მიტროპოლიტი ტიმოთე -–- ერისკაცობის სახელი უცნობია, XVIII ს-ის დასაწყისში ქართლში, გაბაშვილების თავადურ ოჯახში დაიბადა. პატარაობიდანვე იზრდებოდა გარეჯის მონასტერში, სადაც აღიკვეცა ბერად ტიმოთეს სახელით. აქვე მოხდა მისი ხელდასხმა მღვდლად. მისი აღმზრდელი და სულიერი მოძღვარი გახლდათ გარეჯის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი ბესარიონი (ბარათაშვილი-ორბელიშვილი), შემდგომში კათოლიკოსი. XVII საუკუნის 30-იან წლებიდან ტიმოთე იმერეთში გადავიდა სამოღვაწეოდ, სადაც დაახლოებით 1737 წელს ქუთათელ მღვდელმთავრად აკურთხეს. 1738 წელს ალექსანდრე V-მ მიტროპოლიტი ტიმოთე დასავლეთ საქართველოს რუკითა და წერილით გაგზავნა რუსეთის იმპერატორთან ოსმალეთის წინააღმდეგ დახმარების სათხოვნელად, მაგრამ 1739 წელს რუსეთ-ოსმალეთს შორის ბელგრადის საზავო ხელშეკრულების დადებამ ეს გეგმა ჩაშალა. 1740 წელს სამშობლოში მომავალი მეუფე ტიმოთე ჩრდილო კავკასიაში ჩერქეზებმა დაატყვევეს. 6 თვის შემდეგ გაიპარა და იმერეთში დაბრუნდა. |I743- 1747 წლებში ისევ ქუთათელი მიტროპოლიტის წოდება ჰქონდა, თუმცა ეს ეპარქია ამ დროისათვის გაუქმებული იყო. 1753 წელს მეუფე ტიმოთეს აღმოსავლეთ საქართველოში ვხედავთ, სადაც იგი ქართა ლის (სამთავროსა და გორის) მთავარეპისკოპოსად დაინიშნა. 1753 წლის 30 აგვისტოს დათარიღებულ წყაროში იგი მოიხსენიება, როგორც „ქუთათელ მიტროპოლიტ-ყოფილი ქართლის მთავარეპისკოპოსი ტიმოთე“. იგი აქტიურად ჩაება ერეკლე II-ისა და ანტონ I- ის სახელმწიფო და კულტურულ საქმიანობაში. მათი ხელშეწყობით 1755 წელს სამოგზაუროდ წავიდა კონსტანტინეპოლში, ათონსა და იერუსალიმში, მისი ურთიერთობა სულთნის უმაღლეს მოხელეებთან, აგრეთვე კონსტანტინეპოლისა და იერუსალიმის პატრიარქებთან ერეკლე II-ის პოლიტიკურ გეგმებს ემსახურებოდა. 1759 წელს მიტროპოლიტი ტიმოთე ქართლში დაბრუნდა. ამ დროისათვის მისი თანამოაზრე და მეგობარი ანტონ
19-1 საპატრიარქოს უწყებანი N19 16-22მაისი 2013წ გვ.19
მიტროპოლიტი ტიმოთე (გაბაშვილი) (გაგრძელება)
რუსეთში იყო გადახვეწილი. ანტონის საწინააღმდეგოდ განწყობილმა ჯგუფმა მეუფე ტიმოთეს ეპარქია აღარ დაუბრუნა, რის გამოც იგი იძულებული გახდა თავი დავით გარეჯის უდაბნოსათვის შეეფარებინა. 1761 წლის დამლევს მან საქართველო დატოვა და რუსეთში გაემგზავრა. 1762 წლის დამლევს მივიდა ყიზლარში. მეორე დღესვე ციხის უფროსს, გენერალ-ლეიტენანტ სტუპიცოვს წერილი მისწერა, სადაც დაწვრილებით აღუწერა თავისი მგზავრობის ამბავი: „1737 წელს ვიმყოფებოდი რუსეთში, იმერეთის მეფის ალექსანდრე გიორგის ძის ბრძანებით. სამი წელი დავყავი აქ. 1740 წელს დავბრუნდი სამშობლოში ჩემს მეფესთან ამბის მისატანად. მოვედი ყიზლარში. მითხრეს, რომ საქართველოში გადასვლა აქედან ძრიელ ძნელიაო, რადგან ურჯულო მტერს უჭირავთ მთელი არე-მარეო. მთელი ჩემი ხაბაკი, ეტლები და ავეჯეულობა დავტოვე და მე ოთხის კაცით გავუდექი გზას, რათა შემესრულებინა ხელმწიფე იმპერატორის ბრძანება და წერილი მისი მიმერთმია იმერეთის მეფის ალექსანდრესათვის. მაგრამ გზაში დამიჭირეს ლეკებმა და ექვსი თვე მეცა და ჩემი მხლებლებიც დაჭერილნი ვიყავით. ორი მხლებელი გამიყიდეს და ორი სადღაც გამიქრეს, ვერა გავიგერა. თვითონ ღამე გამოვიპარე და სამი დღე სულ მარტო, ქვეით ვიარე. ბოლოს სოფელ ხრეითამდე მოვედი, აქედან გადასვლა აღარ შემეძლო. საიმედო კაცის ხელით გავუგზავნე მეფეს რუსეთის ხელმწიფის მონაწერი წერილი და მე კი ისევ რუსეთისაკენ გამოვბრუნდი. აქედან იერუსალიმს წავედი, იერუსალიმიდგან კონსტანტინეპოლში, სადაც რუსეთის ელჩი დოლგორუკოვი ვნახე და შევევედრე: გავეგზავნე რუსეთში, ყიზლარს, ჩემი დატოვებული ეტლი და ნივთები ჩამებარებინა და კიევის წმინდანების თავყვანისცემის ღონის ძიებაც მოეცა ჩემთვის. ელჩი დიდის სიამოვნებით დამთანხმდა, მაგრამ ამ დროს გავხდი ავად და კონსტანტინეპოლშივე დავრჩი. ახლა მივდივარ რუსეთში და გთხოვთ მიშუამდგომლოთ რუსეთის მთავრობის წინაშე, რათა გამიშვან პეტერბურგს და, თუ ეს შეუძლებელი იქნება, მაშინ მომცენ ყიზლარში ცხოვრების ნება და დამინიშნით მეცა და ჩემს კრებულსაც შესაფერი ჯამაგირი“. ეს წერილი ყიზლარის ციხის უფროსმა უწმინდეს სინოდში გაგზავნა, მაგრამ სინოდმა უყურადღებოდ დასტოვა მისი თხოვნა, რადგან 1762 წლის 21 მარტის იმპერატორ პეტრე III-ის ბრძანების ძალით ნათქვამი იყო, რომ „არც ერთი საზღვარგარეთიდან შემოსული ბერი, მათ რიცხვში საქართველოდან გადმოსული ბერებიც არ მიეღოთ და არც რაიმე ადგილი მისცეთ მონასტერშიო“. ამის გამო მიტროპოლიტის უყურადღებოდ დასტოვეს, მაგრამ მეუფე ამით მაინც არ დაკმაყოფილდა და კიდევ გაუმეორა სინოდს თხოვნა, რომელიც ბოლოს და ბოლოს დააკმაყოფილეს, დაუნიშნეს იმასაც და მის კრებულსაც ჯამაგირები და 1764 წლის 5 ივლისს გამოუგზავნა ბრძანება, რომლითაც ნება ეძლეოდა გადმოსახლებულიყო რუსეთში და ეცხოვრა პეტერბურგს, მაგრამ განგებამ მაინც თავისი გაიტანა. 28 ივლისს ღამით, ფერისცვალების მონასტერში დამბლა დაეცა და გარდაიცვალა. სიკვდილის შემდეგ არაფერი არ დარჩენია, არც ფული და არც რაიმე ქონება. მეორე დღეს მეუფე ტიმოთეს ასტრახანის ეპისკოპოსმა ილარიონმა წესი აუგო და დაასაფლავა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში. სამწუხაროდ, მისი საფლავი დაკარგულია. მეუფე ტიმოთე იყო თავისი დროის ეპოქისათვის შესანიშნავი საეკლესიო და საზოგადო მოღვაწე, მეცნიერი, დიპლომატი, კარტოგრაფი და მხატვარი. მის თხზულებათაგან ჩანს, რომ ის განათლებული კაცი ყოფილა. საფუძვლიანად სცოდნია ღვთისმეტყველება და ფილოსოფია, განსაკუთრებით პროკლე დიადოხოსის კავშირნი, საეკლესიო ისტორია და ოსმალურთურქული ენა, საკმაოდ სცოდნია ბერძნული ენა და რამდენადმე რუსულიც. იოანე ბატონიშვილი თავის წიგნში მას ასე მოიხსენიებს: „ტიმოთე ეპისკოპოსი ერისთავთ გვარისა (აქ იოანე შეცდომით ასახელებს მის გვარს, ამგვარი შეცდომები მას სხვაგანაც აქვს გაპარული -- ავტორი), თავადი, კაცი მეცნიერი, წარვიდა ტფილისიდამ და მივიდა სტანბოლს. სულთანმან კარგად მიიღო და უბოძა თხოვისაებრ მისისა ფირმანი მოსალოცველად წმიდათა ადგილთა. და ესე წარვიდა მუნით და მოილოცა იერუსალიმი და გარემოს მისა წმინდანი ადგილნი და მივიდა ათონისა მთასა შინა და მუნცა მოილოცნა წმინდანი მონასტერნი. და სადაცა რა იხილა, ყოველივე აღწერა კეთილად და მშვენიერად, რომელსა უწოდა წიგნსა მას „ტიმოთიანი“ და სხვანიცა სწავლანი შესძინა მას შინა. და კვალად მოვიდა ქართლსა შინა და კეთილისა ცხოვრებითა განვლო წელნი თვისნი“. ეს მოგზაურობა მეუფე ტიმოთემ აღწერა სამოგზაურო-მემუარული ჟანრის თხზულებაში „მიმოსვლა“ (სათაურით - „მოხილვა წმიდათა და სხუათა აღმოსავლეთისა ადგილთა“, გამოსცა ისტორიკოსმა პლატონ იოსელიანმა 1852 წელს). პოლიტიკურის გარდა მის მოგზაურობას შემეცნებითი მიზანიც
19-2 საპატრიარქოს უწყებანი N19 16-22მაისი 2013წ გვ.20
მიტროპოლიტი ტიმოთე (გაბაშვილი) (დასასრული)
ჰქონდა. გაბაშვილმა გადაცურა შავი, მარმარილოს, ეგეოსის ზღვები, ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილი, მოინახულა მცირე აზია, ბალკანეთი, პალესტინა და მრავალი ქალაქი. მის „მიმოსვლას“ გარკვეული მნიშვნელობა აქვს ქართული გეოგრაფიული აზროვნების ისტორიაში. ათონსა და იერუსალიმში გაბაშვილმა ნახა და აღწერა ქართული კულტურის ძველი კერები, რითაც საფუძველი ჩაუყარა საზღვარგარეთის ქართული კულტურის კერების შესწავლას. „მიმოსვლა“ ამ საკითხისადმი მიძღვნილი პირველი ნაშრომია, რომელშიც მოცემულია ათონის ივერთა მონასტრის გეგმა, იერუსალიმის ჯვრის მონასტრის ფრესკების პირები და სხვა ჩანახატები. იერუსალიმში გაბაშვილს უნახავს 18 მონასტერი და ტაძარი, სადაც ქართველებს უმოღვაწიათ. შეუსწავლია ყოველი მათგანის აშენების ისტორია და „მიმოსვლაში“ შეუტანია. განსაკუთრებით მდიდარი ცნობები აქვს იერუსალიმის ჯვრის მონასტრის აშენებისა და მოხატვის შესახებ. ამ ცნობებს დღესაც არ დაუკარგავს სანდო პირველწყაროს მნიშვნელობა. „მიმოსვლის“ გარდა მეუფე ტიმოთეს დაუწერია ისტორიულ-პოლემიკური თხზულება „მარწუხი“. მარწუხი ნიშნავს მაშას, რომლითაც ნაკვერცხალს აიღებენ ხოლმე. თხზულებაში ლაპარაკია შვიდ მსოფლიო კრებათა შესახებ, რომელთა დადგენილებანი და კანონნი გასწმენდნენ ქვეყანას უკეთურებისაგან, როგორც ისაია განწმიდა ნაკვერცხალმა, და ასწავლიან მას ჭეშმარიტების სიტყვას. თხზულება დაწერილია (1753 წლის მახლობლად) პირველწყაროების დახმარებით, ავტორს ხელთ ჰქონია კრებათა აქტები, არ ვიცით მხოლოდ რა ენაზე, წმინდა მამათა თხზულებანი და შესაფერი საისტორიო ნაწარმოებნი. მიტროპოლიც ტიმოთეს დაუწერია კიდევ ერთი კაპიტალური შრომა „გარდამოცემული ერთობისათვის და სიყვარულისა წმიდათა ეკლესიათასა სარწმუნოებასა შინა ქრისტიანეთასა, აღმომდინარისა მის ტკბილნაკადულისა წყაროისა, განმწმედელისა გულისხმის ყოფათასა წმიდათა წერილთაგან“. ეს საკმაოდ მოზრდილი დოგმატიკურპოლემიკური თხზულება წარმოადგენს კრებულს, რომელიც 15 თავისაგან შედგება. მის კალამს ეკუთვნის კიდევ ერთი თხზულება „დღესასწაულისათვის ღმრთისმშობლისა მარიამისა“. სამივე თხზულება გამსჭვალულია ანტიმაჰმადიანური სულისკვეთებით. მეუფე ტიმოთე ჩამოთვლის არანორმალურ, მორალური თვალსაზრისით, მოვლენებს XVIII საუკუნის ქართველთა ცხოვრებაში, რომელთათვის ღმერთმა მოუვლინა მათ ის უბედურებანი, რაც მათ თავს დაატყდათ ამ დროს. თავისი შრომები გაბაშვილმა გააერთიანა კრებულში, რომელსაც შემდეგი დროის მოღვაწენი „ტიმოთიანს“ უწოდებენ. გაბაშვილის მიერ 1737 წელს შედგენილი დასავლეთ საქართველოს (ლიხთ-იმერეთის) რუკა კარტოგრაფიული ტექნიკით ჩამოუვარდება ვახუშტი ბაგრატიონის რუკებს, მაგრამ თავისი დროისათვის მას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. რუკაზე დეტალურად აისახა რელიეფი, ტყეები, მდინარეები, სანაოსნო გზები, სასარგებლო წიაღისეულის საბადოები და ისტორიული ძეგლები. ამ რუკას გარკვეული მნიშვნელობა აქვს ქართული ხუროთმოძღვრების ისტორიის თვალსაზრისითაც.