ალბერტ ბალხამიშვილი კაპიტანი, მხედრული მამაცობის ორდენის მფლობელი. დაიბადა 1958 წელს. დაიღუპა 2008 წელს.
8 აგვისტოს მარნეულის აეროპორტის დაბომბვისას დაიღუპა მაიორი ბალხამიშვილი, პროფესიონალი მფრინავი, რომელმაც ცხოვრების 25 წელი სამოქალაქო ავიაციაში გაატარა, ბოლო 8 წელი კი – სამხედრო ავიაციაში. ალბერტ ბალხამიშვილი, ეკიპაჟის წევრებთან ერთად, კოპიტნარში გაფრენის ბრძანებას ელოდა, როცა მტერმა მარნეულს დაარტყა. უშანგი ბალხამიშვილი, შვილი: „1958 წლის 15 სექტემბერს დაიბადა, ვაზიანის დასახლებაში. ოჯახში მეორე შვილი იყო. სულ სამი ძმანი იყვნენ. ბავშვობიდან სპორტით იყო დაკავებული. სკოლის შემდეგ, მოსკოვში წავიდა სასწავლებლად და საფრენოსნო დაამთავრა. ხუთი წელი ისწავლა და უკან დაბრუნდა. მფრინავი იყო. სავალდებულო ჯარიც რუსეთში გაიარა. დედა სოფელ აღაიანში ცხოვრობდა, მამაჩემის მამიდაც ამ სოფელში ცხოვრობს. ერთმანეთი იმ სოფელში გაიცნეს და გაცნობიდან 6 თვეში იქორწინეს. პირველი შვილი მე გავჩნდი. ძალიან ბედნიერი ყოფილა. უნდოდა, რომ მფრინავი გამოვსულიყავი. ჩემი ძმა წელიწად- ნახევრის შემდეგ დაიბადა. მოსკოვიდან რომ ჩამოვიდა, სამოქალაქო ავიაციაში დაიწყო მუშაობა. 25 წელი იმუშავა… ამის შემდეგ გადავიდა ბოლნისში სამხედრო მფრინავად. „იაკ 40“-ზე იჯდა… 7-8 წელი იმუშავა… დედამ და მამამ ერთად 28 წელი იცხოვრეს. მე და ჩემი ძმა დასაოჯახებლები ვართ და სულ იმას გვეუბნებოდა, მალე დაინიშნეთ, შვილიშვილები მინდაო… ბოლოს სახლიდან 5 აგვისტოს გავიდა. თითქმის ყოველდღე, დღეში რამდენჯერმე ველაპარაკებოდით. ბოლოს დაღუპვამდე 2 საათით ადრე დარეკა. გვამშვიდებდა, ყველაფერი კარგად იქნება, ნუ ნერვიულობთო… მე და ჩემს ძმასაც გვინდოდა ომში რეზერვისტებად წასვლა… ბოლნისში მსახურობდა, მაგრამ ბოლნისიდან თვითმფრინავი დავალებით მარნეულში გაფრინდა… იქიდან კოპიტნარში აპირებდნენ გადაფრენას. კოპიტნარში მათ გაფრენამდე დაიბომბა მარნეულის აეროპორტი… 8 აგვისტოს დაიღუპა… თვითმფრინავის გვერდით იდგა ეკიპაჟი. სულ სამნი იყვნენ… იმ დღესვე გავიგეთ. ბიძაჩემმა შეგვატყობინა… იმ ღამესვე ჩამოვასვენეთ. მასთან ერთად ეკიპაჟის სამი წევრი იყო. ერთი გადარჩა, სამი დაიღუპა. 12 აგვისტოს დავკრძალეთ კასპის რაიონში, სოფელ ბოჟამში… ახლა ორი ძმა, თავდაცვის სამინისტროს დახმარებით, ავიაციაში ვმუშაობთ… ჩემს ძმას გადაწყვეტილი აქვს, მფრინავი გამოვიდეს. სადაც მამაჩემი მუშაობდა, ჩემი ძმა იქ მსახურობს. მე მახათას მთაზე ვარ… მთელი ჩვენი საგვარეულო, ასე ვთქვათ, ავიაციასთან არის დაკავშირებული… აფხაზეთის ომის დროსაც მამაჩემი სამოქალაქო თვითმფრინავზე იჯდა და ხალხი გადმოჰყავდა…“
2022 წლის 8 აგვისტო, ორშაბათი. კასპის მუნიციპალიტეტის სოფელი ბოჟამი. სამხედრო-საჰაერო ძალების მფრინავი, კაპიტანი ალბერტ უშანგის ძე ბალხამიშვილი (15. 09. 1958 - 08. 08. 2008)
დაკრძალულია მშობლიური სოფლის სასაფლაოზე. ქ. თბილისში ვაზიანის დასახლებაში საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ, ავიატორი მამისა და უფროსი ძმის მსგავსად, გულისკარი ცას გაუხსნა და მიუბოძა. დაამთავრა ქ. ტამბოვის (რუსეთი) საავიაციო სასწავლებელი და ქ. კიევის (უკრაინა) სამოქალაქო ავიაციის აკადემია (წარჩინებით, როგორც მანამდე უფროსმა ძმამ, ელგუჯამ). 25 წელი სამოქალაქო ავიაციაში იმსახურა, 8 - სამხედროში. ბოლოს საქართველოში მსახურობდა - ბოლნისში. ... 5 აგვისტოს გავიდა შინიდან, კავშირი ჰქონდა შინაურებთან და ბოლოს 2 საათით ადრე დარეკა უკანასკნელად. მისი ეკიპაჟი ომის პირველივე დღეს ბოლნისიდა მარნეულში გადაფრინდა, რათა იქიდან გეზი კოპიტნარის აეროდრომისაკენ აეღო, მაგრამ ასაფრენად გამზადებულ თვითმფრინავთან მდგომი და გაფაციცებული ეკიპაჟის სამივე წევრი მოულოდნელ დაბომბვას ემსხვერპლა... თავის დროზე, როცა აფხაზეთიდან თვითმფრინავით ხალხი გადმოყავდა სამშვიდობოზე, განგებამ დაინდო გაბედული პროფესიონალი მფრინავი, ამჯერად კი გაიწირა... ავის მაუწყებელი ცნობა იმ დღესვე შეიტყვეს შინაურებმა, სოფელში ჩამოასვენეს და 12 აგვისტოს დაკრძალეს, სულ ხუთიოდე თვით ადრე, მარტში, გარდაცვლილი საყვარელი დედის გვერდით... ალბერტ ბალხამიშვილს მეუღლე და ორი ვაჟიშვილი დარჩა - უშანგი და ემზარი. საინტერესოა, რომ ისინიც ქართული ავიაციის მსახურები არიან, ისევე, როგორც საგვარეულო-ოჯახური პროფესიული დინასტიის თავკაცი, მათი პაპა -უშანგი ბალხამიშვილი, ორი ბიძა - ელგუჯა და თეიმურაზი და მათი შვილები...
სტატია ეკუთვნის ამირან ტალახაძე 1953წ. სპორტული მიმოხილველი დაბ. კასპი