სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11124

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
წმიდანები
ნადარეიშვილი გრიგოლი (ვასილ), 1881- 17.12.1945წწ  ბერი. დაბ. სოფ. ონტოფო, აბაშა ნადარეიშვილი გრიგოლი (ვასილ), 1881- 17.12.1945წწ  ბერი. დაბ. სოფ. ონტოფო, აბაშა

1881-1945 წწ. გარდ. 64 წლის

ბმულის კოპირება

წმიდანები

გვარი ნადარეიშვილი სია

აბაშა გამოჩენილი ადამიანები სრული სია

356       ბეჭდვა

ნადარეიშვილი გრიგოლი (ვასილ), 1881- 17.12.1945წწ ბერი. დაბ. სოფ. ონტოფო, აბაშა

გრიგოლი − (ნადარეიშვილი ვასილ), (1881, სოფ. ონტოფო, სენაკის მაზრა, ქუთაისის გუბერნია, – 17.12.1945, იქვე), ბერი.


ბერი გრიგოლი (ნადარეიშვილი) ერისკაცობაში ვასილი

ნადარეიშვილთა გვარის წარმომადგენლები ძველთაგანვე სასულიერო მოღვაწეები იყვნენ. აკადემიკოსი გ. ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიულ მუზეუმში დაცულია ლაზი ოსტატების მიერ წაბლის ხისგან დამზადებული კოლხური ოდა-სახლი. ამ სახლში ცხოვრობდა გრიგოლის მამის, გიგო ნადარეიშვილისა და სოფიო ჭანტურიას ღვთისმოსავი ოჯახი. გრიგოლი უფროსი ვაჟი იყო. მან სოხუმის გიმნაზია ოქროს მედალზე დაამთავრა, მაგრამ მამის გარდაცვალების გამო სწავლის გაგრძელება ვერ შეძლო და იძულებული გახდა, რომ ოჯახზე ეზრუნა.


გრიგოლი უაღრესად ნიჭიერი და გამორჩეული გარეგნობის ყოფილა. გიმნაზიაში სწავლისას ყველას აკვირვებდა თავისი მახვილი გონებითა და სიბეჯითით, განათლებული ქართველობა მასზე დიდ იმედებს ამყარებდა. სიყმაწვილეში რევოლუციური იდეებით იყო გატაცებული, რასაც იმხანად „ერთობის საქმეს“ ეძახდნენ. მაგრამ მაღალი იდეალების მქონე პიროვნებას გაუჭირდა რევოლუციონერთა საბრძოლო მეთოდების მიღება. იგი მალე ჩამოშორდა მედროვეებს და მორწმუნე ოჯახში აღზრდილმა შვება ეკლესიაში პოვა.


მან მალე იპოვა სულიერი მოძღვარი, „კაცი ზეცისა და ანგელოზი ქვეყანისა“, ქართველთა დიდი მნათობი – ალექსი ბერი. შემორჩენილია ალექსი ბერის მიმოწერა (ლექსის სახით) რამდენიმე ადამიანთან. ერთ-ერთი ლექსი გრიგოლს ეძღვნება:


ჭაბუკო ბატა (ასე ეძახდნენ შინაურობაში ვასილს),

არ გშვენის ესდენ, გულის

სიჩვილე, სულის მასუსტად,

სიმხნე სიჯაბნის დამთრგუნველია,

ჯვარსა არ შვენის, რო შეხვდე სუსტად.

ძალა იმოსე, ვიწროა სავალ,

მხნეობით საძლევ შესავალადა,

წმინდათა ტანჯვა გაითვალწინე,

გოლგოთა გიწვევს აღსავალადა.

ტკბილი უმწაროდ ვინ

გამოიცნოს, ორთავეს გემოს

უხილველადა,

ერთმა მეორე მაშინ

გააცნოს, როს გემო შედის

საცნობელადა.

იბრძვის ბოროტი, გზა შეგიშალოს,

სატრფო იდეა შორს გაისროლოს,

მით არჩევანი სირცხვილით

მოსოს და შენ წყვდიადში

გადაგისროლოს.

მაგრამ ხვიმირში გონებას

ნუღა დაამწყვდევ საბნელოდ...

ფართოდ ანათე, ახედვე, ნუ

გიჩნს გზა ღვთისა საძნელოდ,

გმირობა სოფლად ძვირია,

სიგლახე ქუჩად ღიღინობს,

სიტყვა საქმეა გმირთათვის,

არ ბალღურ გრძნობით ტიკტიკობს.

დეე, რაც იქმნეს, გადახდეს,

კიცხვა თუ ბასრვა ჭორებით,

შენ ეკუთვნოდე იმ გმირთა,

ვინც არ ღორდება ოცნებით.


ამ ლექსით ღირსი ალექსი ამხნევებს მორჩილების გზაზე შემდგარ მოწაფეს, საღვთო შურით აღძრავს მას და მომავალი სულიერი ბრძოლისთვის განაწყობს. ოცდაშვიდი წლის ვასილ ნადარეიშვილი დაემოწაფა გამოცდილ მოღვაწეს და ბოლომდე მიენდო მას. ჭაბუკის გულში აღარ იყო ადგილი ეჭვისა და მერყეობისთვის. მან სოფლისგან განდგომისა და მონაზვნობის გადაწყვეტილება მიიღო.


ღირსი ალექსი ბერობის მსურველებს ათონის წმ. მთაზე აგზავნიდა. მოძღვარმა ვასილიც აკურთხა იქ გასამგზავრებლად და მონაზვნური ცხოვრების გამოცდილების მისაღებად. წმ. მთაზე სამოღვაწეოდ მიმავალი ქართველები, უპირველესად, იერუსალიმს მოილოცავდნენ. ეს ტრადიცია ძველთაგანვე დამკვიდრებული იყო საქართველოში. გრიგოლიც ასე მოიქცა, 1908 წ. იგი ოდესაში, იქიდან კი იერუსალიმში გაემგზავრა. მაცხოვრის საფლავისა და წმინდა მიწის მოლოცვის შემდეგ ათონის მთაზე ავიდა.


1910 წ. ვასილი ათონზე ბერად აღიკვეცა. როგორც ცნობილია, იღუმენ ბენედიქტეს (ბარკალაია) ძალისხმევით, ათონის წმ. მთაზე იოანე ღვთისმეტყველის ქართული სავანე დაარსდა, სადაც მოღვაწეობდნენ მაღალი სულიერებითა და ღვთივსათნო ცხოვრებით გამორჩეული ქართველი ბერები. იმჟამად ათონზე უმძიმესი ვითარება იყო, ქართველები ბერძნებისგან საშინელ დევნასა და შევიწროებას განიცდნიდნენ. სავანის წინამძღვარი გახლდათ სქემმღვდელ-მონაზონი იონა (ხოშტარია). წმ. იოანე ღვთისმეტყველის სავანემ 1919 წლამდე იარსება. ქართველი ბერების მცირე ჯგუფმა წმინდა მთა დატოვა და სამშობლოში დაბრუნდა, უმეტესი ნაწილი კი ათონზე დარჩა.


გრიგოლი ამ მოვლენებამდე რამდენიმე წლით ადრე (სავარაუდოდ, 1912) დაბრუნდა საქართველოში. მოგვიანებით იგი კეთილად იგონებდა წმ. მთაზე გატარებულ წლებს და იმასაც, თუ როგორ გადაეყარა ტყეში უზარმაზარ დათვს, რომელიც მშვიდობიანად გაშორდა.


სამშობლოში დაბრუნების შემდეგ გრიგოლი „მთავარანგელოზთა კუნძულის“ სავანეში ღირსი ალექსის სულიერი ხელმძღვანელობით შეუდგა მოღვაწეობას. ალექსი ბერმა 1917 წ. დაითხოვა მონასტრის ძმობა და დაყუდებულ მოღვაწეობას შეუდგა. ათონურ ტრადიციებზე აღზრდილმა და ღირსი ალექსის სულიერ სიბრძნეს ნაზიარებმა გრიგოლმაც, მოძღვრის კურთხევით, განდეგილობის გზა აირჩია.


სიწმინდეს, როდესაც იგი სულის მოთხოვნილებად იქცევა, ბუნებრივად მიჰყავს ადამიანი მკაცრი ასკეტური ცხოვრებისკენ. იესოს ლოცვა − მწვერვალია ასკეტური მოღვაწეობისა და გზა სრულყოფილებისა. ამ გზას დაადგა ბერი გრიგოლი, რომელსაც მთელი სიცოცხლის განმავლობაში არასოდეს შეუწყვეტია ლოცვა.


მალე ისევ დადგა ძნელბედობის ჟამი. 1921 წ. ბოლშევიკურმა რუსეთმა საქართველო დაიპყრო. იმ ხანებში გრიგოლი მშობლიური სოფლის ტყეში პატარა, უსარკმლო ხულაში მოსაგრეობდა. ერთხელ, შინ სტუმრად მისულმა, შემთხვევით ნახა, რომ მორწმუნე მეზობელს თანასოფლელები ეკამათებოდნენ. ამ დროს კომუნისტები სოფლად კოლმეურნეობებს აყალიბებდნენ და იქვე სტუმრად აბაშის აღმასკომის თავმჯდომარეც მისულიყო. გრიგოლი გამოესარჩლა მეზობელს და რელიგიურ თემაზე საუბარი კამათში გადაიზარდა. ბერთან დაპირისპირებული აღმასკომის თავმჯდომარე სასტიკად დამარცხდა და არ აპატია სახალხოდ შერცხვენა.


1935 წ. გაზაფხულის შუაღამეს სახლს ალყა შემოარტყეს და წაიღეს საეკლესიო წიგნები და პირადი ნივთები. გრიგოლი იმავე ღამეს დააპატიმრეს. იგი სისხლის სამართლის კოდექსის 58-10 მუხლით (აგიტაცია ან პროპაგანდა, რომლებიც შეიცავს საბჭოთა ხელისუფლების დამხობის მოწოდებას) გაასამართლეს და სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს ყარაღანდის შრომა-გასწორების ბანაკში. ყარაღანდაში იგი ქვანახშირის მაღაროებში მუშაობდა. გრიგოლი 1938 წ. გაზაფხულზე გაათავისუფლეს. გადასახლებაში ჯანმრთელობა საგრძნობლად შეერყა – ფეხები მოეყინა და ყავარჯნებით ძლივს გადაადგილდებოდა.


გადასახლებიდან დაბრუნების შემდეგ და მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ბერი სოფელში იშვიათად გადიოდა, მხოლოდ მორწმუნეებთან ურთიერთობდა, კერძოდ, მეზობლად მცხოვრებ ხანდაზმულ მონაზონ დებთან მართა და მატა ნადარეიშვილებთან. ახლო სულიერი ურთიერთობა ჰქონდა არქიმანდრიტ ლუკასთან (ნადარეიშვილი), რომელიც თავის დროზე გრიგოლის დახმარებით მოხვდა ათონის მთაზე, სადაც გაიღრმავა ბერმონაზვნური ცხოვრების გამოცდილება. არქიმანდრიტი ლუკა მოღვაწეობდა აფხაზეთში და იგი ყოველთვის დიდი მოკრძალებითა და სიყვარულით მოიხსენიებდა თავის სულიერ ძმას გრიგოლს.


ამქვეყნიურ ამაოებას განრიდებული ბერი შინაგან ლოცვასა და მდუმარებაში იმყოფებოდა. იგი, ყოველთვის გონებამოკრებილი, ზომიერი და მოკრძალებული, არაამქვეყნიურ სიმშვიდესა და სითბოს გამოასხივებდა. ზედმიწევნით იყო განსწავლული წმ. წერილსა და ასკეტურ ლიტერატურაში, შესანიშნავად ფლობდა ბერძნულ და რუსულ ენებს. თანდაყოლილი მკვირცხლი და საზრიანი ბუნების გამო შეეძლო გადაწყვეტილების სწრაფად მიღება, მის მახვილ მზერას კი არაფერი გამოეპარებოდა. ღვაწლმოსილი ბერი ანდერძისამებრ დედის – სოფიო ჭანტურიას გვერდით დაკრძალეს.


დიაკ. გ. მაჩურიშვილი


ლიტერატურა

გრიგოლ ბერი, ცხოვრება და მოღვაწეობა, წერილები, სუჯუნის წმ. გიორგის დედათა მონასტერი, 2015.


ლიტერატურა

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია:ენციკლოპედია


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 07.12.2023
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0