კობა ომარის ძე ფხაკაძე დაიბადა 1967 წ. 18 იანვარს. ფარცხანაყანების რვაწლიანი სკოლის დამთავრების შემდეგ წარმატებით ჩააბარა მისაღები გამოცდები კ. ლესელიძის სახ. რესპუბლიკურ საშუალო სპეციალურ სასწავლებელში. მშობლიური სკოლა მადლობის ბარათს ღებულობს.
„მახსოვს, მამამ სკოლაში ხელჩაკიდებული რომ მომიყვანა თმახუჭუჭა ბუთხუზა ბიჭუნა. მაშინ კობა ფხაკაძე მშობლებს ვერ სცილდებოდა და როცა გაკვეთილი დაიწყო, თვალებზე ცრემლი მოადგა, ლამის ატირდა“, – იხსენებს ფარცხანაყანების I სკოლის სასწავლო ნაწილის გამგე რ. ფუთურიძე, წყალტუბოს გაზეთში გამოქვეყნებულ წერილში. შემდეგ სიამაყით აღნიშნავს, რომ ახლა
იგივე კობა ფხაკაძე, კ. ლესელიძის სახ. სასწავლებლის წარჩინებული კურსანტია.„სოფელში აღზრდილ ყმაწვილს ერთხანს გაუჭირდა მხედრული ცხოვრება,სამხედრო დისციპლინა, სწავლა რუსულ ენაზე, მაგრამ მტკიცე ნებისყოფამ თავისი გაიტანა“.
სასწავლებელი 1985 წ. დაამთავრა და სწავლა განაგრძო მოსკოვის უმაღლეს სასაზღვრო-სამეთაურო სასწავლებელში (1985-89 წფ.).
ალბომი სავსეა სიგელებით – საბრძოლო და პოლიტიკურ მომზადებაში,სპორტის სხვადასხვა სახეობაში: ბიატლონი, ფრენბურთი, განდბოლი, ჭიდაობა სამბო, მინიფეხბურთი.
1989 წ. თებერვალში დაქორწინდა ნელი ჯონის ასულ ბალანჩივაძეზე.მოსკოვის სასწავლებელი ლეიტენანტის ჩინით დაამთავრა. ბათუმში გაანაწილეს. 4 თვის შემდეგ მუშაობა დაიწყო ქუთაისის პოლიციაში. პარალელურად სწავლობდა თბილისის მილიციის უმაღლეს სკოლაში.
ქუთაისის პოლიციიდან გაიწვიეს სამაჩაბლოში, შემდეგ მონაწილეობდა ხობთან შეტაკებაში. 1993 წ. 9 ივლისს გაიწვიეს აფხაზეთში, 10 ივლისს დაიჭრა სოფ.შრომასთან. 12 ივლისს კი გარდაიცვალა აგუძერაში. დასაფლავებულია მშობლიურ სოფელში. დასაფლავებას უამრავი ხალხი ესწრებოდა, მათ შორის ქუთაისის მერი თეიმურაზ შაშიაშვილი.
– 6 ივლისს უნდა წასულიყვნენ, – ამბობს ცრემლმორეული დედა, – 4 ივლისს მოვიდა და თქვა: „მივდივარო“ – ხუმრობა გვეგონა. 2 საათში მობრუნდა,იარაღი არ ჰქონდათ და წასვლა გადაიდოო. გახარებული ვიყავი, აღარ ველოდი,თუ წავიდოდნენ. პარასკევს, დილით დაგვტოვა. რამდენიმე დღე არაფერი ვიცოდით მის შესახებ. შემდეგ ამბავი მოვიდა: კობა დაჭრილია და სისხლია საჭიროო.
ვიშოვეთ და იმ წუთში გავემგზავრეთ.
დაჭრილი კობა ფხაკაძე საავადმყოფომდე მიუყვანია თანამებრძოლს – ოფიცერ თემურ ივანიაძეს. დაჭრილის მუდარას – გადამარჩინეო, ექიმი სულით ხორცამდე შეუძრავს, საკუთარი სისხლი გაუღია და გადაურჩენია კიდეც. მონათხრობის მიხედვით, ოპერაციამ კარგად ჩაიარა და რომ არა ნაღმის აფეთქება, რომლის შედეგად საავადმყოფოს შენობა ნახევრად დაინგრა, დედა დარწმუნებულია რომ მისი შვილი დღეს ცოცხალი იქნებოდა. კობა აგუძერაში გადაუყვანიათ,სადაც გარდაიცვალა.