ვიტალი თაყაძე ილიას ძე ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენოსანი, სოფ.ხელთუბანი გორი 28 ივნისი 1978 დაიბადა გარდაიცვალა სამაჩაბლო 07 აგვისტო 2008 წ.
ის ომამდე ემსხვერპლა ომს – კეფით შეეგება მტრის ჭურვის ანასხლეტს… გმირულად დაეცა ავნევთან… მის მშობლიურ სოფელში უკვე რუსი იდგა, როცა რამდენიმე კაცი მიასვენებდა მის ცხედარს… ვიტალი თაყაძე გორის რაიონში, სოფელ ხელთუბანში დაიბადა 1978 წლის 28 ივნისს. მშობლებისთვის პირველი შვილი იყო, ბებია-ბაბუებისთვის – პირველი შვილიშვილი და ათამამებდნენ.
ის ომამდე ემსხვერპლა ომს – კეფით შეეგება მტრის ჭურვის ანასხლეტს… გმირულად დაეცა ავნევთან… მის მშობლიურ სოფელში უკვე რუსი იდგა, როცა რამდენიმე კაცი მიასვენებდა მის ცხედარს… ვიტალი თაყაძე გორის რაიონში, სოფელ ხელთუბანში დაიბადა 1978 წლის 28 ივნისს. მშობლებისთვის პირველი შვილი იყო, ბებია-ბაბუებისთვის – პირველი შვილიშვილი და ათამამებდნენ.
ნანა ხარტიკაშვილი, დედა: „ცელქი ბავშვი იყო...“
უდარდელი ბავშვობა არ ჰქონია… ჯერ კიდევ სულ პატარა, 6 წლის იყო, მამა რომ წავიდა სახლიდან…
დედა: „ვიტო რომ წამოიზარდა, ძალიან ნერვიულობდა და განიცდიდა მამის საქციელის გამო...“
როგორც დედა იხსენებს, ვიტო სკოლაში კარგად სწავლობდა, მასწავლებლებიც აქებდნენ – ნიჭიერი ბიჭიაო. მერე ჯარში გაიწვიეს, სავალდებულო სამსახური ახალციხეში გაიარა.
დედა: „ჯარიდან რომ დაბრუნდა, ერთი წელის შემდეგ კონტრაქტით წავიდა, კოსოვოში წაიყვანეს, იქ რვა თვე იმსახურა, კონტრაქტი სამწლიანი იყო, მაგრამ წელიწად-ნახევარში ნაწილი დაიშალა და შინ დაბრუნდა. ჯარისკაცურ ცხოვრებას უკვე ისე იყო მიჩვეული, შინ ვეღარ ჩერდებოდა და გული ისევ ჯარისკენ მიუწევდა. 4-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი, თავიდან ვაზიანში მსახურობდა, შემდეგ გორში გადმოიყვანეს, კაპრალი იყო… ამბობდა, ამ კონტრაქტს რომ ვადა გაუვა, 12-წლიანი კონტრაქტით უნდა დავრჩე ჯარშიო. დიდი გეგმები ჰქონდა, მაგრამ არ დასცალდა... კოსოვოდან ჩვენც და ნათესავებსაც საჩუქრები ჩამოგვიტანა, ბედნიერი იყო, როცა სხვას სიხარულს ანიჭებდა. სულ ჯარში იყო. სახლში იშვიათად მოდიოდა. ხან თვეები ისე გადიოდა, შაბათ-კვირას თუ შემოირბენდა და მალევე მიდიოდა. წნევა მაწუხებდა და სულ იმას მეუბნებოდა, წამლის გარეშე არ იყოო. როცა თვითონ ვერ ახერხებდა მოსვლას, ვინმეს ატანდა წამალს და ფულს. ავადმყოფობისგან თავმობეზრებული რომ ვიტყოდი, ნეტა მოვკვდე და დავისვენო-მეთქი, რა დროს შენი სიკვდილიაო, მეუბნებოდა. ის ჩემზე წინ წავიდა, დედა მოუკვდეს... დაოჯახებას ფიქრობდა. ამბობდა, ცოტა სულს მოვითქვამ და მერე ცოლს მოვიყვანო. ბინის ყიდვას გეგმავდა, არ უნდოდა, ასეთ ღარიბულ ოჯახში მოეყვანა ცოლი. სახლისთვის სად მეცალა, დღენიადაგ იმას ვფიქრობდი, რა მეჭმია ბავშვებისთვის...“
შინიდან ბოლოს პირველ აგვისტოს გავიდა.
ახლად ნაყიდ მიწის ნაკვეთში თივას აწნეხინებდა, რომ დაურეკეს და უთხრეს, საგანგაშო ვითარებაა, ნაწილში დაუყოვნებლივ გამოცხადდიო.
დედა: „იმ წუთას გამოიცვალა და გაიქცა, მას მერე აღარც მინახავს… სახლში მისი ცხედარი მომიტანეს… დედა მოუკვდეს...
სიტუაცია რომ დაიძაბა, ტელეფონზე ვურეკავდი და ისიც მირეკავდა. მაწყნარებდა, ნუ გეშინია, დედა, ყველაფერი კარგად იქნება, საშიში არაფერიაო... ომამდე, არც იმ დღეებში, არც ცუდი სიზმარი მინახავს, არც ცუდი წინათგრძნობა მქონია, მაგრამ იმ დღეს, ვიტო რომ დაიღუპა, დილიდან აფორიაქებული ვიყავი. დედის გულმა მაინც იგრძნო საშინელება... ერთ ადგილას ვერ ვჩერდებოდი. არც ტელევიზორის ყურება მინდოდა და არც არავისთან ლაპარაკი... სოფელში საშინელი ხმები დადიოდა, ვიღუპებით, ყველაფერს ააოხრებენ რუსებიო… ვიტო ადგილობრივ მოსახლეობას აფრთხილებდა, დატოვეთ სოფელი და წადით ახლავეო. ძალიან აღშფოთებული და აღგზნებული ყოფილა. ერთ ადგილას ვერ ჩერდებოდა თურმე. იქნება გულიც უგებდა... ეს ყველაფერი ცოტა ხნის წინ მითხრა ერთმა იქაურმა ქალმა...
7 აგვისტოს, შუადღისას, დაიღუპა ვიტო… მათი ნაწილი ავნევში იყო და მტერმა პირველი იერიში მათზე მიიტანა. თურმე მთელი დღე იგერიებდნენ მტრის შემოტევას, მერე რაღაც პერიოდი ჩაწყნარებულა სიტუაცია, სანგრებში ყოფილან, თვითონ ჩაფხუტი არ ეფარა და სხვებს აფრთხილებდა, თურმე, არავინ მოიხადოთო… ჭურვის ანასხლეტმა იმსხვერპლა, კეფაში მოხვდა, ჩაფხუტი რომ ჰფარებოდა, ეგებ გადარჩენილიყო კიდეც… რომ წაქცეულა, ყველა ვიტოს მივარდნია, გონზე ყოფილა, ძლივს ამოულუღლუღია, აქ არ დამტოვოთ, ბიჭებოო... ეს იყო მისი ბოლო სიტყვები... გრძნობდა, რომ კვდებოდა და არ უნდოდა იქ დარჩენილიყო. არაფერი არ ვიცოდი, ყველაზე ბოლოს მე გავიგე. არ მეუბნებოდნენ...
სოფელში საშინელი სიტუაცია იყო, ყველა აქეთ-იქით გარბოდა, სოფელი იცლებოდა და მე მკვდარ შვილს დავტიროდი... მეორე დღეს უკვე ომი დაიწყო და სოფელში კაციშვილი აღარ დადიოდა. სამშაბათს უნდა დაგვეკრძალა, მაგრამ ისეთი სიტუაცია იყო, ვეღარ გავაჩერეთ, მესამე დღეს დავკრძალეთ, სოფელში უკვე რუსი იყო შემოსული, დედა მოუკვდეს, უკანასკნელ გზაზე სულ რამდენიმე ადამიანმა გააცილა... ვიტოს კლასელები გვერდიდან არ მოგვცილებიან, იმათ გაუთხარეს საფლავი, თითო ჭიქით შესანდობარი თქვეს და დავკრძალეთ.
ძალზე ძნელია უმისოდ ყოფნა… ბოლო დროს სიზმარში ხშირად ვნახულობ ხოლმე, სამხედრო ფორმა აცვია და იღიმება...“