სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10741

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
სუჯაშვილი (საყდრიშვილი) გვარის ღვთიმსახურები ავტ. ვლადიმერ (ტატო) სუჯაშვილი სუჯაშვილი (საყდრიშვილი) გვარის ღვთიმსახურები ავტ. ვლადიმერ (ტატო) სუჯაშვილი
ბმულის კოპირება



გვარი სუჯაშვილი სია

სტეფანწმიდა(ყაზბეგი) გამოჩენილი ადამიანები სრული სია

96       ბეჭდვა

სუჯაშვილი (საყდრიშვილი) გვარის ღვთიმსახურები ავტ. ვლადიმერ (ტატო) სუჯაშვილი

მღვდლები სუჯასშვილი მარკოზი და სუჯასშვილი იაკობი ერეკლე მეფის ოფიციალურ აღწერაში ფიქსირდებიან 1774 წელს. გერგეტის სამებაში. ზოგადად ჩვენი გვარისანი , გერგეტის წმიდის სამების ყმებად, საყდრისშვილებად იწოდებოდნენ შუა საუკუნეებში. საეკლესიო აზნაურთა ფენად მოიაზრებოდნენ. ისევ ოფიციალურ დოკუმენტებში ვპოულობთ ზემოთქმული მარკოზის შვილად ცნობილ მღვდელ სფირიდონ სუჯაშვილს (1810-იან წლებში). ცნობილი იოსებ მოხევე გადმოცემებით ვიცით რომ სუჯაშვილების გვარისა იყო და ბეთლემში მსახურობდა, მყინვარწვერზე. ილიას განდეგილით ცნობილ ტერიტორიაზე. იოსები 1763 წელს გარდაცვლილა. იოსებ ხუცესი (მღვდელი იოსებ მოხევე), ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანი, ?-1763. ისტორიანი : ისტორიულ-შემეცნებითი ყოველთვიური ჟურნალი. თბილისი, 2022. N 2 (123). გვ. 42-49.

ფოლკლორული მასალით: გერგეტის სამების აგების შემდეგ ტაძრის მოვლა პატრონობა მეფეს (ალბათ გიორგი ბრწყინვალეს) ვინმე სუჯასთვის დაუვალებია.

 დანარჩენი მღვდლების: სუჯასშვილი იაკობის, სუჯასშვილი მარკოზის (1774) და სუჯასშვილი სფირიდონის (1810-იანი წლები) 

მასალაზე იმუშავა ვლადიმერ (ტატო) გიორგის ძე სუჯაშვილმა


ღირსი იოსებ ხუცესი, მოხევე, საკვირველთმოქმედი (+1763)

7 (20) ოქტომბერი

წმიდა იოსებ ხუცესის შესახებ ძალიან მწირი ცნობები მოგვეპოვება. ვიცით, რომ ის იყო მოხევე და იქვე მსახურობდა მღვდლად.

მოხევეები - „კაცნი მბრძოლნი, ძლიერნი, ახოვანნი, ჰაეროვანნი“, ყოველთვის გამოირჩეოდნენ სარწმუნოებრივი შემართებით, იქაური ეკლესია-მონასტრები გვაცვიფრებენ თავიანთი სილამაზითა და მოუწვდომლობით. იქ თითქოს საგანგებოდ აშენებდნენ ეკლესიებს ისეთ ადგილებში, სადაც მისვლაც კი უკვე აღმსარებლობას უტოლდებოდა.

ხევის მშვენებასა და სიმბოლოს წარმოადგენს „მარადის ყინულით შევერცხლილი“ მყინვარი, რომლის კალთებზე არის აშენებული სამების მონასტერი, „შუენიერ ნაშენი შუენიერს ადგილას“, სადაც ერთ დროს წმიდა ნინოს ჯვარი ინახებოდა.

მყინვარზე, ყინულებში, კაცთაგან მიუვალ ადგილას გამოკვეთილი ყოფილა გამოქვაბული, რომელსაც ბეთლემს უწოდებდნენ. გამოქვებულში შესვლა მხოლოდ იქიდან ჩამოშვებული ჯაჭვის საშუალებით შეიძლებოდა. „ქართლის ცხოვრების“ მიხედვით, იქ მრავალი საკვირველება ინახებოდა: „იტყუინ უფლისა აკვანსა მუნ და აბრაამის კარავსა მდგომსა უსუეტოდ, უსაბლოდ და სხვათა საკვირველთა“.

მეფე გიორგი XII-ის უფროსი ძის დავით ბატონიშვილის (1776-1819 წწ.) ცნობით, იოსებ მოხევე „იყო ფრიად სიწმიდის მოყვარე და მემარხულე, რომელ ყოველგან განითქვა სათნოება ამისი. ესე ნებითა ღმრთისაჲთა აღვიდა მყინვარსა მთასა შინა, კაცთაგან შეუვალსა, და იხილა მუნ კარავი და აკვანი აბრაამ მამათავრისა, რომელ ჯერეთცა არავინ აღსრულ არს მთასა მას და მოართო მეფეს ირაკლის ნაჭერი კარვისა მის. და ესეცა მიიწია საზომსა სასწაულთმოქმედებისასა და ესრეთ უფლისად დაიძინა“.

აღესრულა 1763 წელს.

„ქართველ წმიდანთა ცხოვრებანი“, თბილისი, 2004 წ.


კვირის პალიტრა სტატია ვინ იყვნენ გერგეტელი საყდრისშვილები, ავტორი ვლადიმერ (ტატო) გიორგის ძე სუჯაშვილი

გერგეტელ საყდრისშვილთა ვინაობის შესახებ ზუსტ და პირდაპირ ინფორმაციას გერგეტის სამების "მატიანე მოსახსენებელი სულთაი" (XV-XVIII სს. საეკლესიო დოკუმენტი) არ გვაწვდის. სხვა ანალოგიურ შემთხვევათაგან განსხვავებით, სადაც ცნობები დეტალურია და ამგვარ პირთა იდენტიფიცირება პრობლემას არ წარმოადგენს, გერგეტის "მატიანე" ბევრს არაფერს გვიმხელს. მიუხედავად ამისა, სხვადასხვა ისტორიული წყაროს გაანალიზებით, აგრეთვე ფოლკლორული მასალების მოშველიებით ვეცდებით აღვადგინოთ რეალური სურათი და გავარკვიოთ, რომელი გვარები იგულისხმება ამ ტერმინის მიღმა, რა ევალებოდათ მათ და რას ნიშნავს მოკლედ ცნება - საყდრისშვილობა.

სოფელი გერგეტი


"პირველად მორიგემ ხთიშვილნი ზეციდან რომ გადმაუშვნა, მაშინ ისინი გერგეტს დააბინავა, - მოგვითხრობს ღვთისშვილთა ამ ქვეყნად, ადამიანთა მიწაზე გამოჩენის ანდრეზი, - გერგეტი ცასა და მიწას შორის არის აღმართული, ის დგას, როგორც დურანქი - კავშირი ცისა და მიწისა" (ზურაბ კიკნაძე, ქართული მითოლოგია, ქუთაისი 1996 წ.).


სოფელ გერგეტს გამორჩეული ადგილი უკავია ხევის ისტორიაში. სწორედ აქ "შვენიერ ნაშენი, შვენიერს ადგილს" აღმართულია გერგეტის წმინდა სამების ტაძარი; "მონასტერი სამებისა, გუნბათიანი, მცხეთის სამკაულის სახიზრად, სადაცა ესვენა ნინოს ჯვარი" (ვახუშტი). გერგეტის წმინდა სამება XIV საუკუნის ძეგლად მოიაზრება და მისი აგება საქართველოს მეფის, გიორგი ბრწყინვალის სახელს უკავშირდება. თეიმურაზ ბატონიშვილის "ისტორია ივერიისას" მიხედვით, მთაზე, სადაც ახლა გერგეტის სამება დგას, თავდაპირველად ჯვარი მდგარა, რომელიც ანდრია პირველწოდებულს აღუმართავს. მრავლისმთქმელი ფაქტია ტაძარს მიშენებული - "საბჭეო", მცირე ზომის ნაგებობა (XV საუკუნე), სადაც ხევისბერთან ერთად თემის უხუცესები იკრიბებოდნენ და წყვეტდნენ ხევისთვის საჭირბოროტო საკითხებს; ამასთანავე, ადგენდნენ სამართალს სხვადასხვა ყოფითი შემთხვევებისთვის.


თედო ჟორდანიას მიერ 1392 წლით დათარიღებულ მცხეთის საეკლესიო მამულების სიაში ვკითხულობთ: "არაგვის ხევს სოფელი გერგეტი, მონასტერი წმიდის სამებისა და უდაბნო მისის ეკლესიებითა, წ-ა ნინოს მოცემული ჯუარითა ცხოველ ვაზითა და თმანი-თვისითა სოფლებითა; არაგუზე ციხე გერგეტაული".


კავკასიონის მიუვალი მთები ოდითგანვე ბუნებრივ საფარ-სამალავს წარმოადგენდა ქართველებისთვის, რომელთაც უამრავი მტერი ეხვიათ. ფიზიკურად, ხორციელად გადარჩენისთვის ბრძოლასთან ერთად, ჩვენი წინაპრების მაღალ სულიერებაზე მეტყველებს ბეთლემის სამონასტრო კომპლექსი, მყინვარწვერის სამხრეთ-აღმოსავლეთ ქედზე. "მყინვარის კლდესა შინა არიან ქვაბნი გამოკვეთილნი ფრიად მაღალსა, და უწოდებენ ბეთლემსა, გარნა საჭიროდ ასავალი არს, რამეთუ არს ჯაჭვი რკინისა, გარდმოკიდებული ქვაბიდამ, და მით აღვლენ. იტყვიან უფლის აკვანსა მუნ და აბრაჰამის კარავსა, მდგომს უსვეტოდ, უსაბლოდ, და სხვათაცა საკვირველთა. არამედ მე ვდუმებ" (ვახუშტი). სწორედ ბეთლემის გამოქვაბული და გადმოცემები იქ მოღვაწე ბერებზე გახდა მუზა ილია ჭავჭავაძის "განდეგილისა". 1947 წლის ნოემბერში, ალპინისტმა ლევან სუჯაშვილმა პირველმა შენიშნა ამ დროისთვის უკვე მივიწყებული ბეთლემის გამოქვაბული და იქიდან ჩამოშვებული რკინის ჯაჭვი. ამის შემდეგ, ბეთლემი გამოიკვლია ქართველ მთამსვლელთა ჯგუფმა ალექსანდრა ჯაფარიძის ხელმძღვანელობით.


საყდრისშვილობის ინსტიტუტი დიდია წმინდა სამება, ცისკიდურამდე ელავსო, თავის ყმის გამჯავრებელსა ნაბადივითა სთელავსო.


გერგეტის წმინდა სამება და მყინვარწვერი (სტეფანწმინდის ისტორიული მუზეუმი )

გერგეტულა (სრულდებოდა გერგეტის სამების ხატობაზე)


საყდრისშვილები საეკლესიო აზნაურები იყვნენ, ერთგვარად - "ტაძრელი რაინდები". ბონდო კუპატაძე საქართველოს ისტორიის სახელმძღვანელოში, იქ სადაც XIV-XV საუკუნეების ფეოდალური საქართველოს საზოგადოებრივ წყობილებაზე საუბრობს, აღნიშნავს: "შედარებით შეინარჩუნეს სოციალური სტატუსი საეკლესიო აზნაურებმა ("საყდრისშვილები"), რომლებიც გამომდინარე ეკლესიის ცენტრალისტური და მეფისადმი დაქვემდებარებული პოზიციიდან, დარჩნენ სამეფო ხელისუფლების საყრდენ ძალად".


ქრისტინე შარაშიძე წერს: "საყდრისშვილები ფეოდალურ იერარქიაში ჩართულ ერთ-ერთ გავლენიან, პრივილეგიურ ჯგუფად გვესახებიან... გერგეტელ საყდრისშვილობის შესახებ გავარკვიეთ, საყდრისშვილობა მცხეთისშვილობის მსგავს დაწესებულებას უნდა წარმოგვიდგენდეს. საყდრისშვილობაც, მსგავსად მცხეთისშვილობისა, საეკლესიო უმაღლესს ყმა აზნაურ მოხელეთა ჯგუფს უნდა წარმოადგენდეს... ბუნებრივია, რომ მცხეთის საკათალიკოსოს ამ სამფლობელოზედაც (სოფელი გერგეტი, წმინდა სამების მონასტერი) იგივე ფეოდალური წესები ვრცელდებოდა, რომელიც ცენტრში იყო ჩამოყალიბებული. აქედან ცხადი ხდება აგრეთვე გერგეტელ საყდრისშვილთა შედარებით "დამოუკიდებლობა". ისინი არიან არა საეპისკოპოსო საყდრის, არამედ მცხეთის საკათალიკოსო საყდრისშვილები, მცხეთაზე საკმარისად დაშორებულნი ტერიტორიულად და მიმოსვლის სიძნელის გამო".


გერგეტელ საყდრისშვილთა საბუთში, რომელიც 1439 წლის 20 თებერვალს დაწერილა, ვკითხულობთ: "შევიყარენით ხევი ხეობით - კობით და გუელეთამდი. მზევლები მოგეცით თქ-ნ, გერგეტელთა საყდრიშვილ[თა]... ესე მზევლები ამათ საყდრის შვილობისათვის მივეცით, რომე მეფესა შეეწყალნეს და ებრძანა ჩ-ნ თანა... თრუსოველთაიცა - ხურთიელ [ყან]ობელთა მოიკიდეს". საყდრისშვილთა "ტაძრელი რაინდობა" ზემოთ შემთხვევით არ ვახსენე. აკაკი კლიმიაშვილი მორიგე ლაშქრის საკითხისთვის (XVIII საუკუნის მეორე ნახევარი) მსჯელობისას მიმოიხილავს ქართლის ოთხ სადროშოს და ამატებს: "ამ ოთხ სადროშოს გარდა იყო კიდევ მცხეთის ეკლესიის "დროშა", რომელიც ერთ სამხედრო-ტერიტორიალურ ერთეულს არ წარმოადგენდა მცხეთის მამულების გაფანტულობის გამო; მცხეთის საკათალიკოსო ყმები ერთ "დროშაზე" იკრიბებოდნენ კათალიკოსის მიერ დანიშნული სარდლის ხელქვეით და უერთდებოდნენ მეფის სადროშოს. ამრიგად, მცხეთის ეკლესია ერთგვარ ქვესადროშოს ქმნიდა მეფის სადროშოში".


ნათელია, რომ ომიანობისას გერგეტელი საყდრისშვილნიც მცხეთის ეკლესიის "დროშაზე" შეიკრიბებოდნენ. ამაში გვარწმუნებს ერთი დოკუმენტიც. უკვე 1730-იანი წლებიდან გერგეტლები სალაშქრო ვალდებულებისგან სრულად გაუთავისუფლებიათ, გარდა იმ შემთხვევისა, თუ მტერი უშუალოდ ხევსა და თრუსოს დაესხმოდა თავს. "ასე რომე თათარნი ხევს გვართმევდნენ, სულ მოხვედით თქვენ თავი დასდევით, ჩვენი თავი ირჩივეთ. ახლა ეს წყალობა გიყავით, რადგან წ-ის სამების ყმანი დეკანოზნი ხართ, ჩვენც სხვაგან ლაშქრობა ამოგიკვეთეთ, საყდარი უნდა შეინახოთ ერთი, ასე რომ ხევს თუ მტერი მოუხდეს, ხევსა და თრუსოს, უნდა ილაშქრევდეთ, ამას გარდა სხვაგან თქვენ სალაშქროთ ხელი არა გქონდესთ და არც არავინ დაგპატიჟოსთ და გაგიყვანოთ. ამისთვის რომ საყდარსა და ხატსა კარგად და მაგრად შეინახვიდით".


გერგეტის სამება

გერგეტის სამების მატიანეში ჩართული საბუთებიდან ირკვევა შემდეგი: საყდრისშვილებში არის იერარქია ანუ "უფროს-უმცროსობა" და ამასთან, წევრები არიან როგორც სასულიერონი - "მღდელნი", აგრეთვე საერონი - "ერისგანნი". კათალიკოსი უშუალოდ ესაუბრება მათ და აძლევს საჭირო მითითებებს. "იყუენით საყდრისა შვილნი ერთსულობით: უფროსნი, უფროისად და უმცროისანი, მღდელნი - მღდელთა წესითა და ერისგანნი - ერისგანთა წესითა". სამართლითაც დიდადაა შეფასებული საყდრიშვილთა სისხლი (მაგალითად, გერგეტელთა შემთხვევაში "სამ სისხლად", "რომე: თუ ვისმე: თქუენი: განი: კაცი: შე[მოა]კუდეს: სამ სისხლად: აზღუევინეთ". იხ. სერგი მაკალათია, ხევი). სისხლის ფასის სიდიდე, როგორც აკაკი კლიმიაშვილი წერს, "მოწმობს, რომ ისინი აზნაურები იყვნენ და ამდენად მათ ძირითად მოვალეობას ეკლესიის სამსახური და ლაშქრობა შეადგენდა. გერგეტის საყდრისშვილები, როგორც ჩანს, წარმოადგენდნენ ჰეროვანთაგან, ე.ი თავისუფალ მწარმოებელთაგან გამოყოფილ წარჩინებულთა ფენას (ე.ი. აზნაურებს)". ალექსანდრე ყაზბეგის მიხედვით, XIX საუკუნის 60-70-იან წლებშიც კი "ამ წმინდა სამების მონასტრისათვის გერგეტლებს... მთელს ხევში და თრუზოს ხეობაშიაც კი კომლზედ ყოველწლივ თითო მათარა (ე.ი. ფუთ-ნახევარ) ქერს აძლევენ".


პირველი გერგეტლები


აკაკი შანიძეს 1913 წლის 21 ივლისს, მოხევე საბრალა არაბულისგან საინტერესო გადმოცემა ჩაუწერია იმის შესახებ, თუ როგორ მოხდა ხევის დასახლება. ლეგენდის მიხედვით, დავით "ნეფესთან" არაბეთიდან გამოქცეული კაცი მოსულა, სახელად გერგეტო: "გადმოორდნილ" კაცს მეფისთვის დასასახლებლად ადგილი უთხოვია. მეფეს დღევანდელი ხევის ტერიტორიაზე, "გრანიცაზე" უბოძებია ნებისმიერი ადგილი, რომელსაც ისურვებდა სტუმარი. საბოლოოდ, დღევანდელი სოფელ გერგეტის ადგილას პირველნი დამკვიდრებულან: გერგეტო (აქედან ამ სოფლის სახელწოდება), ზანგიოვი (ზანგიშვილი), შუჯაი და ირჯეული".


"გადმოორდნილობა" და მოსულობა ძველი დროის ერთგვარი მოდაა. მაგალითად, ბაგრატიონთა ებრაელობა, ორბელიანთა კიტაიელობა, ჩოლოყაშვილთა გენუზიელობა და სხვა. ეს ლეგენდა საინტერესოა იმდენად, რამდენადაც ინფორმაციას და მინიშნებას გვაძლევს თავდაპირველად გერგეტს მოსახლე გვარებზე, მათ ძირძველობაზე. მიუხედავად იმისა, რომ 1913 წლისთვის გერგეტს არც ზანგიოვი-ზანგიშვილები ცხოვრობდნენ და აღარც ირჯეულები. ზოგიერთი ფოლკლორული მასალით, თითქოსდა ირჯეული გვარიც კი არ ყოფილა და ეს ხალხი, უბრალოდ ურჯულოები ყოფილან; გერგეტელთათვის ციხეც წაურთმევიათ, ხევის ცხოვრებაში შფოთი და არეულობა შეჰქონდათ... ამიტომ თემმა მათი თავიდან მოშორება გადაწყვიტა. მოისყიდა ირჯეულთა მწყემსი, ვინმე ქისტაური. ირჯეულთა უმეტესობა დახოცეს, ხოლო მცირე ჯგუფმა თავს გაქცევით უშველა (იხ. მაკალათია - ხევი, ასევე გ. ქერაშვილი - ხევი და მოხევეები).


ირჯეულთა წინააღმდეგ თავი გამოუჩენია ბეკურაულსა და წიკლაურს. თუმცა სამართლიანობა მოითხოვს, ზემოთქმულ "გადმოორდნილობის" გადმოცემასთან დაკავშირებით, მოვიყვანოთ მცირე ამონარიდი "ქართლის ცხოვრებიდან". დავით აღმაშენებლის მემატიანე წერს: `ხოლო მეფესა გიორგის მოეხსენა ნადირობა აჯამეთისა, არღარას ზრუნვიდეს სხუასა, არცა ელოდა აღებასა ვეჟინისასა და კახეთისა, არამედ ლაშქართა თურქთასა, რომელ ჰყვა, მისცა ნიჭად სუჯეთი და ყოველი ქვეყანა იორის პირი კუხეთი, რომელი მოოხრდა მუნ დღეინდელად დღედმდე. ხოლო თვით გარდავლო მთა ლიხთა და შთავიდა აფხაზეთად". სუჯეთი "ივრის ხეობის ერთი სახელთაგანი იყო... და ამ სუჯეთში ცხოვრობდნენ სოჯნი=სუჯნი. ეს სოჯნი წმინდა ნინომ მოაქცია, კაწარეთს (პატარძეულის ზემო) რომ მივიდა" (მოსე ჯანაშვილი - "ქართველთა მატიანე"). როგორც გელა ქოქიაშვილი წერს: "ტოპონიმი სუჯი დღეს შემორჩენილია ხევში მცხოვრები სუჯაშვილების გვარში, რომელიც, ალბათ, აქედან არის ასული მთაში. ფუძე "უჯ" უნდა იმალებოდეს ტოპონიმ გარეჯში - "გარე სუჯი". სხვათა შორის, სუჯეთის ტერიტორია გარეჯის სანახებსაც რომ წვდებოდა სამხრეთით, ამას კაწართის ეპარქიის ძველი საზღვრებიც ადასტურებს" ("საერთო გაზეთი", 2011).


გერგეტში დღესაც მკვიდრობენ სუჯაშვილები. სერგი მაკალათია თავის "ხევში" განსაკუთრებულ მადლობას უხდის მ. სუჯაშვილს, რომელმაც მას მეფე ბაგრატ V-ის (1360-1395) მიერ გერგეტელთათვის ბოძებული, გაახლებული საყდრიშვილობისა და სამების დაცვის სიგელი გადასცა. სიგელი წინათ სამების დეკანოზებს ჰქონიათ ჩაბარებული, ამ დრომდე კი (1934 წ.) ტფილისში, მ. სუჯაშვილის ოჯახში ინახებოდაო. აღნიშნული ფაქტი, როგორც ჩანს, პირდაპირ კავშირში უნდა იყოს ჩვენი კვლევის საგანთან. გ. ქერაშვილი წერს: "სუჯაშვილების წინაპარი მღვდელი ყოფილა, რომელიც ხევში ქრისტიანობას ავრცელებდა. მის შთამომავლობას, ტაძრის მშენებლობის დამთავრების დღიდან, წმინდა სამების საყდრისშვილობის პრივილეგია ჰქონდა, სათანადო სიგელით დადასტურებული; გიორგი ბრწყინვალემ და ბაგრატ მეფემ ტაძრის მოვლა-პატრონობა მათ დააკისრეს". "ბეთლემში დაიარებოდა ის, ვისაც მემკვიდრეობით გადაეცემოდა მისი გზა-კვალის ცოდნა. როგორც გერგეტელნი ადასტურებენ, მისი გზა იცოდნენ სუჯაშვილების გვარის წარმომადგენლებმა სასულიერო პირებმა" (ვალერიან ითონიშვილი, ხევის ტოპონიმიკა, 1971 წ.).


შესასვლელი გერგეტის სამებაში. ფოტოზე, სავარაუდოდ, გერგეტელ საყდრის-შვილთა შთამომავალი არის აღბეჭდილი

აგრეთვე გავრცელებულია ხალხური თქმულება, რომ გერგეტის სამების მშენებლობის დასრულების შემდეგ, მეფე გიორგი ბრწყინვალეს ტაძრის მოვლა-პატრონობის საქმე ვინმე სუჯისთვის დაუვალებია. ბეთლემის ტერიტორიაზეც მხოლოდ ჩვენს მღვდელს შეეძლო ასვლა, რომელიც ჩემი მოგვარე იყო და მის ხელში ვიზრდებოდითო. ვ. ფირანიშვილის სიტყვით, ასე უთქვამს 100 წელს გადაცილებულ მიხეილ სუჯაშვილს სამებაში სტუმრად მყოფ კონსტანტინე გამსახურდიასთვის. გერგეტშივეა ყუთარა სუჯაშვილის ნასაყდრალი, რომელიც მღვდელი ყოფილა და ამ საყდარში ძველად ჯვარსაც იწერდნენ. მეტად საინტერესო, ერთადერთი რელიეფური გამოსახულება შემოინახა ძველი ტიპის სახლმა სოფელ გერგეტში. ოჯახის დაცვის მიზნით, ორი გველის (ერთმანეთზე თავებმიდებული და კუდებმოკაუჭებული) გამოსახულება კარის თავზე. `ზოგჯერ შეძლებულ ოჯახზე იტყვიან, რომ იმ სახლში ფუძის გველია, მადლი და ბარაქა ტრიალებსო: "ბედრიანანო თქვენს ფუძის გველი არისო... საყურადღებოა, რომ სოფელ გერგეტში იაგორა სუჯაშვილის სახლის კარის ბჭეზე გამოსახულია ეს გველი" (სერგი მაკალათია, ხევი). ჩემი დაკვირვებით, გერგეტის სამების სამრეკლოს ჩრდილოეთ ფასადზე არსებული მცირე პეტროგლიფი მონოგრამაა, ორიგინალურად შესრულებული წერაქვული და იკითხება, როგორც "სუჯა". სოფელ გერგეტში, გიასწვერის მთის ფერდობებზე, გიზირის (გზის ძირის) წყაროდან ციხემდე (გერგეტაული) ძველად სულ უძილეთ (დიდი უძილენი - სუჯაშვილთა გვარის ერთ-ერთი შტო) სათიბები ყოფილა და დღესაც უმეტესად ასეა. რუსუდან ხარაძის მიხედვით, დიდი უძილენის საოჯახო ერთობას სახნავ-სათესი მიწები გერგეტიდან მოშორებით - კობშიც ჰქონიათ (ქართული საოჯახო თემი, I, 1960). გერგეტში აღნიშნულ ტერიტორიაზე შემორჩენილია ძველისძველი, ჭაჭის ქვით (ფიქალი) ნაგები საგვარეულო საფლავთა ნაშთები. ამავე მთის დასავლეთ მხარეს, კლდოვან შვერილს, ადგილობრივები დღესაც კომპალიას უწოდებენ. ამ ადგილას უნდა არსებულიყო წინაქრისტიანული ხანის ქართული მითოლოგიიდან ცნობილი, დევებთან მებრძოლ ღვთისშვილის კოპალას ნიში-სამლოცველო.


"გერგეტის სამების საპატიო ვალდებულება იყო საქართველოს, კერძოდ მცხეთის სამკაულთა და წმინდა ნინოს ჯვარის შენახვისა ომიანობის დროს. სამების მცველებზე ხალხში გავრცელებულია ასეთი თქმულება. სამების საყდრის ყმებად ოდითგანვე სუჯაშვილები ითვლებოდნენ და ყარაულობითაც ეს გვარი ყარაულობდა ეკლესიას. ტაძრის გასაღები სოფელში ინახებოდა დეკანოზებთან. ერთხელაც ქიშტებს განუზრახავთ ეკლესიის გაძარცვა და ჩუმად მიხტომიან მცველებს. დაუჭერიათ და გაუკოჭავთ, გასაღებს თურმე სთხოვდნენ. მცველებს უთქვამთ, ჩვენ გასაღები არ გვაქვსო. დიდი წამების მერე ერთ-ერთ მცველს უთქვამს, ადით ეკლესიის სახურავზე და იქ ნახავთ სარკმელს და იქიდან ჩამოხვალთო. მართლაც, ასულან ქიშტები და უნახავთ ორი სარკმელი. ჩაუხედავთ ორივეში და დაუნახავთ ერთ-ერთში კიბის ჩრდილი. ჩასულან ამ სარკმლიდან და დახოცილან. თურმე ისეთი ნაგები ყოფილა სამება, რომ იმ სარკმელში, სადაც კიბის ანარეკლია, სინამდვილეში არაა კიბე და დაბლა დიდი ხანჯლები იყო დაგებული. ხოლო მეორე ბნელი სარკმელი კი მართლა ჩასასვლელი იყო ტაძარში. მცველების შემცვლელები რომ მოსულან, ამოუტანიათ გასაღები დეკანოზთან ერთად და ხმალ-ხანჯალზე აგებული ქურდები უნახავთ" (მთხრობელი გენო სუჯაშვილი).


გერგეტი, "სუჯაშვილების სახლი". კარის თავზე შემორჩენილია ერთმანეთზე თავებმიდებული და კუდებმოკაუჭებული ორი გველის გამოსახულება (სტეფანწმინდის ისტორიული მუზეუმი)

სუჯაშვილთა გვარის შესახებ როლანდ თოფჩიშვილი წერს: "1774 წლის აღწერით გერგეტში ყველაზე დიდი გვარი სუჯაშვილებისა იყო. 1886 წლის საოჯახო სიებით სუჯაშვილები 30 კომლს ითვლიდნენ. ეთნოგრაფიული მასალებით, სუჯაშვილები ხევის ერთ-ერთი ძირძველი მკვიდრნი არიან. აკაკი შანიძის მასალით, ხევის პირველმოსახლენი ყოფილან: ზანგიოვი, შუჯაი და ირჯეული. გადმოცემით, სუჯაშვილების გვარის წინაპარი მღვდელი ყოფილა, რომელიც ქრისტიანობას ავრცელებდა. გერგეტელი სუჯაშვილები ბარშიც გადასახლებულან, რომლებსაც გვარი შეუცვლიათ. ეთნოგრაფიული მასალებით, ბაზალეთის სოფელ ბაგაში მოსახლე ცქიმანაურების ადრინდელი გვარი სუჯაშვილი ყოფილა. მთხრობელის სიტყვით: `სუჯაშვილები ხევში თურმე მოჭარბებული ხალხი იყო. ადგილ-მამული არ ჰყოფნიდათ. ამიტომ ერთი მათგანი წამოსულა და სოფელ ბაგაში დასახლებულა, სადაც თავისი გვარი ცქიმანაურით შეუცვლია". 1781 წელს ბაზალეთში (საშაბუროს) ცქიმანაურის სამი ოჯახი მკვიდრობდა. ე.ი. ცქიმანაურ-სუჯაშვილების ხევიდან ბარში მიგრაცია XVII-XVIII საუკუნეების მიჯნაზე უნდა იყოს საგულვებელი" (ქართული გვარ-სახელების ისტორია, 2003 წ.). აქვე მსურს, აღვნიშნო, რომ არაგვის ერისთავთა გააქტიურება ხევის მიმართულებით XVII საუკუნის დასაწყისში და მისი დამორჩილების მცდელობა (რაც როგორც სჩანს, ერისთავებმა მცირე ხნით შეძლეს) აუცილებლად გამოიწვევდა დაპირისპირებასა და მიგრაციულ პროცესებს სოფელ გერგეტშიც. ანდრეზების მიხედვით, სოფელ ჯუთაში ხევსური არაბულები სწორედ ზურაბ არაგვის ერისთავის დროს არიან ჩასახლებული. სერგი მაკალათიას "ხევშიც", ყაზბეგის თემის სოფლებში მოსახლე გვარების ჩამოთვლისას, ვკითხულობთ: "ჯუთა - არაბული, წიკლაური (ხევსურებია)"; შენიშვნიდან ვიგებთ, რომ: "ჯუთასა და ართხმოში ცხოვრობენ გადმოსახლებული ხევსურები". იმავე გვარების გერგეტს მოსახლეობა ანალოგიურად მათ ხევსურეთიდან მოსულობას გვაფიქრებინებს. ეს მიზანმიმართული კამპანია იყო ხევის დასამორჩილებლად. ვვარაუდობ, ირჯეულთა და სუჯაშვილთა (შემდეგში ცქიმანაურთა) ნაწილის აყრა საკუთარი მიწებიდან და გადასახლება, უნდა უკავშირდებოდეს XVII საუკუნის ცნობილ მოვლენებს. სწორედ ამ პერიოდის ამბებს მიუძღვნა ალექსანდრე ყაზბეგმა თავისი `ხევისბერი გოჩა".


1774 წლის აღწერა


გერგეტელ საყდრისშვილთა ვინაობის დასადგენად, გარკვეულწილად დაგვეხმარება ერეკლე მეფის ბრძანებით, 1774 წელს ჩატარებული "აღწერა არაგვის ხეობისა", რომელიც ექვთიმე თაყაიშვილის რედაქტორობით დაიბეჭდა 1907 წელს ("მასალანი საქართველოს სტატისტიკურის აღწერილობისა მეთვრამეტე საუკუნეში").


აღწერაში ვკითხულობთ: "ხევის გერგეტს არაგვის ერისთვიანთგან შეწირული წმიდის სამების ყმა ამათივე სახელო". 1774 წელს სოფელში სულ 28 კომლი და 55 "თავია". აღწერა სუჯასშვილთა გვარით იწყება: "სუჯასშვილი ბერი, ძაი და ლომი, სეხნია, მათაი და გიორგი, მღვდელი იაკობ, ხახუა და ბერი, მღვდელი მარკოზ, ივანე, ბერუა და მათაი, ბერი, დავით, უძილა და რუხია, ივანე, კუთარა". სუჯასშვილები - სულ 11 კომლი, 19 თავი. ამათგან იხსენიება ორი მღვდელი. აღნიშნული ფაქტიც უმნიშვნელო არ უნდა იყოს საკითხის გამორკვევისთვის.


გერგეტშივე 1774 წელს სახლობენ "ჩიბუანთ" - ჩიბაშვილები (მამუკასშვილი - ბერი, მამუკა და გლახა; ზაქარიასშვილი - თათაი; მამუკასშვილი - გია და იოსებ; ბუსასშვილი - ნასყიდა და ბეჟან; ეღისშვილი - გიორგი; სუხასშვილი - ხახაი, მარტია და გერი). სულ 6 კომლი და 12 თავი (სოფელ ქობიდან არიან გადმოსული); იქვე, ხუციშვილები (პოვლე და ბერი; ბერი, პაპა და ნეღო; ლაზარე, გიორგი და ივანე; ბიძინა და ნია) სულ 4 კომლი, 10 თავი. იქვე, ქისტაურები (პეტიასშვილი - ქისტაური და პეტრე, პეტიასშვილი - ნასყიდა) სულ 2 კომლი, 3 თავი; იქვე, წიკლოური (ცანცუკასშვილი - ხოტა) = ეგუასშვილ (ჭოჭა, ბერი და გიორგი). სულ 2 კომლი, 4 თავი; იქვე, რანბულიშვილი (დათუნა, გელა, ქრისტესია და მაღლია), რანბული (არაბული) (პაპასშვილი - კაბილა; თვალასშვილი - პაპუა და ივანე). სულ 3 კომლი, 7 თავი.


ღირსი იოსებ ხუცესი, მოხევე, საკვირველთ­მოქმედი (†1763). ხსენების დღე 7 (20) ოქტომბერი

"მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ მღვდელი იოსებ მოხევე (სუჯაშვილი) შერაცხილ იქნა წმინდანად. წმიდა იოსებ მოხევის ხსენების დღედ 20 ოქტომბერი განაწესეს. დაიწერა მისი ხატი წარწერით: "ღირსი იოსებ მოხევე საკვირველმოქმედი". "იოსებ მოხევე გვარად სუჯაშვილი ყოფილა" (მეუფე იობი, მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი). "იოანე ბატონიშვილის (1766-1830 წწ.) ცნობით, იოსებ მოხევე "იყო ფრიად სიწმიდის მოყვარე და მემარხულე, რომელ ყოველგან განითქვა სათნოება ამისი. ესე ნებითა ღმრთისაჲთა აღვიდა მყინვარსა მთასა შინა, კაცთაგან შეუვალსა, და იხილა მუნ კარავი და აკვანი აბრაამ მამათავრისა, რომელ ჯერეთცა არავინ აღსრულ არს მთასა მას და მოართო მეფეს ირაკლის ნაჭერი კარვისა მის. და ესეცა მიიწია საზომსა სასწაულთმოქმედებისასა და ესრეთ უფლისად დაიძინა" (კალმასობა, ტომი მეორე, თბ, 1948). ხალხური გადმოცემებითაც, იოსებ მოხევე (სუჯაშვილი) ყოფილა პირველი ადამიანი, რომელმაც მყინვარწვერი დალაშქრა. იგი 1763 წელს გარდაცვლილა და დარჩენია შვილი მარკოზი. ისიც მღვდელი იყო და მსახურობდა წმიდა სამების ტაძარში. მარკოზ სუჯაშვილი ერთ კვირას მარხულობდა, უმძრახობდა, რძეში ბანაობდა და ბეთლემში ასე გაწმენდილი ადიოდაო. სავარაუდოდ, იგი 1774 წლის აღწერაში მოხსენიებული მღვდელი მარკოზი შეიძლება იყოს.


როგორც ამბობენ, სწორედ მარკოზ იოსების ძე სუჯაშვილი ყოფილა უკანასკნელი გერგეტელი საყდრისშვილი და მას მერე აქ ტრადიციული სასულიერო მოღვაწეობა აღარ გაგრძელებულა. მთავარი მიზეზი ამისა კი იყო რუსეთთან საქართველოს შეერთება და ამით გამოწვეული შედეგები. 1810-იან წლებშიც კი გერგეტში მღვდელი სფირიდონ სუჯაშვილი იხსენიება, თუმცა, როგორც ჩანს "რუსობაჩი თარხნობა გაუცუდდათ" (ილია) გერგეტის საყდრისშვილებსაც.


ვლადიმერ (ტატო) სუჯაშვილი


"ისტორიანი" .#123


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 20.03.2024
ბოლო რედაქტირება 20.03.2024
სულ რედაქტირებულია 4





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0