ყაზბეგი გიორგი ნიკოლოზის ძე (1840-1921), გენერალ-ლეიტენანტი (1907), 1905-06 ვლადივოსტოკის ციხესიმაგრის სამხედრო კომენდანტი, ოქროს ხმალი (1877);
გიორგი ყაზბეგი (დ. 1839, სტეფანწმინდა ― გ. 14 აპრილი, 1921, სტამბოლი) ― გეოგრაფი და სამხედრო მოღვაწე.
დაიბადა 1839 წელს სტეფანწმინდაში ნიკოლოზ ყაზბეგისა და სალომე დუდაროვას ოჯახში. 1867-68 წლებში იმყოფებოდა იტალიაში და გამოაქვეყნა ისტორიულ–გეოგრაფიული ნარკვევი „იტალიელები საქართველოს შესახებ“. სწავლობდა ტამბოვისა და ვორონეჟის კადეტთა კორპუსებში. სამხედრო კარიერა პორუჩიკის ჩინით დაიწყო ქართველ გრენადერთა პოლკში. 1870 წელს დაამთავრა რუსეთის არმიის გენერალური შტაბის სამხედრო აკადემია და დაინიშნა სამხედრო ინჟინერად კავკასიის არმიის გენერალური შტაბში.
1874 წელს ყაზბეგი კონსპირაციულად, სამხედრო–სადაზვერვო მისიით იმყოფებოდა ოსმალეთის იმპერიის შემადგენლობაში მყოფ უძველეს ქართულ პროვინციებში აჭარაში, შავშეთში, ჭანეთში. ამ მოგზაურობის შედეგად დაწერა ორი ვრცელი ნაშრომი „სამი თვე თურქეთის საქართველოში“ და „ლაზისტანის სანჯაყის სამხედრო–სტრატეგიული ნარკვევი“. ტბეთის ეკლესიაში აღმოაჩინა „ტბეთის სულთა მატეანე“, რომელიც მდიდარია ისტორიულ–გენეალოგიური მასალით. მოინახულა ხიხანის ციხე, ოპიზა და პარხალი. გეოგრაფიული ხასიათის ნაშრომებს ეკუთვნის „თერგის ოლქის სამხედრო–სტატისტიკური აღწერა“.
1877-1878 წლებში რუსეთ-ოსმალეთის ომის დროს გიორგი ყაზბეგი იყო ქობულეთის რაზმის შტაბის უფროსი. რაზმი ბათუმის მიმართულებით მოქმედებდა და ყაზბეგი ყველა ოპერაციაში იღებდა მონაწილეობას. ბრძოლაში გამოჩენილი სიმამაცისათვის წმინდა ანას მეორე ხარისხის ორდენით და ოქროს იარაღით დაჯილდოვდა. ბრძოლებში ორჯერ მიიღო კონტუზია და ამის გამო მეორე კლასის დაჭრილებში ჩაირიცხა. ამ ომში გიორგი ყაზბეგის გვერდში იბრძოდა მისი და ელისაბედი, პეტერბურგის სამეანო სასწავლებლის კურსდამთავრებული.
ომის დასრულების შემდეგ გიორგი ყაზბეგი ბაქოს 153-ე ქვეითი პოლკის მეთაურად დანიშნეს. პოლკი მაშინ ერზურუმში იდგა და მისი მეთაური ამ დროს ქალაქის კომენდანტადაც ითვლებოდა. 1891 წ. გიორგი ყაზბეგი გენერალ–მაიორის წოდების მინიჭებასთან ერთად ვარშავის ციხე–სიმაგრის შტაბის უფროსად დანიშნეს, შემდეგ იყო ივანგოროდის ციხე–სიმაგრის კომენდანტი. 1900 წელს გენერალ–ადიუდანტის წოდება მიანიჭეს და კვლავ ვარშავაში გადაიყვანეს ციხე–სიმაგრისა და მთლიანად გამაგრებული რაიონის კომენდანტად. 1905 წელს ხელმძღვანელობდა პორტარტურის დაცვას და შემდეგ ვლადივოსტოკის კომენდანტად გადაიყვანეს. თუმცა იმის გამო რომ ამბოხებულ ჯარისკაცებს სასტიკად არ გაუსწორდა და მშვიდობიანად მოაგვარა დაპირისპირება, მთავრობამ ლიბერალობა დასწამა და სამსახურიდან დაითხოვა.
1908 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თავმჯდომარედ. ყაზბეგმა ბაქოსა და კაკავის ფილიალებს მიანიჭა ფართო ავტონომია. იყო რუსეთის გეოგრაფიული საზოგადოების კავკასიის განყოფილების წევრი. ყაზბეგი აქტიურ საზოგადოებრივ ცხოვრებას ეწეოდა, სტეფანწმინდაში განაგრძო ძმის დიმიტრი ყაზბეგის მიერ დაწყებული საგანმანათლებლო საქმიანობა და დის – ელისაბედის თანადგომით საკუთარ სახლში გახსნა სკოლა.
ყაზბეგის მეუღლე იყო ელისაბედ ალექსანდრეს ასული მაღალაშვილი, რომელთანაც ოთხი შვილი შეეძინა: ელენე, ნიკო, კონსტანტინე და ალექსანდრე. ყაზბეგისათვის სამივე ვაჟის დაღუპვას მოესწრო. 1921 გიორგი ყაზბეგი საზღვარგარეთ წავიდა. წასვლის შესახებ რამდენიმე აზრი არსებობს: ემიგრაციაში გაჰყვა მენშევიკურ მთავრობას, ევროპაში წავიდა სამკურნალოდ, პოლონეთში წავიდა დაღუპული შვილის საფლავის საძებრად, გაჰყვა რძალს, მარინე დადიანსა დადა შვილიშვილ მარინეს გასაცილებლად. ყაზბეგი სტამბოლში გარდაიცვალა 1921 წლის 14 აპრილს და იქვეა დაკრძალული.
http://events.mematiane.ge/product-details.php?id=3976