ალბი-იერდი – IX-XVI საუკუნეების ქართული ეკლესია რუსეთის ფედერაციაში. მდებარეობს ჩრდილო–კავკასიის ფედერალურ ოლქში, ინგუშეთის რესპუბლიკაში, ჯეირახის რაიონში, მდინარე ასას მარცხენა ნაპირას, მცირე ზომის თარგმის ქვაბულში.
ჩვენამდე ეკლესიის ნანგრევებმაღა მოაღწია. გეგმით წაგრძელებული სწორკუთხა ერთნავიანი ნაგებობა ყოფილა. ღრმა, ნალისებრი მოხაზულობის აფსიდი კედლის სიბრტყეშია მოქცეული. აღმოსავლეთით და დასავლეთით მინაშენები ჰქონია: ნაგებია ფიქლითა და კირის ხსნარით. ინტერიერი შელესილია. შესასვლელი სამხრეთიდა და დასავლეთიდან აქვს. სამხრეთ კედლის სარკმელთაგან შემორჩენილია ერთი - შუა სარკმელი, რომელიც ნალისებრი მოხაზულობის სათურითაა დაგვირგვნებული. სამხრეთ კედლის ფასადზე ამოყვანილია ორი მასიური პილასტრი, მათ ზედა ნაწილში გამომწვარი ქართული აგურით გამოყვანილი თაღის საყრდენი ქუსლებია, რომლებიც, როგორც სჩანს, ამ მხარეს არსებული მინაშენის ცილინდრული კამარის თაღების საყრდენები იყო. ეკლესიის ინტერიერში შემორჩენილია მხატვრობის მკრთალი კვალი, გამოირჩევა შარავანდის მოხაზულობა და ფიგურების დეტალები. ნახატი შესრულებულია ლურჯი და მოყავისფრო საღებავებით.
მარიამ როსებიშვილი