დაიბადა 1964 წლის 10 აგვისტოს გალის რაიონის სოფ. რეჩხში. ბადრის ჰქონდა განსაკუთრებული ხასიათი, ალალმართალი, უაღრესად კეთილი, დინჯი, უსამართლოდ არც თავს დაიჩაგრავდა და სხვასაც არ დაჩაგრავდა. სიმართლე და პატიოსნება მისი ხანმოკლე, მაგრამ კაცური ცხოვრების მეგზური იყო. მან თავის ტოლებთან ნდობა და სიყვარული დაიმსახურა, გულადი მებრძოლი, არაფრის ეშინოდა.
რიგითი ჯობავა ბადრი ვაჟას ძე ირიცხება მე-2 საარმიო კორპუსის 24-ე ბრიგადის 245-ე ბატალიონის ასეულის მარეგულირებლად, 1993 წლის 5 მარტიდან 1993 წლის 30 სექტემბრამდე. დროის ამ პატარა მონაკვეთში ბადრი ჯობავამ გამოიჩინა დიდი გამბედაობა და მებრძოლი სულისკვეთება.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანებით N39, 11.01.2000 წ. ბევრჯერ დაუმსახურებია მადლობა მეთაურისაგან. იყო კეთილსინდისიერი და ნებისმიერი ბრძანების შემსრულებელი უყოყმანოდ და დროულად.
თანამებძოლებთან სარგებლობდა დამსახურებული ავტორიტეტით, ერთ-ერთი ოპერაციიდან დაბრუნების დროს, უკვე ჩართული, გამზადებული ყუმბარმტყორცნის “მუხის“ დაშლისას მოხდა მოულოდნელი აფეთქება და მოსწყვიტა მარჯვენა ხელი. დიდი ხნის მკურნალობის შემდეგ ისევ ჩადგა მებრძოლთა რიგებში.
ბადრი ჯობავა 2001 წლის 23 აპრილს, გალის ტერიტორიაზე აფხაზ სეპარატისტების მორიგი წმენდის ჩატარებისას, სეპარატისტებისა და ქართველ პატრიოტებს შორის მოხვედრილ შეიარაღებულ შეტაკებისას გმირულად დაიღუპა.
დაკრძალულია ქ. ზუგდიდში.
ჩვენი საამაყო ვაჟკაცო, მსუბუქი ყოფილიყოს შენთვის შენივე წინაპრების სისხლით გაპოხიერებული ტიბაანის მიწა და გწამდეს, რომ ქვეყანა, ასე რომ გიყვარდა, არასოდეს დაგივიწყებს, რადგან საქართველოს არ ჰყავს შვილი დასაკარგავი!
გავა დრო, მიწყნარდება ქვეყანა და მეისტორიეც შეუდგება აფხაზეთის მწარე ომის სინამდვილის აღწერას. ისტორიას, რომლის გმირ ჭაბუკთა საუკუნოდ შესანახ სიაში შენი სახელიც იქნება საგულდაგულოდ ჩაწერილი.
მარინა ნაჭყებია დ.1956წ. აფხაზეთის მებრძოლთა მკვლევარი დ. სოხუმი აფხაზეთი