სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11905

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
სასულიერო პირები
სვერის(ჭიათურა) წმინდა იოანე ნათლისმცემლის ეკლესია და იქ მოღვაწე სასულიერო პირები სვერის(ჭიათურა) წმინდა იოანე ნათლისმცემლის ეკლესია და იქ მოღვაწე სასულიერო პირები
ბმულის კოპირება

სასულიერო პირები

ჭიათურა გამოჩენილი ადამიანები სრული სია

35       ბეჭდვა

სვერის(ჭიათურა) წმინდა იოანე ნათლისმცემლის ეკლესია და იქ მოღვაწე სასულიერო პირები

 საპატრიარქოს უწყებანი N32 27სექტემბერუ-4ოქტომბერი გვ.17

სვერის წმინდა იოანე ნათლისმცემლის ეკლესია და იქ მოღვაწე სასულიერო პირები

ჭიათურის რაიონის სოფელ სვერში დგას წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესია. საეკლესიო ჩანაწერების თანახმად, იგი აგებულია 1806 წელს, ქვისგან. ადგილობრივი მოსახლეობისთვის ცნობილია რამდენიმე წყარო და გადმოცემა ტაძრის აშენებასთან დაკავშირებით. აქ დასაფლავებულია ერთი პიროვნება, გვარად ღვალაძე, რომელიც XIX საუკუნეშია გარდაცვლილი. მას ეკუთვნოდა ეკლესიის ამჟამინდელი მიწა, რომელიც მან შემდგომ ეკლესიას და სასაფლაო ტერიტორიას შესწირა. გადმოცემის თანახმად, ის ეხმარებოდა ტაძრის მაშენებელთაც. არსებობს ცნობა, რომ XVIII საუკუნის შუა ხანებში ერთ-ერთმა დედოფალმა ამ ტაძარს იოანე ნათლისმცემლის სახელობის ძვირფასი ხატი შესწირა, რომლის ადგილსამყოფელი დღესაც უცნობია. 1880 წელს ეკლესია შეკეთდა და განახლდა ადგილობრივი მღვდლის, ღენტორ წერეთლის მეცადინეობით.

მღვდელი ღენტორ წერეთელი, მეუღლესთან ერთად.

32-1  საპატრიარქოს უწყებანი N32 27სექტემბერუ-4ოქტომბერი გვ.18

სვერის წმინდა იოანე ნათლისმცემლის ეკლესია და იქ მოღვაწე სასულიერო პირები (გაგრძელება)

ამჟამად ტაძრის განახლებასა და რესტავრაციას ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტ დანიელის (დათუაშვილი) ლოცვა-კურთხევით ხელმძღვანელობს ადგილობრივი მკვიდრი, თბილისის სასულიერო სემინარიის კურსდამთავრებული, მღვდელი გიორგი წერეთელი.

მამა გიორგი შეძლებისდაგვარად კვირაში ერთხელ პარაკლისს, ხოლო თვეში ორჯერ წირვა-ლოცვასაც აღასრულებს სვერის ტაძარში. სოფლის მოსახლეობის დახმარებით იგი ღონეს არ იშურებს, რათა ტაძარში ძველებურად აღდგეს ღვთისმსახურება.

საქართველოს სახელმწიფი ცენტრალურ, საისტორიო არქივის საქართველო-იმერეთის სინოდალური კანტორის ფონდში დაცული საბუთების თანახმად, სვერის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესიის პირველი წინამძღვარი გახლდათ მღვდელი ნიკოლოზ ფარსადანის ძე ცუცქირიძე, რომელიც 1797 წელს იმერეთში, საბატონო გლეხის ოჯახში დაიბადა. ჰყავდა ორი ვაჟი: გიორგი (დაბ. 1824წ.) და იოანე (დაბ. 1829წ.) მცირეოდენი წერა, წმინდა წერილი, გალობა და საეკლესიო ტიპიკონი თავის მოძღვართან ისწავლა.  1818 წელს ხინოწმინდელმა მიტროპოლიტმა დავითმა (წერეთელი) მღვდლად დაასხა ხელი და სვერის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაადგინა. XIX საუკუნის 40-იანი წლების დასაწყისში მანდაეთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში გადაიყვანეს, სადაც 1865 წლამდე იხსენიება. მეორე წინამძღვარი, მღვდელი გიორგი თანდილას ძე გაჩეჩილაძე 1784 წელს იმერეთში, საბატონო გლეხის ოჯახში დაიბადა. (ცოლად ჰყავდა თინათინ ნასყიდას  ასული, რომელთანაც ორი ვაჟი -–– ალექსი (1821წ.) და ანდრია (დაბ. 1832წ.) –- შეეძინა. მამა გიორგიმ წერაკითხვა, წმინდა წერილი, გალობა და საეკლესიო ტიპიკონი ტაბაკინის წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტერში ისწავლა. 1810 წელს ხინოწმინდელმა მიტროპოლიტმა დავითმა (წერეთელი) მღვდლად დაასხა ხელი და დარბაიძეების წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაადგინა. XIX საუკუნის 40-იანი წლების დასაწყისში სვერის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესიაში გადაიყვანეს, სადაც 1845 წლამდე მსახურობდა. სვერის ეკლესიის მესამე წინამძღვარი გახლდათ მღვდელი გრიგოლ დავითის ძე წერეთელი, რომელსაც

1845 წელს იმერეთის მიტროპოლიტმა დავითმა (წერეთელი) მღვდლად დაასხა ხელი. მღვდელი გრიგოლი 1873 წლის 19 ივლისს გარდაიცვალა.

მომდევნო წინამძღვარი, მღვდელი ღენტორ სვიმონის ძე წერეთელი 1845 წელს იმერეთში, აზნაურის  ოჯახში დაიბადა. ოჯახში პირველდაწყებითი განათლების მიღების შემდეგ მშობლებმა პატარა ღენტორი ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში მიაბარეს. სწავლის წარჩინებით დასრულების შემდეგ მან საეკლესიო ტიპიკონი და გალობა ჭელიშის მონასტერში ისწავლა,სადაც რამდენიმე წელი დაჰყო. 1868 წლის იანვარში იმერეთის ეპისკოპოსმა გაბრიელმა (ქიქოძე) ითხვისის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესიის მედავითნედ განამწესა. 1870 წლის 29 იანვარს მეუფე გაბრიელმა იგი დიაკვნად აკურთხა და სვერის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესიის ღვთისმსახურად დანიშნა. 1871 წელს დიაკონმა ღენტორმა ეპისკოპოს გაბრიელის ლოცვა-კურთხევით ეკლესიასთან გახსნა სამრევლო-საეკლესიო სკოლა, სადაც პატარებს თავადვე ასწავლიდა უსასყიდლოდ. მამა ღენტორის მღვდლად კურთხევასთან დაკავშირებით შემორჩენილია დეკანოზ მელიტონ კელენჯერიძის მოგონება, სადაც ვკითხულობთ: „ითხვისის (დარკვეთის თავზეა) ეკლესიაზე იყო მთავარდიაკვნად ღენტორ წერეთელი, რომელიც სასულიერო სასწავლებელში დიდი მთავრის მიხეილ ნიკოლოზის ძის მეუღლის ხარჯით გაიზარდა. წერეთელს მღვდლად კურთხევა ეჩქარებოდა. თხოვნა გაუგზავნა მთავრინას, რომ გაბრიელისთვის ებრძანებინა მისი კურთხევა. დიდმა მთავრინამ გაბრიელს მოსწერა, მაგრამ მან მაინც არ  აკურთხა და დიდხანს გააჩერა უკურთხად“. როგორც ეპისკოპოს გაბრიელის ცხოვრებიდან ვიცით, მას არ უყვარდა ეკლესიის საქმეებში საერო მოხელეებისა და  თავად-აზნაურთა უადგილო ჩარევები, იგი ფრიად შეუვალი და მტკიცე დამცველი გახლდათ საეკლესიო წესე- ბის, ამიტომ გასაკვირი არაა, რომ მან უარი უთხრა „მთავრინას“ ასეთ თხოვნაზე. 1873 წლის 30 აგვისტოს მეუფე გაბრიელმა დიაკვან ნესტორს მღვდლად დაასხა ხელი და სვერის ეკლესიის წინამძღვრად დაადგინა. 1874 წელს იმერეთის ეპარქიის სვერის სამთავარხუცესო ოლქმა მღვდელი ღენტორი საეპარქიო კრებაზე დამსწრე დეპუტატად გამოარჩია. 1884 წლის 18 ნოემბერს ეკლესიაში ერთგული და თავდადებული სამსახურისათვის ეპისკოპოსმა გაბრიელმა საგვერდულით დააჯილდოვა. მამა ღენტორი დიდ ყურადღებას უთმობდა მრევლსა და მომავალ თაობებში სწავლა-განთლების გავრცელების საქმეს. იმ პერიოდში საქართველოში ძალიან იშვიათი იყო საეკლესიო პერიოდული გამოცემები, ჟურნალგაზეთები და ხალხი მოკლებული იყო სულიერ საზრდოს. 1883 წლის მიწურულს იმერეთში დეკანოზმა დავით ღამბაშიძემ დაიწყო სასულიერო ჟურნალ „მწყემსის“ გამოცემა, რამაც ფრიად დიდი გამოხმაურება პოვა სამღვდელოებაში. ამ სასიხარულო მოვლენას მამა ღენტორიც გამოეხმაურა და რედაქტორს სთხოვდა, უფრო მეტი ყურადღება მიექცია ჟურნალის სწრაფად და ხარისხიანად გავრცელებისათვის დაბა-სოფლებში. აი,


32-2  საპატრიარქოს უწყებანი N32 27სექტემბერუ-4ოქტომბერი გვ.19

სვერის წმინდა იოანე ნათლისმცემლის ეკლესია და იქ მოღვაწე სასულიერო პირები (გაგრძელება)

რას წერდა იგი: „ორი წელიწადი გავიდა, რაც თქვენ პატივცემულ გამოცემას ვიწერთ. მომავალი წლიდან, როგორც გვპირდებით, თითქმის თითოეულ კვირაში გამოვა „მწყემსი“. რამდენად სასარგებლო არის ამგვარი გამოცემა ჩვენი სამღვდელოებისათვის და რამდენად საჭიროა მღვდლისათვის მიყრუებულ სოფლებში ამისთანა გამოცემა, ამის დამტკიცება, ვგონებ, საჭირო არ არის. დღემდის ჩვენ ერთ წლამდე ვერ შევიტყობდით ხოლმე მთავრობის განკარგულებას. წარმოიდგინეთ, რომ უმაღლესად გამოცხადებული მანიფესტები ხანდისხან ერთ წელს იქით

ეცხადებოდა ხოლმე სამღვდელოე- ბას სოფლებში. ამას წინეთ ომიანობის გამოცხადებაზე უმაღლესი მანიფესტი ზოგიერთ სოფლებში მაშინ გამოცხადდა, როდესაც ომიანობა თითქმის გათავებული იყო! ხშირად რუსულად იგზავნებოდა ხოლმე სხვადასხვა განკარგულებანი, რომლების სამღვდელოებას არ ესმოდა რა. დღეს, მადლობა ღმერთს, ამგვარ გაუგებლობას აცილებულია ჩვენი სამღვდელოება. მაგრამ საქმე ის არის, რომ რა საშუალებით უნდა ვიღებდეთ ამ ჩვენთვის სასარგებლო გამოცემას. ბლაღოჩინები ამ გაზეთის მიღებას და დარიგებას არ იღებენ თავზე. შეუძლია თუ არა, ამ შემთხვევაში უარი უთხრას ბლაღოჩინმა თავის სამღვდელოებას გაზეთების დარიგებაზე? ჩვენის აზრით, ბლაღოჩინს არა აქვს ნება გაზეთის მიღებაზე და დარიგებაზე უარი განაცხადოს. ამ გაზეთებში ხომ, სხვათა შორის, მთავრობის განკარგულებები იბეჭდება და რატომ არ უნდა დაურიგონ სამღვდელოებას ამისთანა ცნობები. ჩვენი აზრით, არა თუ უარის თქმა არ შეუძლიათ ბლაღოჩინებს ამ გაზეთის დარიგებაზე, არამედ პირდაპირი მათი მოვალეობაა, რომ ეს გაზეთები მათ მიიღონ ფოსტებიდან და დაურიგონ სამღვდელოებას. თუ ეს ასე მოხდება, მაშინ ჩვენ შეგვეძლება ყოველივე მალე შევიტყოთ და მალე ვაცნობოთ ხალხსაც. იმედი გვაქვს, რომ ამაზე სასულიერო მთავრობაც მოახდენს განკარგულებას. ამასთან, ჩვენ არ გვჯერა, რომ ჩვენთან ერთად ჩვენი მოძმენიც ამის თანახმანი არ გახდებიან“. 1889 წლის 17 ივლისს მამა ღენტორმა კიდევ ერთი სკოლა გახსნა სოფელ სვერში. 1889 წლის 31 ოქტომბერს სვერის ოლქის სამღვდელოებამ იგი სულიერ მოძღვრად გამოარჩია. 189! წლის აპრილში სკუფია უბოძეს. 1897 წლის 6 მაისს კამილავკა ეწყალობა, ხოლო 1907 წლის 15 მაისს სამკერდე ოქროს ჯვრით დაჯილდოვდა, რომლის მიღება მან, სამწუხაროდ, ვეღარ მოასწრო. მღვდელი ღენტორი 1907 წლის 20 მარტს ავაზაკებმა მოკლეს. მამა ღენტორის მკვლელობასთან დაკავშირებით გაზეთი „ისარი“ თავის ფურცლებზე წერდა: „როგორც შორაპნის მაზრიდან გვატყობინებენ, 20 მარტს ვიღაცეებს მოუკლავთ სვერის მღვდელი ღენტორ წერეთელი და სოფელ თვალუეთის მცხოვრები გლეხი ბესარიონ ბიწაძე. ამ დღეს, დილით სვერში მღვდელ წერეთელთან მისულა სამი ცხენოსანი, საპოლიციო დარაჯების ფორმაში გამოწყობილნი და თან მიუყვანიათ ბიწაძე. უცნობებს მღვდლისათვის უთქვამთ, სოფელ ცხრუკვეთში მღვდელ ნიკოლოზ წერეთლისას გაჩერდა ბოქაული, გამოძიებას ახდენს, თქვენ გიბარებთ და უნდა წამოხვიდეთო. მღვდელი წაჰყოლია. როცა მიახლოებიან მამა ნიკოლოზის სახლს, წინ დახვედრიათ მეოთხე უცნობი, დარაჯისავე ფორმაში გამოწყობილი, რომელსაც უთქვამს, ბოქაული ხევში გადავიდა, სადაც ამას წინად აფრასიონ მერკვილაძე მოჰკლეს, და უნდა ადგილობრივ წავიდეთო. წასულან ხევში, როცა ჩასულან, დაუხლიათ თოფები და ორივე მოუკლავთ. ამის შემდეგ უცნობები მიმალულან. ეს ამბავი უცნობებიათ მაზრის უფროსისათვის ზესტაფონში, საიდანაც მეორე დღეს წასულა ბოქაული მახარაძე დარაჯების თანხლებით“.

იგივე გაზეთი შემდეგ ნომერში წერდა, რომ მოძღვარი და გლეხი ბესარიონ ბიწაძე კი არ მოუკლავთ, არამედ  ჩამოახრჩვესო.

1911 წელს ქუთაისში გამომავალი გაზეთი „კოლხიდა“ წერდა: „ჩვენ ხელთა გვაქვს 61 ფურცელზე დაწერილი საბრალდებო ოქმი ცნობილი „მერკვილაძის საქმის“ გამო. დღეს, როგორც ვუწყით, მერკვილაძე ცოცხალი აღარ არის, მაგრამ მისი რაზმიდან ოცდათორმეტი კაცი კიდე დარჩა, რომელნიც დღეს პასუხისგებაში არიან მიცემულნი. მათ ბრალად ედებათ 17-ზე მეტი მკვლელობა, მათ შორის, 1905 წელს მღვდელ გიორგი ფერაძისა და 1907 წელს მღვდელ ღენტორ წერეთლის მოკვლა. ორას თორმეტი მოწმეა დანიშნული ამ საქმეში. ოქმები ჩაბარებული აქვთ უკვე ბრალდებულთ და საქმეს მოკლე ხანში გაარჩევს სამხედრო სასამართლოს სესია“.


მამა ღენტორს ჰყავდა მეუღლე მართა ლეონტის (ლევანის) ასული გამცემლიძე (დაბ. 1847წ.) და სამი ვაჟი: სიმონი (დაბ. 1875წ., დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია), ვასილი (დაბ. 1879წ., დაამთავრა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელი) და აბესალომი (დაბ. 1884წ., დაამთავრა ოდესაში სამედიცინო ინსტიტუტი, სადაც გაიცნო მომავალი მეუღლე მარიამ ერშოვა).


მეხუთე წინამძღვარი, მღვდელი გრიგოლ პარმენის ძე წერეთელი 1872 წელს იმერეთში, აზნაური მღვდლის ოჯახში დაიბადა. 1892 წელს წარჩინებით დაასრულა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელი. 1892 წლის ოქტომბერში იმერეთის ეპისკოპოსმა გაბრიელმა (ქიქოძე) მერჯევის სამრევლო-საეკლესიო სკოლის მასწავლებლად დაინიშნა. 1893 წლის 25 ივნისს ითხვისის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესიის მედავითნედ და-

32-3  საპატრიარქოს უწყებანი N32 27სექტემბერუ-4ოქტომბერი გვ.20

სვერის წმინდა იოანე ნათლისმცემლის ეკლესია და იქ მოღვაწე სასულიერო პირები (დასასრული)

ინიშნა. 1899 წლის 4 მაისს გაიარა ქუთაისის სასულიერო სემინარიასთან არსებული საგამოცდო კომისია და მიიღო ნებართვა ხელდასხმაზე. 1899 წლის 14 ნოემბერს იმერეთის ეპისკოპოსმა ბესარიონმა (დადიანი) დიაკვნად აკურთხა და ითხვისის ეკლესიაში დაადგინა. 1906 წლის 11 ივნისს იმერეთის ეპისკოპოსმა ლეონიდემ (ოქროპირიძე) მღვდლად დაასხა ხელი და ტყემლოვანის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად განამწესა. 1907 წლის 1 აპრილს სვერის ეკლესიის წინამძღვრად დაადგინეს. 1912 წლის 1 აპრილს ქუთაისის გუბერნიის სახალხო სკოლების დირექტორიის გადაწყვეტილებით მამა გრიგოლი სვერის ერთკლასიანი სახალხო სკოლის საღვთო სჯულის მასწავ ლებლად დაინიშნა. 1913 წლის აღდგომას საგვერდულით დაჯილდოვდა. 1913 წლის 12 სექტემბერს მოძვის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში გადაიყვანეს, სადაც XX საუკუნის 20-იანი წლების ბოლომდე მსახურობდა. ჰყავდა მეუღლე ანა იოსების ასული (დაბ. 1878 წლის 21 ოქტომბერს) და შვილები: პავლე (1901წ. 10 თებერვალი), პეტრე (1909 წლის 23 მაისი), ანდრია (1911 წლის 10 აგვისტო) და პარმენი (1913 წლის 1 ივლისს). მეექვსე წინამძღვარი, მღვდელი გრიგოლ ტატიშვილი 1882 წელს ქუთაისის გუბერნიაში, სოფელ ცხრუკვეთში, აზნაური მღვდლის დიმიტრი ტატიშვილისა და ელისაბედ გედევანის ასულის ოჯახში დაიბადა.

დეკანოზი გრიგოლ ტატიშვილი.

1897-1901 წლებში ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში სწავლობდა. 1901 წელს ჩააბარა თბილისის სასულიერო სემინარიაში. 1904 წლის 10 ოქტომბერს სასულიერო სემინარიის III კურსის სტუდენტი დიაკვნად აკურთხეს და თბილისის სასულიერო სასწავლებლის კარის ეკლესიის ღვთისმსახურად დაინიშნა. 1905 წლის 20 მაისს ავლაბრის მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის ეკლესიაში მედავითნის შტატში. 1906 წლის 10 აპრილს თელავის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში დიაკვნის შტატში გადაიყვანეს და მასვე დაევალა თელავის ორკლასიან სამრევლო-საეკლესიო სკოლაში საღვგთო სჯულის სწავლება. 1910 წლის 28 ნოემბერს მღვდლად დაასხეს ხელი და ფშავში, არტაანის მაცხოვრის აღდგომის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა. 1913 წლის 14 ოქტომბერს იმერეთის ეპარქიაში გადაიყვანეს და სვერის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესიაში დაინიშნა. 1914 წლის 1 თებერვალს სვერის ერთწლიან სახალხო-სამინისტრო სკოლაში საღვთო

სჯულის მასწავლებლად დაადგინეს. 1924 წელს მამა გრიგოლმა სამღვდელოების მასობრივი დევნის პერიოდში შეწყვიტა მღვდელმსახურება და თბილისში სტატისტიკურ სამმართველოში დაიწყო მუშაობა. 1926- 1954 წლებში თბილისის ერთ-ერთ პურის ქარხანაში ბუღალტრად მუშაობდა. 1954 წლის 16 მაისს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მელქისედეკ II-მ (ფხალაძე) სასულიერო ხარისხში აღადგინა და სიონის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახლეობის საპატრიარქო ტაძარში განამწესა. XIX საუკუნის 50-იანი წლების ბოლოს ოქროს ჯვრით დაჯილდოვდა და დეკანოზის წოდება მიენიჭა. 1959/60 წლებში დიდუბის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში გადაიყვანეს. დეკანოზი გრიგოლი 1960-იან წლებში გარდაიცვალა. ჰყავდა მეუღლე ბარბარე მაქსიმეს ასული (დაბ. 1876წ.).

მეშვიდე წინამძღვარი, მღვდელი ერმილე ჭყონია, სავარაუდოდ, მამა გრიგოლის სამრევლოდან წასვლის შემდეგ უნდა დანიშნულიყო. საეკლესიო ჩანაწერების თანახმად, 1928 წლის 4 აპრილს კათოლიკოს-პატრიარქმა ქრისტეფორემ (ციცქიშვილი) დააჯილდოვა საქართველოს ეკლესიის სამღვდელოება, რომელთა შორის იხსენიება სვერის ეკლესიის მღვდელი ერმილე ჭყონია, რომელიც სამკერდე ოქროს ჯვრით დაჯილდოვდა. ტაძრის უკანასკნელი წინამძღვარი გახლდათ მღვდელი ნიკოლოზ იოანეს ძე ცუცქირიძე, დაბადებული 1847 წელს. იგი პირველი წინამძღვრის, მამა ნიკოლოზის შვილიშვილი გახლდათ. წერა-კითხვა, წმინდა წერილი, გალობა და საეკლესიო ტიპიკონი ჯრუჭის მონასტერში ისწავლა. 1868 წელს იმერეთის ეპისკოპოსმა გაბრიელმა (ქიქოძე) ტყემლოვანის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიის მედავითნედ განამწესა. 1874 წელს სვერის ეკლესიის მეორე მედავითნედ გადაიყვანეს. 1902 წელს იმერეთის ეპისკოპოსმა ლეონიდემ (ოქროპირიძე) პირველ მედავითნედ დაადგინა. სავარაუდოდ, ნიკოლოზი დიაკვნად XX საუკუნის 20-იან წლებში ეკურთხა, ხოლო მღვდლად -- XX საუკუნის 30- იანი წლების დასაწყისში. სვერის მოსახლეობის გადმოცემით, მას სახლში ჰქონია მოწყობილი სანათლავი, ასევე ასრულებდა ჯვრისწერებს და სხვა საეკლესიო წესებს. გარდაიცვალა 1939 წელს ღრმად მოხუცებული და დასაფლავებულია სვერის ეკლესიის ეზოში.



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 10.11.2025
ბოლო რედაქტირება 10.11.2025
სულ რედაქტირებულია 2





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0