღვთის განცხადების მამათა მონასტრის წინამძღვრად დაინიშნა. 1823 წლის 23 ივნისს დონის მონასტრის წინამძღვრად გადაიყვანეს. გარდაიცვალა 1832 წ. 17 ოქტომბერს, დაკრძალეს დონის მონასტერში.

ათანასე იყო ცნობილი ქართველი პოეტისა და საზოგადო მოღვაწის, გრიგოლ ორბელიანის, ნათლია.


გ. მაჩურიშვილი

ლიტერტურა

სცსა ფონდი 489, აღწერა 1, საქმე #262, #1012; ფონდი 488 5, საქმე #29;

Чистович И., Руководящие деятели духовного просвещения в России в первой половине текущего столетия, Дело в архиве Св. Синода 1832 r., № 1629/876.

ბერძნიშვილი მ., მასალები XIX ს. პირველი ნახევრის ქართული საზოგადოებრიობის ისტორიისათვის, ტ. 1. თბ., 1980;

თავზიშვილი გ., „სახალხო განათლების ქართველი მოღვაწეები და სახალხო მასწავლებლები“, კრ.: 1, თბ., 1953; ღაღანიძე მ., ძველი და ახალი საქართველოს მიჯნაზე, თბ., 2010.

იხილე აგრეთვე

ათანასე (არქიმანდრიტი)

Logo1.JPG ათანასე მრავალმნიშვნელოვანი



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 05.12.2023
ბოლო რედაქტირება 05.12.2023
სულ რედაქტირებულია 1





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0