გოჩა სილაგაძე მოხსენიებულია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის გარდაცვლილი, სხვა ინფორმაცია არ გვაქვს, თუ იცით გთხოვთ მოგვაწოდოთ
წყარო მარინა ნაჭყებია დ.1956წ. აფხაზეთის მებრძოლთა მკვლევარი დაბ. სოხუმი აფხაზეთი
სილაგაძე გოჩა. გაგრის მეორე ბატალიონიდან. უგზო-უკვლოდ არის დაკარგული. ფოტო და ინფორმაცია ნუგზარ ქებურიასი;
გ ა ნ წ ი რ უ ლ ნ ი პოსტის ავტორი: ნუგზარ ქებურია. აფხაზეთის მებრძოლთა მკვლევარი.
* * *
სანაპიროდან რამდენიმე მეტრის დაშორებით, ნაძვებს შორის, აგურით ნაგებ ორსართულიან სახლში, ქართველ მებრძოლთა მცირე ჯგუფი იყო გამაგრებული. მათ შორის იყვნენ გაგრის მეორე ბატალიონის მებრძოლი გოჩა სილაგაძე და ეროვნული გვარდიის ლაგოდეხის ასეულის მებრძოლი შენგელი ნოზაძე. ირგვლივ ყველგან ქართველთა სიძულვილით დაგეშილი აფხაზები და მათი დაქირავებული ბოევიკები დაძრწოდნენ. მშვიდობიანი მოსახლეობის მასიური ხოცვა-ჟლეტა გაგრის მთელ ტერიტორიაზე მიმდინარეობდა... ისროდნენ ყოველი მხრიდან... ყველგან ცეცხლი, სიკვდილი, ტყვიების სეტყვა...
უცებ აფეთქების ხმამ შეაზანზარა მთელი შენობა. ეზოდან ყვირილი მოისმა. რამდენიმე ხმა ერთად ყვიროდა. დაქირავებული ბოევიკები ერთმანეთს უხმობდნენ. გაგრელმა მებრძოლმა ავტომატი მოიმარჯვა, მიაყურადა. ხმაური და ყვირილი ძლიერდებოდა, მერე სროლა გაისმა...
ეზოში და კიბეებზე არეულობა და საშინელი ჩოჩქოლი შეიქმნა. შენგელი ნოზაძე, რომელმაც გაგრელი მებრძოლის დავალებით მეორე სართულიდან ხელყუმბარა ჩამოაგდო, ელვის უსწრაფესად მის გვერდით გაჩნდა.
- ჩქარა, გავიქცეთ აქედან! - უყვირა გოჩა სილაგაძემ ქართველ მეომრებს, როცა ლაგოდეხელი ბიჭიც მოვიდა ფეხზე მსუბუქად დაჭრილი. სწრაფად დაიხარა, მოკლული კაზაკის ავტომატი აიღო, შემდეგ სამხედრო ჩანთიდან ვაზნები ამოაცალა და გასასვლელი კარისკენ ისე სწრაფად წავიდა, რომ ფეხზე დაჭრილი ყმაწვილი ბიჭი ძლივს მისდევდა. კიბეზე ჩასვლისას გრძელწვერა კაზაკი ბოევიკი, პირდაპირ ჩასასვლელ კარებშუა, მოულოდნელად მათ წინ ქანდაკებასავით აღიმართა. იგი უხეშად ილანძღებოდა. საზარელი იყო მისი სახის გამომეტყველება.
- გადამთიელო, არამზადავ! როგორ ბედავ!.. - უყვირა სილაგაძემ და იარაღი მოიმარჯვა. - გაეთრიე აქედან, თორემ მოვიდა ტყვია!..
- გრძელწვერა კაზაკმა ბოროტი მზერით მიმოიხედა აქეთ-იქეთ, რამდენიმე შეიარაღებული ქართველი მებრძოლი, რომ შენიშნა, რაღაც ხმამაღლა ჩაიბუზღუნა და სწრაფად გაუჩინარდა.
ქართველებმა გზა განაგრძეს, მაგრამ საფეხურებზე საშინლად დასახიჩრებულ ადამიანთა უსულო გვამები ეყარა. ზოგი ჯერ კიდევ ცოცხალი უპატრონოდ მიგდებული ფართხალებდა და მათი სისხლის შხეფები კიბის საფეხურზე იღვრებოდა. ამის დანახვაზე გაგიჟებული ყმაწვილი მეომრები სწრაფად დაეშვნენ კიბეებზე, მაგრამ შორს არ წასულან. უკვე ჩვენთვის ნაცნობ გრძელწვერა, გოლიათური აღნაგობის კაზაკთან
გარიგება სწრაფად მოახერხეს. ის კაზაკი უყოყმანოდ დათანხმდა გოჩა სილაგაძის და მისი მეგობრების შემოთავაზებულ წინადადებას, ისინი კალაშნიკოვის სამ ავტომატს, რამდენიმე ცალ ხელყუმბარას და საკმაო რაოდენობის ავტომატის ვაზნებს ჩუქნიდათ მათ, თუ ისინი დაუყოვნებლივ გადაიყვანდნენ ოთხივე მებრძოლს ქალაქის მეორე მხარეს, სადაც გოჩას თქმით: მანქანები ჰყავდათ დატოვებული.
ძველი დანჯღრეული ვოლგა ტაქსი ქალაქის გარეუბანში მიგრიხინებდა უსწორ-მასწორო ქვაფენილზე. გრძელწვერა კაზაკი თვალებს აცეცებდა, ცდილობდა მათი საუბრიდან გაეგო, მართლა აფხაზი მებრძოლები იყვნენ, როგორც გაგრაში გაზრდილმა გოჩამ უთხრა უაქცენტო რუსულით, თუ გაგრაში ჩარჩენილი ქართველი ბოევიკები.
მთავარი ქუჩისკენ გზის მოკლედ მოჭრა შეიძლებოდა, მაგრამ კაზაკმა გოლიათმა უცნობ მებრძოლებს, როგორღაც საეჭვოდ გადახედა და მანქანას, ყრუ ჩიხისკენ უყო პირი, მერე სწრაფად დაამუხრუჭა, ახალგაზრდა კაზაკის წინ გადაჯდომა და დაპირებული საჩუქრები მოითხოვა.
უკან მჯდომმა თბილისელმა მებრძოლმა ქართულად უყვირა მძღოლის გვერდით მჯდომ ბიჭს, ეროვნული გვარდიის ლაგოდეხის ასეულიდან. მანაც არ დააყოვნა, ფიქრის დრო არც იყო...მიბრჯნით ესროლა, ორჯერ ზედი-ზედ... შემდეგ ელვის სისწრაფით გადაუძახეს მათი უსულო გვამები სადღაც არხში თუ საცურაო აუზში... მერე რომელიღაც დასასვენებელ სახლთან ცოცხალი ღობე გადაკვეთეს და პირდაპირ გააქროლეს მანქანა...
იწვოდა საოცარი სილამაზის ქალაქი. ირგვლივ შიშისაგან თავგზააბნეული ადამიანები დაბორიალებდნენ... არაქათგამოცლილი ბიჭები ბოლომდე გმირულად იბრძოდნენ. ისინი თავდაუზოგავად ეხმარებოდნენ სიგიჟემდე მისულ გაგრელებს ბავშვებისა და დაჭრილების გამოყვანაში. რუსი ოკუპანტების გაუგონარი შემოტევის შედეგად იძულებული გახდნენ გაგრიდან ხეობისკენ წასულიყვნენ, მაგრამ გაგრაში ხეობა, ბაღი, დასასვენებელი სახლი, სანატორიუმი ბევრია და გზის გაგნება არცთუ ისე ადვილი იქნებოდა მათთვის, ვინც შეიარაღებული და სამხედრო ფორმაში იყო, თანაც მაშინ, როცა ქალაქში ხოცვა-ჟლეტა, ძარცვა-გლეჯა, ქართველი მოსახლეობის გენოციდი მძვინვარებდა...ხეობაში გადასვლის შემდეგ სამი მათგანი უგზო–უკვლოდ დაიკარგა... მეოთხე ბიჭი ირაკლი გაგრის დაცემის შემდეგ სოხუმში ჩამოვიდა და ადგილობრივ მეომრებთან ერთად განაგრძო ბრძოლა... თან სულ უგზო-უკვლოდ დაკარგულ მეგობრებზე და სასწაულით გადარჩენილ გაგრელებზე ელაპარაკებოდა ბიჭებს...
თუ ვინმემ რამე იცით მათ შესახებ გთხოვთ მომაწოდოთ ინფორმაცია...
პოსტის ავტორი: ნუგზარ ქებურია. აფხაზეთის მებრძოლთა მკვლევარი.
სურათზე: შენგელი ნოზაძე. ეროვნული გვარდიის ლაგოდეხის ასეულის მებრძოლი და გოჩა სილაგაძე გაგრის მეორე ბატალიონიდან.