გიორგი ნუგზარის ძე ღვინჯილია
მედალი მხედრული მამაცობისთვის, 2008 წ.
ის 2007 წლიდან მსახურობდა ჯარში, მაგრამ სულით მუდამ სამშობლოს ჯარისკაცი იყო – ერთადერთ ვაჟკაცს სამშობლოს სიყვარულს უნერგავდა, ხარობდა თავისი ერთი მუჭა ბედნიერებით, სანამ მტერი არ დაესხა ჩვენს ქვეყანას...
გიორგი ღვინჯილია 1974 წელს დაიბადა ფოთში. ფოთში დაამთავრა სკოლა, პროფსასწავლებელი, სავალდებულო სამსახურსაც ფოთში იხდიდა, იმ დროს უკვე დაოჯახებული იყო და როგორც მეუღლე, ლელა ჟვანია იხსენებს, ნაწილიდან ღამღამობით შინ იპარებოდა.
ლელა ჟვანია: „ნაწილი აქვე, სახლთან ახლოს იყო, საღამოობით ჩუმად გადმოდიოდა და დილაადრიან ბრუნდებოდა. ასე გაგრძელდა რამდენიმე ხანს, მერე გაიგეს და კარცერში გამოამწყვდიეს დიდი ხნით. უფროსებს ეუბნებოდა, ორი თვეა, ცოლი მოვიყვანე და მენატრებაო. ერთი წლის შემდეგ ბავშვი შეგვეძინა და მალევე გამოუშვეს ჯარიდან“.
გიორგი ღვინჯილიამ 2007 წელს კონტრაქტი დადო. მსახურობდა ფოთში, იყო კაპრალი, ირიცხებოდა სწრაფლმავალი კატარღის „შავი ზვიგენის“ ჯგუფში.
ლელა ჟვანია: „მეშინოდა და ხშირად ვეუბნებოდი, კონტრაქტს რომ ვადა ამოეწურება, აღარ გააგრძელო-მეთქი... სწყინდა, ასე ნუ მეუბნები, მე სამშობლოს სიყვარულის გამო ვარ ჯარში, თორემ ხელფასი სხვაგანაც მექნებოდაო. უსაზღვროდ უყვარდა თავისი ქვეყანა... ძალიან მოსიყვარულე იყო, განსაკუთრებით ერთადერთ შვილზე ზრუნავდა, უნდოდა, ლევანს უზრუნველი მომავალი ჰქონოდა. 13 წელი ვიცხოვრეთ ერთად და არასდროს გული არ უტკენია... „ბოლოს შეცვლილი მეჩვენებოდა, რამეს რომ ვკითხავდით, პასუხის გაცემას აგვიანებდა, გათიშული დადიოდა, მიკვირდა, რა სჭირს-მეთქი. ეტყობა, რაღაც წინათგრძნობა ჰქონდა... განსაკუთრებით ყურადღებიანი იყო, ზედმეტ ყურადღებას იჩენდა... ახლა ვხვდები, რაში ყოფილა საქმე...“
ცოლ-შვილი ორი კვირის გასული იყო ქალაქგარეთ, ომი რომ დაიწყო.
ლელა ჟვანია: „8 აგვისტოს დამირეკა, მისი ბიძაშვილი რეზერვში გამოიძახეს, სენაკის ბაზაზე იყო, იმაზე დარდობდა. საკუთარ თავზე არ ფიქრობდა, მე არაფერი მომივაო, მეუბნებოდა... ფოთი რომ დაიბომბა, იმწუთას დავრეკე მასთან, არ მპასუხობდა, ავფორიაქდი, მის მეგობრებს დავურეკე, დამამშვიდეს, ნუ გეშინია, ახლახან ვნახე, აქ იდგაო, ალბათ, ტელეფონის ხმა არ ესმისო... დამამშვიდა, მაგრამ ვერ ვისვენებდი... მოგვიანებით დამირეკეს და მითხრეს, დაჭრილიაო... უკვე გარდაცვლილი ყოფილა, სულით ხორცამდე პატრიოტი იყო, ბაბუა ომის ვეტერანი ჰყავდა, მამამისი ჩერნობილის მოვლენების დროს ხალხის დასახმარებლად წავიდა, ეს ყველაფერი ეამაყებოდა, სულში ჰქონდა გამჯდარი სამშობლოს სიყვარული. ამბობდა, ვალდებული ვარ, ჩემი წინაპრების მსგავსად სამშობლოს ვემსახუროო, მე სამშობლოსთვის ვმუშაობო. არასოდეს არ იტყოდა, ფული მჭირდება და ჯარში იმიტომ ვარო... ოჯახის წევრებს ცხედარი არ გვინახავს, გვინდოდა, ისეთივე გვხსომებოდა, როგორიც იყო... ძალიან გვიმძიმს მის გარეშე ყოფნა, ჩემი დიდი იმედი და სიხარული მამის ერთადერთი, სათაყვანებელი ვაჟიშვილი ლევანია, ისეთი უნდა გავზარდო, როგორიც მამამისს გაუხარდებოდა, სამშობლოს სიყვარულს ვუნერგავ, რადგან ეს მამამისის დიდი ოცნება იყო...“
ლევანი ახლა 14 წლისაა. მამის გახსენება უმძიმს, ცრემლებს ვერ იკავებს, ტირის...
ლევან ღვინჯილია: „სამსახურიდან რომ მოვიდოდა, დამაჯენდა, იარაღის აწყობას მასწავლიდა, უნდოდა, ყველაფერი მცოდნოდა იარაღზე... სამშობლოს სიყვარულს მინერგავდა. ამბობდა, ვისაც სამშობლო არ უყვარს, ის კაცად ვერ ივარგებსო. უნდოდა, მეც მასავით განსაკუთრებულად მყვარებოდა სამშობლო. ცდილობდა, თავისუფალი დრო ჩემთან ერთად გაეტარებინა, ერთად წავსულვიყავით ზღვაზე ან სათევზაოდ, ბოლოს ოცნებობდა, მანქანა ეყიდა, ტარებას გასწავლიო, მპირდებოდა. მის გარეშე ყოფნა ძალიან მიჭირს... მეუბნებოდა, პროფესია შენ თვითონ აირჩიე, მე არ ჩავერევიო. მთავარია, სამშობლოსა და საკუთარ ოჯახს გამოადგეო. ვინც სამშობლოს არ გამოადგება, ის ვერც საკუთარი თავისთვის ივარგებსო, ამ სიტყვებს ხშირად მიმეორებდა...“
https://history.mod.gov.ge/ge/hero/106/giorgi-gvinjilia
ჯარისკაცი იყო – ერთადერთ ვაჟკაცს სამშობლოს სიყვარულს უნერგავდა, ხარობდა თავისი ერთი მუჭა ბედნიერებით, სანამ მტერი არ დაესხა ჩვენს ქვეყანას… გიორგი ღვინჯილია 1974 წელს დაიბადა ფოთში. ფოთში დაამთავრა სკოლა, პროფსასწავლებელი, სავალდებულო სამსახურსაც ფოთში იხდიდა, იმ დროს უკვე დაოჯახებული იყო და როგორც მეუღლე, ლელა ჟვანია გაიხსენებს, ნაწილიდან ღამღამობით შინ იპარებოდა. ლელა ჟვანია: „ნაწილი აქვე, სახლთან ახლოს იყო, საღამოობით ჩუმად გადმოდიოდა და დილაადრიან ბრუნდებოდა. ასე გაგრძელდა რამდენიმე ხანს, მერე გაიგეს და კარცერში გამოამწყვდიეს დიდი ხნით. უფროსებს ეუბნებოდა, ორი თვეა, ცოლი მოვიყვანე და მენატრებაო. ერთი წლის შემდეგ ბავშვი შეგვეძინა და მალევე გამოუშვეს ჯარიდან“. გიორგი ღვინჯილიამ 2007 წელს კონტრაქტი დადო. მსახურობდა ფოთში, იყო კაპრალი, ირიცხებოდა სწრაფლმავალი კატარღის „შავი ზვიგენის“ ჯგუფში.