სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10741

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
საბიაშვილი გიორგი დეკანოზი 1958-2010წწ წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური საბიაშვილი გიორგი დეკანოზი 1958-2010წწ წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური
ბმულის კოპირება



გვარი საბიაშვილი სია

გამოჩენილი ადამიანები სრული სია

97       ბეჭდვა

საბიაშვილი გიორგი დეკანოზი 1958-2010წწ წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური


საბიაშვილი გიორგი დეკანოზი 1958-2010წწ წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური


კარიბჭე 20.03.2008 წელი: მე ვგრძნობ წმინდა დიდმოწამე გიორგის შემწეობას...

ჩვენი სტუმარია წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური, თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის უფროსი მასწავლებელი, დეკანოზი გიორგი საბიაშვილი.

ბავშვობა

დავიბადე თბილისში 1958 წლის 27 მაისს. 1975 წელს დავამთავრე თბილისის 149-ე საშუალო სკოლა. მშობლებს მე და ჩემი ძმა დავყავდით ფეხბურთზე, პიონერთა სასახლეში გერმანული ენის წრეზე, ცურვასა და ქართულ ცეკვებზე.


მე-3 კლასში ვიყავი, მამაჩემს მანქანით ავარია მოუხდა და მის გვერდით მჯდომი ადამიანი დაიღუპა. დააპატიმრეს. დამთავრდა ჩვენთვის გერმანულიც, ცეკვაც, ფეხბურთიც... ცურვა კი არა, რადგან 149-ე საშუალო სკოლაში ფიზკულტურის მასწავლებელი, ბატონი სოსო მაისურაძე (დღევანდელი საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელი წყალბურთში) ოთხი წელი წყალბურთში ფაქტობრივად უსასყიდლოდ მავარჯიშებდა თბილისის განათლების სამინისტროს გუნდ "ტონოში". დიდი მადლობელი ვარ მისი.


სემინარიაში

მამაჩემს ციხეში ვიღაცამ უქადაგა მართლმადიდებლური სარწმუნოება. ვერ ვიტყვი, რომ ათეისტები ვიყავით, მაგრამ ჩვენი ოჯახის რწმენა უფრო ტრადიციებზე იყო აგებული. მამა წერილებში გვთხოვდა, გვეწამებინა ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთი უფალი იესო ქრისტე და მის მიერ დაფუძნებული ეკლესია. მერიდებოდა და მრცხვენოდა ამ წერილების კითხვა.


მიუხედავად იმისა, რომ კარგად ვსწავლობდი, ვერ მოვხვდი უმაღლეს სასწავლებელში. ამან ძალიან გაახარა მამაჩემი, რომელიც საიმდროოდ ციხიდან გამოვიდა და დაჟინებით მთხოვდა, მესწავლა მცხეთის სასულიერო სემინარიაში. მე უარზე ვიყავი. თავისი გაიტანა. არ ვიცი, როგორ, მაგრამ მაშინდელ რექტორს, მიტროპოლიტ გაიოზს შემახვედრა. მიტროპოლიტის ბინაში დამეუფლა პირველი დადებითი განწყობა სამღვდელოების მიმართ. სახლი სავსე იყო წიგნებით, არადა გვასწავლიდნენ, მღვდლები გაუნათლებელი, ჩამორჩენილი და ხეპრე ადამიანები არიანო. მიტროპოლიტი დიდად განათლებული და ნაკითხი ადამიანი იყო, ძალიან მომეწონა. ჩანს, მასაც მოვეწონე. მკითხა, ნარკომანი ხომ არ ხარ ან მილიციასთან ხომ არ გაქვს პრობლემებიო. არა-მეთქი. ხვალვე მცხეთაში ჩამოხვალ, მიღებული ხარ I კურსზეო. ასე მოულოდნელად გავხდი სემინარისტი. მეორე დღეს, 1 ნოემბერს მამაჩემმა ჩამიყვანა მცხეთაში და დამტოვა სამთავროში, სადაც მოთავსებული იყო სასულიერო სემინარია. იქ პანსიონში უნდა მეცხოვრა. ვიფიქრე, ერთ-ორ კვირაში შინ დავბრუნდები-მეთქი, მაგრამ ისეთ რამეებს ვიგებდი, რომ მივხვდი, ამას სხვაგან ვერსად ვისწავლიდი. სემინარიის ბიბლიოთეკაში წიგნებს დავეწაფე და ნელ-ნელა ჩემში შემოვიდა მტკიცე სარწმუნოება, სასოება, სიყვარული ღვთისა და დედაეკლესიისა.


პირველი აღსარება, პირველი ზიარება მცხეთის სვეტიცხოველში არქიმანდრიტ პართენ აფციაურისგან მივიღე. შემდეგ ჩემი მოძღვარი გახლდათ დეკანოზი ანტონი (დღევანდელი წილკნელი მთავარეპისკოპოსი ზოსიმე), რომელთანაც ორი წელი ვიყავი წმინდა მამა დავითის ეკლესიაში, მთაწმინდაზე, სადაც ყოველ შაბათ საღამოს და კვირა დილით ვატარებდით წირვა-ლოცვას. მე იქ ვიყავი მნათეც, მგალობელიც და მედავითნეც. ხშირად, განსაკუთრებით ზამთარში, წირვას სულ სამი კაცი დავსწრებივართ: მამა ანტონი, როგორც მღვდელმსახური, მე, როგორც მედავითნე და მგალობელი, და ქალბატონი თამარი - ეკლესიის თავმჯდომარე და სანთლის გამყიდველი. 1980 წლის მაისში სემინარია წარჩინებით დავამთავრე და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, სწავლა გავაგრძელე ლენინგრადის სასულიერო აკადემიაში.


ილია II-ის აღსაყდრების ცერემონიაზე, 1977 წლის 25 დეკემბერს სტუდენტებს დაგვირიგეს მოსაწვევები. ძალიან გვიხაროდა. ქვეშეცნეულად ვგრძნობდით, რომ ახალი ეტაპი იწყებოდა ჩვენი ეკლესიის ცხოვრებაში. შემდეგ ცოტა ხანს ვხვდებოდი მას, როგორც სტიქაროსანი, სიონის საკათედრო ტაძარში. უწმინდესი და უნეტარესი ილია II დიდ ყურადღებას იჩენდა მცხეთის სემინარიის მიმართ, ხშირად ჩამოდიოდა, განსაკუთრებით გამოცდების დროს.


პატრიარქის პირადი რეფერენტ-მემატიანე

1980-1984 წლებში ვსწავლობდი ლენინგრადის სასულიერო აკადემიაში. ამ დროს სასწავლებელს ხელმძღვანელობდა ვიბორგის მთავარეპისკოპოსი კირილე (ამჟამინდელი - რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საგარეო ურთიერთობათა განყოფილების თავმჯდომარე, სმოლენსკისა და კალინინგრადის მიტროპოლიტი კირილე გუნდიაევი). ის ჩვენი კურსის კურატორიც იყო. მასთან ძალიან თბილი და ახლო ურთიერთობა მქონდა. აკადემიის წარჩინებით დამთავრების შემდეგ (I კატეგორიით) მეუფე კირილემ მოსკოვის სასულიერო ასპირანტურაში სწავლა შემომთავაზა, თუმცა უწმინდესმა არ მირჩია. მალე მან თავის პირად რეფერენტ-მემატიანედ დამნიშნა. ჩემი მოვალეობა იყო დამეფიქსირებინა ჩვენი ეკლესიის ცხოვრებაში მომხდარი ამბები, აღმენიშნა კათოლიკოს-პატრიარქის ვიზიტები, დავსწრებოდი მიღებებს და სტენოგრაფიული ჩანაწერები გამეკეთებინა არქივისთვის. გარდა ამისა, ვაგროვებდი მასალებს საინფორმაციო ბიულეტენისთვის, რომლის რედაქტორიც მალე გავხდი. ვამზადებდი ბიულეტენს ქართულ ენაზე, შემდეგ ეს მასალა ითარგმნებოდა ინგლისურად, იბეჭდებოდა და ეგზავნებოდა როგორც მართლმადიდებელ საეკლესიო ცენტრებს, ასევე არამართლმადიდებლებსაც, რომლებთანაც მიმოწერა გვქონდა. გარდა ამისა, ვასწავლიდი და დღემდე ვასწავლი სასულიერო სემინარიაში. 1988 წელს თბილისში გაიხსნა სასულიერო აკადემია, სადაც ასევე გახსნის დღიდან ვასწავლი.


ფრაგმენტები

პატრიარქთან მუშაობის პერიოდიდან ყველაზე მეტად დამამახსოვრდა ორი: 1990 წელს კონსტანტინოპოლის საპატრიარქომ ცნო საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია და ეკლესიის მეთაურის, პატრიარქის ტიტული. მართალია, ამ დროს მე უკვე საპატრიარქოში აღარ ვმუშაობდი, მაგრამ შედეგის მიღწევაში მეც მიმიძღვის წვლილი - ყოველივე ამას წინ უძღოდა ხანგრძლივი მოლაპარაკება კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსთან, მათ დელეგაციებთან, კანონისტებთან. ავტოკეფალიის თემაზე მისი უწმინდესობის დავალებით მუშაობდა ისტორიკოსი ბაბილინა ლომინაძე. ქალბატონ ბაბილინას ავადმყოფობის გამო უჭირდა ხელნაწერთა ინსტიტუტსა და სახელმწიფო არქივში ხშირი სიარული, ამიტომ, უწმინდესის დავალებით, ამ საკითხების კვლევისას ერთგვარ ასისტენტობას ვუწევდი. ჩვენი მიზანი იყო დაგვემტკიცებინა ქართული ეკლესიის ავტოკეფალია, ამ ეკლესიის საჭეთმპყრობლის, პატრიარქის ტიტული და დიპტიქის საკითხი (მართლმადიდებელ ეკლესიათა ჩამონათვალი - რიგითობა. კერძოდ, ჩვენ ვითხოვდით მეექვსე ადგილს). მოვიძიეთ საბუთები როგორც ხელნაწერთა ინსტიტუტის, ისე სახელმწიფო არქივიდან და თხზულების სახით წარმოვადგინეთ, რომელსაც თან ერთვოდა ამ დოკუმენტების ქსეროასლები. ამ მასალებში დადასტურებული და დასაბუთებული იყო ჩვენი მოთხოვების მართებულობა. 1990 წელს შრომამ ნაყოფი გამოიღო და მითითებული სამი საკითხიდან ორი გადაწყდა. დღემდე გადაუწყვეტელია დიპტიქის საკითხი, მართლმადიდებელ სამყაროში არიან ავტოკეფალიური საპატრიარქო ეკლესიები და ავტოკეფალიური არასაპატრიარქო ეკლესიები, რომელთაც ან მიტროპოლიტები მართავენ, ან მთავარეპისკოპოსები. ჩვენ ამჟამად ვამთავრებთ საპატრიარქო ეკლესიათა რიგს ანუ ვიმყოფებით ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესიის შემდეგ IX ადგილზე.


მეორე დასამახსოვრებელი ფაქტი იყო, როდესაც ჩვენმა პატრიარქმა იმოგზაურა სამხრეთ საქართველოში 1988 წლის აგვისტოში. ამ პერიოდში საბჭოთა მთავრობის წარომადგენლები უკვე აღარ ერიდებოდნენ სასულიერო პირებთან ურთიერთობას. მოგზაურობა დავიწყეთ ბორჯომის ხეობიდან, მოვიარეთ ახალციხის, ადიგენის, ასპინძის, ბოგდანოვკის (დღევანდელი ნინოწმინდის), ახალქალაქის რაიონები. ეს იყო საინტერესო, გულთბილი და დაუვიწყარი შეხვედრები, ხალხის და ხელისუფლების გამოცოცხლების დასაწყისი.


"აქსიოს, გიორგი"

სასულიერო აკადემიის დასრულების შემდეგ სასულიერო ხარისხის მიღებას არ ვჩქარობდი. უწმინდესი ხანდახან მიხსენებდა ხოლმე ბერობას. ერთხელ იერუსალიმში მიდიოდნენ, უწმინდესმა მკითხა, შენც ხომ არ გინდა წამოსვლაო? ვის არ უნდა წმინდა მიწის მონახულება-მეთქი. ბერად რომ აღიკვეცები, მაშინ გაგგზავნი იქ ჩვენს წარმომადგენლადო. 1988 წლის 15 ოქტომბერს ცოლი მოვიყვანე. შენი კურთხევის დრო მოვიდაო, მითხრა უწმინდესმა. 1989 წლის 7 აპრილს დილით კათოლიკოსმა მოულოდნელად მითხრა, ამ კვირას უნდა გაკურთხოთო. პარასკევი დღე იყო. კაბაც კი არ მაქვს და ზეგამდე ვერც მოესწრება-მეთქი. გამოაღო კარადა, ჟოლოსფერი კაბა ამოარჩია, მაჩუქა და მითხრა, - ხვალ საღამოს ლოცვაზე ჩაიცვამ, ზეგ კი ამავე კაბით გაკურთხებთო. 8 აპრილს, საღამოს ლოცვის დამთავრების შემდეგ სიონის საკათედრო ტაძარში დამტოვეს დილამდე (ასეთი წესია - ვინც წირვაზე უნდა აკურთხონ, წინა ღამით ეკლესიაში ტოვებენ, სადაც მარტოკამ უნდა ილოცოს, კიდევ ერთხელ კარგად დაფიქრდეს, დილით, ეკლესია რომ გაიღება, თავის მოძღვარს აღსარება ჩააბაროს, რათა სუფთა და წრფელი გულით მიიღოს ხელდასხმა). იმ დილას, ანუ 9 აპრილს, გამთენიისას, დიდი უბედურება დატრიალდა რუსთაველის პროსპექტზე, მთავრობის სახლის წინ საბჭოთა ჯარისკაცებმა დაარბიეს მშვიდობიანი მიტინგი... ხალხი ამ სისხლიან კვირადღეს სიონის ტაძარს მოაწყდა. ტიროდნენ - უდანაშაულო გოგო-ბიჭები დაგვიხოცესო. ჯარისკაცები ხალხის დაშლას სიონის ეზოში მოერიდნენ. ამ წირვაზე მაკურთხეს დიაკვნად და როდესაც უწმინდესმა წარმოთქვა, - "აქსიოს, გიორგი", ყველას გაუკვირდა, რადგან ჩემი სახელი კარგად იცოდა და წინა საღამოსაც ვლადიმერს მეძახდა. სახელის შეცვლა კი მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება, თუ ბერობას ღებულობ, ანდა ისეთი სახელი გქვია, რომელიც წმინდანთა დასში არ შედის. ვფიქრობ, უწმინდესმა გაითვალისწინა ის დაძაბული ვითარება, რომელიც იმ დღეს შეიქმნა. ვლადიმერი სლავურ-რუსული სახელია და მოერიდა "აქსიოს, ვლადიმერის" წარმოთქმას. ერთი სიტყვით, კათოლიკოსმა გიორგი დამარქვა, თან მოაყოლა ქადაგება, რომ წმინდა დიდმოწამე გიორგი არის საქართველოს მფარველი, როგორც ის არის ძლევაშემოსილი, ასევე ჩვენი ერიც ძლევამოსილია და ვერავითარი ძალა ვერ მოერევა ქართველობას, საქართველო იქნება ძლიერი, თავისუფალი და გაბრწყინდება.


ერთი კვირის შემდეგ, 16 აპრილს, კვირას, სიონის საპატრიარქო ტაძარში პატრიარქმა მღვდლად მაკურთხა. დარწმუნებული ვარ, ჩემი კურთხევა რომ არ დამთხვეოდა ამ ავბედით 9 აპრილს, დღეს მე მამა ვლადიმერის სახელით ვიქნებოდი ცნობილი. მაგრამ ყველაფერი ღვთის განგებით ხდება. მე ვგრძნობ წმინდა დიდმოწამე გიორგის შემწეობას...


1990 წლის მარტის ბოლოს პატრიარქის ლოცვა-კურთხევით და ბრძანებით დავინიშნე წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობის რუსულენოვან ტაძარში, სადაც დღემდე ვმსახურობ.


მღვდელი საიდუმლოებებს პირადად თავისთვის კი არ ატარებს, არამედ მრევლისთვის, რომელთა შესრულების დროსაც მორწმუნე ქრისტიანებს მისგან უხილავად გადაეცემათ მადლი ღვთისა.


წმინდა მამა კვიპრიანე კართაგენელი ამბობს: "ყოველი, რომელიც გახდა მღვდელი, უნდა ემსახუროს მხოლოდ საკურთხეველს და მსხვერპლშეწირვას, ასრულებდეს ლოცვებსა და პარაკლისებს. არ უნდა ტოვებდეს ეკლესიას ქვეყნიური, მიწიერი საქმეებისთვის. დღისით თუ ღამით უნდა შრომობდეს ზეციური და სულიერი საქმეებისთვის".


წმინდა ამბროსი მედიოლანელის აზრით, მღვდელმსახური უნდა იყოს ბრძენი, სამართლიანი, მხნე, თავშეკავებული, არ უნდა მოიხიბლოს ქვეყნიერი სიამოვნებებით, უნდა ახასიათებდეს ის ზნეობრივი ღირსებები, რომლებსაც ითხოვს მოციქული პავლე (1 ტიმ. 3). მისი სათნოება და ზნეობა იმდენად თვალშისაცემი უნდა იყოს, რომ ყოველმა მისმა შემხედვარემ იწამოს და ადიდოს შემოქმედი ღმერთი, რომელსაც თავის ვენახში ასეთი მუშაკი ჰყავს.


ახალი აღთქმა იესო ქრისტეს წარმოგვიდგენს, როგორც ცხვართა მწყემსს (ებრ. 13,20), მწყემსმთავარს (1 პეტ. 5,4). იოანეს სახარებაში ეკლესია ცოცხლობს ერთი მწყემსის ხელმძღვანელობით (10,1-16). ქადაგება ერთი კეთილი მწყემსის შესახებ - ეს არის ეკლესიის დასაწყისი. მაცხოვრის აღდგომის შემდეგ მოციქულებმა მიიღეს მოძღვრობის ქარიზმა. მათ მოვალეობად იქცა სიფხიზლე და ზრუნვა ეკლესიასა და მრევლზე. შემდგომში მათ ეს მოვალეობა ეპისკოპოსებსა და პრესვიტერებს გადასცეს.


მღვდლის განწყობა და მზადყოფნა ლოცვისთვის - ეს არის უმთავრესი და უმნიშვნელოვანესი პირობა, რათა მოძღვარმა მოიპოვოს სულიერი ავტორიტეტი მრევლის წინაშე. ასამაღლებლებისა და კვერექსების წარმოთქმისას მოძღვრის ხმაში უნდა იგრძნობოდეს წრფელი ლოცვის სული, ლოცვის მადლი კი მხოლოდ თავმდაბლობითა და მორჩილებით მიიღწევა. ჭეშმარიტი მოძღვარი უნდა იყოს არა მარტო მლოცველი, არამედ ლოცვის მასწავლებელი. ამისთვის კი მან სინანულისკენ უნდა მოუწოდოს მრევლს, რამეთუ მხოლოდ ჭეშმარიტი, გულწრფელი სინანული გვაძლევს საშუალებას, მივეახლოთ ღმერთს და ვიქონიოთ მასთან ცოცხალი ლოცვისმიერი კავშირი. წმინდა ეგნატე (ბრიანჩანინოვი) ამბობს: "თქვენი ლოცვა უნდა იყოს გაჟღენთილი სინანულის გრძნობით, გოდებასა და ტირილთან შეერთებული, - და ხიბლი ვერასოდეს იმოქმედებს თქვენზე". მოძღვარი უნდა ასწავლიდეს მრევლს, რომ ადგილი, სადაც იბადება ლოცვა, არის ადამიანის გული. წმინდა იოანე ოქროპირი ამბობს: "იპოვე საკუთარი გულის კარი და დარწმუნდები, რომ ეს არის კარი ზეციური სასუფევლისა".


სასულიერო განათლების მიღება მოძღვრისთვის მეტად მნიშვნელოვანია.


წმინდა მოციქული პავლე გვაფრთხილებს: "ნაჩქარევი ხელდასხმისგან თავი შეიკავე, ნუ ეზიარები სხვის ცოდვებს და წმინდად შეინახე თავი" (1 ტიმ. 5,22), ხანდახან გაიგონებთ, მომზადება ანუ ხანგრძლივი სწავლა სასულიერო სასწავლებლებში ხელს უშლის ღვთისმოსაობას, სიწმინდეს, მორჩილებას. წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველი ამბობს: "ჯობია ისწავლო, ვინემ ასწავლო სწავლის გარეშე, ამიტომ ასწავლო, როცა თვითონ არ ხარ განსწავლული, არის დიდი უგუნურება და თავხედობა... ერთია მწყემსო ცხვრები და ხარები და მეორეა, მართო ადამიანის სულები". ერთი სიტყვით, მარტო ეკლესიურობა და ღვთისმოსაობა არ არის საკმარისი. საჭიროა დიდი თეორიული მომზადება.


ეკლესიის არსებობის პირველი საუკუნეებიდან დედამიწაზე მის ერთგულ შვილებს მიეცათ სიცოცხლის ორი გზა: წმინდა ქრისტიანული ქორწინება და წმინდა ქრისტიანული უბიწოება. ბერული გზა, კერძოდ, ნებაყოფლობითი უარის თქმა ქორწინებაზე, უმანკოება ღვთის სასუფევლის გამო, არის განსაკუთრებული მადლიანი საჩუქარი ზეციური მამისა ზოგიერთი გამორჩეული ადამიანისთვის, რათა ისინი მთელი გულით მხოლოდ ერთ ღმერთს მიეცნენ. ორივე გზა არის მშვენიერი, მაგრამ ღვთის უხილავი მადლის თანადგომის გარეშე შეუძლებელი. თითოეულისთვის საუკეთესოა ის, რაც უფრო ესადაგება მის პირად მოწოდებას, მის პირად ქარიზმას. ქორწინების ანუ გვირგვინობის საიდუმლოში იკურთხება ერთიანობა მამაკაცისა და დედაკაცისა ერთობლივ სიყვარულში და ეძლევათ მათ კურთხევა ბავშვების გაჩენისა. მეუღლეთა კავშირი, ანუ ოჯახი სახეა ერთობლივი სიყვარულისა ქრისტესი და ეკლესიისა, ამიტომ სიცოცხლის სრული ერთიანობა ქმრისა და ცოლისა არის პირველი ნაბიჯი საყოველთაო ერთობისა ღმერთთან. ამიტომაც ოჯახს ხშირად ეძახიან "პატარა ეკლესიას". წმინდა იოანე ოქროპირი მეუღლეთა ერთობლივ სიყვარულს საიდუმლოს ეძახის. გვირგვინობის საიდუმლო, ისევე, როგორც ევქარისტიული კავშირი, გრძელდება მთელი სიცოცხლის მანძილზე, ამიტომ საერთო ეკლესიური და საქორწინო ერთიანობა სამუდამოდაა დაკავშირებული ერთმანეთთან. როგორც კანას ქორწილში იყვნენ უფალი და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი, ასევე ეკლესიაშიც და ყველა ქრისტიანულ ოჯახშიც ისინი მუდამ უხილავად იმყოფებიან.


მღვდლობის მსურველმა უნდა იცოდეს იმ კანონიერი მოთხოვნების შესახებ, რომლებსაც სასულიერო დისციპლინა უყენებს მის მომავალ მეუღლეს. მომავალმა მღვდელმა არ შეიძლება იქორწინოს სხვა სჯულის ქალბატონზე (IV მსოფლიო საეკლესიო კრება, მე-14 წესი); მისი ოჯახის ყველა წევრი უნდა იყოს მართლმადიდებელი (კართაგენის კრების 45-ე წესი); მისი შვილები არ უნდა დაქორწინდნენ არაეკლესიურ და ურწმუნო ადამიანებზე (ლაოდიკიის კრების მე-10 წესი, კართაგენის კრების 30-ე წესი); მომავალი მღვდლის საცოლემ, ისევე როგორც თვითონ მან, უნდა გამოიჩინოს კეთილგონიერება ჯვრისწერამდე, ის არ შეიძლება იყოს ქვრივი, განქორწინებული ან მეძავი (მოციქულთა მე-18 კანონი, VI მსოფლიო საეკლესიო კრების მე-3 წესი); მღვდლის მეუღლეს მოეთხოვება განსაკუთრებული ტაქტი და მოთმინება. მღვდელი სულიერად არ ეკუთვნის ცოლს, სამაგიეროდ, ამ მხრივ ის ღრმად არის დაკავშირებული თავის აღმსარებელთან. მრევლი თანდათან დგება მღვდელსა და მის მეუღლეს შორის, ეს არის ფოფოდიასთვის მისი გულისხმიერების, სულიერი ტაქტის, სულიერი სიმაღლის მთავარი გამოცდა. თუმცა უნდა ითქვას, რომ მოძღვრის მოვალეობები არ ათავისუფლებს მას ოჯახის უფროსის თანამდებობისგან, რათა მოსიყვარულე მეუღლესთან ერთად იზრუნოს ოჯახის კეთილმოწყობასა და კეთილდღეობისთვის, შვილების აღზრდისთვის, საყოფაცხოვრებო პრობლემების მოსაგვარებლად.


მღვდელმა და მისმა მეუღლემ უნდა იცხოვრონ ფორმულით: "იცხოვრე ისე, თითქოს უნდა მოკვდე დღეს, და ამავე დროს ისე, თითქოს შენ იყო უკვდავი... იმუშავე ისე, თითქოს ისტორია არასდროს დამთავრდება, ამავე დროს ისე, თითქოს ის ახლა მთავრდება".


ეკლესიაში მორჩილებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. ნათქვამია, მორჩილება უფრო მეტია, ვიდრე მარხვა და ლოცვაო. ჩვენი საეკლესიო იერარქიის ლოცვა-კურთხევის შესრულება ბრძანების ტოლფასია.


ჩემს სულიერ შვილებს მინდა ჰქონდეთ ჯანისა და სულის სიმრთელე, არასოდეს გაჰქრობოდეთ სურვილი ლოცვისა, ხშირად იარონ ეკლესიაში, ხოლო როდესაც ამას ვერ მოახერხებენ, ილოცონ შინ, რადგან ღმერთი ჩვენს ლოცვას ყველგან ისმენს; დაე, მათი რწმენის მიხედვით უფალმა მიაგოს მათ წყალობა და კეთილდღეობა ყოველთვის, როდესაც ისინი ლოცვას არ დაიზარებენ.


მოძღვრის სიტყვას კი დიდი წონა და ძალა აქვს.


ჩვენს ირგვლივ ბევრია გაუტანლობა, უმადურობა, ღვარძლი და უსიყვარულობა. მოძღვარს შეუძლია ბავშვი ჩამოაშოროს ეზოს, უსაქმურობას. მაგრამ ეკლესიამდე ბავშვი ან მშობელმა უნდა მოიყვანოს, ან სკოლამ. სამწუხაროდ, დღეს სკოლების უმრავლესობაში აღარ ისწავლება რელიგია, ხოლო სადაც ისწავლება, იქაც მხოლოდ მე-5-6 კლასებში. განათლების სამინისტრომ უამრავი ახალი საგანი შეიტანა სკოლებში, რელიგია კი ისტორიის სახელმძღვანელოში მოაქცია.


თქვენი ჟურნალის არსებობა, უეჭველია, სასიკეთოდ წაადგება ჩვენი ერის სულიერი აღდგომისა და ამაღლების დიდ საქმეს.


ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ!

სტატიის ავტორი: ლელა ჩხარტიშვილი


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.04.2024
ბოლო რედაქტირება 01.04.2024
სულ რედაქტირებულია 1





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0