სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11172

მთავარი იუბილარი/ ხსენება

ომი/სამხედრო პირი
1918-1921 დამოუკიდებელი საქართველო
ვლადიმერ ბარნაბიშვილი ?-1919 ლეიტენანტი, გარდ. სომხეთის ომი 1918-19წწ დაბ. გურჯაანი კახეთი
ბმულის კოპირება

1918-1921 დამოუკიდებელი საქართველო

გვარი ბარნაბიშვილი სია

გურჯაანი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

311       ბეჭდვა

ვლადიმერ ბარნაბიშვილი ?-1919 ლეიტენანტი, გარდ. სომხეთის ომი 1918-19წწ დაბ. გურჯაანი კახეთი

ვლადიმერ ბარნაბიშვილი  გარდაიცვალა 15 დეკემბერს აირუმთან

ბარნაბიშვილები ცხოვრობენ – ბოდბე, ბოდბისხევი, გურჯაანი, დედოფლისწყარო, ვაქირი, თელავი, კოლაგი, ლაგოდეხი, მაღარო, მშვიდობიანი, სიღნაღი, შრომა, ჩალაუბანი, ჩუმლაყი, ცოდნისკარი

წყარო იხ მეტი



  1918 წლის 15 დეკემბერს , სომხეთ-საქართველოს ომის მიმდინარეობისას, პოლკოვნიკ დავით ვაჩნაძის მეთაურობით ბამბაკის  ხეობაში მიმავალი ქართული რაზმი რომელიც 330-მდე კაცისაგან შედგებოდა სადგურ აირუმთან მოწინააღმდეგის ჩასაფრებაში მოყვა.  4,5 საათიანი ბრძოლის შედეგად რაზმის 56 მებრძოლი დაიღუპა და 78 დაიჭრა.  ტყვია-წამლის ამოწურვის შემდეგ მოწინააღმდეგემ ტყვედ აიყვანა 242 ჯარისკაცი და ოფიცერი. საინტერესოა თუ რა გახდა ამ სამხედრო წარუმატებლობის მიზეზი. ამის გამოსარკვევად ომის დასრულებისთანავე, 1919 წლის თებერვალში, სამხედრო პროკურატურამ დაიწყო გამოძიება. შეიქმნა საგამოძიებო კომისია, რომელსაც სათავეში ჩაუდგა გენერალ-მაიორი გიორგი არჯევანიძე. გამოძიების პროცესში  დაიკითხნენ რაზმის ოფიცრები და სხვა პირები ვისაც საქმესთან შეხება ჰქონდათ.  კომისიამ რაზმის მეთაური და ოფიცრები მომხდარში დამნაშავედ არ ცნო , რის საფუძველზეც 1919 წლის 27 დეკემბერს  პროკურატურამ საქმის ძიება შეწყვიტა. საქმის ძიების დოკუმენტები სხვა წყაროებთან ერთად ძალიან მნიშვნელოვან ინფორმაციას გვაძლევს მომხდარი ტრაგედიის შესახებ და საშუალებას გვაძლევს  დეტალურად აღვადგინოთ მომხდარი.




საბრძოლო მოქმედებები 9-13 დეკემბერს 

  1918 წლის დეკემბერში ორ პატარა კავკასიურ რესპუბლიკას საქართველოსა და სომხეთს შორის  დავა ბორჩალოსა და ახალქალაქის მაზრების კუთვნილების გამო   სისხლისმღვრელი ომში გადაიზარდა. ომს წინ უძღოდა საკითხის მოლაპარაკებების მაგიდასთან გადაწყვეტის მცდელობა., ასევე 1918 წლის ოქტომბერში სომხურმა მხარემ სცადა  ბორჩალოს მაზრის სამხრეთ ნაწილში საბრძოლო მოქმედებების დაწყება , რაც წარმატებით აღკვეთა ქართულმა მხარემ და ინციდენტი საბოლოოდ გაუგებრობად მოინათლა. ნოემბერსა და დეკემბერში ტერიტორიული პრობლემის გადასაწყვეტად მოლაპარაკებები გრძელდებოდა, ორივე მხარეს თავისი არგუმენტები გააჩნდა, თუმცა საერთაშორისო ვითარება საქართველოსთვის არცთუ სასარგებლოდ იცვლებოდა. სწორედ ამ დროს, სომხურმა მხარემ გადაწყვიტა იარაღის ძალით გადაეჭრა პრობლემა და 9 დეკემბერს იერიში მიიტანა უზუნლარ-სანაინის მონაკვეთზე მდგარ ბორჩალოს მაზრის გენერალ-გუბერნატორის გენერალ გიორგი წულუკიძის მცირერიცხოვან ძალებზე. გენერლის განკარგულებაში მცირე ძალები იყო: თბილისის საგუბერნიო ბატალიონის არასრული ასეული (60კაცი), 1 ჯავშანმატარებელი და მესაზღვრეთა მცირე ჯგუფი - სულ 200-მდე მებრძოლი. მოწინააღმდეგემ 9 დეკემბერს დაიკავა უზუნლარი და სანაინს შეუტია.  არმია ოფიციალურად კონფლიქტის ზონაში სომხური არმია არ მოქმედებდა და რჩებოდა შთაბეჭდილება, რომ ქართველებს მხოლოდ ადგილობრივი სომხური მოსახლეობა ებრძოდა. გენერალმა წულუკიძემ თბილისიდან დამატებითი ძალები მოითხოვა და 9 და 10 დეკემბერს მის დასახმარებლად გაიგზავნა მეხუთე პოლკის ორი ჯგუფი, მთლიანობაში 325 მებრძოლი.  რკინიგზაზე კი  სამხედრო წესები გამოცხადდა. ამასობაში სანაინში მყოფი ქართული ძალები ალყაში მოექცნენ და გენერლის ბრძანებით, მეხუთე პოლკის ორმა რაზმი,  სანაინისკენ გზა აღარ გააგრძელა და ალავერდთან გამაგრდა. ამ რაზმებისგან შეიქმნა დროებითი ბატალიონი რომელსაც პოლკოვნიკი მიქაბერიძე ჩაუდგა სათავეში.
  11 დეკემბერს საღამოს 8 საათზე გენერალი წულუკიძე თავისი შტაბითურთ სანაინის ალყიდან გამოვიდა  , თუმცა იქ რჩებოდა ქართული ჯავშანმატარებელი თავისი ეკიპაჟით, საგუბერნიო ბატალიონის არასრული ასეულისა და მესაზღვრეთა მცირე ჯგუფის ნარჩენები. სანაინთან ჯავშანმატარებლის მოქმედებას ხელს უშლიდა გეოგრაფიული გარემო და  ის რომ მოწინააღმდეგემ რკინიგზის ხაზი დააზიანა. 13 დეკემბერს გენერალმა წულუკიძემ სცადა სანაინისკენ გაჭრა , მაგრამ ეს მცირე ძალებით და რკინიგზის ლიანდაგის აყრის გამო შეუძლებელი გამოდგა. ამიტომ გენერალმა სანაინში ჩარჩენილ ძალებს ალყის გამორღვევა და ალავერდისკენ უკანდახევა უბრძანა. მთელი ამ დროის განმავლობაში დიპლომატიური მოლაპარაკებები არ შემწყდარა, ამის პარალელურად კი  სომხური მხარე საკუთარ ძალებს აძლიერებდა და დიდი შეტევისათვის ემზადებოდა, ოფიციალურად კი მოლაპარაკებებს არ წყვეტდა. ქართულ სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას კი ბოლომდე არ ჰქონდა გააზრებული, რომ სრულმასშტაბიან ომთან ჰქონდა საქმე და ომს დაწყებულად არ მიიჩნევდნენ. ქართული მხარე თვლიდა,  რომ მათ წინააღმდეგ სომხეთის რესპუბლიკის წახალისებით და გარკვეული ხელშეწყობით ადგილობრივი ბანდები მოქმედებდნენ, ამიტომ არ კარგავდნენ იმედს, რომ ყველაფერი მოლაპარაკებების მაგიდასთან გადაწყდებოდა. 
  სხვადასხვა სომხური წყაროს მიხედვით  13-14 დეკემბრისათვის ქართველების წინააღმდეგ  მათ თავი მოუყარეს  4 000-6000-მდე ჯარისკაცს. ამ ძალის შეიარაღებაში იყო 26 ტყვიამფრქვევი და 7 ქვემეხი.  დაჯგუფების  3/4  მიმართული იყო გენერალ წულუკიძის ძალების , ხოლო 1/4 კი ვორონცოვკა-პრიველნოეს მიმართულებაზე მდგარ გენერალ ციციშვილის ორასიოდე მებრძოლის წინააღმდეგ. წულუკიძის მიამრთულებაზე მოქმედი მოწინააღმდეგის  მიზანს , პირველ ეტაპზე ალავერდიდან-სადახლომდე ბამბაკის ხეობის სრულად გაწმენდას წარმოადგენდა. იმ დროისათვის ალავერდში წულუკიძის  განკარგულებაში იყო მეხუთე პოლკის დროებით ბატალიონი, მეექვსე პოლკის ერთი ასეული და  ორი არასრული საარტილერიო ბატარეა. სულ 500-მდე მებრძოლი. სადახლო-აირუმ-ახტალა-ახპატ-ალავერდის რკინიგზის 40 კილომეტრაინ მონაკვეთზე  პატრულირებდა ორი ქართული ჯავშანმატარებელი. გენერალ წულუკიძეს სასწრაფოდ სჭირდებოდა დამატებითი ძალების მიშველება. 

დამხმარე რაზმის შედგენა  თბილისში 

  14 დეკემბერს სამხედრო მინისტრის მოადგილემ,  გენერალმა ალექსანდრე გედევანიშვილმა,  მეორე დივიზიის სარდალს გენერალ გიორგი მაზნიაშვილს უბრძანა, რომ მისი დაქვემდებარებული ძალებიდან სასწრაფოდ შეექმნა დამხმარე რაზმი და გაეგზავნა წულუკიძისათვის.   მაზნიაშვილის ბრძანებით 14 დეკემბერს რამდენიმე საათში შეიქმნა რაზმი, რომელიც დაკომპლექტდა მეხუთე ქვეითი პოლკის ორი ასეულის, ამავე პოლკის სასწავლო გუნდის, ტყვიისმფრქვეველთა ასეულისა (13ოფიცერი და 250 ჯარისკაცი)  და მეოთხე პოლკის ერთი ასეულისაგან - მთლიანობაში 330-მდე ოფიცერი და ჯარისკაცი. რაზმს სათავეში  ჩაუდგა პოლკოვნიკი დავით  ვაჩნაძე. რაზმის პირადი შემადგენლობის უდიდეს ნაწილს  სამხედრო სამსახურში სულ რამდენიმე დღის წინ გაწვეული ჯარისკაცები შეადგენდნენ, რომელთაც შაშხანების გამოყენებაც კი არ იცოდნენ . როდესაც პოლკოვნიკმა ვაჩნაძემ  გენერალ მაზნიაშვილს ჰკითხა ,  თუ როგორ შეიძლებოდა სრულიად გაუწრთვნელი და არაორგანიზებული ჯარისკაცთა მასის გაგზავნა ხეობაში, და ამასთანავე არწმუნებდა რომ ეს ჯარისკაცები მას მხოლოდ ხელს  შეუშლიდნენ ,  გენერალმა უპასუხა - რომ ეს არაფერს არ ნიშნავდა, ისინი  ადგილზე ისწავლიდნენ ყველაფერს. გენერალი და ზოგადად სარდლობაა არ მიიჩნევდა, რომ რაზმი ომში მიდიოდა, ისინი რაზმს აგზავნიდნენ სასაზღვრო ზონაში მდგარი ძალების გასაძლიერებლად.  რაზმის პრობლემებს აგვირგვინებდა ტყვია-წამლის ნაკლებობა. მეხუთე პოლკის ასეულების თითოეულ ჯარისკაცს თან მხოლოდ 120-160 , ხოლო მეოთხე პოლკის ჯარისკაცებს კი საერთოდ 30-40 ვაზნა ჰქონდა. რაზმს საერთოდ არ გააჩნდა ტყვიამფრქვევები.  პოლკოვნიკ ვაჩნაძეს  განუცხადეს, რომ  13 დეკემბერს 100 000 ვაზნა და ტყვიამფრქვევები ალავერდის სადგურზე გააგზავნეს და როდესაც ისინი მივიდოდნენ გენერალ წულუკიძესთან, იქ მიიღებდნენ დამატებით ვაზნებს და ტყვიამფრქვევებს. 


რაზმის ამოცანა და გადადგილება თბილისიდან-აირუმამადე

 რაზმი რკინიგზით უნდა გადაადგილებულიყო სადახლო-აირუმი-ახტალის-ახპატ-ალავერდის მიმართულებით. გენერალ მაზნიაშვილის გეგმის თანახმად  სადგურ რაზმს სადახლომდე  შეეძლო დაეძინა და შემდეგ კი  განსაკუთრებით სადგურ ახპატთან ფრთხილად უნდა  ყოფილიყვნენ, რადგანაც 14 დეკემბრის 12 საათზე მათი   ინფორმაციით  სადგურ ახპატის მიმართულებით სომხურ ბანდებს ცეცხლი გაეხსნათ.  რაზმი   სადგურ ახტალაში უნდა გადმომსხდარიყო მატარებლიდან,   სასწავლო გუნდს კაპიტან ფურცელაძის მეთაურობით უნდა დაეზვერა  გზა ახპატისკენ და მხოლოდ ამის შემდეგ მთელ რაზმს მწყობრად უნდა გაეგრძელებინა მსვლელობა ახპატი-ალავერდის მიმართულებით . 14 დეკემბრის საღამოს 10 საათზე ეშელონი თბილისის რკინიგზის სადგურიდან დაიძრა და 15 დეკემბრის გამთენიას სადახლოში ჩააღწია.  სადახლოში  სადგურის უფროსმა პოლკოვნიკ ვაჩნაძეს უთხრა, რომ გენერალ წულუკიძისაგან არანაირი ინფორმაცია არ ჰქონდათ და გზა მხოლოდ ახტალამდე იყო თავისუფალი.  სატელეგრაფო და სატელეფონო კავშირი 14 დეკემბერს გაწყდა სადგურ ახპატთან. მათ არაფერი არ იცოდნენ გენერალ წულუკიძის და მისი რაზმის ადგილმდებარეობის შესახებ.  ამ დროს სადგურში მოვიდა ჯავშანმატარებელთა რაზმის მეთაურის ადიუტანტი გრიგოლ კვინიკაძე, რომელმაც დაამატა , რომ გენერალი წულუკიძე დიდი ალბათობით იმყოფებოდა სადგურ ალავერდთან და გზა სუფთა იყო მხოლოდ სადგურ ახტალამდე, საიდანაც ის დაბრუნდა 14 დეკემბრის საღამოს. მისი ინფორმაციით სადგურ ახპატთან  სარკინიგზო და სატელეგრაფო კავშირი სომხებს გადაეჭრათ, ხოლო აირუმის სადგურზე კი იდგა ქართველი მესაზღვრეების ოცეული. გრიგოლ კვინიკაძე 14 დეკემბერს ვალოდია გოგუაძის ბრძანებით დაბრუნდა სადგურ ახტალიდან დაჯავშნული ორთქმავლით და მასზე მობმული სამოქალაქო ვაგონებით, რათა ამ ვაგონებს გოგუაძის ჯავშნოსნებისთვის ხელი არ შეეშალათ მანევრირებაში, მას ასევე ევალებოდა ვაზნებისა და ჭურვების წაღება ახტალისკენ, მას შემდეგ რაც თბილისიდან სადახლოში ჩამოვიდოდა საბრძოლო მასალებით დატვირთული ვაგონი. (მოგვიანებით აირუმში მდგარი სასაზღვრო ოცეულის მეთაური სავანელი პოლკოვნიკ ვაჩნაძეს უმტკიცებდა, რომ  15 დეკემბერს აირუმზე მოწინააღმდეგის შესაძლო თავდასხმის შესახებ მან 14 დეკემბრის საღამოს 8 საათზე ტელეფონით გააფრთხილა სადახლოში მყოფი შულავერის სასაზღვრო რაზმის მეთაური იმნაძე).
  ამ ინფორმაციის მოსმენის შემდეგ პოლკოვნიკმა ვაჩნაძემ გასცა ბრძანება , რომ გაეგრძელებინათ გზა ახტალისაკენ, ამასთანავე  მატარებლის ობერ-კონდუქტორ ჩიხლაძეს უბრძანა, რომ გადაეცა მემანქანისათვის  თუნდაც ერთი გასროლის შემთხვევაში უმალ გაეჩერებინა მატარებელი ან კიდევ  უკუსვლით დაებრუნებინა უკან.  როგორც შემდეგ გაირკვა ობერ-კონდუქტორ ჩიხლაძეს ჩაუთვლია, რომ არანაირი ხიფათი მათ არ ელოდათ, ამიტომ მემანქანისთვის ვაჩნაძის ბრძანება არ გადაუცია. 



მოწინააღმდეგის მანევრი  და წულუკიძის რაზმის ბედი 14-15 დეკემბერს

14 დეკემბერს მოწინააღმდეგემ ერთის მხრივ  მასიური შეტევა დაიწყო ალავერდში განლაგებული ქართული ძალების წინააღმდეგ, ხოლო მეორეს მხრივ ჩრდილო-აღმოსავლეთიდან შემოუარა ქართულ ძალებს და შუადღისათვის მოწინააღმდეგის სადაზვერვო ჯგუფებმა  მთებიდან დაიწყო ჩამოსვლა ალავერდის ზურგში, სადახლოსკენ მიმავალი რკინიგზის გაყოლებაზე. მათ სადგურ ახპატის მიდამოებში (ალავერდიდან ჩრდილოეთით 6 კილომეტრზე) გადაჭრეს სატელეფონო და სატელეგრაფო ხაზები. მეწინავე ნაწილების პარალელურად, საღამოდან  უკვე ძირითადი ძალებიც იწყებდნენ ხეობაში ჩასვლას და 15 დეკემბრის დილისათვის ისინი, ახპატის-ახტალის და აირუმის რკინიგზის სადგურების  მიდამოებში არსებულ სტრატეგიულ სიმაღლეებზე განლაგდნენ. 14 დეკემბერს გენერალ წულუკიძის მცირერიცხოვანი ძალები ალავერდთან მთელი დღის განმავლობაში იგერიებდნენ მოწინააღმდეგის შეტევებს. 14 დეკემბრის  საღამოს მათთან გამოაღწია სანაინთან ალყაში მოქცეულ მებრძოლთა ნარჩენებმა.  საღამოს 18:30 წუთიდან, როდესაც მოწინააღმდეგის ცეცხლი კიდევ უფრო გაძლიერდა და ამასთანავე გაწყდა კავშირი სადახლოსთან, გენერალი წულუკიძე მიხვდა, რომ ალყაში ექცეოდა და  სადახლოსაკენ ევაკუაციის გადაწყვეტილება მიიღო. უკანდახევა ორ კოლონად უნდა განხორციელებულიყო.  მებრძოლთა ძირითად ნაწილს, მათ შორის მეხუთე პოლკის ბატალიონს ,  რკინიგზით უნდა ეცადა სადახლომდე გასვლა, ხოლო გენერალი წულუკიძე თავისი შტაბით და სხვა მცირე ძალებით ალავერდის ჩრდილოეთითა და რკინიგზის ხაზის დასავლეთით სოფელ შამლუღის გავლით მთებით, მალულად უნდა გადასულიყო სადახლოში.
 უკანდახევა  14 დეკემბრის ღამის  11 საათზე დაიწყო.  რკინიგზით მიმავალ ეშელონს სადგურ ახპატამდე უკანდახევა მცირე ბრძოლით მოუწია, ხოლო ახპატიდან - ახტალისკენ მიმავალთ გზაზე  კი,  ეშელონს  ღამის სიბნელეში ქართული ჯავშანმატარებელი დაეჯახა, რომელიც მათ დასახმარებლად მოდიოდა. ჯავშანოსანიც და ეშელონის ვაგონებიც ლიანდაგიდან გადავიდა. მებრძოლებს მოუხდათ მატარებლის დატოვება და ქვეითი მწყობრით, გზის გაგრძელება სადგურ ახტალისაკენ. 
 რამდენიმე საათიანი მარშის შემდეგ, 15 დეკემბრის გამთენიას მეხუთე პოლკის ბატალიონი სადგურ ახტალაში შევიდა და  მოწინააღმდეგესთან იმ დროს ჩაება ბრძოლაში, როდესაც მათგან  ჩრდილოეთით 15 კილომეტრის დაშორებით, ამავე პოლკის კიდევ ერთი რაზმი პოლკოვნიკ ვაჩნაძის მეთაურობით სადგურ აირუმს უახლოვდებოდა. 


ჩასაფრება  და ბრძოლა აირუმთან 

მდინარე დებედა და აირუმის რკინიგზის სადგური.



15 დეკემბრის დილის 7 საათისთვის, სადახლოდან ახტალისაკენ მიმავალი ვაჩნაძის რაზმი სადგურ აირუმს მიუახლოვდა. სადგურამდე ერთი კილომეტრი იყო დარჩენილი, როდესაც ეშელონს რკინიგზის ორივე მხრიდან შაშხანებიდან ცეცხლი გაუხსნეს, მემანქანემ რომლისთვისაც ობერ-კონდუქტორ ჩიხლაძეს პოლკოვნიკ ვაჩნაძის ბრძანება არ ჰქონდა გადაცემული, არათუ არ გააჩერა მატარებელი არამედ   სიჩქარეს მოუმატა. მასიური ყვირილისა და სასტვენების  შემდეგ, მემანქანეს როგორც იქნა გააგებინეს, რომ მატარებელი უნდა გაეჩერებინა, მაგრამ ამ დროისთვის ეშელონი სადგურის შენობას სამასიოდე მეტრით გასცილდა და ძალიან მოუხერხებელ ადგილზე გაჩერდა. მოწინააღმდეგეს გზის ყველა მხრიდან,  გაბატონებული სიმაღლეებიდან  შაშხანებით და 2 ტვიამფრქვევით მასიური ცეცხლი ჰქონდა გახსნილი. როგორც ბრძოლის შემდეგ გამოირკვა, აირუმთან სომხური რეგულარული არმიის მეექვსე პოლკის ერთი ბატალიონი, ერთი ცხენოსანი ესკადრონი , მილიციელთა ორი ასეული  იყო ჩასაფრებული,  მთლიანობაში  - 700-მდე ჯარისკაცი. ამას ემატებოდა   ადგილობრივი სომეხი ეროვნების მოსახლეობის შეიარაღებული ჯგუფი.

სომხური არმია 1918-1920 წლებში

შეშინებული ახალბედა ჯარისკაცები ვაგონების იატაკს გაეკრნენ და მათი გადმოყვანა მატარებლიდა ძლივს მოახერხეს ოფიცრებმა და გამოცდილმა ჯარისკაცებმა . ზოგიერთი მათგანი ისეთი  შეშინებული იყო, რომ ვაგონებიდან გადმოსვლის შემდეგ სრულიად ღია ადგილზე ჩაჯდნენ და კანკალებდნენ, თითქოს  საკუთარ ტყვიას მორჩილად ელოდებოდნენ. გამოცდილი ჯარისკაცები და ოფიცრების ასეთებს ძალით მიათრევდნენ რათა ლოდებისთვის, ან სხვა ადგილისათვის შეეფარებინათ თავი.  ვიწყო ხეობაში მასობრივი ცეცხლის ხმის ექო ,გამოუცდელი ჯარისკაცების პანიკას კიდევ უფრო აძლიერებდა. ისინი პანიკურად ისროდნენ შაშხანებიდან, არ უყურებდნენ სამიზნეს, მიმართულებას, ზოგიერთი  ჰაერშიც კი ისროდა, ზოგმა  კი საერთოდ გადააგდო შაშხანა და მიწაზე მკვდრებივით განერთხნენ. მეორეს მხრივ ოფიცრები და გამოცდილო ჯარისკაცები მოწინააღმდეგეს გმირულად ებრძოდნენ.  მებრძოლთა ნაწილმა რკინიგზის შენობაში შესვლა მოახერხა, რომელიც ასევე აქტიურად იცხრილებოდა. პოლკოვნიკი ვაჩნაძემ დივიზიის მეთაურს გიორგი მაზნიაშვილს გაუგზავნა ტელეგრამა, ასევე  სადახლოს სადგურზე დაუკავშირდა პოლკოვნიკ იმნაძეს და მოითხოვა ჯავშანმატარებლისა და ვაზნების მოშველება.  ექიმმა ზედგენიძემ აირუმის სადგურზე მოაწყო სამედიცინო პუნქტი და პირველად დახმარებას უწევდა დაჭრილებს.  ბრძოლა გრძელდებოდა , მებრძოლთა შორის გავრცელდა ხმა, რომ მათ ჯავშნოსანი მოეშველებოდათ, რამაც მათი ერთი ნაწილის მორალური მდგომარეობა გააუმჯობესა, თუმცა ახალბედა ჯარისკაცებს რომლებიც რაზმის უმეტეს ნაწილს წარმოადგენდნენ ამ ინფორმაციამ განსაკუთრებული შვება ვერ მისცა. 



სომხური ძალების ჩასაფრება და ქართული ეშელონის ალყაში მოქცევა აირუმის რკინიგზის სადგურთან

პოლკოვნიკმა ვაჩნაძემ  სასწავლო გუნდს, რომელიც გამოცდილი ჯარისკაცებით იყო დაკომპლექტებული და კაპიტანი ფურცელაძე მეთაურობდა უბრძანა დაეკავებინათ სადგურის მარჯვნივ, მისგან ჩრდილო-დასავლეთით განლაგებული სიმაღლე საიდანაც განსაკუთრებით ძლიერი ცეცხლი მოდიოდა ქართული ნაწილებისაკენ. მცდელობის მიუხედავად,  მოწინააღმდეგის ძლიერმა ცეცხლის გამო სიმაღლის დაკავება ვერ მოხერხდა,    სასწავლო გუნდის ჯარისკაცთა და ოფიცერთა 60 კაციანი შეამდგენლობიდან დაიღუპა ან დაიჭრა 40 მებრძოლი, მათ შორის დაიღუპა ახალგაზრდა ოფიცერი,  ლეიტენანტი ვლადიმერ ბარნაბიშვილიც. 


აირუმთან დაღუპული ოფიცერი, ლეიტენანტი ვლადიმერ ბარნაბიშვილი.

 სადახლოსთან სატელეფონო კავშირი, საუბრის ბოლოს გაწყდა. იმ დროისათვის სადახლოში N4 ჯავშანმატარებელი  თბილისიდან ჯერ არ იყო ჩასული, ორი ჯავშანმატარებელი ახტალის მიდამოებში იბრძოდა, ხოლო კიდევ ერთი სანაინთან ჩარჩა. დრო არ იცდიდა, ამიტომ სადახლოში მყოფმა  ჯავშანმატარებელთა რაზმის მეთაურის ადიუტანტმა გრიგოლ კვინიკაძემ, შეჯავშნულ ორთქმავალს მიაბა თბილისიდან ჩატანილი ტყვია-წამლით დატვირთული ვაგონი,  შულავერის სასაზღვრო რაზმის მეთაურს პოლკოვნიკ იმნაძეს დამატებით 17 000 ვაზნა გამოართვა და აირუმისკენ გაემართა. აირუმის სადგურამდე მცირე მანძილი იყო დარჩენილი, როდესაც ორთქმავლის სადამკვირვებლო პოსტიდან შეამჩნია , რომ მათ წინ რკინიგზა და პატარა ხიდი არღვეული იყო. ამ დროს მათ ყველა მხრიდან ცეცხლი გაუხსნეს, ამიტომ ორთქმავალი თავის ტყვია-წამლით დატვირთულ ვაგონთან ერთად უკან სადახლოსკენ გაბრუნდა.


ჯავშანმატარებელთა რაზმის მეთაურის ადიუდანტი გრიგოლ კვინიკაძე 

აირუმის სადგურთან ოთხსაათნახევრიანი ბრძოლის შემდეგ, მოწინააღმდეგის ცეცხლი ძლიერდებოდა, ხოლო ვაჩნაძის რაზმს კი ვაზნები უმთავრდებოდა, სადახლოდანაც არა და არ მოდიოდა დახმარება. რაზმის დაახლოებით 40 პროცენტი უკვე დაღუპული და დაჭრილი იყო. ასეთ მძიმე სიტუაციაში მეოთხე პოლკის ასეულის ჯარისკაცებს საერთოდ გაუთავდათ ტყვია-წამალი და  იარაღის დაყრა და თეთრი ალმის ფრიალი დაიწყეს. ვაჩნაძის რაზმში მყოფმა ეთნიკურად სომეხმა ჯარისკაცებმა ყვირილი მორთეს, რომ ისინი სომხები იყვნენ და საბრძოლველად ძალით წამოიყვანეს, მათ აყვნენ სხვა ახალბედა ჯარისკაცებიც რომელთაც ტყვია-წამალი გამოელიათ და სიცოცხლის შენარჩუნებას ითხოვდნენ. სომეხმა ჯარისკაცებმა ნელ-ნელა სიმაღლიდან ჩამოსვლა დაიწყეს . ოფიცრებმა თავიდან თქვეს, რომ შაშხანებისთვის ხიშტები გაეკეთებინათ და ხელჩართულ ბრძოლაზე გადასულიყვნენ , მაგრამ უმალ გააცნობიერეს, რომ ეს მხოლოდ ზედმეტ მსხვერპლს მოიტანდა, რადგანაც გამოცდილი ჯარისკაცები თითქმის სრულად გამოსულიყვნენ მწყობრიდან, ახალბედები  კი უკვე მტერს ბარდებოდნენ ტყვედ. მოწინააღმდეგე რიცხობრივად ძალიან დიდ უპირატესობას ფლობდა , ტყვია-წამალი ამოწურულიყო და სადახლოდან კი მაშველი ჯავშნოსანი არ ჩანდა. ყოველივე ამის ფონზე ოფიცრებმა და მებრძოლმა ჯარისკაცებმა უკანასკნელი ვაზნებიც დახარჯეს და შემდეგ მოწინააღმდეგეს ტყვედ ჩაბარდნენ.

  ბრძოლის შედეგი ასეთი იყო -  ვაჩნაძის რაზმიდან დაიღუპა 1 ოფიცერი და 55 ჯარისკაცი, დაიჭრა 3 ოფიცერი და 75 ჯარისკაცი. მოწინააღმდეგე ტყვედ ჩაიგდო 242 ოფიცერი და ჯარისკაცი.  მოწინააღმდეგეს დაღუპა 4 და დაეჭრა 20 მებრძოლი.  ტყვეები წაიყვანეს სოფელ ყულფისკენ (დღეავნდელი კოხბი), აირუმის აღმოსავლეთით 7 კილომეტში.
   იმ დროს როდესაც ვაჩნაძის რაზმი ტყვედ ჩავარდა, თბილისიდან სადახლოს სადგურზე მივიდა ჯავშანმატარებელი N4 ალფეს გოგუაძისა  და ჯარისკაცთა ორი ასეული პოლკოვნიკ ხიმშიაშვილის მეთაურობით. მცირე თათბირის შემდეგ - ჯავშანმატარებელი,  დაჯავშნული ორთქმავალი ტყვია-წამლით დატვირთული ვაგონით და ხიმშიაშვილის ეშელონი აირუმისკენ გაემართნენ. წინ მიდიოდა ჯავშანმატარებელი, გარკვეული მანძილის მოშორებით უკან მიყვებოდა შეჯავშნული ორთქმავალი მასზე გამობმული ტყვია-წამლით დატვირთული ვაგონით, ხოლო ბოლოს ერთი კილომეტრის დაშორებით  ხიმშიაშვილის რაზმი. როდესაც ჯავშანმატარებელი აირუმის სადგურის სიახლოვეს აყრილ რელსებს და ხიდს მიუახლოვდა, მოწინააღმდეგემ მას ძლიერი ცეცხლი გაუხსნა, მაგრამ ჯავშანმატარებლის ქვემეხებმა და ტყვიამფრქვევებმა მოწინააღმდეგე ჩააჩუმეს. ცეცხლის ფარდით ისარგება ჯავშნოსნის ეკიპაჟის ერთმა ნაწილმა და დაზიანებული რელსები და ხიდი შეაკეთა. ჯავშანმატარებელი აირუმის სადგურზე შევიდა, ვაჩნაძის რაზმი კი ამ დროს უკვე დაახლოებით ერთი საათის დატყვევებული იყო. ქართველი ტყვეები ყულფის გზას ადგნენ და შორეული სიმაღლეებიდან ხედავდნენ აირუმის სადგურთან მიმდინარე მოვლენებს. ჯავშანმატარებლის უკან მომავალი ტყვია-წამლის ვაგონიანი ორთქმავალი სადგურის სიახლოვეს შეჩერდა, რა დროსაც მის უკან მომავალ ეშელონს  სომხებმა ცეცხლი გაუხსნეს, მემანქანე შიშით იატაკზე გაწვა და მატარებლის დამუხრუჭება როტმისტრმა დადიანმა სცადა, მართალია მოახერხა კიდეც , მაგრამ  იარაღით დატვირთულ ვაგონს მცირედით მაინც დაეჯახა. ვაგონი რკინიგზის რელსებიდან გადავიდა. დადიანმა ეშელონი, მაშინვე უკან დაძრა სადახლოსკენ.  სომხური ჯარი ცეცხლს არ წყვეტდა, ამიტომ კვინიკაძემ ჩახსნა ორთქმავალი ვაგონისგან, შევიდა აირუმის სადგურზე და ჯავშანმატარებლის ეკიპაჟს სთხოვა დახმარება. ჯავშანმატარებელი უკან დაბრუნდა, ძლიერი ცეცხლი გაუხსნა სიმაღლეზე განლაგებურ სომხურ ჯარს, რა დროსაც ეკიპაჟის ერთმა ნაწილმა, ტყვია-წამალი ჯავშანმატარებელში გადატვირთა, ვაგონი სრულად გადააგდო რელსებიდან და სადახლოსკენ დაიხია.