Всего визиторов : 52182491
Опубликованных статей : 4458

Главная

კულტურული მემკვიდრეობა/სხვა ღირშესანიშნაობა
კულტურული მემკვიდრეობა
 ავრანლოს ძეგლები.(გვიანი შუასაუკუნეების საყდარი.მე-20საუკუნის ეკლესიები)წალკა ქვემო ქართლი  ავრანლოს ძეგლები.(გვიანი შუასაუკუნეების საყდარი.მე-20საუკუნის ეკლესიები)წალკა ქვემო ქართლი  ავრანლოს ძეგლები.(გვიანი შუასაუკუნეების საყდარი.მე-20საუკუნის ეკლესიები)წალკა ქვემო ქართლი  ავრანლოს ძეგლები.(გვიანი შუასაუკუნეების საყდარი.მე-20საუკუნის ეკლესიები)წალკა ქვემო ქართლი  ავრანლოს ძეგლები.(გვიანი შუასაუკუნეების საყდარი.მე-20საუკუნის ეკლესიები)წალკა ქვემო ქართლი

687      

ავრანლოს ძეგლები.(გვიანი შუასაუკუნეების საყდარი.მე-20საუკუნის ეკლესიები)წალკა ქვემო ქართლი

ავრანლოს ძეგლები - დევი ბერძენიშვილი // ჟღერს ქვის ჰარმონია, თბ. 2006 წელი, ტ.13, გვ. 17-18

ავრანლო (ისტორიული თეზი), სოფელი წალკის რაიონში, მდინარე ქციის ნაპირზე, წალკიდან 32 კმ-ზე, ზღვის დონიდან 1580 მეტრზე. ისტორიულ წყაროებში ავრანლო თეზის სახელწოდებით პირველად 1691 წელს მოიხსენიება, როდესაც მეფე ერეკლე I-მა ის ფარემუზ ჯავახიშვილს უწყალობა. "ავრანლო" კი უწოდეს 1828-1829 წლებში ოსმალეთიდან გადმოსახლებულმა ბერძნებმა. სოფელს გადმოჰყურებს ძვ.წ. I ათასწლეულის ბოლო მეოთხედის დიდი ნაციხარი, რომლის ციკლოპური წყობით ნაგები 2-2,5 მ სისქის კედლები განლაგებულია სამ იარუსად: მთის ძირას, ფერდობსა და წვერზე. ნაციხრის მიდამოებში შემორჩენილია განვითარებული ფეოდალური ხანის ეკლესია. მის სამხრეთით, კლდოვან ფერდზე, საფლავის ქვაზე XII – XIII სს.-ის ექვსსტრქონიანი ნუსხურ წარწერაა, საიდანაც ირკვევა, რომ ეს საფლავი ვინმე დაყუდებულ მწიგნობრის ძისაა. სოფლის ეკლესიები ახალია და ძველ ქართულ სალოცავებზეა აგებული, რასაც მათ წყობაში ჩაყოლებული არქიტექტურულ დეტალები მოწმობს. აქვე (ვახუშტი ბაგრატიონის თქმით) ყოფილა კლდეში გამოკვეთილი აბიბოს ნეკრესელის მონასტერი. კანიონში მართლაც არის გამოქვაბულები და შიგ ორი დარბაზული ეკლესიაა. მათ გვიანდელი ხანის გადაკეთების კვალი ეტყობა, მაგრამ ადრინდელი ფეოდალური ხანის უნდა იყოს. ზედა საყდრის საკურთხეველში შერჩენილია სტელის ან ქვაჯვარის კვარცხლბეკი, რომელზედაც ჯვარია გამოსახული. ქვედა საყდარს მშრალი წყობის გალავანი არტყია, ასეთივე წყობისაა მცირე სადგომები. მონასტერს ჰქონია დარან-სამალავებიც. სოფელში მოქმედებს წმ.გიორგის ქართული მართლმადიდებელი ეკლესია.ავრანლუ-თეძი //ლ. მელიქსეთ -ბეგი - მეგალითური კულტურა საქართველოში, თბ. 1938, გვ. 57-58

ავრნლუს ანუ ძველი თეძის მახლობლად, მდ.ქციას მარცხენა ნაპირზე, ღრმა ხეობაში, სანამ მდინარე ხრამიდან ზემო წალკის ზეგანზე დაეშვება, მდებარეობს უზარმაზარი ნაციხარ-ნაქალაქევი ციკლოპური ნაგებობისა. თვით ნაქალაქევი, რომელიც მდინარეს დასცქერის ამფითეატრივით, 3 საფეხურიდან შესდგება: 1-მთის ძირში; 2-მთის ფერდობის შუა სიმაღლეზე პატარა დავაკებულ ადგილას; და 3-მთის წვერზე. ხოლო თავისი ასეთი აგებულობით ტოპოგრაფიასთან შეპირობებული, ეს ნაქალაქევი თალინისას მოგვაგონებს სომხეთში. პირველი (ქვედა) საფეხური ანუ ტერასა შესდგება გრძელი ზღუდისგან, რომელიც რკალისებრი გეგმისაა, მთაზე მიყუდებული (ტაბ.VIII ა), სიგრძით 100 მეტრამდე, სიმაღლით 3-4 მ., ზოგან 4,5 მ, სისქით. 2- 2,5 მ. მას აქვს ერთი კარი (ტაბ.VII) წყაროს მახლობლად შემდეგი ზომისა: სიმაღლით, სისქითა და სიგანით 1,5მ.; იგი გადახურულია უზარმაზარი ქვით, რომლის სიგრძეა 2,25 მ., სიგანე 1,5 მ. ამ ზღუდესა (ტაბ.VI) და მთას შორის მოგრძო ტერიტორიაზე ერთადერთი შენობაა, ისიც ქრისტიანული პერიოდისა, სახელდობრ პატარა ეკლესია, რომელიც უკანასკნელ ხანშია (რევოლუციის წინ, განახლებული: იგი მიშენებულია ზედ კლდეზე, რომელშიც პაწაწა გამოქვაბულია (ქვაბი) გამოკვეთილი, ეკლესიასთან ჩრდილოეთ მხრიდან შეერთებული: ამ გამოქვაბულში ძლივძლივობით 2-3 კაცი თუ დაეტევა. ამ საეკლესიო კომპლექსის გვერდით, დასავლეთისკენ ზღუდის წვერამდე მეტადრე ზღუდის შემდეგ, აუარებელი გამოქვაბულებია, ზოგი დაუმუშავებელი, ზოგი კი ოდნავად დამუშავებული. მეორე (საშუალო) ტერასა, რომელიც მთის ფერდობის შუა სიმაღლეზეა, ოთკუთხედის გეგმისაა, რამდენიმე მეტრის სიგრძისა და სიგანისა; იგი წარმოადგენს ნაციხარს, სადაც ახლა ავრანლუელებს ბოსტანი გაუშენებიათ. მესამე (ზევითი) ტერასა კი, რომელიც მთის წვერზეა, შედარებით უფრო დიდი ნაციხარია, ოთკუთხედის გეგმისა; სიგრძით 25 მეტრი, სიგანით 18 მ.; კედლის სისქე 3-4 მ. იგი თითქმის-მთლად დაშლილია და განადგურების გზას ადგია. ამ ნაციხარ-ნაქალაქევს ე.თაყაიშვილიც იცნობს, მაგრამ მას თითქოს პირველი (ქვედა) საფეხურის მეტი იქ არაფერი უნახავს. ამიტომაც ამ სადგომს იგი ასე ლაკონიურად აგვიწერს; «Вдоль скалы длинная ограда из нагроможденных друг на жруга огромных камней». (Е.Такаишвили, Археологические экскурсии, разыскивания и заметки, IV, 15). პირველად ე. თაყაიშვილს, ხოლო შემდეგ არა ერთხელ ჩვენც3 გამოგვითქვამს ის აზრი, რომ ეს სადგომი უნდა იყოს ვახუშტის მიერ მოხსენებული როგორც "აბიბოს მონასტერი". ასეთი იდენტიფიკაციისათვის გარკვეულ საბუთს იძლევა აბიბოს ნეკრესლის ცხოვრება, რომელშიც ნახსენებია ქალაქი რეხა ვითარცა მარზპანის რეზიდენცია ანდა დროებითი სადგომი, "ზენა-სოფელ"-ში. ხოლო ეს რეხა, ჩვენი განმარტებით, ავრანლუს ანუ თეძის მახლობლად მდებარე აწინდელი სოფელი რეხაა4, და არა ქართლის ლეხურის ხეობაში მდებარე სოფელი რეხა5. ავრანლუს მიდამოების ანუ ზემო წალკის რეხა პირველად ე.წ. "საპიტიახშო"-ს საზღვრებში შედიოდა, არა მხოლოდ ვახუშტის თანახმად, არამედ ტოპონიმიკურ მაჩვენებელთა მიხედვითაც, რამდენადაც აქ ფიქსირებულია ადგილისა და სოფლის სახელწოდება "საპიტახჭი" ქციის პარალელურს ხეობაში სამხრეთით, ხოლო "საპიტახჭი" ანუ რუსული ტოპოგრაფიული რუკებით Забатагджа იგივე „საპიტიახშო“-ა.

ვრანლო (წალკის რ-ნი), ბიბლიოგრაფია:

1. ბერძენიშვილი დ. თრიალეთის უცნობი წარწერები //საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის კრებული. ტ.VI.- თბ., 1982.- გვ.15-16. - სოფ.ავრალოს (სავარაუდოდ, ძველი ქართული სოფელი თეზი - ვახუშტი ბაგრატიონის მიხედვით)თეთრად შელესილი, ძველ საყდარზე აგებული ეკლესიის ექვსსტრიქონიანი ნუსხური წარწერის პალეოგრაფიული და ენობრივი ანალიზი. აღნიშნულია გამოქვაბულებში მდგარი ორი დარბაზული ეკლესია. ტექსტს დართული აქვს წარწერების ნახაზი.

2. ავრანლო // ქართული საბჭოთა ენციკლოპედია. ტ.1.- თბ., 1975.- გვ.130. - მოკლე ცნობა სოფ. ავრანლოს , სავარაუდოდ, XI-XIII საუკუნეების ეკლესიასა და კლდეში გამოკვეთილი აბიბოს მონასტრის შესახებ. ტექსტს ერთვის ეკლესიის ფოტო

ავრანლოს ციკლოპური ციხე — ციხესიმაგრე, მდებარეობს წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ავრანლოს (თეზი) დასავლეთით 100 კმ დაშორებით. განეკუთვნება ძვ. წ. I ათასწლეულის ბოლო მეოთხედს. მისი ციკლოპური წყობით ნაგები 2-2,5 მ სისქის კედლები განლაგებულია სამ იარუსად: მთის ძირას, ფერდობსა და წვერზე.

პირველი (ქვედა) საფეხური ანუ ტერასა შესდგება გრძელი ზღუდისგან, რომელიც რკალისებრი გეგმისაა, მთაზე მიყუდებული, სიგრძით 100 მეტრამდე, სიმაღლით 3-4 მ., ზოგან 4,5 მ, სისქით. 2- 2,5 მ. მას აქვს ერთი კარი წყაროს მახლობლად შემდეგი ზომისა: სიმაღლით, სისქითა და სიგანით 1,5 მ.; იგი გადახურულია უზარმაზარი ქვით, რომლის სიგრძეა 2,25 მ., სიგანე 1,5 მ. ამ ზღუდესა და მთას შორის მოგრძო ტერიტორიაზე ერთადერთი შენობაა, ისიც ქრისტიანული პერიოდისა, სახელდობრ პატარა ეკლესია, რომელიც უკანასკნელ ხანშია განახლებული: იგი მიშენებულია ზედ კლდეზე, რომელშიც პაწაწა გამოქვაბულია (ქვაბი) გამოკვეთილი, ეკლესიასთან ჩრდილოეთ მხრიდან შეერთებული. ამ საეკლესიო კომპლექსის გვერდით, დასავლეთისკენ ზღუდის წვერამდე მეტადრე ზღუდის შემდეგ, აუარებელი გამოქვაბულებია, ზოგი დაუმუშავებელი, ზოგი კი ოდნავად დამუშავებული. მეორე (საშუალო) ტერასა, რომელიც მთის ფერდობის შუა სიმაღლეზეა, ოთკუთხედის გეგმისაა, რამდენიმე მეტრის სიგრძისა და სიგანისა; იგი წარმოადგენს ნაციხარს. მესამე (ზევითი) ტერასა კი, რომელიც მთის წვერზეა, შედარებით უფრო დიდი ნაციხარია, ოთკუთხედის გეგმისა; სიგრძით 25 მეტრი, სიგანით 18 მ. კედლის სისქე 3-4 მ. იგი თითქმის-მთლად დაშლილია და განადგურების გზას ადგია.

ციხესიმაგრეს 2006 წლის, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია