სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
ვასო დგებუაძე 1972-93წწ გარდ. 21 წლის განახლებში, აფხაზეთი. დაბ. განახლება აფხაზეთი ვასო დგებუაძე 1972-93წწ გარდ. 21 წლის განახლებში, აფხაზეთი. დაბ. განახლება აფხაზეთი ვასო დგებუაძე 1972-93წწ გარდ. 21 წლის განახლებში, აფხაზეთი. დაბ. განახლება აფხაზეთი

1972-1993 წწ. გარდ. 21 წლის

ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი დგებუაძე სია

გამოჩენილი ადამიანები სრული სია

328       ბეჭდვა

ვასო დგებუაძე 1972-93წწ გარდ. 21 წლის განახლებში, აფხაზეთი. დაბ. განახლება აფხაზეთი

21 წლის ვასო დგებუაძე II საარმიო კორპუსის მატერიალური უზრუნველყოფის ბატალიონში მსახურობდა.

ვასო აფხაზმა სეპარატისტებმა, სოხუმის აღების შემდეგ განახლების გადასახვევთან, შინ მიმავალი ადგილზე დახვრიტეს



1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს გულრიფშის რაიონში დიდი უბედურება დატრიალდა – ერთი ოჯახის შვიდი წევრი დაიღუპა ქართველობის გამო (ორი ძმა, ერთი და და და-ძმის ოთხი შვილი) დაღუპულთაგან ყველაზე უმცროსი – დათი დგებუაძე – 17 წლისა იყო.

21 წლის ვასო დგებუაძე II საარმიო კორპუსის მატერიალური უზრუნველყოფის ბატალიონში მსახურობდა. დანარჩენს მოგითხრობთ სვეტლანა კვიკვინიას ნარკვევი „ესტონკის სისხლიანი ისტორია“.

სოხუმელი ლილი კაკულია-დგებუაძე ომის შემდეგ აფხაზეთში ჩარჩა. ქართველთა „წმენდისა“ და გენოციდის თვითმხილველმა, აფხაზეთი მას შემდეგ დატოვა, რაც დახვრეტილი ოჯახის წევრები მიწას მიაბარა. მის მონათხრობში დღემდე უცნობი ამბებია და პირველად ქვეყნდება.

ჯერაც სიმშვიდეა აფხაზეთში

ჩვენი აფთიაქი ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტის თანამშრომლებსა და მათი ოჯახის წევრებს ემსახურებოდა. სამედიცინო შემოწმების პერიოდია. ინსტიტუტის თანამშრომელი მთხოვს შუამდგომლობას, რომ შემოწმება დროზე ადრე გაიაროს… გადის ცოტა ხანი და აფთიაქის წინ მანქანა ჩერდება. ნაცნობი, ჭაღარათმიანი მამაკაცი ყვავილების თაიგულით მიახლოვდება. მერეც მაკითხავს. გიორგი (ჟორა) დგებუაძე, პროფესიით აგრონომია, სოფელ ესტონკაში ცხოვრობს. მოგვიანებით შვილებს: 10 წლის ლეონტის (გოჩას) და 8 წლის ვასოს (თათას) მაცნობს. სწორედ ვასოსგან ვიგებთ, რომ ბიჭებს დედა არ ჰყავთ.

ბავშვების მამამ მოგვიანებით გამიმხილა, მომწონხართო. თბილისში ჩასული დას და სიძეს ვუმხელ ჩემი შფოთვის მიზეზს. …თბილისიდან დაბრუნებულს კი, აეროპორტში სიურპრიზი მელის. გიორგი შვილებთან და ძმასთან ერთად მხვდება. თათა და გოჩა მანქანაში გვერდით მისხდებიან და მიხაკების თაიგულს მჩუქნიან. როდესაც მანქანამ ესტონკისკენ გადაუხვია. ვიკითხე სად მივდივართ-მეთქი…

ბიძაშვილი დავით დგებუაძე 1975-1993 წწ. გარდ. 18 წლის, სოფ.დრანდა აფხაზეთი დაბ. სოფ. განთიადი გაგრა აფხაზეთი

– შინისკენ! – მტკიცედ მიპასუხა.

ის ღამე საუბარში გავათენეთ. დილით გიორგიმ დამტოვა, საქონელს მივხედავო. ამასობაში ბაშვვებმაც გაიღვიძეს. მთელი დღე გვერდიდან არ მომცილებიან. არასოდეს დამავიწყდება მათი თვალები… ერთხელ უკვე დაობლებულები, თითქოს მევედრებოდნენ ნუ დაგვტოვებო!..

ამ ისტორიას ას გულწრფელად პირველად ვყვები. დღესაც ვერ გეტყვით, რა იყო ეს: ობლად დარჩენილი პატარების მიმართ სიბრალული თუ მათთი მამის ჯენტლმენური საქციელით გაჩენილი გრძნობა?! ალბათ, ორივე ერთად. თერთმეტი წელი ვიცხოვრე სიყვარულით სავსე ოჯახში. არასოდეს ჩამითვლია ისინი გერებად და არც მათთვის ვიყავი დედინაცვალი.

ომი დაიწყო!

ვასო (თათა) ივანოვოში წასასვლელად ემზადებოდა (სწავლობდა სახანძრო-ტექნიკურ სასწავლებელში). ზაფხულში საკუთარი ხელით მოწეული პომიდორი ჩააბარა. ვეხვეწებოდი, ტანსაცმელი ეყიდა, მაგრამ სანადირო თოფი არჩია. როდესაც „მხედრიონი“ შემოვიდა, თოფი წაართვეს. გულნატკენი სამი დღე მშიერი დადიოდა… მე და ჩემმა მეუღლემ „ლიტგაზეტაში“ განთავსებულ სამხედრო შენაერთს მივაკითხეთ. გენერალ ნაირაშვილის დახმარებით თოფი დავიბრუნეთ, უფროსი ბიჭი გოჩა კი პირველი დღეებიდან ჩაეწერა 23-ე ბრიგადის მე-6 სატანკო ბატალიონში. მთელი ომის განმავლობაში წინა ხაზზე იბრძოდა. თავიდან შევეწინააღმდეგე, მაგრამ ვერ დავიყოლიე. თბილისიდან ჩამოდიან ბიჭები აფხაზეთის დასაცავად და მე აქაურობა დავტოვოო. თათაც კოდორში სოფლის დამცველთა რიგებში ჩადგა. სიტუაცია ოდნავ რომ ჩაწყნარდა, ივანოვოში დაბრუნდა, მაგრამ უფროსებისთვის უთხვია: ჩემს ქვეყანაში ომია და მის დამცველთა რიგებში უნდა ჩავდგეო. მე-2 საარმიო კორპუსის მატერიალური უზრუნველყოფის ბატალიონში ჩაწერა, იქ, სადაც მისი ბიძაშვილები მსახურობდნენ.

ბიძაშვილი ბახვა დგებუაძე 1955-93 წწ. გარდ. ქ. სოხუმი აფხაზეთი დაბ. სოფ. ათარა არმიანსკოვი ოჩამჩირე აფხაზეთი

„თათა“ – ქართველი ჯარისკაცი

საინფრმაციო ვაკუუმში მყოფებმა, ვერც გავიგეთ, რომ 27 სექტემბერს სოხუმი დაეცა. 29-ში ჩემი მეუღლე, მაზლი – გვადი და მისი ვაჟიშვილი – 19 წლის დათო ტრასაზე გავიდნენ ამბის გასაგებად. როგორც შემდეგ გავიგეთ, დათო ამბის გასაგებად ნაცნობთან მისულა, მას კი უსვრია. მამამისი და ჩემი მეუღლეც ადგილზე დახვრიტეს.

დილით სახლიდან გასულები საღამოს რომ არ დაბრუნდნენ, მივხვდი, რაღაც უბედურება ტრიალებდა. გვადის მეუღლე ნათელა წავიდა მათ მოსაძებნად. გზად ბოევიკს უკითხავს, მდიდარი ქართველების სახლები გვაჩვენეო; მე აქაური არ ვარო, – თავიდან მოშორება უცდია, მაგრამ გვარი უკითხავთ. აა, დგებუაძე ხარ? აგერ ყრიან თქვენები, მიდი, მიესიყვარულეო…

…მეორე დილით ეზოს ჭიშკართან ქალები შევიკრიბეთ. უცებ წითელი „ნივა“ გაჩერდა და მეზობელი ამირან ნაჭყებია აფხაზებთან ერთად გადმოვიდა.

– ომი დამთავრდა. ვისაც იარაღი აქვს ჩაგვაბარეთო, – გვიბრძანეს აფხაზებმა. ძველი თოფი გავატანე, თათასი – არა. წავიდნენ. ათი წუთის შემდეგ ამირანი მობუზული შემოვიდა და ტირილით ამოთქვა: რატომ ჩააცვით თათას სამხედრო ფორმაო… როგორც შემდეგ გავიგეთ თათას მეზობელი სომეხი ბიჭის ტრაქტორით სვანეთისკენ ქალები და ბავშვები გადაჰყავდა. გახიზნულ ხალხში ჩვენ რომ ვერ გვნახა, სახლისკენ წამოსულა. განახლების გადასახვევთან წითელი „ნივით“ ბოევიკები შეხვედრიან და სამხედროფორმიანი ქართველი ჯარისკაცი ადგილზე დაუხვრეტიათ. სანამ მოკლავდნენ, ოქროს ბეჭედი და ყელსაბამი წაურთმევიათ და უკითხავთ, ქართველი ხარო? – დიახ, ქართველი ვარო, – ამაყად უთქვამს… სანამ შემთხვევის ადგილამდე მივიდოდი, ამირანი და რუსი მეზობელი, ვალია უკვე მოასვენებდნენ თათას ცხედარს. მერე აღარაფერი მახსოვს. გონს რომ მოვედი, ტახტზე დასვენებულ ჩემს შვილს სამხედრო ფორმა გავხადე და ნატვიარი ადგილები სპირტით გავუსუფთავე. გულ-მუცელი დაცხრილული ჰქონდა, ქვედა კიდურები – გადამტვრეული. ეზოში ჩავედი, ყვავილები დავკრიფე და თავთან დავუდგი…

გადავწყვიტე, ჩემების ცხედრებიც მომეძებნა და ყველა ერთად დამესაფლავებინა. მეზობელმა ვერდიკმა მითხრა, ნუ წახვალ, მოგკლავენო. – თუ მომკლეს, თათა გადასაფარებელში შეახვიე და კიბის გვერდით დამისაფლავე; თუ ცოცხალი დავბრუნდი, ყველას ერთად თვითონ დავასაფლავებ-მეთქი. წავედი. გზად დავინახე, ბოევიკებმა მეზობლის ორი მანქანა როგორ გამოაგორეს ეზოდან. მეც მოგცემთ მანქანებს, თუ ჩემებს მომაძებნინებთ-მეთქი, – შევევედრე იმ არაკაცებს. სახლში გამომყვნენ. მე წინ გამიშვეს, თვითონ უკან მოდიოდნენ, იარაღშემართულები. ოთახები დაათვალიერეს.

– Здес покойник? – შეცბნენ თათას ცხედრის დანახვაზე. მეორე ოთახში თათას სამხედრო ფორმა ნახეს და აილეწნენ.

მერე „ჟიგულს“ „მოსკვიჩი“ მიაბეს და წასასვლელად მოემზადნენ.

ჩემი მეზობელი, ზაიცევი ესწრებოდა ამ ამბავს და გააფრთხილეს: ამას ნუ ეხმარები, ქართველები დამარხვის ღირსი არ არიან, ძაღლებივით ქუჩაში უნდა დალპნენო…

ერთი რუსის ქალი, რომელიც ჩემს მეუღლეს იცნობდა, დამპირდა, მომიტანე ოქრო და რუსული ფული და ცხედრების მოძებნაში დაგეხმარებიო. სახლში წამოვედი და ოთხშაბათს დაღუპული თათა პარასკევს მიწას მივაბარე. საფლავის გაჭრასა და შვილის დამარხვაში ესტონელი მეზობლები დამეხმარნენ; მეორე დღეს კი ფეხით წავედი აგუძერაში, სტომატოლოგთან, კბილის ოქროს გვირგვინები ჩამოვაღებინე, ნაცნობებში ცოტაოდენი რუსული ფულიც შევაგროვე. ამასობაში იმ რუსს ჩემი მიცვალებულები განახლების შესახვევთან, კირის ორმოში დაემარხა და ზედ ქვიშა მიეყარა. მადლიერების ნიშნად ოქრო და ფული გადავეცი. მერე ის ქალი თვალით აღარ მინახავს.

ფშავის გადასახვევთან დახვრიტეს ჩემი უფროსი მაზლის, კოტე დგებუაძის შვილიც, 41 წლის ბახვა. ერთი წლის შემდეგ შვილის საფლავზე აფხაზეთში ჩასული მამაც სიცოცხლეს გამოასალმეს.

სამი დღის განმავლობაში დაქირავებული ბოევიკები ყველა ქართველს ხოცავდნენ. ტრასა სავსე იყო მიცვალებულებით. წინა ხაზზე მებრძოლი ჩემი უფროსი შვილი გოჩა რომ არ ჩანდა, ისიც დახვრეტილი მეგონა და მიცვალებულებს შორის ვეძებდი. ძალიან გვიან, მაგრამ მაინც შევიტყვე, რომ ერთი შვილი მაინც გადამირჩა ცოცხალი.

„ბოევიკებმა“ აღარც ესტონელები დაინდეს

ესტონკაში მძარცველების ახალ-ახალი ჯგუფი შემოდიოდა. ჯერ მანქანები წაიყვანეს და საქონელი გარეკეს, შემდეგ ავეჯი გაზიდეს და ძვირფასი ჭურჭელი და ტანსაცმელი გაიყოლეს. ბოლოს აღარც ესტონელები დაინდეს და მათ ესტონეთის მთავრობას სამშვიდობოს გაყვანა სთხოვეს. ორ-სამ თვეში ყველამ დატოვა აფხაზეთი.

სოხუმის დაცემიდან 38-ე დღეს, დრანდის მილიციის უფროსმა ტყებუჩავამ მილიციელი გამაყოლა და მისი თანდასწრებით კირის ორმოში ჩაყრილი მიცვალებულები ამოვიღეთ. ცელოფანში გახვეულები ჩავასკვენეთ კუბოებში და სოფლის სასაფლაოზე მიწას მივაბარეთ. ესტონკაში აღარ დამედგომებოდა. წასვლის წინ სომეხი მეზობელი სერიოჟა მოვიდა ჩემთან:

– შენს სახლში ჩემი ვაჟიშვილი კარენი იცხოვრებს, მთავრობა დაუკანონებს თქვენს სახლს… ომის დროს აფხაზებს ეხმარებოდა და დააფასეს მისი თავდადებაო (!)…

მშვიდობით, აფხაზეთო!

დეკემბრის ბოლოს ენგურგაღმა მცხოვრებმა ჩემმა ძმამ და დამ სამი მილიონი რუბლი გადაიხადეს აფხაზეთიდან ჩემი გამოყვანისთვის. ფსოუს საზღვრის გავლით წამოვედი. აფხაზეთიდან თათას სკოლის გამოშვების წარწერებიანი პერანგი, საოჯახო ფოტოალბომი, ვიდეოფირები და მისი საფლავიდან აღებული ერთი მუჭა მიწა წამოვიღე…

მეთვრამეტე წელია, თბილისში ერთ უბადრუკ თავშესაფარში (საქართველოს რკინიგზის ჩამოწერილ, საცხოვრებლად უვარგის შენობაში) ვცხოვრობ. გაუსაძლის ყოფაში უფრო მეტად მეძალება ფიქრი, წარსული თავს არ მანებებს და ტკივილიც ისევ მიახლდება. ვცდილობ იმ ადამიანებს შევუნდო და ვაპატიო, ახლა ჩვენი, ქართველების სახლებში რომ ცხოვრობენ, მაგრამ ასე ადვილი როდია ყოველივეს დავიწყება.

დედა ლილი


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 06.08.2021
ბოლო რედაქტირება 25.03.2022
სულ რედაქტირებულია 4





მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0