დაიბადა ზედა დიმი, ბაღდათი 06 მაისი 1969 წელი, გარდაიცვალა 24 ოქტომბერი 1992 წელი.
ოთარი ვარ ბაღდათელი, არ მეშლება არაფერი“ – ეს იყო ოთარ ჯაფარიძის ტერმინი და მას მართლაც არაფერი შეშლია თავისი ხანმოკლე სიცოცხლის მანძილზე.საბედისწერო გამოდგა მისთვის 1992 წლის შემოდგომა, როდესაც სამშობლოსა და მის ხალხზე უზომოდ შეყვარებული მოხალისედ წავიდა აფხაზეთის ომში. წავიდა დიდი რწმენითა და დიდი იმედით, რომ მტერზე გამარჯვებული დაბრუნდებოდა თავის საყვარელ ბაღდათში.წავიდა და თან წაიყოლა აუხდენელი ოცნებები. მისი მიზანი მსახიობობა იყო. წლების განმავლობაში მუშაობდა სარაიონო, შემდეგ კი დიმის კულტურის სახლში. თავისი როლებით სწრაფად შეაყვარა თავი ხალხს, განსაკუთრებით კი ახალგაზრდობას.
სამშობლოს პირველსავე დაძახილზე უყოყმანოდ ჩადგა მის დამცველთა რიგებში. გაგრის საბედისწერო ბრძოლების შემდეგ თავის ექვს თანამებრძოლთან ერთად განთიადსა და ლესელიძეში იბრძოდა, ბოლოს, მთების გავლით, სოფელ ფსოუში მოხვდნენ, სადაც მოწინააღმდეგემ ისინი ალყაში მოაქცია. ქართველმა მებრძოლებმა სისხლის უკანასკნელ წვეთამდე არ დადეს იარაღი და 24 ოქტომბერს შვიდივენი გმირულად დაეცნენ ბრძოლის ველზე. ადგილობრივმა მოსახლეობამ დაღუპულებს ერთი საძმო საფლავი გაუთხარა. მხოლოდ ერთი წლის შემდეგ მოხერხდა მათი ნეშტების გადასვენება თავიანთ რაიონებში.