სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10555

მთავარი იუბილარი/ ხსენება

გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი /Генералы/Generals
გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი
ზურაბ გიორგის ძე ნათიშვილი (1869-1937) რუსეთის გენერალი აჭარა

1869-1937 წწ. გარდ. 68 წლის

ბმულის კოპირება

გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი

გვარი ნათიშვილი სია

გამოჩენილი ადამიანები სრული სია

31       ბეჭდვა

ზურაბ გიორგის ძე ნათიშვილი (1869-1937) რუსეთის გენერალი აჭარა

ზურაბ გიორგის ძე ნათიშვილი დაიბადა 1869 წლის 20 აგვისტოს. დაამთავრა ჯერ ტფილისის კადეტთა კორპუსი,


შემდგომ კი ელიზავეტგრადის იუნკერთა საკავალერიო სასწავლებელი და სანკტ-პეტერბურგის საოფიცრო-საკავალერიო სასწავლებელი. მის ბიოგრაფიაში ნახსენებია საარტილერიო სასწავლებლის და აკადემიის დამთავრებაც მაგრამ, სწავლის წლები პირდაპირ ემთხვევა ხსენებული - ალექსანდრე ნათიშვილის ყოფნას საარტილერიო სასწავლებელში, ამიტომ სავარაუდოდ ეს ინფორმაცია არაზუსტია. ზურაბ ნათიშვილის კავალერისტობას სხვა რამდენიმე წყაროც ადასტურებს. იგი მონაწილეობდა პირველ მსოფლიო ომში და 1918 წელს გენერალ-მაიორის წოდებაც მიღო. ომის დამთავრების შემდეგ მსახურობდა ჯერ უკრაინის შეიარაღებულ ძალებში, მოგვიანებით კი რუსეთის მოხალისეთა არმიას შეუერთდა. მისი გარდაცვალების თარიღი დანამდვილებით ცნობილი არ არის. რუსულ და უკრაინულ წყაროებში ოთხი ვერსია განიხილება: პირველი ვერსიით ის 1919 წელს დაიღუპა უკრაინაში აღლუმზე ნაღმის აფეთქების შედეგად. მეორე ვერსიით ის ბათუმში დაიღუპა 1919 წელს წითელ არმიასთან შეტაკებისას, თუმცა გამომდინარე იქედან რომ ამ დროს წითელი არმია ბათუმში ვერ იქნებოდა შეგვიძლია ჩავთვალოთ რომ ვერსია თავიდან ბოლომდე მცდარია და ის ავტორს კვლავ ალექსანდრე ნათიშვილში ერევა, ხოლო მესამე და მეოთხე ვერსიებით ის პარიზში ემიგრაციაში გარდაიცვალა 1937 წლის 30 ივლისს, რასაც რუსი ემიგრანტი და სამხედრო ისტორიკოსი გიორგი ტანუტროვიც ადასტურებს და მასთან შეხვედრასაც იხსენებს, ამიტომ ეს ვერსია გაცილებით დამაჯერებელია და შეგვიძლია ჩავთვალოთ რომ ზურაბ ნათიშვილს არავითარი კავშირი არ აქვს ბათუმში მოკლულ გენერალ ნათიშვილთან.


http://archive.ge/ka/blog/57


2018-09-15


ავტორი : დავით ხვადაგიანი დაბ. 1985 წელი, ქუთაისი

თეთრი ემისრის ბოლო გასეირნება ბათომში

„ ...საღამოს 8 ნახევარ საათზე გენერალი მიდიოდა ზღვის პირას, საქალაქო ბულვარის უკანა ხეივანში, მასთან იყვნენ მისი ცოლი და ადიუტანტი. უეცრივ ბუჩქებიდან გამოვიდა უცნობი და დაიწყო მაუზერის სროლა. როცა გენერალი დაეცა, კიდევ რამდენჯერმე ესროლა ტყვია. სულ 11-ჯერ გაისროლა ტყვია. ამათში ექვსი ტყვია მოხვდა გენ. ნათიშვილს და სამი ტყვიით მოჰკლა ადიუტანტი ფილიპოვი. ნათიშვილს ჭრილობანი ჰქონდა გულში, მკერდზე და სახეზე. ათი ტყვია რომ გაისროლა მკვლელმა, გამოსცვალა „აბოიმა“. მაუზერი მკვლელმა იქვე დააგდო. შემთხვევით ერთი ტყვიით დაჭრილა ვინმე გამვლელი (იტალიელი, სამოქალაქო პირი) სროლის შემდეგ რომ მოგროვდა ხალხი, ორივე მოკლული ნახეს. მკვლელის ნიშან-წყალი ჩაიყლაპა. იმ ღამეს მილიცია და ინგლისელების პატრულები გაფაციცებით ეძებდნენ მკვლელს, მაგრამ კვალს ვერ მიაგნეს. კვირას ივნისის 29-სთვის დანიშნული იყო ამავე ბულვარზე ყულაბებით ფულის შეგროვება ნათიშვილის კორპუსის სასარგებლოდ, მაგრამ მკვლელობის გამო იგი გადაიდო.

(В. Г)“

1919 წლის ივლისის დასაწყისში, საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში გამომავალ რუსულენოვან გაზეთ „Кавказское слово“-ს ბათუმელი კორესპონდენტის გადმოცემული ეს მოულოდნელი ინფორმაცია მთელ ქართულ პრესას მოედო - არ დარჩენილა გამოცემა, რომელსაც ბათუმში მყოფი „დენიკინის აგენტი ნათიევის“ მკვლელობა არ გაეშუქებინა, თუმცა შემდგომში განვითარებული მოვლენებისა და სხვა მიზეზების გამო მალე იგი ყველამ მიივიწყა. მიივიწყა იმდენად, რომ დღეისათვის არამარტო მკვლელობის მოტივებია ბუნდოვანი, არამედ მოკლული გენერალი ნათიშვილის ვინაობაც კი გამოურკვეველია - ბათუმელი კორესპონდენტის გადმოცემული დეტალურად აღწერილი მკვლელობის ფაქტი კი საუკუნის განმავლობაში ბიბლიოთეკის საცავებში ჩაიკარგა.

ბათუმი, 1910-იანი წლები. სერგეი პროკუდინ-გორსკის ფოტო. კონგრესის ეროვნული ბიბლიოთეკა.

"შავი გენერლის" მუქარა

1919 წელი გენერალ დენიკინის მოხალისეთა არმიისთვის იმედისმომცემად დაიწყო, მათ წარმატებით შეძლეს ჩრდილოეთ კავკასიის დამოუკიდებელი მთიელთა რესპუბლიკის ჩაყლაპვა და ჩრდილოეთ კავკასიაშივე მყოფი წითელი არმიის ნაწილების განადგურება. დენიკინი მოსკოვზე შეტევისთვის ემზადებოდა, მას იმედი ჰქონდა რომ დიდი ბრიტანეთი კიდევ უფრო გაზრდიდა მისდამი მხარდაჭერას და ბრიტანელებისავე კონტროლირებად ბათუმის ოლქს და პორტს იმედის თვალით უყურებდა, თუმცა ვერ გაეგო რატომ საკადრისად არ სჯიდნენ ბრიტანელები გერმანიის ყოფილ მოკავშირე ქართველებს და ზოგჯერ მათ სასარგებლო გადაწყვეტილებებსაც კი იღებდნენ. ამიერკავკასიის დამოუკიდებელი სახელმწიფოების არსებობა დენიკინისთვის მიუღებელი რეალობა იყო და დიდი შეტევის წინ მათ ზურგში ხელუხლებლად დატოვებას არ აპირებდა, თანაც ქართველ სოციალ-დემოკრატებთან მას ძველი ანგაიშები ჰქონდა გასასწორებელი, რადგანაც 1917 წლის თებერვლის რევოლუციის გამო მათ რუსეთის დამღუპველებად თვლიდა.

მდგომარეობის გამწვავება სოჭის მხრიდან დაიწყო: 29 იანვარს მოხალისეთა არმიის წარმომადგენლებმა ჯერ ულტიმატუმი წაუყენეს ქართულ ნაწილებს და ადმინისტრაციას ოლქი დაეტოვებინათ, ხოლო შემდგომ ძლიერი შეტევით ქართველი ჯარისკაცები და გვარდიელები აიძულეს ბზიფამდე დაეხიათ უკან, თუმცა აპრილის შუა რიცხვებში სახალხო გვარდია, რომელსაც პირადად გვარდიის სარდალი ვალიკო ჯუღელი მიუძღოდა წინ, კონტრშეტევით გაგრას იბრუნებს და შემდგომ მდინარე მეხადირიც უკან მოიტოვეს. გართულებულ საქმეში ბრიტანელები ჩაერთვნენ და ყველა მხარე მოლაპარაკების მაგიდას მიუჯდა. დენიკინისთვის გაწელილი მოლაპარაკებები და აფხაზეთის მცირე ნაწილის მისაკუთრების პერსპექტივა არაფრისმომტანი იყო და კვლავ მოქმედებაზე გადავიდა. მან ყურადღება ბაქოსა და ბათუმზე გადაიტანა და ამ ქალაქების მიმართულებით დაიწყო სამხედრო ძალების კონცენტრაცია, რომ ამიერკავკასიის სტრატეგიული დერეფნის ორი მთავარი საპორტო ქალაქის ხელში ჩაგდებით საბოლოოდ დაესვა წერტილი მოწინააღმდეგეებისათვის. 1919 წლის 15 ივნისს სოციალ-ფედერალისტთა პარტიის გაზეთ „სახალხო საქმე“-ში დამფუძნებელი კრების წევრი სამსონ ფირცხალავა წერდა:

„დენიკინი გარკვეულის გეგმით და სისტემატიურად მუშაობს. იგი მიისწრაფის ბაქოსა და ბათომისკენ, რომ ორივე მხრიდან შემოუტიოს და ამოახრჩოს საქართველოს თავისუფლება, გაამეფოს აქ რევოლუციის ნანგრევებზე რუსული ბიუროკრატია, მეფის მათრახი, როცა ამ რამდენიმე დღის წინად ცნობა იყო დენიკინის ჯარი ბაქოს დასაპყრობად ემზადებაო, ჩვენ ვსთქვით, რომ ეს გამოლაშქრება ეპიზოდური მოვლენა არაა, რომ აქაა გადასაწყვეტი დიდი ისტორიული დავა რუსეთსა და ამიერკავკასიას შორის, რომ დენიკინი იქნება თუ სხვა, აუცილებელია საქართველოს შეტაკება რუსეთთან თავის სახელმწიფოებრივი არსებობის შესანარჩუნებლად. დღესაც ეს უნდა გავიმეოროთ გადაჭრით.“

დენიკინის გეგმებს მალე ბათუმში მისი წარმომადგენლის - გენერალი ნათიშვილის გააქტიურება მოჰყვა, რომელიც იქ 1919 წლის მარტში მიავლინეს. ამას, უკვე მაისში დენიკინის არმიის შტაბის უფროსის გენერალი ივან რომანოვსკის ვიზიტიც დაემატა, რომელსაც ნათიშვილის გაწეული მოსამზადებელი სამუშაოები უნდა შეეფასებინა და ადგილიდანვე ეხელმძღვანელა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის წინააღმდეგ დაგეგმილი ოპერაციებისთვის.

გენერალი ნათიშვილი


საქართველოს უახლეს ისტორიას ოთხი ნათიშვილის სახელი შემორჩა რომლებიც 20-ე საუკუნის პირველ ნახევარში ცნობილი იყვნენ ფართო საზოგადოებისათვის:

ყველაზე ცნობილი - ექიმი და მეცნიერი ალექსანდრე ნათიშვილი იყო - იგი 1959 წელს გარდაიცვალა თბილისში; მისი ბიოგრაფია კარგადაა ცნობილი რაც მის ყოველგვარ კავშირს გამორიცხავს ბათუმის ამბებთან და სამხედრო სამსახურთან.

მეფის რუსეთის არმიის გენერალ-მაიორი და სამხედრო ისტორიკოსი დავით სოფრომის-ძე ნათიშვილი - 1859 წელს იყო დაბადებული და 1940 წელს გარდაიცვალა საქართველოში, თანაც პირველი მსოფლიო ომის და რევოლუციის შემდგომ მოვლენებში მონაწილეობა არ მიუღია და ამიტომაც იგი თავიდანვე უნდა გამოირიცხოს.

დანარჩენი ორი - ასევე მეფის რუსეთის არმიის გენერლები, ზურაბ და ალექსანდრე ნათიშვილები (ნათიევები) ფაქტობრივად გამოცანად არიან ქცეული რუსი და უკრაინელი მკვლევარებისთვის. მათი ბიოგრაფიები ისე ჰგავს ერთმანეთს, ზოგიერთ წყაროში ისინი ერთ პიროვნებადაც კი არიან გამოყვანილი, ზოგგან კი მათი ბიოგრაფიული დეტალები ერთმანეთშია არეული, მაგრამ წყაროების სიმრავლის და ფაქტების გაანალიზების საფუძველზე მათი ბიოგრაფიების დაზუსტება მაინც შესაძლებელია:

ზურაბ გიორგის ძე ნათიშვილი დაიბადა 1869 წლის 20 აგვისტოს. დაამთავრა ჯერ ტფილისის კადეტთა კორპუსი, შემდგომ კი ელიზავეტგრადის იუნკერთა საკავალერიო სასწავლებელი და სანკტ-პეტერბურგის საოფიცრო-საკავალერიო სასწავლებელი. მის ბიოგრაფიაში ნახსენებია საარტილერიო სასწავლებლის და აკადემიის დამთავრებაც მაგრამ, სწავლის წლები პირდაპირ ემთხვევა ხსენებული - ალექსანდრე ნათიშვილის ყოფნას საარტილერიო სასწავლებელში, ამიტომ სავარაუდოდ ეს ინფორმაცია არაზუსტია. ზურაბ ნათიშვილის კავალერისტობას სხვა რამდენიმე წყაროც ადასტურებს. იგი მონაწილეობდა პირველ მსოფლიო ომში და 1918 წელს გენერალ-მაიორის წოდებაც მიღო. ომის დამთავრების შემდეგ მსახურობდა ჯერ უკრაინის შეიარაღებულ ძალებში, მოგვიანებით კი რუსეთის მოხალისეთა არმიას შეუერთდა. მისი გარდაცვალების თარიღი დანამდვილებით ცნობილი არ არის. რუსულ და უკრაინულ წყაროებში ოთხი ვერსია განიხილება: პირველი ვერსიით ის 1919 წელს დაიღუპა უკრაინაში აღლუმზე ნაღმის აფეთქების შედეგად. მეორე ვერსიით ის ბათუმში დაიღუპა 1919 წელს წითელ არმიასთან შეტაკებისას, თუმცა გამომდინარე იქედან რომ ამ დროს წითელი არმია ბათუმში ვერ იქნებოდა შეგვიძლია ჩავთვალოთ რომ ვერსია თავიდან ბოლომდე მცდარია და ის ავტორს კვლავ ალექსანდრე ნათიშვილში ერევა, ხოლო მესამე და მეოთხე ვერსიებით ის პარიზში ემიგრაციაში გარდაიცვალა 1937 წლის 30 ივლისს, რასაც რუსი ემიგრანტი და სამხედრო ისტორიკოსი გიორგი ტანუტროვიც ადასტურებს და მასთან შეხვედრასაც იხსენებს, ამიტომ ეს ვერსია გაცილებით დამაჯერებელია და შეგვიძლია ჩავთვალოთ რომ ზურაბ ნათიშვილს არავითარი კავშირი არ აქვს ბათუმში მოკლულ გენერალ ნათიშვილთან.

გენერალი ზურაბ ნათიშვილი.

რაც შეეხება გენერალ - ალექსანდრე ნათიშვილს: ის 1873 წლის 16 ივნისს დაიბადა ბათომის ოლქში. 1894 წელს დაამთავრა კონსტანტინოვის საარტილერიო სასწავლებელი და შემდეგ მიხაილოვის საარტილერიო აკადემია. მსახურობდა თურქესტანის პირველ საარტილერიო ბრიგადაში, შემდეგ იყო უკრაინის ტერიტორიაზე განლაგებული მე-4-ე საარტილერიო ბრიგადის და მე-6-ე მძიმე სამორტირო დივიზიონის მეთაური. 1917 წლის ბოლოს მიიღო გენერალ-მაიორის წოდება. მსახურობდა უკრაინის შეიარაღებულ ძალებში და ცენტრალური რადის მიერ არტილერიის ინსპექტორადაც იყო დანიშნული. იგი 1918 წლის დეკემბერში დააპატიმრეს უკრაინის ჰეტმან პავლო სკოროპადსკის ბრძანებით, მაგრამ მალე გაათავისუფლეს და შემდეგ იგი გენერალ დენიკინის მოხალისეთა არმიაში გადავიდა, სადაც ნათიშვილი ჩრდილოეთ კავკასიის მოხალისეთა არმიის ფორმირებების ინსპექტორად დანიშნეს. ალექსანდრე ნათიშვილი 1919 წლის მარტში ბათუმში მიავლინეს -„ამიერკავკასიის მკვიდრთა კორპუსის“ შესადგენად და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებების მოსამზადებლად. აქედან გამომდინარე შეგვიძლია დაზუსტებით ვთქვათ რომ 1919 წლის 28 ივნისს ბათუმში გენერალი ალექსანდრე ნათიშვილი მოკლეს, რასაც 1919 წლის 2 ივლისის „кавказское слово“-ს სტატია „убiство ген. А.В НАТIЕВА“-ც ადასტურებს და მოხალისეთა არმიის სარდლობისადმი გაგზავნილი საიდუმლო მოხსენებებიც, სადაც იგი ხელს აწერს როგორც არტილერიის გენერალი ნათიევი. წყაროების არარსებობის გამო შეუძლებელია ვთქვათ იყო თუ არა ზურაბ და ალექსანდრე ნათიშვილებს შორის რაიმე ნათესაური კავშირი, მაგრამ ზოგიერთ წყაროში ალექსანდრეს მამის სახელადაც გიორგი არის მითითებული და აქაც უნდა ვივარაუდოთ რომ, მისი ბიოგრაფიული დეტალები ზურაბ ნათიშვილის ბიოგრაფიაშია არეული ან წინააღმდეგ შემთხვევაში გაზეთში არის მამის სახელის ინიციალი შეცდომით დაბეჭდილი.


ალექსანდრე ნათიშვილი და მიშა ერისთავი. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, "ივერიელი", სიმონ ჯანაშიას კოლექცია.

"თეთრების" აჭარული გეგმები

გენერალი ნათიშვილი ჩამოსვლისთანავე მონდომებით შეუდგა რუსული გეგმების განხორციელებას „ამიერკავკასიის მკვიდრთა კორპუსის“ შესადგენად. მან საიდუმლო კავშირები გააბა თბილისთან, საქართველოს სხვა რეგიონებთან და მის კორპუსში ძირითადად თბილისში მცხოვრებმა საქართველოს ხელისუფლებით უკმაყოფილო რუსულმა და სომხურმა ელემენტებმა იწყეს დენა. თუმცა, დღევანდელი გადასახედიდან როგორ გასაკვირადაც არ უნდა ჩანდეს, აღმოჩნდა, რომ საქართველოს ხელისუფლებას ამომწურავი ინფორმაციები ჰქონდა ნათიშვილისა და რომანოვსკის საქმიანობის შესახებ. რუსი სამხედრო ისტორიკოსი და ჟურნალისტი ნიკოლაი კირმელი თავის წიგნში „белогвардейские срецслужбы в гражданской войне. 1918-22 гг“ წერს, რომ 1919 წლის მარტში ქართულ მხარეს ხელში ჩაუვარდა მოხალისეთა არმიის მთავარი შტაბის სრულიად საიდუმლო დოკუმენტები, რომლებიც შტაბის უფროსის ივან რომანოვსკის მიმოწერას და მნიშვნელოვან სადაზვერვო ინფორმაციებს მოიცავდა და მათი გაჟონვის შესახებ რუსებმა მხოლოდ მას შემდეგ გაიგეს, რაც ქართულმა მხარემ ამ დოკუმენტების პრესაში გამოქვეყნება დაიწყო - 1919 წლის ივლისის შუა რიცხვებიდან. როგორც ქართულ პრესაში შემონახული საიდუმლო მიმოწერის თარიღებიდან ჩანს, ქართულ მხარეს ეს მისთვის ძალზედ საჭირო ინფორმაციები ერთჯერადად არ მიუღია და ნათიშვილის ჩამოსვლიდან მის მკვლელობამდე მუდმივად იღებდა მოხალისეთა შტაბის სრულიად საიდუმლო დოკუმენტაციას და ნათიშვილის თუ რომანოვსკის მოხსენებები მოხალისეთა სარდლობისადმი საქართველოს ხელისუფლებისათვის მუდმივად ცნობილი იყო.


გენერალ ანტონ დენიკინის (ზის ცენტრში) საგანგებო სათათბირო, მარცხნივ ზის - ივან რომანოვსკი. ტაგანროგი, 1919 წ.

რუსული გეგმების გასაცნობად, მრავალფეროვანი მასალებიდან მაინც ყველაზე საინტერესო 1919 წლის 31 მაისით დათარიღებული ივან რომანოვსკის 14 პუნქტიანი N 53 მოხსენებაა, რომელიც მას ცნობილი რუსი დიპლომატის ალექსანდრ ალექსანდრეს ძე სავინსკის ხელით გაუგზავნია ცენტრში და უკვე 13 ივლისს სრული სახით გამოაქვეყნეს ქართულმა გაზეთებმა „ერთობამ“, „საქართველომ“ და „სახალხო საქმემ“, ხოლო 15 ივლისს „საქართველოს რესპუბლიკამ“. რომანოვსკი წერდა:

„ვსარგებლობ რომ ბათომზე გამოიარა ა.ა სავინსკიმ რომელთანაც ხანგრძლივი საუბარი მქონდა ბათომის ოლქის პოლიტიკური მდგომარეობის შესახებ და ამასთანავე გაცნობებთ თქვენო აღმატებულებავ მოსაზრებებს ბათომისა და მისი ოლქის შესახებ. ამასთანავე ვთხოვე ა. სავინსკის რომ, ჩემი მოკლე მოხსენება მან შეავსოს პირადი დაწვრილებითი მოხსენებით. ბათომისა და მის ოლქში რუსეთის პოლიტიკური გავლენის გასაძლიერებლად საჭიროა ეხლავე დაწყება მუშაობისა რისთვისაც საჭიროა შემდეგი:


1) მოეწყოს წესიერი აღებ მიცემობა ბათომისა და მოხალისეთა არმიასთან, უპირველესად საჭიროა მცხოვრებთა უზრუნველყოფა სურსათითა და ფურაჟით. (რეზოლუცია გენ. დრაგომიროვისა: „სურსათი“.) ამისთვის კარგი იქნებოდა მოეწყობოდეს სამხრეთ რუსეთის სამხედრო წარმომადგენელთან ბიურო ან დაინიშნებოდეს საამისო რწმუნებული. (რეზოლუცია მთავარსარდლისა: „ამას ინგლისელები აკეთებენ ვფიქრობ გაგვიძნელდება“).

2) საჭიროა მოწესრიგება გემთა, ტელეგრაფის და ფოსტის ურთიერთობებისა (გენ. დრაგომიროვის რეზოლუცია; „ვაჭრობა-მრეწველობა“).

3) გაადვილება ბათომიდან გასვლისა მოხალისეებთან და იქედან ბათომში (რეზოლ. დრაგომიროვისა: „შინაგანი საქმე“).

4) მოეწყოს ბანკის ოპერაციები ჩრდილოეთ კავკასიასა და ბათომს შორის.

5) დაწესდეს ვალუტის ერთიანობა რაიც უეჭველად მოკლავს ქართულ ბონებს, რომელნიც შეუჩერებლივ და სწრაფად ეცემიან ფასში( ჩემს აქ ერთი თვის ყოფნის დროს ისინი დაეცნენ 1400 მ. 1700 მანეთამდე, კერენსკის ათას მანეთზე). (ამ ორთავე მუხლს აქვს გენ. დრაგომიროვის მინაწერი: „ფინანსები“).

6) ყოველი საშუალებით უნდა დავეხმაროთ აქაურ რუსულ გაზეთ „ნაშ კრაის“ და არ დავიშუროთ სახსარი, რომ გამოვიდეს სამ ენაზე: რუსულად, თურქულად და ქართულად. საჭიროა მისი მინიმუმამდე გაიაფება და იმის მოხერხება რომ, კვირაში ერთხელ მაინც გამოვიდეს სურათებიანი დამატებით.

7) საჭიროა ძლიერი ბრძოლა ქართველების პროპაგანდასა და მათ მტაცებელ სურვილებთან. უნდა გვახსოვდეს რომ, მათი გავლენა ბევრად უფრო საშიშია ბათომის ოლქში რუსის საქმისთვის, ვიდრე ოსმალებისა. იგი არამცთუ ხრწნის ზნეობრივად მცხოვრებლებს და ხელს ჰკრავს სოციალისტურ, ბოლშევიკურ ანარქიისკენ, არამედ განსაკუთრებით მტრულად არის განწყობილი ყოველგვარ რუსულთან. ოლქის მუსულმანური მცხოვრებნი თითქმის სულ ქართველების ჩამომავალნი არიან, მაგრამ აქამდე თუ უმცირესობას არ მივიღებთ მხედველობაში, მცირედ გამონაკლისს, არამც თუ საქართველოსკენ არ იწევიან, არამედ პირიქით სძულთ თავიანთი მოძმეები, ეს მტრობა აიხსნება როგორც სარწმუნოების სხვადასხვაობით, ისე წინანდელი სიძულვილით რომელსაც, ოსმალეთი მათში აღვივებდა თავისი ბატონობის დროს და სარგებლობდა აჭარლებით, როგორც საქრისტიანო საქართველოს საზღვარზე აღმართული კედლით. აჭარლებს ჰგონიათ რომ, ქართველებთან შეერთება დაასუსტებს მათს სარწმუნოებას, შემდეგ სულ მოსპობს მას და დაანგრევს მათ პატრიარქალურ ცხოვრებას. რუსეთის გავლენისა მათ არ ეშინიათ და ამით უნდა ვისარგებლოთ.

8) ქართველებთან ბრძოლის გასაადვილებლათ საჭიროა ქადაგება აჭარლებში იმისა რომ, რუსეთი არ მომკვდარა, იგი სწრაფის ნაბიჯებით აღორძინდება და ისევ ძლიერი იქნება როგორც წინათ. აჭარლებში საამისო მუშაობისთვის საჭიროა ძლიერი დახმარება გავლენიან პირთადმი, საჭიროა მათი მიღება და ჯამაგირის მიცემა ვისაც რაიმე სამხედრო ხარისხი აქვს. საჭიროა აგრეთვე დავეხმაროთ რამდენიმე გავლენიან ხოჯას. (ყველა პუნქტს აქვს მინაწერი გენ. დრაგომიროვისა: „პროპაგანდა“).

9) აუცილებელია ბათომსა და მის ოლქში ჩაყენება მოხალისეთა ჯარისა, თუნდ არა უმეტეს 3-4 ბატალიონისა, დიდძალ ტყვიისმფრქვევლებითა და შეიარაღებით.

10) საჭიროა გარკვევით მოველაპარაკოთ ინგლისელებს, რუსის გავლენას დაეხმარონ და იძულებული არ ჰყონ, როგორც ახლა, რუსებმა იმუშაონ თითქმის არალეგალურად. ამასთან მდგომარეობა შეურაცმყოფელია „აღდგენილ რუსეთისათვის“ თუ ინგლისს გულწრფელად ჰსურს რუსეთის ხსნა ბოლშევიკურ გახრწნილებისაგან, იგი უნდა სცდილობდეს აშკარად გაატაროს რუსეთის სახელმწიფოებრიობის აღდგენის პოლიტიკა. (ამ ორ მუხლს აქვს მინაწერი მთავარსარდლისა; „ჯერ ეს ძნელი იქნება“).

11) აუცილებელია ბათომში ჩვენი წარმომადგენლობის კარგად მოწყობა როგორც ფულის და პირადი შემადგენლობის, ისე გადასაყვან-გადმოყვანის საშუალებით. (რეზოლუცია მთავარსარდლისა; „იყავით თავდაბლად, მორალური გავლენა-პომპეზობა არაა საჭირო“).

12) ინგლისელებს უნდა მოვსთხოვოთ რომ ჩვენი ერთი წარმომადგენელი მიღებული იყოს ოლქის მმართველ ორგანოში, აგრეთვე უფლება გვქონდეს ზოგი ერთ ინგლისელ თანამდებობის პირთა უარყოფისა, რომელნიც რუსეთის მიზნებს არ ემსახურებიან.

13) საზოგადოდ უნდა მოვაგვაროთ საქმე ისე რომ, შეიცვალოს ინგლისელების დამოკიდებულება რუსეთის საქმესთან: ქართველების გავლენას ისინი აშკარად მხარს უჭერენ, ხოლო რუსებს აშკარადვე არ თანაუგრძნობენ.

14) საჭიროა მომეცეს ფული არანაკლებ 100-150 ათასისა აქ პოლიტიკური მუშაობის კარგად დაყენებისთვის, თუ პრინციპულად დაეთანხმებით ფულის მოცემას მე წარმოვადგენ დაწვრილებით ხარჯთაღრიცხვას ამის შესახებ. (მთავარსარდლის მინაწერი: „საჭიროა პროგრამა და ხარჯთაღრიცხვა“). ნამდვილს ხელს აწერს; გენერალ-მაიორი რომანოვსკი. მთავარსარდლის რეზოლუცია: „დანარჩენ მუხლებს ვადასტურებ“. სწორე: საპოლიტიკო კანცელარიის უფროსი, გენერალური შტაბის პოლკოვნიკი (გვარია).“

დღეისათვის რთული სათქმელია როგორ შეძლო ქართულმა მხარემ ამ სასიცოცხლო მნიშვნელობის ინფორმაციების მოპოვება, მაგრამ ფაქტია, რომ მათ ცნობებს მოხალისეთა არმიის სამეთაურო-საშტაბო რგოლში მყოფი პიროვნება აწვდიდათ, რომელსაც საიდუმლო დოკუმენტაციასთან ჰქონდა დაშვება.


გენერალი აბრამ დრაგომიროვი.

ასევე საინტერესოა, ეს ცნობები სამხედრო ხაზით იყო მოპოვებული, თუ პარტიული ნაცნობობის ქსელის გამოყენებით? ქართველი სამხედრო მაღალჩინოსნები ბევრ რუს გენერალს იცნობდნენ პირადად ვინც მაშინ დენიკინის ახლო გარემოცვაში იყვნენ და ასევე ამ დროსათვის, ქართველ სოციალ-დემოკრატებს საკმაოდ კარგად ქონდათ აწყობილი იმპერიის ყოფილ ტერიტორიაზე ინფორმაციის მოპოვების ალტერნატიული არხები, როგორც ეს 1920 წლის შემოდგომაზე მოხდა, როდესაც ქართველმა სოციალ-დემოკრატებმა შეძლეს ბაქოში, ხელში ჩაეგდოთ საბჭოთა რუსეთის მე-11-ე არმიის საბრძოლო გეგმა. თუმცა როგორც არ უნდა ყოფილიყო ეს ცნობები მიღებული, ფაქტი ერთია რომ, ის დიდ გამარჯვებად იქცა ქართული სახელმწიფოსთვის.


გენერალი ნათიშვილის მკვლელობის შემდეგ უმეთაუროდ დარჩენილი, ინგლისურ სამხედრო ფორმებში გამოწყობილი მისი კორპუსი, რომელიც ქობულეთში იდგა, უკვე 250 მებრძოლს ითვლიდა და ყოველდღიურად იზრდებოდა, 6 ივლისს გემით ოდესაში გადაიყვანეს, ხოლო 16 ივლისს ივან რომანოვსკიმაც დატოვა ბათუმი და რუსეთში გაემგზავრა.

ვინ მართავდა უცნობ „მაუზერისტს“?



1919 წლის ივნისიდან მოყოლებული, ქართულმა პრესამ გენერალ ნათიშვილზე ნამდვილი იერიში დაიწყო. მისი მოქმედებები უკვე ღიად ჩანდა და საპასუხო რეაქციებიც არ აყოვნებდა:

„ ...გენერალი ნათიშვილი, ძმები ერისთავები, ოფიცრები; დადიან-ახვლედიანი და სხვა, აი ის მახინჯნი, უღირსნი შვილნი საქართველოსი, რომლის სახელებიც შავი ასოებით შავ დაფაზე იქნება შეტანილი. ჩვენ მოვითხოვთ ვისგანაც ჯერ არს ყურადღება მიაქციონ ამ ვაჟბატონებს, არავითარ შებრალებას, არავითარ სენტიმენტალობას არ უნდა ექნეს ადგილი მოღალატეების მიმართ.“ იწერებოდა ჟურნალ-გაზეთებში.

23 ივნისს კი დამფუძნებელი კრების სხდომაზე სოციალ-ფედერალისტმა სიმონ მდივანმა, რომელსაც წარსულში ბათუმთან წლების მუშაობა აკავშირებდა, თავისი ვრცელი მოხსენება, რომელიც აჭარაში შექმნილ მდგომარეობას ეხებოდა შემდეგი სიტყვებით დაასრულა:

„რასაკვირველია ჩვენ ამით არ გვინდა აგრესიული ნაბიჯი მოვსთხოვოთ მთავრობას მაგრამ, ერთი კი უნდა გულახდილად ვსთქვათ; ის მთავრობა რომელიც, არ მიიღებს ყოველგვარ ზომებს, ის მთავრობა თავის ადგილზე ვერ დარჩება, ის დამფუძნებელი კრება რომელიც, დაჰკარგავს ბათომს, არ იქნება დამფუძნებელი კრება და ისტორიის წინაშე დამნაშავე შეიქმნება.“

24 ივნისს გაზეთ „ერთობაში“ დაიბეჭდა აპ. წულაძის სტატია „მოღალატენი ბათუმში“ სადაც წერდა:

„გაზეთებიდან, დამფუძნებელი კრების ანგარიშიდან და კერძო ცნობიდან უკვე ვიცით, რომ დენიკინის რაზმში გამოჩნდნენ საქართველოს რესპუბლიკის უღირსი შვილები-იუდები, რომლებიც შავ გენერალს თავის ქვეყნის ასაოხრებლად წინ მოუძღვიან. ჯერჯერობით ამ რაზმში არიან: გენერალ-მაიორი ნათიშვილი, პოლკოვნიკი ძმები ერისთავები (იმერეთიდან), აფიცრები: დადიანი, ახვლედიანი და გურიაში კარგად ცნობილი, ტოლმაჩევის მიერ ნაკურთხი პორუჩიკი დიმიტრა მგელაძე. ბათუმლებმა კარგად იციან იმისი სახელ-გვარიც თუ რომელმა ავანტიურისტმა ქართველმა შეუწყო ხელი ნათიშვილის შავ ზრახვებს და მის კარგად დაბინავებას. ყველა ეს ჯერ ყვავილია, ნაყოფი მერე იკითხეთ, თუ დენიკინს დარი დაუდგა, შემოტევა დაიწყო, ჩვენს ტერიტორიაზე შემოიჭრა. ამისთვის ჩვენმა მთავრობამ ახლავე უნდა მიიღოს ყოვლად სასტიკი ზომები, ზომა სამაგალითო და ყველას დამფრთხობი.“


თუმცა საინფორმაციო დუელი არც 28 ივნისის სისხლიანი საღამოს შემდეგ დასრულებულა, 1919 წლის 5 ივლისს გაზეთ „ერთობაში“ სტატია „ბათუმის პროვოკატორები“ რომელსაც ხელს „განი“ აწერდა მომხდარ ამბავზე ირონიულად შენიშნავდა:

„რუსეთის რეაქციონერებს საქართველოს არსებობა მოსვენებას არ აძლევს და მისი სისხლში ჩაღრჩობა პირველ რიგში დაუსვამთ. ისინი მოუთმენლად ელოდნენ იმ დღეს როდესაც ბათუმში გაძლიერდებოდა ის კორპუსი, რომელიც - „ერთ დღეს მარშით ესტუმრებოდა თბილისს, ერევნის მოედანზე გილიოტინას დასდგამდა და საქართველოს მთავრობის წევრების თავებს ხიშტზე აგებულს დენიკინს მიართმევდა.“ - მაგრამ დახეთ ბედს ... მოჰკლეს გენერალი, რომელსაც ეს მისია ჰქონდა დაკისრებული და რომლის ასეთი დიდი იმედი ჰქონდათ, ამიტომ რა გასაკვირია რომ, „ნაშ კრაი“ და მის გარშემო თავმოყრილი შავრაზმელები ამ მკვლელობასაც საქართველოს დასამხობად იყენებენ და ყოველგვარ საშუალებას ხმარობენ მომხდარი მკვლელობის ნიადაგზე ინგლისის სარდლობას აქტიური ნაბიჯები გადაადგმევინონ ჩვენს წინააღმდეგ. „ნაშ კრაი“ ყველა ნომერში იმეორებს; გენ. ნათიევი წარმომადგენელი იყო „დიდი რუსეთის.“ ის იყო იმ ქალაქში სადაც ფრიალებს ინგლისის დროშა. ამ დროშის ქვეშ ხდება მკვლელობა და ეს ნიშნავს, რომ თავაგდებული რუსეთის დამღუპველნი იმდენათ გათამამდნენ, რომ ინგლისის მთავრობასაც არაფრად აგდებენო. მიზანი ცხადია; შავრაზმელებს უნდათ მკვლელობა ინგლისის სარდლობის პატივის და დიდების საკითხად აქციონ და ასე ის დრამის აქტიურ მონაწილეთ გახადოს. „ნაშ კრაის“ მკვლელების ვინაობა იმდენად არ აინტერესებს, რამდენათაც მკვლელების „იდეურნი ხელმძღვანელნი“ როგორც ისინი სწერენ ამ „ხელმძღვანელებათ“ ასახელებენ თფილისს...“

პრესის და საზოგადოებრივი აზრის ასეთი მობილიზების ფონზე გენერალი ნათიშვილის მკვლელობა ლოგიკურ დასასრულად ჩანდა, რაც ყველას მკვლელობის ორგანიზატორობაზე თბილისისკენ მიუთითებდა, მაგრამ მთავარმა არბიტრებმა - ბრიტანელებმა, რატომღაც გაჩუმება ამჯობინეს. მხოლოდ თეთრი რუსული პრესა არ მალავდა აღშფოთებას.


გოგიტა ფაღავა. თსუ ქართული ემიგრაციის მუზეუმი. გურამ შარაძის კერძო კოლექცია.

თეთრების შფოთვებზე პასუხად „ერთობაში“ „განის“ მიერ გამოქვეყნებული ირონიული და ნიშნისმომგები სტატია დღეისთვის დამატებით არგუმენტადაც გამოდგება, რადგან ცნობილია რომ, ამ ფსევდონიმს ახალგაზრდა სოციალ-დემოკრატი გიორგი (გოგიტა) ფაღავა იყენებდა, რომელიც გარდა დამფუძნებელი კრების წევრობისა, სახალხო გვარდიის ერთ-ერთი ორგანიზატორიც იყო. იგი საბჭოთა რუსული ოკუპაციის შემდეგ კი საკვანძო ფიგურად ითვლებოდა წინააღმდეგობის მოძრაობაში და სოციალ-დემოკრატიული პარტიის მიერ დაარსებულ სამხედრო კომისიაში. ეჭვს ამძაფრებს ივნისის ბოლოს საქართველოს შინაგან საქმეთა და სამხედრო მინისტრ ნოე რამიშვილის ვიზიტიც ბაქოში, სადაც დასრულდა აზერბაიჯანის მთავრობასთან მოლაპარაკებები მოხალისეთა არმიის წინააღმდეგ ერთობლივი თავდაცვითი ხაზის შექმნის შესახებ, 2 ივლისს კი სტუმრის საპატივცემულოდ გამართული ბანკეტის შემდეგ აზერბაიჯანულ პრესასთან მინისტრმა რამიშვილმა კმაყოფილება გამოთქვა ქართულ-აზერბაიჯანული თანამშრომლობის შესახებ, განსაკუთრებით გაუსვა ხაზი არტაანი-აჭარის საკითხებს და ინგლისელებთან მიღწეულ ეკონომიკურ შეთანხმებებზეც ისაუბრა.


ნოე რამიშვილი. საქართველოს ეროვნული არქივი.

მიუხედავად ამისა, დასკვნის გამოსატანად საჭიროა განვიხილოთ იმ ძალების შესაძლებლობები და მოტივაცია, რომლებიც გენერალი ნათიშვილის მკვლელობისას ბათუმით იყვნენ დაინტერესებული. პირველ რიგში უნდა გამოირიცხოს ინგლისელები რადგან ისინი ჯერ კიდევ დენიკინის მფარველები იყვნენ და თავისუფლად შეეძლოთ მათ მიერ დაკავებულ ტერიტორიაზე არ შემოეშვათ თეთრი რუსეთის ემისრები ან სიტუაციის გართულების გამო ზედმეტი ექსცესების გარეშე ტერიტორიიდან იძულებით გაეძევებინათ.

რაც შეეხება თურქულ მხარეს მიუხედავად ბათუმში მათი აგენტურის არსებობისა, იმ დროისთვის მათ არც ეცალათ და არც კონკრეტული პერსპექტივა ჰქონდათ ბათუმის პორტის გაკონტროლებისა. მითუმეტეს, როგორც რომანოვსკის მოხსენება ცხადყოფს, მათთვის მოხალისეთა აგენტურა საშიშროებას არ წარმოადგენდა.

აუცილებელია ასევე ბოლშევიკური ვერსიის განხილვაც თუმცა აქაც გასათვალისწინებელია ორი გარემოება: 1) მოცემულ მომენტში ამიერკავკასიის ტერიტორიაზე ბოლშევიკები, მათი არსებობის განმავლობაში ყველაზე კრიტიკულ სიტუაციაში იყვნენ. მათი ძალები და იატაკქვეშა ჯგუფები ან განადგურებული იყვნენ ან გადარჩენილი ნაწილი მთლიანად კონტროლქვეშ ყავდათ. პირველ რიგში ეს შეიძლება ითქვას საქართველოს მაგალითზე და ისინი არც მეზობელი რესპუბლიკების ფარგლებში იყვნენ უკეთეს პირობებში. 2) იმ პირობებში როცა საბჭოთა პროპაგანდა ხშირად იგონებდა ან სხვის განხორციელებულ ტერაქტებს მიიწერდა, არც „რევოლუციის მატეანეში“, მოგონებებში და სხვა მასალებში არ გვხვდება „თეთრ გენერალზე გმირული თავდასხმის“ ამბავი, რის შანსსაც, რა თქმა უნდა საბჭოთა პროპაგანდისტული მანქანა ხელიდან არ გაუშვებდა. მითუმეტეს ბოლშევიკური კვალი ნაკლებად სავარაუდოა რადგანაც, უმეთაუროდ დარჩენილი ნათიშვილის რაზმი სწორედ წითელი არმიის წინააღმდეგ საბრძოლვევად გადაისროლეს ოდესაში.

ასევე ნაკლებად სავარაუდოა აჭარაში მოქმედ „სამუსლიმანო საქართველოს“ შეიარაღებულ ჯგუფს ქონოდა რეალური შესაძლებლობა მსგავსი დონის მკვლელობის ჩადენისა, თუნდაც ჩავარდნის შემთხვევაში მოსალოდნელი რეპრესიების გათვალისწინებით, ამიტომ ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, ერთადერთ დაინტერესებულ მხარედ მხოლოდ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება შეიძლება ჩავთვალოთ. იმის გათვალისწინებითაც, თუ რა ძალისხმევა დახარჯა ქართულმა დიპლომატიამ ბათუმის დასაბრუნებლად, ყველაფერი გასაგები ხდება.

მკვლელობის ანატომია

ამჟამად შემორჩენილი არ არის არც 1919 წლის ბათუმის საქალაქო მილიციის არქივი და არც ამავე წლის ბრიტანულ მასალებში იძებნება წყაროები ნათიშვილის მკვლელობის შესახებ, ამიტომ ფაქტობრივად აღარ არსებობს მკვლელობის შემდეგ გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების დოკუმენტები, სადაც ნათლად იქნებოდა წარმოდგენილი ყველა გარემოება, მათ შორის მკვლელის გარეგნული აღწერილობა და სავარაუდო ეჭვმიტანილები, თუმცა ბათუმელი კორესპონდენტის გადმოცემული აღწერილობაც საკმაოდ მნიშვნელოვან დეტალებს მოიცავს:

1) თავდამსხმელს წინასწარ ჰქონდა შესწავლილი მსხვერპლის მარშუტი და მათ ბულვარში ელოდებოდა.

2) ჭრილობების აღწერა მიუთითებს რომ, ის წინ შეხვდა გენერალ ნათიშვილს, მის მეუღლეს და ადიუტანტ გენერალ-პორუჩიკ ფილიპოვს.

3) დაცხრილა სამიზნე პირი და ადიუტანტი, რომლებიც თვითონაც შეირაღებული იქნებოდნენ და ხელუხლებელი დატოვა მოწმე, გენერლის მეუღლე.

4) ზაფხულის სეზონიდან და სასეირნო ამინდიდან გამომდინარე, ნაკლებად სავარაუდოა, რომ თავდამსხმელს სახე დაფარული ჰქონოდა ყაბალახით, რაც გადარჩენილ გენერლის მეუღლეს და გამვლელებს მის ამოცნობას გაუადვილებდა დაჭერის შემთხვევაში.

5) თავდამსხმელმა მკვლელობის იარაღი შემთხვევის ადგილზე დააგდო და მიიმალა რაც მიუთითებს რომ ტერიტორიის დატოვების გეგმაც წინასწარ ქონდა გათვლილი.

აღწერილი ფაქტიდან გამომდინარე საინტერესოა ყურადღება მივაქციოთ ერთ საინტერესო გარემოებას - თუ რატომ დატოვა მკვლელმა ცოცხალი გენერლის მეუღლე, რომელიც პირდაპირი მოწმე იყო და დიდი ალბათობით მარტივად შეძლებდა იმ პირის ამოცნობას, რომელმაც მის თვალწინ, მეუღლეს და ადიუტანტს თერთმეტი ტყვია ესროლა, მათ შორის საკონტროლო გასროლაც ჩაატარა. ეს საქციელი კიდევ უფრო ამყარებს ეჭვს, რომ თავდამსხმელი არ აპირებდა ბათუმის ოლქში დარჩენას და რაც მთავარია ის შეიძლება რევოლუციური წარსულის მქონე ყოფილიყო: მეფის რუსეთის იმპერიაში მოქმედ იატაკქვეშა პარტიებს, რომლებიც რევოლუციურ ტერორს მიმართავდნენ თავიდანვე ჰქონდათ ე.წ „უდანაშაულო სისხლის“ პრაქტიკა, რაც ითვალისწინებდა, რომ საპოლიციო თუ ადმინისტრაციულ მოხელეებზე თავდასხმას არ უნდა შესწირვოდა არცერთი თანმხლები პირი ვისაც საქმესთან კავშირი არ ჰქონდა. ამის ერთ-ერთი მაგალითი ნოე ჟორდანიას აქვს აღწერილი თავის მოგონებებში, როგორ გააუქმა 1906 წელს სოციალ-დემოკრატმა სილიბისტრო ჯიბლაძემ გენერალ გრიაზნოვზე პირველი თავდასხმის მცდელობა, რადგან გენერალთან ეტლში ქალიც იჯდა. ამ პრაქტიკის დარღვევის მხოლოდ რამდენიმე ფაქტი არსებობს; ერთი გენერალ ალიხანოვ-ავარსკიზე თავდასხმა ალექსანდროპოლში (გიუმრი) და მეორე ტფილისში ერევნის მოედანზე გახმაურებული ბანკის ძარცვა 1907 წელს, სადაც სტალინის დაჯგუფების წევრებმა დემონსტრაციულად ხალხმრავალ ადგილზე ააფეთქეს ძლიერი მუხტის ყუმბარები, რამაც მსხვერპლი და რევოლუციურ წრეებში დიდი უკმაყოფილება გამოიწვია. აქედან გამომდინარე შეგვიძლია ვივარაუდოთ რომ, ნათიშვილზე თავდამსხმელსაც „უდანაშაულო სისხლის“ ტრადიცია ამოძრავებდა, როცა მისი მეუღლე ცოცხალი დატოვა.

რჩება კითხვა - ვის შეიძლებოდა შეესრულებინა ასეთი რთული დავალება და უკვალოდ გამქრალიყო შემთხვევის ადგილიდან? განსაკუთრებით „მენშევიკების“ ასევე „ბოლშევიკების“ თუ სხვა პარტიების აქტივს ბათუმში დიდი და ხანგრძივი ორგანიზაციული მუშაობის გამოცდილება ჰქონდათ და ადგილზეც სოციალ-დემოკრატიული პარტია მრავალრიცხოვანი იყო, შესაბამისად გამოცდილი ტერორისტის მოძებნა მათ არ გაუჭირდებოდათ.

თუმცა საინტერესო იქნება ყურადღება მივაქციოთ კიდევ ერთ დეტალს, მეფის რუსეთის ჟანდარმერიის მიერ დევნილი სხვადასხვა პარტიების წევრების გარკვეულმა ნაწილმა, პირველი მსოფლიო ომის მსვლელობისას, ოსმალეთში გერმანელების მიერ ორგანიზებულ ქართულ ლეგიონს შეაფარა თავი და საკმაოდ კარგი წრთვნა ქონდათ გავლილი, განსაკუთრებით ბათუმის ოლქში სამოქმედოდ, ომის დამთავრების შემდეგ კი სამშობლოში წამოვიდნენ და კვლავ თავიანთ საქმიანობას დაუბრუნდნენ, გამორიცხული არ არის ხელისუფლებას რომელიმე მათგანზე გაეკეთებინა არჩევანი...

ასევე საყურადღებოა გენერალ ნათიშვილის გარემოცვის ერთერთი წევრის, პორუჩიკ დიმიტრი მგელაძის პიროვნება, რომელიც მეფის რუსეთის დროს ოზურგეთის „სტრაჟნიკების“ ურიადნიკი იყო. მონაწილეობდა 1905 წლის რევოლუცის ჩახშობაში და მიუხედავად იმისა რომ რამდენჯერმე დაჭრეს ტერორისტებმა, მაინც უკან არ დაიხია; მაგალითად, ბათუმში ერთერთმა თავდამსხმელმა ყუმბარა ესროლა, რომელიც დიმიტრიმ ხელით დაიჭირა, ძირს დავარდნა არ აცადა და ასე გადარჩა. რევოლუციის ჩახშობის შემდეგ კი განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩეოდა, როგორც რევოლუციონერების, ასევე ადმინისტრაციის მოხელეებისადმი - 1908 წლის შემოდგომაზე მან სადგურ ნატანებში ჯარის ბარგის წამოსაღებად მისული მეურმეები სცემა და მამასახლისის თანაშემწეც დაჭრა, რისთვისაც სამსახურიდან დროებით დაითხოვეს და პასუხისგებაში მისცეს, თუმცა სასამართლომ სამი კვირის პატიმრობით და 200 მანეთით დააჯარიმა, რის შემდეგაც მისი კვალი იკარგება 1917 წლამდე. 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ დიმიტრი მგელაძე ე.წ „რევოლუციურმა ტრიბუნალმა“ გაასამართლა და მიუხედავად რევოლუციის წინააღმდეგ სასტიკი ბრძოლისა მას ყველაფერი აპატიეს, რის შემდეგაც დიმიტრი ოზურგეთში დარჩა საცხოვრებლად. 1918 წლის გაზაფხულზე, როდესაც ოზურგეთი ოსმალურმა არმიამ დაიკავა, დიმიტრი ქალაქიდან არ გასულა, მეტიც - როცა ოსმალებმა ოზურგეთი დატოვეს მგელაძეც მათთან ერთად წავიდა "ჩოლოქს იქეთ".


დიმიტრი მგელაძის კარიკატურა. ავტორი - ოსკარ შმერლინგი. ჟურნალი "მათრახი და სალამური" #15, 1910 წ.

1919 წლის 9 ივლისს გენერალი ნათიშვილის მკვლელობიდან ცოტა ხანში გაზეთ „ერთობაში“ დაიბეჭდა განცხადება, რომლის ავტორი დიმიტრი მგელაძე ყველა გაზეთს სთხოვდა მის გადაბეჭდვას:

„მოქალაქე რედაქტორო ! უმორჩილესად გთხოვთ ადგილი დაუთმოთ თქვენ პატივცემულ გაზეთ „ერთობაში“ ამ ჩემს განცხადებას. მე როგორც ყველას მოეხსენება, გურიის რევოლუციონურმა და სულგრძელმა ხალხმა მაპატია ყველა ის დანაშაული, რაც მე მათ წინაშე მიმიძღოდა. თათრების შემოსვლის დროს ხალხი ოზურგეთიდან გაიხიზნა მე კი არსად წავსულვარ, ეს ზოგიერთებმა სამშობლოს მოღალატეობასა და თათრების მიდგომაში ჩამითვალეს, თათრების გასვლის შემდგომ მე იძულებული შევიქმენი სამშობლოდან გავხიზნულიყავი, რათა მსხვერპლი არ გავმხდარიყავი ვისმე პროვოკაციისა, რომ შიმშილით არ მომვკვდარიყავი, შევედი ქობულეთის დამოჟნის უბრალო მოხელედ, ეს დაწესებულება ვფიქრობდი იყო ინგლისის მთავრობისა, მაგრამ როგორც ახლა ვხედავ ამ დაწესებულებაში ხელი ქონია შავ გენერალს დენიკინსაც, როგორც ასეთს წყევლითა და კრულვით ვსტოვებ ამ დაწესებულებაში სამსახურს და სამუსლიმანო საქართველოს ცენტრალურ კომიტეტს მივმართე შუამდგომლობით, რომ ჩემ სამშობლოში უვნებლად ვიყო და ვემსახურო მხოლოდ საქართველოს რესპუბლიკას.“

მკითხველისთვის დამაბნეველ ამ განცხადებას კიდევ უფრო ამძაფრებდა განცხადებაზე გაზეთის რედაქციისვე მინაწერი:

„ვბეჭდავთ რა დიმიტრი მგელაძის წერილს სრულიად უცვლელად, საჭიროდ მიგვაჩნია დავსძინოთ შემდეგი: ის სულგრძელი და თავისუფლების მაძიებელი ხალხი, რომელმაც აპატივა დიმიტრი მგელაძეს ყოველი დანაშაული, დარწმუნებული ვართ არ დასჯის მას მხოლოდ იმიტომ , რომ ის ლუკმა პურისთვის ქობულეთის საბაჟოში მსახურობდა.“

დღეისთვის კი ეს მინაწერი დამატებით არგუმენტს იძლევა, რომ დიმიტრი მგელაძე 1917 წელს „რევოლუციური ტრიბუნალის“ წინაშე წარდგომის და ამნისტიის შემდეგ, სავარაუდოდ საქართველოს ხელისუფლების დავალებებს ასრულებდა და გენერალ ნათიშვილზე თავდასხმის მომზადებაშიც დიდი წვლილი მიუძღოდა.

ერთი წლის შემდეგ

1920 წლის 7 ივლისს, დღის 12 საათზე ბათუმში ქართული ჯარი და სახალხო გვარდია შევიდა, რომელსაც წინ გენერალი გიორგი კვინიტაძე მიუძღოდა, ხალხი და სამუსლიმანო საქართველოს მეჯლისის თავმჯდომერე მემედ ბეგ აბაშიძე, ქართულ შეიარაღებულ ძალებს და ხელისუფლების წარმომედგენლებს ზეიმით შეეგებნენ. ბრიტანელები ბათუმის ოლქს საბოლოოდ ტოვებდნენ და ქალაქი ქართულ ხელისუფლებას და ადმინისტრაციას გადმოაბარეს. ბრიტანეთის წარმომადგენელმა გენერალმ-გუბერნატორმა ჯეიმს კუკ-კოლისმა ოფიციალური განცხადება გამოაქვეყნა:

„ბრიტანეთმა ბათუმი საქართველოს ნებაყოფილობით დაუთმო და ყველა ვინც ქართულ ჯარს წინააღმდეგობას გაუწევს ჩაითვლება ბრიტანეთის მტრად და როგორც საქართველო ისე ჩვენც სასტიკ ზომებს მივიღებთ“

საღამოს 6 საათზე შედგა საზეიმო ცერემონია და მოკავშირეთა მიერ ბათუმი და მისი ოლქი საქართველოს გადმოეცა, ცერემონიას ქართული მხრიდან ბენია ჩხიკვიშვილი, მუხრან ხოჭოლავა, ევგენი გეგეჭკორი და ვალიკო ჯუღელი წარმოადგენდნენ, გენერალმა კუკ- კოლისმა და გენერალმა კვინიტაძემ ერთობლივად მიიღეს მოკავშირეთა და ქართული შეიარაღებული ძალების აღლუმი, დაეშვა ბრიტანეთის და საფრანგეთის დროშები და აღიმართა საქართველოს ეროვნული დროშა.


გენერალი კუკ-კოლისი. კადრი კინოქრონიკიდან.

თუმცა საზეიმო ღონისძიებებთან ერთად, ფარდის მიღმა ტრაგიკული სცენა ვითარდებოდა: ბრიტანულ საპატიმროში, სამხედრო სასამართლოს მიერ ცოტა ხნით ადრე გასამართლებული 22 წლის ახალგაზრდა, ილია მიქელაიშვილი სასიკვილო განაჩენს ელოდა. იგი ცნობილი ბათუმელი მესტამბის და ქალაქის სათათბიროს ხმოსნის, სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრის ალფეს მიქელაიშვილის შვილი იყო და ბათუმელი „მენშევიკების“ შეიარაღებულ რაზმში ირიცხებოდა. ილია მიქელაიშვილს ბრალად 1919 წლის 28 ივნისს, მოხალისეთა არმიის წარმომადგენელის გენერალ ნათიშვილის მკვლელობა ედებოდა. მასზე მოწმეების ჩვენების და მოკვლევის საფუძველზე ბრიტანულ სამხედრო პოლიციას მკვლელობიდან მალევე გაუჩნდა ეჭვი, მაგრამ მიქელაიშვილს მკვლელობა კარგად ჰქონდა დაგეგმილი და რევოლუციონერი მებრძოლისთვის დამახასიათებელი ხელწერით მხოლოდ გენერალი და შეიარაღებული ადიუტანტი დახოცა და მაშინვე დატოვა ბათუმის ოლქი. 1920 წელს ილია მიქელაიშვილი არალეგალურად დაბუნდა ბათუმში, თუმცა შემთხვევით ბრიტანულ სამხედრო პოლიციას ჩაუვარდა ხელში და ბრიტანეთის მოკავშირე მოხალისეთა არმიის წარმომადგენელის მკვლელობის გამო სამხედრო სასამართლომ სიკვდილი მიუსაჯა. მიუხედავად იმისა რომ, საქმეში ბათუმელი გავლენიანი მოქალაქეები და ბრიტანელი გენერალი ჯორჯ ნორთონ კორი ჩაერივნენ და სთხოვეს გენერალ-გუბერნატორ კუკ-კოლისს არ დაეხვრიტა მიქელაიშვილი, კუკ-კოლისმა გადაწყვეტილება არ შეცვალა.


ალფეს მიქელაიშვილი (ზის) შვილებთან - ნიკოლოზთან (მარცხნივ) და ილიასთან (მარჯვნივ) ერთად. ბათუმი, 1918 წელი. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, ეროვნული ფოტომატიანე.

1920 წლის 15 ივლისს დილის 8 საათზე ილია მიქელაიშვილის საკანს ბრიტანული სამხედრო პოლიციის ათეული მიადგა და მეთაურმა პატიმარს უბრძანა - „ადექი და წამოდი!“ ილიამ კარგად იცოდა რას ნიშნავდა ეს ბრძანება. იგი ადგა ჩაიცვა, გაუღეს კარები და გამოვიდა თუ არა კორიდორში გააფთრებული ეძგერა ბრიტანეთის არმიის ინდუს ჯარისკაცს, ხელიდან თოფი წაართვა და იქვე კორიდორში დახოცა რამდენიმე ჯარისკაცი. გადარჩენილების ყვირლზე 50-მდე ინდუსი ჯარისკაცი მოვარდა და რადგანაც შეხედეს, თავგანწირული და გაცოფებული პატიმარი აღარავის ინდობდა და თოფის წართმევა შეუძლებლად დაინახეს დაუშინეს ყველამ ტყვიები და ასე დახვრიტეს თავისი საკნის კართან ახალგაზრდა კაცი, რომელმაც ერთი წლით ადრე ჩაშალა მოხალისეთა არმიის ბათუმური გეგმები.


ილია მიქელაიშვილი. ფოტო ჟურნალიდან "თეატრი და ცხოვრება", 1924 წ.

რაც შეეხება 1919 წლის 28 ივნისის გახმაურებული მკვლელობის შემდგომ, მოვლენების განვითარებას: ბათუმურმა ფიასკომ გენერალი დენიკინის შტაბი აიძულა საქმის გასაგრძელებლად კიდევ ერთი „ადგილის მწევარი“ გამოეგზავნა „სამშობლოში“. 1919 წლის 25 ივლისს მოხალისეთა სამხედრო-საზღვაო ხომალდმა - „БУГЬ“ ბათუმში გენერალი ნიკოლოზ ბარათოვი ჩამოიყვანა, 3 აგვისტოს კი იგი თბილისს ესტუმრა, ამჯერად დიპლომატიური მოლაპარაკებების საბაბით.

P.S. ჟურნალ „თეატრი და ცხოვრების“1924 წლის N 15 (18) მოწოდებისთვის მადლობას ვუხდით ისტორიკოს ნოდარ ჩხაიძეს.





კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 29.04.2023
სულ რედაქტირებულია 2





ნაპოლეონთან მებრძოლი ქართველი გენერლები

1 0


ქართველი გენერლები რუსეთის არმიაში 1698-1917წწ ანბანის მიხედვით

1 0


კონსტანტინე ყარანგოზიშვილი 1852-07წწ გარდ. რუსეთის გენერალი, ოდესის კომენდანტი. დაბ. დუშეთი,მხცეთა მთიანეთი

2 0


ჯამბურია, ელგუჯა ნოეს ძე დაბ. 1951 პოლიციის გენერალ მაიორი წარმ. მარტვილი

2 0

ბესარიონ ტატაშის ძე დგებუაძე 1835-1882წწ გენერალ-მაიორი დაბ. მარტვილი

2 0

ივანე გურგენიძე პაატას ძე (1841-1907), თავადი, გენერალ-მაიორი (1903); წარმ. ასპინძა

2 0