სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11905

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
სასულიერო პირები
გიორგი გიორგის ძე დუმბაძე 1803-1883წწ  მღვდელი. მგალობელი გიორგი გიორგის ძე დუმბაძე 1803-1883წწ  მღვდელი. მგალობელი
ბმულის კოპირება

სასულიერო პირები

გვარი დუმბაძე სია

გამოჩენილი ადამიანები სრული სია

26       ბეჭდვა

გიორგი გიორგის ძე დუმბაძე 1803-1883წწ მღვდელი. მგალობელი

საპატრიარქოს უწყებანი N22 7-13ივნისი 2012წ გვ.17

მღვდელი გიორგი დუმბაძე 1803-1883


 იგი „უკიდურეს სიღარიბეში ყველაზედ მდიდრად სთვლიდა თავს“

ცნობილი საეკლესიო მოღვაწე და მგალობელი მღვდელი გიორგი დუმბაძე გურიის სამთავროში, საეკლესიო აზნაურის ოჯახში დაიბადა, საარქივო საბუთების მიხედვით, რომელიც დაცულია საქართველოს სახელმწიფო ცენტრალურ საისტორიო არქივის საქართველო-იმერეთის სინოდალური კანტორის ფონდში, იგი 1803 წელს დაიბადა, ხოლო ზეპირი გადმოცემებითა და თანამედროვეთა ჩანაწერებით, 1783 წელს. დუმბაძეთა გვარი საუკუნეთა განმავლობაში ერთგულად ემსახურებოდა დედაეკლესიასა და სამშობლოს. XVII საუკუნეში შემოქმედის კათედრაზე მოღვაწეობდა მიტროპოლიტი იაკობი (დუმბაძე), რომელიც დიდ როლს ასრულებდა მაშინდელ საქართველოს პოლიტიკურ და საეკლესიო ცხოვრებაში. ამ ღირსეული გვარის წარმომადგენელი იყო მღვდელი გიორგი დუმბაძე. პატარა გიორგი სიყრმიდანვე აღსაზრდელად მიაბარეს ჯუმათის მთავარანგელოზთა სახელობის მონასტერში, სადაც მიტროპოლიტ ნიკოლოზთან (შერ-


22-1 საპატრიარქოს უწყებანი N22 7-13ივნისი 2012წ გვ.18

მღვდელი გიორგი დუმბაძე 1803-1883 (გაგრძელება)

ვაშიძე) საფუძვლიანად შეისწავლა წერა-კითხვა, წმინდა წერილი, გალობა და საეკლესიო ტიპიკონი. განსაკუთრებით კარგად იცოდა მან ქართული საეკლესიო გალობა და ღვთისმსახურება. XIX საუკუნის 20-იანი წლების დასაწყისში შემოქმედის საკათედრო ტაძარში მედავითნედ განამწესეს. 1824 წელს გიორგი მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა დიაკვნად აკურთხა, ხოლო 1826 წლის აპრილში მღვდლად დაასხა ხელი და შემოქმედის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურად დანიშნა. მამა გიორგი ადრეულ ასაკში დაქვრივდა, რის გამოც მან ერში სამსახური მიატოვა და მთელი თავისი ცხოვრება შემოქმედის მონასტერს დაუკავშირა. იგი მონასტრის ერთ-ერთ სენაკში დასახლდა და მუხლჩაუხრელ ლოცვასა და მსახურებაში გაატარა მთელი ცხოვრება. მამა გიორგი, თანამედროვეთა გადმოცემით, თავის სამწყსოს ჭეშმარიტი მოძღვარი და მზრუნველი მწყემსი ყოფილა, თუმცა მის შესახებ ბევრი ცნობა არ მოგვეპოვება. თუ რამ შემორჩა, ისიც ძველ პირთა გადმოცემებია. გთავაზობთ რამდენიმე მათგანის მოგონებებს. ცნობილი მეცნიერი და ისტორიკოსი დიმიტრი ბაქრაძე თავის შედგენილ წიგნში „არქეოლოგიური მოგზაურობა გურიასა და აჭარაში“ მამა გიორგის შესახებ წერდა:

  „მე ვამთავრებ ამ გრძელ თავს, მაგრამ დასასრულს საჭიროდ მიმაჩნია  ორიოდე სიტყვა ვთქვა ერთ ფრიად საინტერესო კაცზე, რომელსაც შემოქმედში შეხვდი. ეს არის შემოქმედის მკვიდრი მღვდელი გიორგი დუმბაძე, რომელიც 90 წლისაა, მაგრამ სრულად შემორჩენია როგორც ფიზიკური მხნეობა, ისე საღი გონება. 40-50 წლის წინათ, როცა ჩურუქ-სუში ქრისტიანობა ჯერ კიდევ ცოცხლად ახსოვდათ და აქაური ეკლესიები ყველა მთელი იყო, გიორგი დუმბაძე იქაური მოსახლეობის მოწვევით სხვა გურულ მღვდლებთან ერთად დადიოდა იქ ქრისტიანული საეკლესიო წესების აღსასრულებლად. 1820 წელს მან საკუთარი თვალით ნახა პოლკოვნიკ პუზირევსკის მკვლელობა შემოქმედში და მისი მკვლელობის ვითარებას ისე ჰყვება, რომ სავსებით ეთანხმება ჩვენს ხელთ არსებულ ოფიციალურ ცნობებს. მაგრამ მისი ნაამბობი უფრო დაწვრილებითია. 1828 წელს იგი მონაწილეობდა რუსეთთურქეთის ომში და გენერალ გესენის რაზმთან ერთად ულაშქრია ჩურუქსუსა და ციხისძირში. დუმბაძეს კარგად ახსოვს უკანასკნელი შემოქმედელი იოსები, რომელიც, მისი სიტყვით, თაყაიშვილების გვარიდან იყო. ზოგიერთი მისი ცნობა, განსაკუთრებით გურიის მთავრების სვიმონისა და მისი შვილის, უკანასკნელის წინა გურიელი მამია V-ის ეპოქის დამახასიათებელი, აგრეთვე ეთანხმება ჩემს მიერ შეგროვებულ წერილობით სიგელებს, ასეთია, სხვათა შორის, მისი ცნობები ტყვით ვაჭრობაზე გურიაში; ამ დანაშაულში მხილებულთა ცოცხლივ დაწვაზე; ეგრეთ წოდებულ ღვთის სამართალზე ანუ ორთა ბრძოლით, მდუღარებითა და გახურებული რკინით გამართლებაზე, რომელსაც დასაბამი მიეცა ჯერ კიდევ ძველ არიელებში. ასევე  შევეხები დუმბაძის ნაამბობს სამართლის იმ ფორმის დაწვრილებითს აღწერაზე, რომელიც გურიასა და მთელ საქართველოში ცნობილია „შანთის“ სახელით. მღვდელი გიორგი დუმბაძე გურიაში მოგზაურობისას უნახავს მწერალსა და ისტორიკოსს თედო სახოკიასაც. აი, რას წერდა იგი მის შესახებ: „ამ ოცი წლის წინათ შემოქმედში ღრმად მოხუცებული მღვდელი გიორგი დუმბაძე ცხოვრობდა. რადგან ამ გორაკის (იგულისხმება შემოქმედის მონასტერი), კლდეში მშვენიერი საშენი ქვაა, ეს მღვდელიც ხშირად მუშაობდა აქ და ქვას აზიდვინებდა“. ყველაზე ვრცელი და საინტერესო მასალა მამა გიორგის შესახებ შემოგვინახა ცნობილმა საეკლესიო მოღვაწემ და მგალობელმა, დეკანოზმა რაჟდენ ხუნდაძემ, რომელმაც ჟურნალ „მწყემსის“ რედაქტორის, დეკანოზ დავით ღამბაშიძის თხოვნით მოიძია ინფორმაცია იმჟამად ახალგარდაცვლილ მოძღვარზე, თუმცა მამა რაჟდენის პუბლიკაციამდე თავად დეკანოზ დავითის მოგონებები გამოქვეყნდა ჟურნალ „მწყემსის“ 1893 წლის XV-XVI ნომრებში: „ხშირად შეხვდებით კაცს, რომელიც აღჭურვილია სწავლით და მეცნიერებით და თქვენ ფიქრობთ, რომ ამისთანა კაცს დიდი ნაყოფის მოტანა უნდა შეეძლოს და დიდი გავლენაც უნდა ჰქონდეს სხვა მოძმეთა და მოყვასთა უფრო მცირე ნასწავლ და განუვითარებელ პირთა ზედა. მაგრამ ზოგიერთებში ამ სწავლა-მეცნიერებას შესაფერი ნიადაგი ვერ მოუპოვებია და ამიტომ სულ სხვა შედეგს ხედავთ. ხშირად შეხვდებით ისეთ პირთაც, რომელთაც მცირე განათლება მიუღიათ, მაგრამ ამ მცირე განათლებას ისეთი ნიადაგი დახვედრია კაცში, რომ მას დიდი ნაყოფი მოუტანია და დიდი გავლენაც მოუპოვებიათ მოძმეთა და მოყვასთა შორის. სწორეთ ამ უკანასკნელი კაცების რიცხვს ეკუთვნოდა აწ უკვე განსვე- ნებული მამა გიორგი დუმბაძე. ეს უბრალო სოფლის მღვდელი ისე უხვად იყო დაჯილდოებული ჭეშმარიტი ქრისტიანული ყველა თვისებით, რომ განსვენებულის ორიოდე სიტყვა და ერთი მისი შეხედვა საკმაო იყო, რომ კაცს ეთქვა: აი სწორეთ ჭეშმარიტი ქრისტიანი მოძღვარი, აღზრდილი საქართველოს ნიადაგზედ მაცხოვრის სახარებისამებრ. მამა გიორგი დუმბაძე უკიდურეს სიღარიბეში ყველაზედ მდიდრად სთვლიდა თავს; უბრალო სოფლის მღვდელი, გარემოცული ქვეყნიური ათასნაირი ამაოებით და უსიამოვნებით, პირველ მოსამსახურედ რაცხდა თავს, როგორც მოძღვარი მაცხოვრისა. ის ყოველთვის ხელმძღვანელობდა მაცხოვრის მცნებით: „შეიყვარე მოყვასი შენი, ვითარცა თავი თვისი“. ამ მცნების ხსოვნა საკმაო იყო განსვენებულისათვის, რომ იგი სახარების მცნებებს არ გარდასულიყო თავის მოქმედების დროს. რაც უფრო დიდი განათლების და ნამსახურების მექონეც უნდა იყოს დღეს კაცი, ძნელად მოიპოვებს იგი იმ პატივს, იმ სიყვარულს და მოძღვარ-მოწაფეთა შორის იმ კეთილ-

22-2საპატრიარქოს უწყებანი N22 7-13ივნისი 2012წ გვ.19

მღვდელი გიორგი დუმბაძე 1803-1883 (გაგრძელება)

განწყობილებას, როგორი პატივისცემაც მოპოებული ჰქონდა მამა გიორგის. რა იყო მიზეზი ამ მშვენიერი მოძღვარ-მოწაფური კეთილ-განწყობილებისა და ურთიერთის პატივისცემისა? აი, როგორ იქცეოდა მამა გიორგი დუმბაძე სამრევლოში: როდესაც გარდაიცვლებოდა მის სამრევლოში ვინმე, მამა გიორგი მაშინვე გამოცხადდებოდა ჭირისუფლის სახლში, ან და სიკვდილის დღეს გარდაცვალებულის ოჯახში იყო. ანუგეშებდა სნეულს, ხოლო გარდაცვალების შემდეგ უსრულებდა საჭირო მღვდელმოქმედებას და კაპეიკიც რომ არ მიეცათ მამა გიორგისთვის, ის არასფერს არ ეტყოდათ. კარგად იცოდა, რომ მისი მოწაფე მის შრომას უსასყიდლოდ არ დასტოვებდა. ჭირისუფალს ერთ თვეს იქით მიჰქონდა ფული თავის მოძღვართან. ბატონო მოძღვარო, მოგართვი შენი ახი, მიიღეთ საწირავი, ეუბნებოდა მამა გიორგის ჭირისუფალი. დათვალე, შვილო რამდენია, უპასუხებდა მამა გიორგი დუმბაძე. მომტანი ითვლიდა ფულს და აღმოჩნდებოდა ან თუმანი ან 6 მან. და ან მეტი. გაყავი ეგ ფული შუაზედ, ნახევარი მე მომეცი და ნახევარი უკან წაიღე, შვილო, ეტყოდა მამა გიორგი ფულის მომტანს. მომტანი ხშირად უარზე იდგა და არ მიქონდა ფული უკან. მამა დუმბაძე კი ნახევრის მეტს არ იღებდა იქიდგან, რასაც საწყალი გლეხი მიუტანდა მას თავის სურვილით. ვსთქვათ, მამა დუმბაძე ხედავდა, რომ მისი სამწყსო შევიწროებული იყო უგზოობით და უხიდობით. ამ შემთხვევაში მამა გიორგი დუმბაძე პირველი ინჟინერი იყო. სანამ ჩინებულ გზატკეცილებს არ გაიყვანდა თავის სამრევლოში თავისივე სამრევლოს დახმარებით და საშუალებით. ის ვერ მოისვენებდა. იმას არ უმაგრდებოდა არც კლდე და არც მთები. მამა გიორგიმ იცოდა, თუ რა გაჭირვებული საქმე აქვს სოფლელებს ხიდების უმექონებლობით. ყოველ ღონისძიებას ხმარობდა იგი, რომ ხიდები გაკეთებულიყო წყლებზედ და ხალხს გაადვილებოდა ერთმანეთში მიმოსვლა“. ჟურნალ „მწყემსის“ მე-18 ნომერში კი უკვე მღვდელ რაჟდენ ხუნდაძის მასალა დაიბეჭდა: „გურიის მაზრაში, შემოქმედის მონასტრის გალავანში, თითქოს მონასტერზედვე მიშენებულია სოფელ შემოქმედის სამრევლო ეკლესია, რომელსაც ღვთაების ეკლესიას ეძახიან. აი, ამ ეკლესიის მრევლის მღვდლად ითვლებოდა ყველასაგან პატივცემული განსვენებული მამა გიორგი დუმბაძე. მთელი გურიის საზოგადოება დიდ პატივს სცემდა განსვენებულ მოძღვარს. ის იყო მტკიცე და შეურყეველი ხასიათის. იყო ზედმიწევნით მცოდნე საღვთო წერილისა და გალობისა. იმისი სახლის კარები სწავლის მსურველთათვის მუდამ ღია იყო, ვინც და რომელი წოდებისაც უნდა ყოფილიყო იგი. ნამეტურ ვისაც ნიჭს შეამჩნევდა სწავლისას, ის იყო იმისი მხიარულების საგანი; მისი ღარიბის პურის ქამა ყველა ამგვარ პირთა საზიარო იყო! შენ-ჩემობა სძულდა. არ უყვარდა აგრეთვე მჭევრმეტყველება, იგი თავის მრევლს, ორი-სამი სიტყვით დააჯერებდა, რაც საჭირო იყო და თუ მოხდებოდა ასში ერთხელ, რომ მის სიტყვას პირველი თქმისთანავე ვერ მიითვისებდა, ვისაც ეუბნებოდა, ამ შემთხვევაში ასე იტყოდა ხოლმე: ამას უთუოდ მონათვლა აკლიაო.იმისი მტკიცე და შეურყეველი ხასიათი იმაში გამოიხატებოდა, რომ ყოველი წოდების კაცს, ვინც უნდა ყოფილიყო იგი: თავადი თუ აზნაური, ერის კაცი, ბერი, მღვდელი და თუგინდ თვით მღვდელმთა- ვარიც, რაც სათქმელი ჰქონდა, დაუფარავად, გაბედვით და თითქმის ბრძანების კილოთი ეტყოდა. მამა გიორგი ზრუნავდა თავისი მრევლის სულიერი და ხორციელი კეთილ მდგომარეობისთვის. წირვა-ლოცვა ძალიან უყვარდა და შემოქმედის მონასტერში თუ ვინმე კანონიერად ვერ წაიკითხავდა წიგნს წირვა-ლოცვის დროს, ვაი იმისი ბრალი! ვინც უნდა ყოფილიყო იგი, მაშინვე მიაძახებდა და თავის შეცდომას უსწორებდა. იქნება ასში ერთხელ მონასტრის არქიმანდრიტს გაებედნა მისთვის და  ეთქვა: „მამა გიორგი, საზოგადოებაში შერცხვება, ისე რომ შეუძახებ კაცს ისე ცოტა შეცთომისათვისო“. მამა გიორგი ესეთს პასუხს მიუგებდა: „არა, მამა არქიმანდრიტო, ღმერთთან ტყუილის თქმა კაცს არ ეპატიებაო; ერთი ეს და მეორე: ერთხელ რომ შერცხვება, მეორედ დაუკვირდება და კითხვაში სიცრუეს აღარ იტყვისო“. ასე, ამ რიგად მრავალი მწიგნობარი გაუწითლებია სირცხვილისაგან და თუ კარგად თავის იმედი არ ჰქონდა ვისმე, ისე მამა გიორგისთან წიგნის წაკითხვას ვერ გაბედავდა. კარგად ქართული კითხვა-გალობის მცოდნე უყვარდა და ძალიან თავაზიანად ექცეოდა. როგორც ვიცით, ყველასგან ცნობილს, სახელოვან ქართული გალობის მცოდნეს ბატონ ანტონ დუმბაძეს პირველად იმისგან აქვს ნასწავლი ქართული გალობა და შემდეგ სხვადასხვა ადგილებზე დაუმთავრებია. შვილი არ ჰყავდა, რადგან ძალიან მალე დაქვრივებულა... ცხოვრება თვით მონასტერში ჰქონდა; ყანას არ ამუშავებდა, მაგრამ უსაქმოდ ერთ წამსაც არ გააცდენდა. იმისი სამუშაო იყო მუდამ სასოფლო გზის კეთება, დღეს ერთს გააკეთებდა, ხვალ მე- ორეს, ზეგ მესამეს და ასე განუწყვეტლად მუშაობდა. სადილისათვის ხან ერთ მის მრევლთაგანს შეუთვლიდა დიაკვნის პირით მჭადი და ღვინო გამო-

22-3 საპატრიარქოს უწყებანი N22 7-13ივნისი 2012წ გვ.20

მღვდელი გიორგი დუმბაძე 1803-1883 (დასასრული)

მიგზავნეო და ხან მეორეს და თანაც, უთუოდ ის უნდა გაგეგზავნა, რასაც შეუთვლიდა. სამაგიეროდ, მამა გიორგიმ არ იცოდა თავის მრევლთან მღვდელმოქმედებისათვის ფულების თხოვნა. მამა გიორგიმ იცოდა თავზე თათრული სარტყელის შემოხვევა და იმაზე დიდი, ძალიან დიდი ფაფანაკი ქუდის დახურვა. წელზედაც თათრული სარტყელი იცოდა. როცა ანაფორა შემოაგჯებოდა და შემთხვევით ამ დროს მისვლა შეხვდებოდა განსვენებულ გურიის ეპისკოპოსს გაბრიელთან, მამა გიორგი ასე ეტყოდა ყოვლადსამღვდელოს: ორი ანაფორა თუ გაქ, ერთი მომეცი (როგორც ზევით ვთქვით, მამა გიორგის ზედმეტი სიტყვის თქმა არ უყვარდა). ყოვლადსამღვდელოც იმ წამს მისცემდა ანაფორას. ახალი ზნეწესის მიმდევარი არაფერში არ იყო და არც უყვარდა. მხოლოდ ერთადერთი ჩაი იყო იმისი საყვარელი ყველა ახლებში. ნაშუადღევს რომ შეხვედროდა, ყოვლადსამღვდელო ეტყოდა: მამა გიორგი, უსადილო იქნები, სადილი მიირთვიო; მამა გიორგი ასე ეტყოდა: სადილი არ მინდა და ჩაის თუ მასვემ, კარგი იქნებაო. ღმერთმა ჰქმნას, რომ მამა გიორგი დუმბაძის მსგავსი ჭეშმარიტი კაცი და მრევლთათვის საყვარელი მოძღვარი მრავალი გვყოლებოდეს. საუკუნოდ იყოს ხსენება მისი“. დასაზუსტებელია მამა გიორგის გარდაცვალების ზუსტი წელიც. მკვლევარი ილია თავბერიძე თავის წიგნში „XIX საუკუნის ქართველი მოღვაწეები და საეკლესიო გალობა“ წერს: „პოლიევქტოს კარბელაშვილის ცნობით, მამა გიორგი დუმბაძე 100 წელს მიტანებული გარდაიცვალა 1875 წელს“, ხოლო მოსე დუმბაძის ხელნაწერი დღიურის მიხედვით, რომელიც აწ გარდაცვლილი მეცნიერის ქველი ჩხატარაიშვილის არქივში ინახება „გიორგი გიორგის ძე დუმბაძე გარდაიცვალა 1883 წელს; იგი იყო დაბადებიდგან ასი წლის, დიდი ნასწავლი საღმრთო წერილითა და ქართული ენის წერა-კითხვითა და გალობითა. მას საღმრთო წერილი, გალობა და წაკითხვა 300-მდე კაცისათვის უსწავლებია“. მამა გიორგის ახლო ნათესავი და მოსწავლე იყო ანტონ დუმბაძე, რომლის მგალობლად ჩამოყალიბება მამა გიორგის დამსახურებაა, ასევე მამა გიორგის ძმის შვილიშვილი იყო სიონის საპატრიარქო ტაძრის პროტოპრესვიტერი ანტონ მაქსიმეს ძე თოთიბაძე (1865-1938).


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 09.11.2025
ბოლო რედაქტირება 09.11.2025
სულ რედაქტირებულია 3





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0