საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ღირსეული მოღვაწე და ღვთისმსახური, თბილელ-მროველი მიტროპოლიტი ნიკოლოზი (ერისკაცობის სახელი უცნობია) 1672 წელს ქვემო ქართლში, სოფელ ტანძიაში, გავლენიანი ფეოდალის, ვახტანგ ორბელიან-ყაფლანიშვილის მრავალშვილიან ოჯახში დაიბადა. იგი იყო უმცროსი ძმა სულხან-საბაორბელიანისა. ნიკოლოზის მამა, მეფე ვახტანგ V-ის (შაჰნავაზი) ცოლისძმა, იწოდებოდა, როგორც „საქართველოს მოსამართლე, ქართლისა და კახეთისა, ხელმწიფეთა და მეფეთა დედის ძმაი“. მას ცოლად ჰყავდა ბახტრიონის აჯანყების მეთაურის, ზაალ არაგვის ერისთავის ასული თამარი. ყრმა ნიკოლოზი სწავლა-განათლების მისაღებად ოჯახმა თბილისში, კათოლიკოს-პატრიარქ ნიკოლოზ IX-ის (ამილახვარი-ურდუბეგაშვილი) სასახლეში გააგზავნა, სადაც მას საფუძვლიანად შეუსწავლია წერაკითხვა, სხვადასხვა საეკლესიო საგნები, წმინდაწერილი, გალობა, საეკლესიო ტიპიკონი, სამეცნიერო და საფილოსოფოსო დარგები. იოანე ბაგრატიონი თავის ნაშრომში „მცირე უწყება ქართველთა მწერალთათვის" ნიკოლოზ ორბელიანზე წერს; „მამა და მწყემსთმთავარი ნიკოლაოზ ორბელიანი, საფილოსოფოსთა ხელოვნებათა შინა მიწევნილი და საღმრთოთა წერილთა შინა გამოცდილი. ამან მრავალნი იამბიკონნი შეაწყო ქართველთა წმინდათათვის და სხვა-
27-1 საპატრიარქოს უწყებანი N27 11-17ივლისი 2013წ გვ.18
ნიცა კიდურწერილნი, ფრიად შვენიერნი, რომელნიცა აწცა ფრიად საქებელ არიან. და კეთილადცა დამწყსო სამწყსონი თვისნი და მერე უფლისად დაიძინა“. 1688 წელს ორბელიანების ოჯახის მფარველი, ქართლის მეფე გიორგი XI ირანელთა წინააღმდეგ მოწყობილი აჯანყების გამო ქართლიდან გააძევეს და მის მაგივრად კახეთის ბაგრატიონთა შტოს წარმომადგენელი, თეიმურაზ I-ის შვილიშვილი ერეკლე I დაინიშნა. იგივე ბედი გაიზიარეს მეფის მომხრე დიდგვაროვნებმა. სავარაუდოა, რომ უკვე მოზრდილი ნიკოლოზი ამ დროს თავის ძმას -- სულხან-საბა ორბელიანს წაჰყვა გარეჯის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის მამათა მონასტერში, სადაც ბერად აღიკვეცა ნიკოლოზის სახელით და ხელდასხმაც იქვე მიიღო. 1703 წელს იგი უკვე მლვდელ-მონაზვნად იხსენიება. ამავე წელს ქართლის სამეფო ტახტი კვლავ გიორგი XI-მ დაიკავა. აქედან იწყება მამა ნიკოლოზის დაწინაურებაც საეკლესიო ასპარეზზე. 1703-1714 წლებში, გიორგი XI-ს ირანში ყოფნის გამო, ქართლის სამეფოს მისი ძმისშვილი, ვახტანგ ლევანის ძე (შემდგომში -– ვახტანგ VI) განაგებდა. ახალგაზრდა მლვდელ-მონაზონი ნიკოლოზი ვახტანგ ბატონიშვილის გვერდით დგას და მისი ერთგული თანაშემწეა. მან დიდად იღვაწა თბილისში სტამბის მოწყობისა და წიგნების ბეჭდვის საქმისთვის. სტამბაში დაბეჭდილი სახარებისა და სამოციქულოს ტექსტების გამოცემის რედაქტორი მამა ნიკოლოზი გახლდათ. სახარების წინასიტყვაობაში იგი გვაუწყებს, რომ ვახტანგის სტამბის დაარსებამდე საღვთო წიგნები ხელით წერაში გარყვნილიყო ამიტომ მას უბრძანეს გასწორება და „ვერ ურჩვექმენო“. იგი განაგრძობს: „და ეს წმინდა სახარება დიდის ჭირითა, ბერძენთა დაბეჭდილ სახარებათა შემოწმებითა სიტყვა და ასო მეტნაკლები გავმართეო". მიტროპოლიტი ნიკოლოზი ნაყოფიერი მწერალიც ყოფილა. მას უმთავრესად ლიტურგიკულ დარგში უმუშავია. კათოლიკოს ანტონ I-ის ცნობით, მღვდელმონაზვნობისას მას აღუწერია ტროპარნი და კონდაკნი ქართველი წმინდანებისა და როდესაც პირველად საღვთისმსახურო წიგნ „ჟამნს“ ბეჭდავდნენ, თავისი შეხედულებით შიგ შეუტანია ქართველ წმიდათა ხსენების დღე. გარდა ამისა, მას დაუწერია „აქებდითსა ზედა დასდებელნი“ აბო თბილელისა, ესტატე მცხეთელისა და არჩილ და ლუარსაბისა და მოკლე, ხუთსტრიქონიან იამბიკოებად ცისკრის „აქებდითსა ზედა დასდებელთა“ უკანასკნელი იუხლი, რომელსაც „დიდებაი“ ეწოდება, შემდეგი წმიდანებისა: ნინოსი, რაჟდენ პირველმოწამისა, ესტატე მცხეთელისა, შუშანიკ დედოფლისა, იოანე ზედაზნელისა, შიო მღვიმელისა, დავით გარეჯელისა, ისე წილკნელისა, აბიბოს ნეკრესელისა, ანტონ მარტყოფელისა, არჩილ მეფისა, აბო თბილელისა, დავით და კონსტანტინესი, ილარიონ ქართველისა, გობრონისა, იოანე, ექვთიმე და გიორგი მთაწმინდელებისა, დავით აღმაშენებლისა, ერისთავთა შალვა და ელიზბარისა, მეფე ლუარსაბისა და ქეთევან დედოფლისა. ამ იამბიკოთაგან ჩანს, რომ მეუფე ნიკოლოზი პოეტიც ყოფილა და ალბათ მას სხვა ლექსებიც ექნებოდა დაწერილი. ისტორიკოს თ. ჟორდანიას პირველი უბის წიგნაკის 65-ე გვერდზე ვკითხულობთ: „ოდეს განაგებდა საქართველოსა ძმისწული... მეფისა არჩილისა და დიდად სახელოვანის მეფისა გიორგისა და ძე პატრონისა ლევანისა და ძმა... მეფისა ქაიხოსროსი განათლებული ვახტანგ, ფრიადითა ჭირითა და მრავლითა საფასე-წარგებითა მოიღო სტამბა, რომელი არაოდეს ყოფილიყო საქართველოსა შინა და მე დედისწულსა ამა ხელმწიფეთასა... მღვდელმონაზონსა საქართველოს მსაჯულ-უხუცესის ორბელის ძეს ნიკოლოზს მიბრძანა წიგნების გამართვა და ვერ ურჩ ვექმენ და მე წიგნი და ენა ქართულის მეტი სხვა არა-ვისი ენა ვიცოდი, რომელსაც ბერძულის მცოდნე მეტყოდა ღმერთმან უწყის მე დიდის ჭირით გაწყობასა და სიმართლესა ვსცდილობდი. ჟამნობა და თთვენი ბერძულის რიგით დავწერეთ და კვირა-ძლების ზატიკისა და სამზგეფსოს ოხითა იბიკო ისევ ჩვენი ძველი გამოურიეთ... ნუ მწყევლით“ (წარწერა 1710 წელს დაბეჭდილი ხუცური ლოცვანის ბოლოშია, ეს ლოცვანი უნახავს ტირძნისის ეკლესიაში თ. ჟორდანიას და იქიდან გადმოუწერია). გარდა ამისა, მიტროპოლიტ ნიკოლოზს ვახტანგთან ერთად დიდი მონაწილეობა მიუღია ქართული კანონების შედგენაში. ამ კანონების შედგენის დროს მეუფე ნიკოლოზს ზოგიერთი ისეთი ცნობა წარუდგენია მეფისათვის და ისეთი აზრები წარმოუთქვამს, რომ ვახტანგის „სამართლის წიგნის“ გარკვეული მუხლები გაუუქმებიათ, მისი განხილვა თვით მოსამართლეთა სინდისზე დაუმყარებიათ, რათა „თვითონ მოსამართლენი განარჩევდნენ საქმეს თავიანთი პატიოსნებისა და სინდისის ქვეშო“. სასულიერო და საერო საქმეებში გამობრძმედილი, პატიოსანი, მეფის ერთგული და დამსახურებული მღვდელ-მონაზონი ვახტანგის წარდგინებით აღმოსავლეთ საქართველოს კათოლიკოსმა დომენტი IV-მ (ბაგრატიონი) მღვდელმთავრად გამოარჩია და მროველ ეპისკოპოსად აკურთხა. ეს უნდა მომხდარიყო დაახლოებით 1710-1712 წლებში, რადგან 1713 წელს იგი უკვე მროველად იხსენიება. ეს მტკიცდება რუისის
27-2 საპატრიარქოს უწყებანი N27 11-17ივლისი 2013წ გვ.19
მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის საკათედრო ტაძრის ნაქონ ოქროსარშებიან კონდაკზე არსებული წარწერით: „მე დედაზარდლისა ქსელის უსუსტე... ნიკოლოზ (მროველი ორბელიანი). ფრიად კრძალვით მშრომელი და აღმწერელი წიგნისა ამისა სიონის დეკანოზისშვილი გაბრიელ მთავარდიაკონი გევედრები ყოველთა... შენდობას ბრძანებდეთ, ქეს აქეთ ჩღიგ (1713 წელი)“. მერე მხედრულად იქვე წე- რია: „1728 წ. მე მროველმა ნიკოლოზ ორბელიშვილმა ღვთაების რუისის ტაძარს შევსწირე ეს კონდაკი და ერთი კარგი სახარება ყდა-მოჭედილი“. 1715 წელს მროველ მიტროპოლიტ ნიკოლოზს შეუდგენია თავისი ეპარქიის „სამწყსოს დავთარი“, რომელიც შეიცავს საინტერესო მასალებს საქართველოს ეკონომიკური ისტორიისათვის და გვაცნობს რუისის ეპარქიის მაშინდელ მდგომარეობას. 1716 წელს რუისის ტაძრის საწინამძღვრო ჯვარზე, რომელიც ერუშეთიდან არის გადმოტანილი, იკითხება ფრიად დაზიანებული წარწერა; მოგვყავს ბოლო ციტატა: „განხრწნილ იყო აწ მე ორბელისშვილმა: ნიკოლაოზ: ხელახლად გავაკეთებინე, ვეცხლიც მოუ- მატეთ, ვინც იხილევდეთ, პირველად დიონოსე მროველს მოიხსენიებდეთ და შემდეგ მეცა შენდობით მომიხსენებდეთ, ღვთისათ -– გევედრები ქრისტეს აქეთ ჩღივ (1716) ქკს უე. მეფობასა ბაქარ“. 1717 წელს კათოლიკოსმა დომენტიმ მროველ ნიკოლოზს დროებით ურბნისის ეპარქიის მართვაც დაავალა. 1719 წლის აგვისტოში ირანიდან საქართველოში დაბრუნდა ვახტანგ VI, რომელიც ენერგიულად შეუდგა ქართლის სამეფოს მართვა-გამგეობას. მეუფე ნიკოლოზი კვლავ მის გვერდითაა და ერთგულად ემსახურება ქვეყნის აღშენებასა და კულტურულ განვითარებას. 1720 წლის 28 იანვარს თბილისის სტამბაში ხუცურად გამოიცა „პარაკლიტონი“, იგივე რვახმათა, რომლის დაბეჭდვაშიც აქტიურ მონაწილეობას იღებს მეუფე ნიკოლოზი. XVIII საუკუნის 20-იანი წლების დასაწყისში ძლიერ დაიძაბა პოლიტიკური მდგომარეობა ახლო აღმოსავლეთსა და ამიერკავკასიაში. ოდესღაც ძლევამოსილი ირანის იმპერია დანგრევის პირას იყო მისული. მას აღმოსავლეთიდან გაშმაგებით უტევდნენ ავღანელები. ამ დროს ვახტანგ მეფის მხრიდან საჭირო იყო გამჭრიახობა და წინდახედულეობა, გონივრული ნაბიჯის გადადგმა, რაც საქართველოს დიდ სარგებლობას მოუტანდა საგარეო პოლიტიკაში. თუმცა, ეს ასე არ მოხდა. 1722 წელს ავღანელებმა ირანის დედაქალაქი ისპაჰანი აიღეს და ქვეყნის აღმოსავლეთი მთლიანად დაიპყრეს. მაშინდელ მდგომარეობას ზედმიწევნით გადმოგვცემს თავის პოემაში „ქართლის ჭირი“ ცნობილი ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე დავით გურამიშვილი, რომელიც უშუალო მომსწრე გახლდათ ამ ამბებისა. ვახტანგ მეფემ ქვეყნის სასიკეთოდ ვერ გამოიყენა ასეთი საუკეთესო საგარეო მდგომარეობა. მან ორიენტაცია მართლმორწმუნე რუსეთზე შეაჩერა, რომელიც ჩრდილოეთიდან მოდგომოდა კავკასიას. ვახტანგმა შესთავაზა რუსეთის იმპერატორ პეტრე I-ს, ერთად გაელაშქრათ სპარსეთის წინააღმდეგ და გაეყოთ მისი სამფლობელოები. მთელი სამეფო კარი წინააღმდეგი იყო ამ წინადადებისა, თუმცა მეფემ არავის უსმინა, რის გამოც დიდებულები ძრახავდნენ და იტყოდნენ: „სამს დიდს ხელმწიფეს პირს აძლევს, სამგან იკეთებს ყმობასა! ყაენის სპასალარია, რუსთ ხელმწიფესთან მამაობს, ხვანთქართან ჩემობს ძმობასა! ჩვენ ჭკვაში ესე საქმენი არ არის მოსაწონარი. რა სამთავ ცემა შეემქნასთ, ჩვენზედ მათ შექმნან ონარი, გარს მოგვეჭიროს მუხრუჭი, არსით ჩნდეს მოსაფონარი და ვიქმნებით შვილთა ჩვენთაგან გინებით მოსაგონარი!“ ეს წინასწარმეტყველება მალევე აღსრულდა. 1723 წელს ჯერ ირანის შაჰისგან წაქეზებულმა კახეთის მეფე კონსტანტინე II-მ (მაჰმად-ყული ხანი) თბილისი აიღო ლეკების დახმარებით, ხოლო 1724 წელს ოსმალეთის დიდი ჯარი შემოვიდა ქართლში და მთელი აღმოსავლეთ საქართველო დაიკავა. ვახტანგ VI ცხინვალში გაიხიზნა ოჯახითა და თავისი მომხრე დიდებულებით. მალე აქედანაც აიყარა დედაწულითა და დიდკაცობით (1 200-ზე მეტი ადამიანი) და რუსეთს წავიდა. მან თან წაიყოლა თითქმის ნახევარი სამეფო კარი, სამღვდელოება (მათ შორის, ექვსი მღვდელმთავარი, შემდეგ მათ რიცხვს კიდევ სამი შეუერთდა) და თავადაზნაურობის საუკეთესო წარმომადგენელნი. ამ ნაკადში მოჰყვა მროველი ეპისკოპოსი ნიკოლოზიც, რომელმაც, რაღა თქმა უნდა, თან გაიყოლა თავისი თვალსაჩინო სწავლულებაცა და ნიჭიც. სამეფო კარი ქ. მოსკოვში დაბინავდა. აქ მეუფე ნიკოლოზი კვლავ აგრძელებს თავის უწინდელ სამუშაოს და ძველებური შემართებით მოღვაწეობს კულტურულ და საზოგადო საქმიანობაში. 1726
27-3 საპატრიარქოს უწყებანი N27 11-17ივლისი 2013წ გვ.20
წელს მოსკოვში გარდაიცვალა თბილელი მიტროპოლიტი პავლე (გამსახურდია) და ვახტანგ მეფის ბრძანებით, მროველი ეპისკოპოსი ნიკოლოზი თბილელის კათედრაზე აირჩიეს (ეს დადგინება სიმბოლური გახლდათ). რუსეთში ყოფნის პერიოდში მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა შეადგინა ხუცური და მხედრული ასოების ანბანი: „მე, ქართველთა, იმერელთა და კახთა მეფეთ დედის ძმისწულმან და საქართველოს მოსამართლეთ უხუცესის ორბელის ძემან მროველ ეპისკოპოსმან და აწ თბილელ მიტროპოლიტმან უღირსმან ნიკოლაოზ ანბანი ესრეთ დავწერე... თუ ვინმე ძალ-იდვას სხვა თვით მოიგონოს და ჩვენსა პირველ მყოფსა შლად არ ჯერ არს... მე თხოვებულის თვალით (ე. ი. სათვალეებით) დავწერე, რამეთუ ვიყავ ორმეოცდაათექვსმეტისა წლისა ამის წერაშია... ქალაქსა მოსკოვს 1728 წ. აგვ. ა“. დოგმატიკურ დარგში მეუფე ნიკოლოზს რედაქცია გაუკეთებია თავისი ძმის, სულხან-საბას ნაშრომისთვის „სამოთხის კარი“ და ასევე დაუწერია კატეხიზმო, რომელსაც ეწოდება „სარწმუნოება შემოკლებითი“. ამ თხზულებაში უბრალოდ და მარტივადაა წარმოდგენილი საფუძველნი საქრისტიანო დოგმატიკისა და მორალისა. მას აგრეთვე რედაქცია გაუკეთებია არჩილ მეფის მიერ რუსულიდან თარგმნილი პეტრე მოგილას კატეხიზმოსათვის და დასაბეჭდად გაუმზადებია. ტექსტის წინასიტყვაობაში ვკითხულობთ: „ღმერთო, აცხოვნე ამ წიგნის ქართულ ენაზე გამწყობი ტფილელი მიტროპოლიტი ნიკოლოზ ორბელიშვილი“. საინტერესოა მეუფე ნიკოლოზის მინაწერი ერთერთ წიგნზე, რომელიც მას 1730 წლის 21 აგვისტოს გაუკეთებია: „გევედრები ყოველთა მხილველთა მომქმედი ამის მცირისა შრომისა მროევლ ეპისკოპოსი და აწ ტფილელ მიტროპოლიტად სახელდებული და ორისავე დიდად შორს მყოფი ნიკოლაოზ ორბელიშვილი, შენდობას მიბრძანებდეთ ქრისტეს სიყვარულისათვის, რამეთუ ფრიად შემძლებელ არს ლოცვა მართლისა შეწევნად; და თუ ვინმემ გადასწერდეთ ან ღმერთმან ინებოს და სტამბა გაჩნდეს და იმაში გამოიღოთ ვინმე, ქრისტეს ჯვარცმის გულისათვის და წმ. ღვთისმშობლის სიყვარულის გულისათვის ჩემს სახელსა და ამაზედ ჭირნახულს ნუ დააგდებთ, ეგების შენდობა მითხრას ვინმემ. „ნაშრომი საშრომ, მშრომელი უშრომ“. აღვსწერე დიდსა სამეუფოსა ქალაქსა შინა მოსკოვს, მეფობასა კურთხევით ხსენებულისა მეფეთ მეფისა ანნა იოვანეს ასულისასა. უფალმან განაგრძოს დღე მისი სვე-სვიანობით. „მეფეთ გამცნობი, აწ ვერ საცნობი, ვიშევ ვისადმე, შევედ მისადვე“. მიტროპოლიტ ნიკოლოზს შეუდგენია კრებული, სადაც ბრძნული გამონათქვამებია შესული. ამ გამონათქვამების ნაწილი XIX საუკუნის მიწურულს დაიბეჭდა გაზეთ „ივერიაში“. თბილელ-მროველი მიტროპოლიტი ნიკოლოზი (ორბელიანი) 1732 წლის 22 აგვისტოს ქ. მოსკოვში აღესრულა. დაკრძალულია იქვე.