მაისურაძე ანზორ ამბროსის ძე (9 მაისი 1937) გენერალ-მაიორი 1992 წლიდან, სსსრ სუკ-ის დაზვერვის განყოფილების უფროსი (1984-1990), საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო უშიშროების მინისტრი (1992), საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრის 1-ლი მოადგილე, დაზვერვის დეპარტამენტის თავმჯდომარის მთავარი კონსულტანტი, დაჯილდოებულია 2 ორდენით და 15 მედლით
ანზორ ამბროსის ძე მაისურაძე
(09.05.1937-20.09.2017)
გენერალ-მაიორი (07.05.1992)
დაიბადა ქ. თბილისში.
1955 წელს დაამთავრა თბილისის ვაჟთა #6 საშუალო სკოლა, ხოლო 1960 წელს – სტალინის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი.
1960-1961 წლებში მუშაობდა რუსთავის ქიმიური კომბინატის განთავისუფლებულ კომკავშირის კომიტეტის მდივნად.
1961 წლის 15 აგვისტოდან 1963 წლის 1 მარტამდე მოსკოვში გაიარა სსრკ სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის (სუკი) უმაღლესი სკოლის ოპერმუშაკის მოსამზადებელი 2-წლიანი კურსი უცხო ენის ცოდნით.
1963 წლის 1 მარტიდან 26 ივლისამდე მუშაობდა საქართველოს სსრ სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის პირველი განყოფილების (დაზვერვის) ოპერრწმუნებულად, 1963 წლის 26 ივლისიდან 1965 წლის 8 იანვრამდე – სუკ-ის მე-2 განყოფილების (კონტრდაზვერვის) მე-4 ქვეგანყოფილების ოპერრწმუნებულად, 1965 წლის 8 იანვრიდან 1 სექტემბრამდე – სუკ-ის პირველი განყოფილების ოპერრწმუნებულად.
1965 წლის 1 სექტემბრიდან 1966 წლის 1 აგვისტომდე სწავლობდა მოსკოვში, საკავშირო სუკ-ის დაზვერვის უმაღლეს სკოლაში.
1966 წლის 1 აგვისტოდან 1969 წლის 5 აგვისტომდე მუშაობდა სუკ-ის პირველი განყოფილების უფროს ოპერრწმუნებულად, 1969 წლის 5 აგვისტოდან 1971 წლის 4 მაისამდე – მე-5 განყოფილების (იდეოლოგია) პირველი ქვეგანყოფილების უფროს ოპერრწმუნებულად.
1971 წლის 4 მაისიდან 1973 წლის 19 ივნისამდე მუშაობდა მოსკოვში, საკავშირო სუკ-ის პირველი მთავარი სამმართველოს (დაზვერვის) მოქმედი რეზერვის უფროს ოპერრწმუნებულად, 1973 წლის 19 ივნისიდან 1976 წლის 14 სექტემბრამდე – საკავშირო სუკ-ის პირველი მთავარი სამმართველოს
მოქმედი რეზერვის ქვეგანყოფილების უფროსის მოადგილედ (1971-1976 წლებში ხანგრძლივ სამსახურებრივ მივლინებით იმყოფებოდა იორდანიაში).
1976 წლის 28 სექტემბრიდან 1977 წლის 9 მაისამდე იყო საქართველოს სსრ სუკ-ის მე-2 განყოფილების მე-6 ქვეგანყოფილების უფროსის მოადგილე, 1977 წლის 10 მაისიდან 1978 წლის 29 აპრილამდე – საქართველოს სსრ სუკ-ის მე-5 განყოფილების მე-2 ქვეგანყოფილების უფროსის მოადგილე, 1978 წლის 29 აპრილიდან 21 ივნისამდე – საქართველოს სსრ სუკ-ის მე-5 განყოფილების მე-2 ქვეგანყოფილების უფროსი, ხოლო 1978 წლის 21 ივნისიდან 1978 წლის 24 დეკემბრამდე – საკავშირო სუკ-ის პირველი მთავარი სამმართველოს (დაზვერვის) მოქმედი რეზერვის ქვეგანყოფილების უფროსი.
1978 წლის 25 დეკემბრიდან 1979 წლის 2 სექტემბრამდე მუშაობდა სსრკ სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის პირველი მთავარი სამმართველოს მოქმედი რეზერვის ქვეგანყოფილების უფროსად.
1979 წლის 2 სექტემბრიდან 4 ოქტომბრამდე იყო სსრ კავშირის სუკ-ის პირველი მთავარი სამმართველოს დაქვემდებარებაში, 1978-1979 წლებში მივლინებით იმყოფებოდა ერაყში.
1979 წლის 5 ნოემბრიდან 1984 წლის 29 ივნისამდე მუშაობდა საქართველოს სსრ სუკ-ის მე-5 განყოფილების უფროსის მოადგილედ, ხოლო 1984 წლის 29 ივნისიდან 1990 წლის 6 მარტამდე – საქართველოს სსრ სუკ-ის პირველი განყოფილების უფროსად.
1985 წლის თებერვალში მიენიჭა პოლკოვნიკის წოდება.
1990 წლის 6 მარტიდან 1991 წლის 30 სექტემბრამდე იყო საქართველოს სსრ სუკ-ის „ზ“ (ყოფილი მე-5) განყოფილების უფროსი, 1991 წლის 30 სექტემბრიდან 1992 წლის 8 იანვრამდე კი – საქართველოს სსრ სუკ-ის თავმჯდომარის მოადგილე.
1992 წლის 8 იანვრიდან 2 მაისამდე ასრულებდა საქართველოს რესპუბლიკის უშიშროების მინისტრის მოვალეობას.
1992 წლის 7 მაისიდან 1993 წლამდე მუშაობდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრის მოადგილედ ოპერატიულ დარგში და ამავე სამინისტროს მთავარი ოპერატიული სამმართველოს უფროსად.
1997 წლის 31 დეკემბრიდან 2000 წლის 1 იანვრამდე იყო საქართველოს დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის მთავარი კონსულტანტი.
2004 წლის 1 აპრილიდან 4 ივნისამდე იყო სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს დაზვერვის დეპარტამენტის დირექტორის თანაშემწე.
მინიჭებული აქვს ,,სსრკ უშიშროების ორგანოთა დამსახურებული მუშაკის“ და ,,საქართველოს უშიშროების ორგანოთა დამსახურებული მუშაკის“ საპატიო წოდებები.
იყო ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანი.
ანზორ მაისურაძე არის დამოუკიდებელი საქართველოს პირველი გენერალი უშიშროების სისტემაში.