სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11198

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
მწერალი/პოეტი
 ტარიელ ხარხელაური დ.1946წ.  პოეტი სოფ. სიმონიანთხევი  თიანეთი
ბმულის კოპირება

მწერალი/პოეტი

გვარი ხარხელაური სია

თიანეთი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

24       ბეჭდვა

ტარიელ ხარხელაური დ.1946წ. პოეტი სოფ. სიმონიანთხევი თიანეთი

 ტარიელ ხარხელაური დაიბადა 1946 წლის 11 დეკემბერს თიანეთის რ-ნი სოფ. სიმონიანთხევში



30 დეკემბერი 2020 წელი სიგელი "მოყვასი" მხარდაჭერისათვის

"ფშავში მიყვარს განმარტოება. ქედის იქით ძალიან კარგი პოეტი ცხოვრობს - ტარიელ ხარხელაური. ის მეუბნება: ფშავლებში ცხოვრობ, კარგი ქართულით ლაპარაკობენ, მწერალი ხარ და ძარცვე ეგ ხალხიო" - მითხრა ხუთი თვის წინ გურამ ქართველიშვილმა. მახსოვს, მაშინ გავიფიქრე, ჩავწერ ბატონ ტარიელს-მეთქი. ახლახან კი რედაქტორმა მითხრა, იცი, თეონა ქუმსიაშვილის სიმღერის - "შენ ჩემო დიდო ტკივილო" ლექსი ხარხელაურს ეკუთვნის, შვილი ჰყავს გარდაცვლილიო... ახლა წინ მისი ნაჩუქარი კრებული - "მინდვრის ფსალმუნები" მიდევს და წინასიტყვაობისგან გაოგნებული თავს ვერ ვუყრი სათქმელს. "ეს წიგნი დიდმა ტკივილმა წერა. ნუ შეგაკრთობთ ცრემლი, რომელიც კაცის თვალებიდან იღვრება. ეს ყველა მამის ცრემლია, რომელიც არა თუ არ ჩამოუვარდება დედის ცრემლს, შეიძლება კიდევაც გადაამეტოს ტკივილთა სიმძაფრეში. ღმერთმა დამიფაროს, რომ მარტო ჩემს ტკივილს ვჭირისუფლობდე, ყველას შვილს დავტირი, ყველას ტკივილი მტკივა..." აქ ჩემი ემოციები ყოვლად უადგილოა. მე უბრალოდ მინდა ამ გენიალური პოეტის სულის ვიწრო სარკმელში შეგახედოთ, რომელიც ამ ტკივილიანმა ხევსურმა ჩვენთვის შეაღო. ამ ხევსურს კი ვახუშტი კოტეტიშვილმა "კაი ყმა" უწოდა.


ხარხელაური-წიკლაურები


ხორხის ხეობის სოფ. კომშიანაში გუდამაყრის სოფ. დუმაცხოდან

გადმოსახლებული ხარხელაურები მოსახლეობენ. მთხრობლის სიტყვით,

"ადგილი მოსწონებიათ და იმიტომ ჩამოსახლებულან". საინტერესოა, რომ დღეს

გუდამაყარში გვარი ხარხელაური საერთოდ აღარაა (წიკლაურად დაეწერნენ). ეს

გვარი შემორჩა მხოლოდ გუდამაყრიდან მიგრირებულ მოსახლეობას, როგორც

ხორხის ხეობაში, ისე ერწოსა და შირაქში. 1873 წელს ხორხში სამი კომლი

ხარხელაური მკვიდრობდა. აქვე, 1865 წელს გადმოსახლებულან ოგბაიძეები

მთიულეთიდან და წიკლაურები (ხუთი კომლი) გუდამაყრიდან

"არ გაიარო თავდახრილმა ჩემ გამო, შვილო"

"სურათის გადაღება კი არა, ჩემ თავს რომ ვხედავ, მეზარება" - გვითხრა ქალბატონმა მარინა ხარხელაურმა. "არც მე მილხინდა, მაგრამ ურთიერთობების დროს უარს ვერ ეტყვი ფოტოს გადაღებაზე, ინტერვიუზე. მას ხომ სიამოვნებს შენთან ერთად, რა უფლება გაქვს ამ სიამოვნებაზე უარი უთხრა? რ უფლება მაქვს ჩემი ტკივილი თავს მოგახვიო? თუ ჩემი ტკივილი შენადაც იქცა, მაშინ ერთი სატკივარის ჭირისუფლობა შეიძლება.


მეუღლე მარინა ხარხელაური

ბექა რომ დაიბადა, იმის განცდა მქონდა, რომ ჩვენ წუთისოფლის ერთად გალევა გაგვიჭირდებოდა. პირიქით მეგონა, რომ ცოტა ადრე მე მომიწევდა ამ სოფლიდან გასვლა. ლექსი დავუწერე: "როგორც ეტყობა - გაზაფხულს ისევ უშენოდ გავილევ, ალბათ, სწორია, სამყარომ ერთად ვერ გვზიდა ორივე. მე ვერ შემბედა, საწუთრო ვერანაირად მიმოკლა, გარს მივლის, მეფოლორცება, ჩამოტეხილ მხარს მილოკავს..."

მას ჩემზე უკეთ შეეძლო მამულისთვის ემსახურა. სიყვარულის მატარებელი, რაინდული სულის პატრონი იყო, ჩემგან საოცრად განსხვავებული. ხევსურული სისხლის პატრონი ჩხუბს არასდროს მოვრიდებივარ. ის ერიდებოდა. ერთადერთი, რასაც ვერ იტანდა და მდგომარეობიდან გამოიყვანდა, დედის შეგინება იყო. იმ დონეზე უყვარდა დედა, ამას არც მე მაპატიებდა. და ამას შეეწირა კიდეც. თიანეთში, ჩვენს სოფელ სიმონიანთხევში იყო. საღამოს ახალგაზრდები შეიკრიბნენ. ერთმა მათგანმა ჩვენ სოფლელ ბიჭს შეურაცხყოფა მიაყენა. ბექას უთქვამს, ნასვამი ხარ, გეყოფა, ჩემ სოფელში, უნდა გაიცინებს, უნდა - არა, შენ ვინ გეკითხებაო. იმან შეაგინა... ბექა ფიზიკურად ძლიერი იყო და ის ბიჭი სცემა. მერე უთხრა, ხვალ შევხვდეთ, შენც გამოფხიზლდები და თუ დამნაშავე აღმოვჩნდები, ბოდიშს მოგიხდიო. მეორე დღეს ჩვენი სახლის უკან გადმოვიდა და პირდაპირ იარაღი ესროლა. 23 წლის ბიჭი მომიკლა... მე თბილისში ვიყავი.

ჩემთვის ძალიან მძიმეა. სხვანაირად განვიცდი. ყველა მისი მოძრაობა გონებაში მაქვს შენახული. როგორ ადიოდა კიბეზე, როგორ ჩამოდიოდა, როგორ იცინოდა, როგორ აღვიძებდა მეზობლებს სიმღერით, როგორ შეუვარდებოდა დილით... სოფელში რომ ავდივარ და მის საწოლს გადავხედავ, მგონია, რომ იქ წევს. "ბარგს შევკრავ, ვიცი, გრიგალი მალულად გაიქილიკებს, ერთხელღა ამოვიბღავლებ, მერე შენს ნავალ ბილიკებს მოვძებნი, გულში ჩავიხვევ - ნისლივით დავეწურები, ქარი ჩემს საფლავს წააყრის მტვერს შენი ნაფეხურების."


ამ ტრაგედიის შემდეგ ვაპირებდი საერთოდ გამენადგურებინა რაც კი რამ მქონდა დაწერილი. რომ არა ბიზნესმენ ომარ ქუცნაშვილის მოთხოვნა და იძულებით გადადგმული ნაბიჯი (სტამბაში წინასწარ გადახდილი ფული) გაგრძელებას არ ვაპირებდი. ლექსებს ვწერდი და ვხევდი. არ მეგონა, მკითხველისთვის თუ კიდევ ვიქნებოდი საინტერესო. ის პირველი კრებული 2004 წელს გამოვიდა. მესამე კრებულის გამოცემა უკვე თქვენმა თაობამ მოითხოვა და მარტში იგეგმება.

მე როცა ვთქვი ლექსი - "სამშობლოვ ჩემო, პოეტი შენ ხარ, მე შენი ენით მოლაპარაკე" - მას შემდეგ უფლება არ მქონია ჩვეულებრივი მოკვდავივით მეცხოვრა, ვინც ყოველდღიურ მოთხოვნილებაზე აგებს თავის ყოფას. არჩევანის წინაშე დავდექი. ცხოვრება უნდა შემეცვალა. ხომ არ მაქვს უფლება, რომ ბედნიერი ვიყო, მაგრამ გარკვეულწილად ვარ ბედნიერი. ჩემს გვერდით ხომ ჩემი შვილების თაობა მოაბიჯებს. ცოტა ხანს მაინც ვიყოთ ბედნიერი ამ წუთისოფელში.

მყავს ორი ქალიშვილი - გვანცა და სოფო და შვილიშვილები. ამბობენ, შვილიშვილი შვილზე მეტად საყვარელიაო, მაგრამ ჩემში, ამ ტრაგედიამ, ეს გრძნობა იმდენად მოკლა, რომ ხანდახან ჩემი თავიც კი მძულს, რომ შვილიშვილი ჩემ შვილზე მეტად არ მიყვარს. ის ყველაზე მეტად მიყვარს.

დიდ ბოდიშს გიხდი, შვილო, ასე რომ დაგამძიმე..."

"შენ ჩემო დიდო ტკივილო"

თეონა ქუმსიაშვილის ტრაგედია ყველას გვახსოვს და ჯერ ისევ მოუშუშებელი იარაა. მისი ბოლო სიმღერა დაუვიწყარია. არადა, ასე ტკივილით სავსედ ნამღერი სიმღერის ლექსი თავის დროზე შეყვარებულ პოეტს თავისი მომავალი მეუღლისთვის მიუძღვნია.

"ერთ-ერთი პირველი ლექსია, რომელიც მეუღლეს მივუძღვენი. სვანეთში იყო, ფოლკლორულ ექსპედიციაზე, მე ნახირში, მწყემსად. უცებ მომეძალა სევდა, მომენატრა და გონებაში ეს ლექსი დავწერე.

თეონამ მომიბოდიშა, ტარიელ ძია, გავბედე და ამ ლექსზე სიმღერა დავწერეო. რომ მოვუსმინე, შემძრა. სულის მძიმე განწყობა დამანახა. პირველი შემთხვევაა, როდესაც სიმღერა და ლექსი ასე ჰარმონიულად მოქმედებს და მიდის მსმენელის გულთან. თითქოს წინათგრძნობა ჰქონდა. ამ სიმღერით დაგვემშვიდობა და წავიდა"...


"ჩემი გონება ამის შემქმნელი არ არის"ცივია ქალაქი, არ მიყვარს აქ ყოფნაო - ეს იყო ჩემი და ბატონი ტარიელის პირველი საკონტაქტო ფრაზა. ქალაქში სასწავლებლად ჩამოსული მუდმივად გარბოდა მთებში.

"სოფლის ცხოვრებით ვცხოვრობდი და არც მეგონა, ჩემი ლექსი ინტერესს თუ გამოიწვევდა და ასეთი ძალა ექნებოდა. ლექსით გამოჩენა სწორად არ მიმაჩნდა. პოეზიით დამკვიდრების სურვილი არ მქონია. ლექსი მოითხოვს ვთქვა, რომ პოეტი ვარ-მეთქი, თორემ მე გადმომაქვს, ლექსის გადმომწერი ვარ. ხილვაა, ვხედავ იმ სამყაროს, რასაც ვქმნი. ბევრჯერ სიზმრიდან გადმომაქვს ლექსი. ლექსების უმეტესობა ასე მაქვს დაწერილი. ზოგჯერ ჩემთვის გაუგებარ ენაზე დაწერილ ლექსს ვკითხულობ სიზმრად და გადმომაქვს. მერე მეღვიძება ჩურჩულით. თუ ცივა და ადგომა მეზარება, სტრიქონებს ვიმეორებ რომ არ დამავიწყდეს. თუ ფურცელზე გადატანას ვერ ვახერხებ, ლექსი გამექცევა ხოლმე. გული ძალიან დამწყვეტია. ამიტომ დაწოლის წინ მაგიდაზე ვტოვებ გაშლილ თაბახის ფურცლებს. შუქს არ ვანთებ, განწყობა და ემოცია რომ არ დავკარგო, ამიტომ ხელის ვარაუდით ვიცი ერთი სტრიქონის დაწერის მერე სად უნდა დავწერო. ასე ვიწერ ლექსს.

კომპოზიტორ იაკობ ბობოხიძეს აგარაკი ჰქონდა სიმონიანთხევში, სწორედ მისი და ჩემი ცოლის, მარინა ხარხელაურის წყალობით, რომელიც ნაგლეჯებზე მიწერილ გადაყრილ ლექსებს აგროვებდა, გავხდი პოეტი. ასე შემიყვანეს პოეზიაში. იქნებ დანაშაულიც ჩაიდინეს. მიჭირს იმასთან შეგუება, რომ პოეტი ვარ. ზოგჯერ, რომ გადავხედავ ლექსს, ვაცნობიერებ, რომ ჩემი შესაძლებლობის და პოტენციალის გათვალისწინებით ამის დაწერა არ შემიძლია. "დახურეთ ზეცა, ვარსკვლავებთან საუბარს ვიწყებ" - ჩემი გონება ამის შემქმნელი არ არის. ხშირად გავუოცებივარ სტრიქონებს - "წუხელ მუხლებზე მეწვა სიკვდილი, და მე და ქარი ვჭირისუფლობდით". ამას ადამიანის გონება ვერ შექნის. ასეთი გაბედული ნათქვამი არ შემიძლია. უფალი გაძლევს ნიჭს და არ გაქვს უფლება თავი მოიწონო, რა მაგარი ლექსი შევქმენიო. უბრალოდ, მე შექმნის პროცესში ახლოს ვარ ლექსთან. მერე მეც ჩვეულებრივი მკითხველი ვარ, როგორც სხვა. ვსწავლობ მის დინამიკას, რა არის მასში ფასეული. ლექსების რაოდენობა არ მაინტერესებს. ამით რომ დაინტერესდები, ის ლექსი შენზე წინ მოკვდება. არ მინდა ლექსმა გამასწროს. ჭირისუფალი ხომ მინდა რომ დამიტიროს? ლექსები ჩემი ჭირისუფლებია. მათზე უკეთ არავინ დამიტირებს.

ლექსის წერის დროს გარემოს მნიშვნელობა არ აქვს. ისეთ ადგილებში დამიწერია ლექსი, კაცი სიცილით მოკვდება. უხერხულ მდგომარეობაში მყოფსაც, თავი მიმინებებია და ლექსთან წავსულვარ. ვარაზის ხევზე ჩამოვდიოდი და ჭადრის ფოთოლმა ჩამომიფრინა - "შენ საით წახვალ ხმელო ფოთოლო" - ამეკვიატა სტრიქონი. ამ ლექსს ადევნებულმა ტრანსპორტით თავი საბადურებში ამოვყავი. ასე გაგიტაცებს ლექსი. ხშირად მინდორში ამკვიატებია სტრიქონები, ამ დროს გარემოს ათვალიერებ, რომ ლექსის ხმამაღლა წასაკითხად სიმყუდროვე იყოს. რამდენჯერმე ვკითხულობ, რომ არ დამავიწყდეს. მთაში რომ დაინახონ მარტო თავისთვის მოლაპარაკე კაცი, არანორმალურიაო იტყვიან. ამიტომ ვათვალიერებ გარემოს, რომ არ შემრცხვეს.

ლექსის წერისას ყველა კომპონენტი უნდა მონაწილეობდეს, გული, გონება, ყნოსვაც კი.

- რისი სუნი აქვს თქვენს ლექსებს?

- იმ სამყაროსი, რაშიც ვცხოვრობ. თივის, წვირის, ყვავილის, მიწის, ქალის სურნელიც აქვს...

"ასე დამამთავრებინეს უნივერსიტეტი"

"ფილოლოგიის ფაკულტეტი ხელშეწყობით დამამთავრებინეს, თორემ მეორე კურსიდან გავიქეცი მთაში, ისევ ცხვართან. აუდიტორიაში ვერ გავძელი. ტყვეობაში ვიყავი. მერე ვახუშტი კოტეტიშვილმა დამაბრუნა უნივერსიტეტში. თავისუფალი დამსწრე ვიყავი. ლექტორები ჩემი მეგობრები იყვნენ. მპატიობდნენ გაცდენებს. ჩემ ნებაზე დავდიოდი. გულისყური მთისკენ მეჭირა. მთიდან მხოლოდ გამოცდების დროს ჩამოვდიოდი. ჩემი კურსელები რომ დამინახავდნენ, უკვე კანკალებდნენ, გამოცდები დაიწყოო. ასე დამამთავრებინეს უნივერსიტეტი მარტო იმიტომ, რომ დიპლომი მქონოდა. მაშინ კომუნისტების ეპოქა იყო და უდიპლომო პოეტი იმ სისტემისთვის სირცხვილი იყო".

"ჩემი მუზა მხოლოდ ჩემი მეუღლეა"

"ჩემს გარშემო სუსტი სქესის ცვენა იყო. იცოდნენ რომელ აუდიტორიაში მქონდა ლექცია და კართან გროვდებოდნენ. იშვიათი ეგზემპლარივით მათვალიერებდნენ. მინდოდა იმაზე მეტი გამოვჩენილიყავი, ვიდრე ქალაქელები იყვნენ. მარინა ერთადერთი გოგო იყო, რომელიც ჩემით არ დაინტერესებულა. გოგოები რომ მეხვეოდნენ, ის ჩემ სიახლოვეს არ მოდიოდა. ახლა მივხვდი, მგლის პრინციპი ჰქონდა არჩეული. სადაც თვითონ ბინადრობს, იქ არ ნადირობს. მივხვდი, რომ როგორც პოეტი არ ვაინტერესებდი. ოჯახი, რომელიც ლექსის გამო შეიქმნება, გავა დრო და დაინგრევა. ოჯახი ჭეშმარიტმა სიყვარულმა უნდა შეკრას. გულწრფელად ვამბობ, რაც ჩემთვის ჩემმა ცოლმა გააკეთა, არანაირი ქალი ამას არ გააკეთებდა. გამათავისუფლა ყველაფრისგან, რაც ოჯახს სჭირდება. საზრუნავი თავის თავზე აიღო. როცა უფლის გზაზე ხარ, გიმართლებს.

ჩემი მუზა მხოლოდ ჩემი მეუღლეა. ცვალებადი არ უნდა იყო. მარადიულ სახედ ერთი ქალი უნდა შექმნა. ყველა ლირიკული ლექსი მისადმი მაქვს მიძღვნილი".

მარინა ხარხელაური: "უნივერსიტეტის გაზეთში ტარიელის ლექსები რომ დაიბეჭდა, სახლში მივიტანე. დედამ წაიკითხა და თქვა - "ნეტა, მის დედას, ვინ არის, რა კარგი შვილი გაუზრდიაო. ეს "კარგი შვილი" ერთ წელიწადში მისი სიძე გახდა".

"რას გრძნობს გული და გონება"

"წუწუნის არც სურვილი მაქვს და არც ნიჭი. ვცხოვრობ ისე, როგორც მთელი სოფელი. ცხვარში 12 წელი მაქვს გატარებული. ისეთი რა ცხოვრება უნდა შემხვდეს სოფელში, რომ გამიჭირდეს. გამორიცხულია. ჩემი მთავარი მიზანი ის კი არ არის, რას გრძნობს კუჭი, არამედ ის, რას გრძნობს გული და გონება, რა საზრდოს იღებს. სხეულს დღეს ატარებ, რამდენიმე ხნით, ხვალ არ გექნება. სულის მზიდველად გჭირდება".

თამარ გონგაძე



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 27.10.2020
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 05.03.2023
სულ რედაქტირებულია 1



რა გვარის არიან და სად დაიბადნენ ქართველი აკადემიკოსები

1 0


ირაკლი ივანეს ძე ჯორჯაძე 1917-92წწ გარდ. 72 წლის, საბჭოთა არტილერიის გენერალ-ლეიტენანტი. აკადემიკოსი. მუშაობდა გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიის საჰაერო თავდაცვის დეპარტამენტის ლექტორად. სოფ. საბუე ყვარელი კახეთი

3 0


იასონ (იჩო) აბაშიძე (თუშეთი) 1904-90წწ გარდ. 86 წლის. პროფესორი, მეტყევე. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ზოგადი მეტყევეობის, დენდროლოგიისა და ტყის კულტურების კათედრის გამგე. დაბ. სოფ.ზემო ალვანი ახმეტა კახეთი

1 0


ვლადიმერ პაპავა 1955წ. აკადემიკოსი ეკონომისტი წარმ. ჩხოროწყუ, სამეგრელო.

4 0


ფილიპე ზაიცევი 1877-1957წწ. ენტომოლოგი, აკადემიკოსი დაბ. კიევი, უკრაინა.

1 0


ბორის კუფტინი 1892-1953წწ აკადემიკოსი არქეოლოგი, ეთნოგრაფი დაბ. სამარა, რუსეთი.

2 0