ვასილ სალთხუციშვილი
1973-1993
ვასილ, ვასიკო სალთხუციშვილი დაიბადა 1973 წ 5 აპრილს.
გარდაბნის რაიონ სოფ. მარტყოფში.
საშუალო სკოლის დასრულების შემდეგ, სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაიწვიეს.
სავალდებულო სამსახურს იხდიდა ორხევის ცალკეულ ბატალიონში.
დაიღუპა 1993 წ 9 ივლისს ტამიშში.
ვასიკო თანამებრძოლებმა გადმოასვენეს, გმირი დაკრძალულია მშობლიურ მარტყოფში.
დაჯილდოებულია გორგასლის სახელობის მედლით.
დამსხვრეული
ოცნებები
ეძღვნება
ვასიკო სალთხუციშვილს
ზაფხულის ულამაზესი დილა გათენდა. ცხრათვალა მზე ისე ლამაზად დაჰნათოდა მარტყოფის ველს, რომ მისი შემხედვარე ადამიანი აუცილებლად ინატრებდა:
ნეტავი ხატვა შემეძლოს, რათა ეს სილამაზე ტილოზე გადმოვიტანოო.
ულამაზესი იყო იმ დღეს, ქვემო ქართლის სოფელი_ მარტყოფი და ულევის ველი, რომელიც ნაირფერად მოჩითულიყო მინდვრის ყვავილებით. თვალისმომჭრელად ღელავდა მდელო, იალნოდან მობერილი ნიავის წყალობით.
შუაგულ მდელოზე, ხელიხელ ჩაკიდებული ქალ-ვაჟი გამოჩნდნენ, აშკარა იყო, ერთმანეთზე ამოსდიოდათ მზე და მთვარე .
გოგონა კისკისებდა და ვაჟს ეკითხებოდა: _ვასიკო, ესეიგი რატომ ქვია ამ ულამაზეს სოფელს მარტყოფი?
_იმიტომ რომ საუკუნეების წინ ასურელი მამა ანტონ ,,მარტო მყოფელი " ჩამოსულა აქ...
_ანუ განდეგილი ?
_ არ ვიცი იაკო, განდეგილი იყო თუ დაყუდებული, არ მინახავს, არა! რამდენჯერ უნდა მკითხო?
_კარგი, კარგი,
აღარ გკითხავ, მხოლოდ მარტყოფის ბრძოლაზე მიამბე რაიმე გთხოვ...
_ან ეგ რამდენჯერ უნდა გიამბო, განა ყოველი თვის ბოლოს ახალი ისტორია დაიწერება?!
_ მიყვარს როდესაც საუბრობ, მიხარია როცა გისმენ.
თქვა გოგონამ და გაიბუტა.
ბიჭს გაეცინა, გოგო თავისკენ მიიზიდა და თხრობა დაიწყო:
_ 1625წ 25 მარტს. ბრძოლა ქართველებსა და სეფიანთა ჯარებს შორის გაჩაღდა.
შაჰ აბას I-ის მხედართმთავარი ყარჩიხა-ხანი, რომელსაც დავალებული ჰქონდა კახელების ამოწყვეტა და ქართლელების ირანში გადასახლება, ოცდაათი ათასიანი ჯარით მარტყოფის ველზე დაბანაკდა, მასთან ბანაკში იმყოფებოდა გიორგი სააკაძე რამდენიმე ქართველი მეომრის თანხლებით. სააკაძეს კავშირი ჰქონდა აჯანყებულ ქართლელებთან, რომლებიც 25 მარტს, გამთენიისას, ირანელთა ბანაკს მიუახლოვდნენ. როდესაც მოწინააღმდეგის გუშაგებმა ქართული ლაშქარი შენიშნეს და განგაში ატეხეს, გიორგი სააკაძემ და მისმა მხლებლებმა სათათბიროდ შეკრებილი ყარჩიხა-ხანი და კიდევ რამდენიმე ირანელი სარდალი დახოცეს, დაფრთხა მტრის ჯარი. წინამძღოლის გარეშე დარჩენილი ჯარი მაინც ჩაერთო ბრძოლაში.
ფიცხელი ბრძოლა, საღამომდე გაგრძელდა და ქართველების გამარჯვებით დამთავრდა.
აი ესაა სულ, კიდევ რა გიამბო?
_კიდევ მომავალზე მიამბე!
_აი მაისის დასაწყისში მოვრჩები ჯარში სამსახურს და მერე ქვეყნის და ოჯახის სამსახურში ჩავდგები, შევქმნით ლამაზ ოჯახს, გვეყოლება შვილები, შენ ბავშვებს გაზრდი და აღზრდი, მე კი ვიმუშავებ, გამოვადგები ოჯახს და ქვეყანას... ახალგაზრდები მოლზე ფეხმორთხმით დასხდნენ, ვასიკო მშვიდად აწყობდა მომავლის გეგმებს, ია კი ოცნებით უკვე ვასიკოს სახლის დიასახლისად ქცეულიყო.
ეს დღე 1992 წლის 12 აგვისტო იყო...
15 აგვისტოს კი ვასიკო ომში ისე წავიდა, იას არ დამშვიდობებია...
თითქმის წელიწადი გავიდა და ამ დროში ორჯერ გაახარა ია ვასიკოს წერილმა, ერთხელ როდესაც დაჭრილები ჩამოიყვანეს სამხედრო ჰოსპიტალში, მეორედ _მეთერთმეტე ბატალიონის მეთაურმა გამოატანა ბიჭების წერილები წამლებისთვის თბილისში წამოსულ ექიმს, რომელმაც მეუღლეს გადასცა უკონვერტო წერილები ფურცლის კუთხეზე დაწერილი მისამართებით...
მან კი, ამ ღვთისნიერმა ქალმა ყველა ადრესატს წერილი თავისი ხელით გადასცა.
ია სიხარულით ცას ეწია, განა ხუმრობაა, გულისსწორი პირობას აძლევს, რომ დაბრუნდება, აუცილებლად დაბრუნდება და იქორწინებენ...
13 ივნისს, სვეტიცხოველში წავიდა ია, მოილოცა და მუხლებზე მდგარმა უფალს შესთხოვა, დაიფარეო ჩემი სამშობლო და დამიბრუნეო ჩემი ვასიკო.
სახლში დაბრუნებულმა იამ სიხარული ვერ დამალა, როდესაც კარებში კონვერტი დაინახა, სულსწრაფი გამოდგა შეყვარებული გული, კარების გაღება და კონვერტის გახსნაც ერთი იყო...
ვასიკო წერდა:
ძალიან მომენატრე ჩემო ძვირფასო.
ზოგჯერ, როდესაც ბრძოლა მიწყდება და სანგარში თვალს მივლულავ, წამსვე ოცნებით შენთან ვჩნდები... სამომავლო გეგმებს ერთად ვაწყობთ, შენ სასწავლებელს ამთავრებ და ჩემს მშობლიურ სკოლაში იწყებ მუშაობას, მე იმედია კომისარიატში გამომიძებნიან ადგილს, სხვაგან ვერ ვხედავ საკუთარ თავს, სულით ხორცამდე ჯარისკაცი ვარ!
ძალიან მალე დამთავრდება ეს წყეული ომი.
დავბრუნდები და სულ ერთად ვიქნებით, ახლა კი ვასრულებ წერას და გემშვიდობები. მალე მარტყოფში შევხვდებით...
ეს მალე აღარ დადგა, რადგან 1993 წლის 9 ივლისს ტამიშის ბრძოლაში გაუცივა გული ვასიკოს, მტრის ტყვიამ... ვინ იცის უკანასკნელ წუთს რა დაინახა მარტყოფის ვეფხვმა, დედის ღიმილიანი სახე თუ სატრფოს მეოცნებე თვალები...
ავტ. შორენა გორგოძე