1 0
თეიმურაზ მაღლაფერიძე (1936) დაიბადა ოზურგეთის რაიონის სოფელ დვაბზუში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1959 წელს.
პირველი ნოველები 1959 წელს გამოაქვეყნა, ხოლო პირველი წიგნი, ვრცელი პროზაული ნაწარმოები "უშბა" - 1963 წელს. ავტორია რომანებისა: "წყურვილი"(1973), "გაულ გავხე"(1976), "ცხრაკარა"(1979), მხატვრული ფილმების სცენარებისა: "მალე გაზაფხული მოვა"(1967, თანაავტორები ო. იოსელიანი და ო. აბესაძე), "ცისკრის ზარები"(1967), "ანარეკლი"(1975), "ესკულაპეს მოწაფე"(1979). მისი რომანი "წყურვილი" თარგმნილია რუსულ ენაზე.
წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 6.-თბ., 1983.-გვ.506
1 0
დავით მჭედლური დაიბადა 1947 წელს დუშეთის სოფელ მიგრიაულთაში. დაამთავრა ა. ს. პუშკინის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტი 1970 წელს.
სხვადასხვა დროს მუშაობდა მასწავლებლად, სკოლის დირექტორად, საქართველოს რადიოს მხატვრულ გადაცემათა რედაქციის განყოფილების გამგედ, გაზეთ "ლიტერატურულ საქართველოს" და ჟურნალ "ცისკრის" კრიტიკის განყოფილების გამგედ, გამომცემლობა "მერანის" მთავარ რედაქტორად.
გამოცემული აქვს ლექსების 10 კრებული, (11-ე "მოგენებები სიცოცხლეზე" დაიბეჭდა გარდაცვალების შემდეგ) აგრეთვე რომანი "პირველი", ისტორიული ჟანრის "ლავრენტი ბერიას მთავარი დანაშაული", კრიტიკულ-პუბლიცისტური წერილების სამი წიგნი.
4 0
ბესიკ ხარანაული (1939) დაიბადა დაბა თიანეთში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1962 წელს.
მუშაობდა გამომცემლობაში "ლიტერატურა და ხელოვნება" უმცროს რედაქტორად 1963–1967წწ., გამომცემლობაში "საბჭოთა საქართველო" რედაქტორად 1967–1972წწ., ჟურნალ "მნათობის" რედაქციაში იყო განყოფილების გამგე, 1972–1998წწ. რედაქტორის მოადგილედ, 1999 წლიდან გამომცემლობა "ნაკადულის" დირექტორი. ლიტერატურული მოღვაწეობა დაიწყო 1954 წელს, ლექსების პირველი კრებული გამოიცა 1968 წელს. მისი ლექსები თარგმნილია ფრანგულ, გერმანულ, რუსულ, ჩეხურ, უნგრულ, ბულგარულ, აზერბაიჯანულ და სხვა ენებზე.
2010 წლის ოქტომბერში წარდგენილ იქნა ნობელის პრემიაზე ლიტერატურის დარგში.