მიტროპოლიტი იოანე (მარღიშვილი) 22/07/1874 - 13/11/1929
მიტროპოლიტი იოანე, ერისკაცობაში ნიკოლოზ გიორგის ძე მარღიშვილი, დაიბადა 22 ივლისი, 1874 წელს გორში. გორის სასულიერო სასწავლებლის დამთავრების შემდეგ 1893-1899 წლებში მუშაობდა ჯერ გორის, შემდეგ ყიზლარის ტაძრების საეკლესიო-სამრევლო სასწავლებლებში.
1900 წლის 28 ოქტომბერს აღიკვეცა ბერად, ეწოდა სახელად იოანე. 1901 წლის 28 იანვარს ხელდასხმული იქნა მღვდელმონაზვნად. 1904 წელს გადაიყვანეს ქუთაისის სასულიერო სემინარიაში. იქიდან, როგორც წარჩინებული სტუდენტი, გადაყვანილ იქნა თბილისის სასულიერო სემინარიაში, რომელიც დაამთავრა 1905 წელს. თბილისის სემინარიაში სწავლის დროს იგი დაუახლოვდა ეპისკოპოს დიმიტრის (აბაშიძე), რომელმაც დიდი გავლენა მოახდინა ახალგაზრდა იოანეზე. მიუხედავად იმისა, რომ ეპისკოპოსმა დიმიტრიმ საკმაოდ შეირცხვინა თავი, როგორც ანტიქართველმა და საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის მოწინააღმდეგემ, იოანე მარღიშვილს მასთან ურთიერთობა არასოდეს გაუწყვეტია. ხშირად ხვდებოდა მას რუსეთში. 1910-1914 წლებში იოანე სწავლობდა მოსკოვის სასულიერო აკადემიაში. 1914 წლის 2 სექტემბერს დაინიშნა ქუთაისის სასულიერო სასწავლებლის ზედამხედველად, 1915 წლის 10 აგვისტოდან მუშაობდა გორის სასულიერო სასწავლებლის ზედამხედველად. 1915 წლის 29 აგვისტოს აღყვანილ იქნა არქიმანდრიტის ხარისხში.
1917 წლის 21 სექტემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უწმიდესი კირიონ II-ის ლოცვა-კურთხევით დაინიშნა თბილისის სასულიერო სასწავლებლის მასწავლებლად. 1919 წელს არქიმანდრიტი იოანე სოხუმში მოღვაწეობდა. 1919 წლის 13 სექტემბერს მან საგანგებო წერილით მიმართა სოხუმის ქართულ ეროვნულ საბჭოს: "დღეს ერთი კვირის დევნა-წვალების შემდგომ ვეღირსე სოხუმის საკათედრო ტაძრის ქონების წიგნის გოლუბცოვისაგან ჩაბარებას, რაც თავისთავად უდრის თვით "სობოროს" ხელში ჩაგდებას. ვეთხოვები რა სოხუმის ქართველობას (გადაყვანილ იქნა ოქუმის ოთხკლასიანი სასწავლებლის გამგედ ს.ვ.) მე, როგორც საქართველოს ერთგული მოსიყვარულე შვილი და მასთან სრულიად პირუთვნელი, მოვალედ ვთვლი ჩემს თავს ხმამაღლივ და გულახდილად განვაცხადო, რომ არათუ მიტროპოლიტი ამბროსის, არამედ თვით კათოლიკოს ლეონიდეს და მის ყველა მიტროპოლიტებსაც ერთად რომ დაეკისროს ეპარქიის მოვლა-პატრონობა, მაშინაც კი ვერას გააწყობენ და ვერავითარ კეთილ შედეგს ვერ მიაღწევენ, თუ ერთ-ერთი მათგანი მაინც ხვალვე არ გაჩნდება აქ და არ ჩაიბარებს იმ ციხე-სიმაგრეს, იმ სამხედრო შტაბს, რომლების გასაღებიც დღეს ჩემს ხელთ არის. თუმც კი მტერი თანდათან უფრო მეტს ენერგიას იკრებს და გაშმაგებულად მეომება. იმ დიდ დავლას, რომელიც მე მარგუნა ბედმა, პატრონობა უნდა, უფრო მეტს დარაზმას სამზადისს მოითხოვს. იარაღის დაყრა დღეს სამშობლოს ღალატად ითვლება. თუ ხვალ-ზეგ მიტროპოლიტი ამბროსი ცხუმის კიდეს ნავით მოადგება მწყემსმთავრული კვერთხით, მაშინ მე ვიწყებ ლიტანიობას, რადგან მით დავრწმუნდები, რომ თვე ნახევრის ფიქრსა და შრომას ამაოდ არ ჩაუვლია." (49, 244).
სულ მალე არქიმანდრიტი იოანე დაინიშნა ცხუმ-ბედიელი მიტროპოლიტის ამბროსის მოადგილედ. 1920 წლის 1 სექტემბრიდან გურჯაანის სასწავლებლის ინსპექტორია, ხოლო 1921 წლის 15 ოქტომბერს არქიმანდრიტი იოანე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ამბროსის ლოცვა-კურთხევით აღყვანილ იქნა ეპისკოპოსის ხარისხში და დაინიშნა ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიის მმართველად. უწმიდესმა და უნეტარესმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ამბროსიმ ამ სიტყვებით მიმართა ცხუმ-აფხაზეთის ეპისკოპოსად ნაკურთხ მეუფე იოანეს: "მოგილოცავ იმ მადლს სულიწმიდისას და დიდ ხარისხს, რომელიც შენ დღეს მიიღე. გახსოვდეს, რომ ეს არის არა მარტო ხარისხი, არამედ დიდი ჯვარი, რომელიც შენ უნდა ატარო მომავალს შენს ცხოვრებაში... აფხაზეთი მუდამ იყო საქართველოს ნაწილი და მასთან საუკეთესო ნაწილიც ჩვენის მშობლიურის ეკლესიისა. აქ, როგორც გვეუბნება წმ. აბო ტფილელის ცხოვრება, ჰყვაოდა ეკლესიური ცხოვრება. ამის დამადასტურებელია სიმრავლე დიდებულ ნაშთებისა, რომელთაგან ბიჭვინთა, ლიხნი, ფსორცხა, დრანდა, ილორი და ბედია გადაურჩნენ ჟამთა ვითარებას და მტერთა ბარბაროსობას. ეს მხარე დასახლებული იყო ქართველთა მოდგმის ხალხით და ეკლესიური ცხოვრება ძალიან მაღლა იდგა XVII საუკუნის ნახევრამდე, როდესაც აფხაზთა გადმოლახეს გაგრის სივიწროენი და კაპუეტის მდინარე და დაიმორჩილეს მთელი გუდაუთის მხარე, დაიწყო მაჰმადიანობის პროპაგანდა. ეს განსაკუთრებით გაძლიერდა რუსების კავკასიაში დამკვიდრების შემდეგ... შენს ახალ სამწყსოში სამკალი ბევრია და შენგან საქართველოს ეკლესია მოითხოვს თავდადებულ მუშაობას, რომ აფხაზეთში ისევ ძველებურად გაბრწყინდეს ქრისტიანობა, რაშიაც ღმერთი იყოს შენი შემწე." (49, 329-330).
ეპისკოპოს იოანეს ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიაში მოღვაწეობის დაწყება მოუხდა რთულ ვითარებაში. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა აღარ არსებობდა. ის რუსეთის ბოლშევიკურ საოკუპაციო ხელისუფლებას შეეცვალა. აფხაზეთში ვითარებას კიდევ უფრო ამძიმებდა რუსეთის ეკლესიის პოლიტიკა. ისინი არ სცნობდნენ კანონიერად საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენას, ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიის რუსი სამღვდელოება არ ემორჩილებოდა ქართველ მღვდელმთავარს და ეცილებოდა ეკლესია-მონასტრების კუთვნილებაში. ეპისკოპოს იოანეს ბოლშევიკების მანტიაში გამოწყობილი ადგილობრივი სეპარატისტებიც ეწინააღმდეგებოდნენ. ეპისკოპოსი იოანე უწმიდესისა და უნეტარესის, ამბროსისადმი გაგზავნილ წერილში აღნიშნავდა: "ღვთისმსახურების აღსრულების საკითხში მე ვდგავარ თქვენს მიერ აღრჩეულ გზას, რის გამოც საყოველთად მაქვს გამოცხადებული, რომ მე საკათედრო ტაძარში არა ვწირავ იმ დრომდე, ვიდრე მას არ ჩამაბარებენ სავსებით. გარდა ამისა, მე ყოველგვარი ზომები მაქვს მიღებული, რათა ეს საჭირბოროტო საკითხი ჩვენდა სასარგებლოდ გადაწყდეს." (49, 334).
ეპისკოპოსი იოანე თავისი ფრთხილი, გაწონასწორებული პოლიტიკის გატარებით ცდილობდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პოზიციების განმტკიცებას ეპარქიაში, მას მიაჩნდა, რომ აუცილებელი იყო ბედიელი ეპისკოპოსის კათედრის აღდგენაც. ამავე დროს ეპისკოპოსი იოანე მიიჩნევდა, რომ ცხუმ-აფხაზეთის მმართველი მღვდელმთავარი მიტროპოლიტი უნდა ყოფილიყო, რაც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულებითაც იყო გათვალისწინებული. ეპისკოპოს იოანეს მიანიჭეს მიტროპოლიტობა, თუმცა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო იძულებული გახდა ეთხოვა სხვა ეპარქიაში გადაყვანა. 1925 წლის 7 აპრილს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საკათალიკოსო საბჭოს გადაწყვეტილებით მიტროპოლიტი იოანე განთავისუფლდა ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიის მმართველის თანამდებობიდან და დაინიშნა ალავერდის ეპარქიის დროებით მმართველად, მაგრამ შერყეული ჯანმრთელობის გამო უჭირდა ეპარქიის მართვა, მას სერიოზული მკურნალობა სჭირდებოდა. 1925 წლის 15 ოქტომბერს მიტროპოლიტმა იოანემ განცხადებით მიმართა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმიდესსა და უნეტარეს ამბროსის "ვინაიდან რუსეთში ჩემი გამგზავრება პირად გარემოებათა გამო ჩემთვის ამჟამად წარმოადგენს აუცილებელ საჭიროებას, გთხოვთ ერთი თვით შვებულებას." საკათოლიკოსო საბჭომ დააკმაყოფილა მისი თხოვნა. რუსეთიდან დაბრუნების შემდეგ იგი დანიშნეს ურბნისის ეპარქიის მმართველად. ქვეყანაში ანტირელიგიური კამპანიის მიუხედავად, ამ დროს ეპარქიაში მოქმედი იყო გორის, ოქონის, ბორჯომის იოანე ნათლისმცემლის, ერთაწმინდის წმიდა გიორგის, მოხისის წმიდა გიორგის, ქარელის, ალის წმიდა თომა მოციქულის, ხოვლეს იოანე ნათლისმცემლის, არბოს წმიდა გიორგის, ატოცის, საკირის, ქვიშხეთის, სადგერის, ბაკურიანის, სასირეთის, ხაშურის, ურბნისის, იტრიის, სურამის, ვარძიის, ყვიბისის, ჭობისხევის, დვირის ეკლესიები. მართალია, ადგილობრივი ხელისუფლების საფინანსო განყოფილებები დიდ გადასახადებს უწესებდნენ სამღვდელოებას, მაგრამ მოქმედი ეკლესიები ახერხებდნენ ღვთისმსახურების შესრულებას. მიტროპოლიტი იოანე ვერ ახერხებდა ეპარქიაში ყოფნას ჯანმრთელობის გაუარესების გამო და მაგრამ თბილისიდან მართავდა ეპარქიას.
1926 წლის 14 იანვარს მიტროპოლიტმა იოანემ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საკათოლიკოსო საბჭოს განსახილველად წარუდგინა თავისი სამაგისტრო დისერტაცია. უწმიდესისა და უნეტარესი ამბროსისადმი გაგზავნილ მოხსენებით ბარათში იგი წერდა: "წარმოვადგენ რა ამასთანავე თქვენი უწმიდესობის წინაშე ჩემს სამაგისტრო დისერტაციას, ყოფილი კიევის სასულიერო აკადემიის 19 პროფესორის მიერ ხელმოწერილ საბუთებს, რომლითაც მე ცნობილი ვარ ღირსად მაგისტრის ხარისხის მიღებისა, უმდაბლესად გთხოვთ, რათა ეს საბუთები განხილულ იქნას საკათოლიკოსო საბჭოს სხდომაზე და მომენიჭოს ღვთისმეტყველების ხარისხი." (35, 308). მიტროპოლიტ იოანეს რუსულად დაწერილი დისერტაცია: "ბიზანტიის იმპერატორების დამოკიდებულება მსოფლიო საეკლესიო კრებებისადმი~ სარეცენზიოდ გადაეცათ საკათოლიკოსო საბჭოს წევრებს - დეკანოზ გიორგი გამრეკელს და ივანე რატიშვილს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შუა საუკუნეების ისტორიის კათედრის წევრებს. მიტროპოლიტი კალისტრატე კატეგორიული წინააღმდეგი იყო მიტროპოლიტ იოანესათვის ღვთისმეტყველების დოქტორის ხარისხის მინიჭებისა, თუმცა თვითონ არ ჩანდა. სამაგიეროდ დეკანოზმა გიორგი გამრეკელმა საკათოლიკოსო საბჭოს წარუდგინა მიტროპოლიტ იოანეს ნაშრომზე უარყოფითი დასკვნა, ამიტომ საკათოლიკოსო საბჭომ განაჩინა: "მიტროპოლიტ იოანეს უარი ეთქვას ღვთისმეტყველების დოქტორის ხარისხის მიცემაზე." (35, 308). ამ განჩინებამ მიტროპოლიტი იოანე ფრიად გაანაწყენა. უწმიდესისა და უნეტარესი ამბროსისადმი გაგზავნილ წერილში აღნიშნა: "მაშინ, როცა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში 9 სასულიერო პირია უმაღლესი სასულიერო განათლებით, მათგან ვინმეს უნდა წაეკითხა დაკვირვებით თხზულება და თუ მშობლიური ეკლესიის წინააღმდეგ რაიმე ცდომილება არ იქნებოდა ძიებული, ხარისხი უნდა მიეცათ."136
კითხულობ ამ წერილებს და გაოცება გიპყრობს - ბოლშევიკური რეპრესიების დროს, როდესაც ანგრევდნენ ეკლესიებს, ფიზიკურად უსწორდებოდნენ სასულიერო პირებს, ნუთუ სხვა პრობლემა არაფერი იყო - გახდებოდა თუ არა მიტროპოლიტი იოანე ღვთისმეტყველების დოქტორი? მიტროპოლიტმა იოანემ მოითხოვა წარდგენილი ნაშრომის უკან დაბრუნება და ორთვიანი შვებულება, ხოლო თუ ეს არ მოხერხდებოდა სასულიერო სამსახურიდან მთლიანად განთავისუფლება. უსიამოვნებებს უსიამოვნებები დაემატა. გორის ოქონის ეკლესიის მზრუნველი ივანე მეკრავიშვილი და დეკანოზი გიორგი ნასყიდაშვილი მიიჩნევდნენ, რომ მიტროპოლიტი იოანე არ ზრუნავდა ეპარქიაზე... 1926 წლის 1 ივნისს მიტროპოლიტმა იოანემ განცხადებით მიმართა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საკათოლიკოსო საბჭოს, გაეთავისუფლებინათ ეპარქიის მმართველის თანამდებობიდან. 20 ოქტომბერს მისი თხოვნა დააკმაყოფილეს, 3 ნოემებრს კი დანიშნეს ბათუმ-შემოქმედის ეპარქიის მმართველად. მიტროპოლიტ იოანეს ახალი უსიამოვნებანი ახალ ეპარქიაშიც თან სდევდა. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებამ მოსთხოვა ბათუმის დატოვება. მიტროპოლიტმა იოანემ 18 დეკემბერს კვლავ განცხადებით მიმართა საკათოლიკოსო საბჭოს და ითხოვა სამსახურიდან განთავისუფლება. 1927 წლის 20 თებერვალს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დროებითმა მმართველობამ (ეს ორგანო უკანონოდ შეიქმნა 1926 დეკემბერში ქუთაისში ჩატარებული სამღვდელოების ყრილობის შემდეგ ს.ვ.) გამოიტანა შემდეგი განჩინება: "ეთხოვოს მიტროპოლიტ იოანეს დარჩეს თავის ეპარქიაში და დაესწროს აგრეთვე დროებითი მმართველობის მიერ დანიშნულ სხდომებს." (35, 308). მაგრამ ამ პირობების შეუსრულებლობის გამო იგი 1927 წლის 3 მარტს გაათავისუფლეს. ამის შემდეგ მიტროპოლიტი იოანე ორი თვით რუსეთში გაემგზავრა.
სამშობლოში დაბრუნების შემდეგ იგი უკიდურეს გაჭირვებაში ჩავარდა. საქართველოს ეკლესიას უკვე ახალი პატრიარქი ჰყავდა - უნეტარესი ქრისტეფორე, რომელიც განაწყენებული იყო მიტროპოლიტ იოანეზე, ვინაიდან ყველაზე გადამწყვეტ მომენტში იგი განერიდა საქართველოს. მიტროპოლიტი იოანე წერდა: "უკანასკნელი დროის ჩვენი საეკლესიო ცხოვრება მქუხარე ზღვას დაემსგავსა, ბედმა მომაქცია ორ მებრძოლ ბანაკთა შორის, ხან ერთი მირტყამდა თავში, ხან მეორე, განვიცდი ნივთიერ გაჭირვებას, ლამის პანაღია გავიტანო ბაზარზე გასაყიდად." (35, 308). საკათოლიკოსო სინოდმა უარი უთხრა მას დახმარებაზე და წინადადება მისცა წასულიყო რომელიმე მონასტერში, 1928 წლის 20 ოქტომბერს მიტროპოლიტი იაონე დაინიშნა ბოდბის ეპარქიის მმართველად. ამ დროს ეპარქიაში 42 ეკლესია იყო მოქმედი, მაგრამ სასულიერო პირები უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდნენ. ბევრი მათგანი საერთოდ აღარ ატარებდა ღვთისმსახურებას, მიტროპოლიტ იოანეს ეპარქიაში ბინაც არ ჰქონდა. ამდენმა პრობლემებმა სულ დააუძლურა იგი. 1929 წლის 13 ნოემბერს მიტროპოლიტი იოანე 55 წლის ასაკში გარდაიცვალა. 14 ნოემბერს შეიკრიბა საკათოლიკოსო სინოდის სხდომა. სინოდმა განაჩინა: ა) ეცნობოს ყველას მიტროპოლიტ იოანეს გარდაცვალების შესახებ, ბ) მისი ნეშტი გადმოსვენებულ იქნას სიონში. 16 ნოემბერს საქართველოს მთავრობას მიმართეს თხოვნით, რათა მიეღოთ ოფიციალური ნებართვა განსვენებული მიტროპოლიტის ნეშტი დაეკრძალათ სიონის ტაძრის ეზოში. მიტროპოლიტ იოანეს დამკრძალავ კომისიას ხელმძღვანელობდა დეკანოზი ნესტორ მაჭარაშვილი. 17 ნოემბერს განსვენებულს წესი აუგო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა უნეტარესმა ქრისტეფორე III-მ. წესის აგებას ესწრებოდნენ მიტროპოლიტი კალისტრატე, ეპისკოპოსები: იეროთეოზი, მელქისედეკი, ეფრემი. მიტროპოლიტი იოანე დაიკრძალა სიონის ეზოში. საფლავის ქვაზე ასეთი წარწერა აქვს: "ამ ლოდს ქვეშე განისვენებს კეთილი მწყემსის მსახური ღვთისმეტყველების მაღისტრი, მიტროპოლიტი იოანე გიორგის ძე მარღიშვილი, რომელიც თვისთათანა მოვიდა და თვისთა იგი არა შეიწყნარეს. 1874-1924 წ.წ. ბედით ჩაგრულო მეუფეო და ძმაო გიძღვნი ამ ძეგლს შენის მოულოდნელის სიკვდილით გაოცებული და დამწუხრებული შენი და ნინო.
ნეტარ იყვნენ დევნილნი სიმართლისათვის, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათა." (მათე. 5.10).
წყარო http://library.church.ge/index.php?option=com_content&view=article&id=337
საპატრიარქოს უწყებანი N21 1-6ივნისი 2011წ გვ.17
მიტროპოლიტი იოანე (მარღიშვილი) 1874-1929
„მამაო! მიუტევე ამათ, რამეთუ არა იციან, რასა იქმან“
მიტროპოლიტი იოანე, ერისკაცობაში -– ნიკოლოზ გიორგის ძე მარღიშვილი, 1874 წელს ქ. გორში, გლეხის ოჯახში დაიბადა. მიუხედავად იმისა, რომ მისი წინაპრებიდან არავინ ყოფილა მოძღვარი და საეკლესიო მოღვაწე, პატარა ნიკოლოზი სიყრმიდანვე დიდ ინტერესს იჩენდა სასულიერო პირებისა და ტაძრის მსახურების მიმართ მამამ რომ თავისი შვილის ამ საქმისადმი ლვთისმოსაობა და სიყვარული იხილა, 1882 წელს რვა წლის ყმაწვილი გორის სასულიერო სასწავლებელში მიაბარა, რომელიც ნიკოლოზმა 1892 წელს პირველი ხარისხის დიპლომით დაამთავრა. სასწავლებლის დასრულების შემდეგ წარმატებით ჩააბარა გამოცდები სკოლის აღმზრდელის წოდებაზე და მიიღო მასწავლებლის მოწმობა. აქედან იწყება მისი დაუზარელი მოღვაწეობა ერისა და ეკლესიის სამსახურში. 1893 წლის 23 სექტემბერს ნიკოლოზმა თავისი ხარჯებით ქ. გორის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძართან გახსნა სამრევლო-საეკლესიო სკოლა, სადაც ბავშვებს თავადვე ასწავლიდა უსასყიდლოდ. ახალი სკოლის გახსნას დიდი სიხარულით შეხვდა გორის მოწინავე საზოგადოება და ინტელიგენცია, უბრალო მრევლი. ახალგაზრდა მასწავლებელს „ერდში ამოუდგნენ გორის სხვა ეკლესიათა მოძღვშოები და მასწავლებლები: ზოგი მატერიალურად, ზოგი წიგნებითა და ჟურნალ-გაზეთებით, ზოგიც სულიერად ეხმარებოდა მას ამ მეტად საკეთილდღეო საქმის განხორციელებაში, აი, რას წერდა ნიკოლოზი ამასთან დაკავშირებით 1895 წელს გაზეთ „ივერიის“ ფურცლებზე: „ნება მიბოძეთ თქვენის პატივცემულის გაზეთ „ივერიის“ საშუალებით უგულითადესი მადლობა გამოვუცხადო გორის ოქონის ტაძრის დეკანოზს, მამა გრიგოლ ღამბარაშვილს, რომელმაც ამა წლის თებერვლის პირველიდგან გაზეთი „ივერია“ დაუკვეთა ჩემდამო რწმუნებულს გორის საკრებული ტაძრის სამრევლო სკოლის წიგნთსაცავს. გორის სასულიერო სასწავლებლის მასწავლებელს ი. ი. ფერაძეს, ბ. ა. კალანდაძეს, რომლებმაც ორ-ორი მანეთის სხვადასხვა პატარა საყმაწვილო ქართული წიგნაკები შემოსწირეს ამავე სამკითხველოს. გორის საოსტატო სემინარიის მასწავლებელს, ბატონ კ. ზ. გარაყანიძეს, რომელმაც შემოსწირა ზემოხსენებულ სკოლას ექვსი კედლის სურათი თვალსაჩინო სწავლისათვის ღირებული ორ მანეთამდის, ვაჭარს ი. ჩაჩანიძეს საანგარიშო ჩოთქის შემოწირვისათვის, რაიცა ღირს ათი შაური. ამას გარდა მადლობას ვუძღვნი აგრეთვე ბატონ თომაანთ კობას, რომლისგანაც მივიღეთ ორი თავისი ახლად გამოცემული წიგნაკი: „თეოდორე მღვდელი“. ამასთანავე, ვთხოვ კერძო გულშემატკივართ და წიგნების გამომცემლებს, ნუ დაიშურებენ ხსენებულის წიგნთსაცავის სასარგებლოდ სხვადასხვა წიგნების შემოწირვას, რითაც ისინი დიდს სამსახურს გაუწევენ ჩემს მოწაფეებს; მით უმეტეს, რომ გორში ჯერჯერობით სხვა სამკითხველო არა გვაქვს“. 1898 წლის 15 აგვისტოს გორის საეპარქიო სასწავლებლის საბჭომ ნიკოლოზს პედაგოგიურ დარგში ნაყოფიერი და კეთილსინდისიერი მოღვაწეობისათვის მადლობა გამოუცხადა და 20 მანეთით დააჯილდოვა. 1900 წლის 1 სექტემბერს ცოდნის გაღრმავების სურვილმა იგი ჩრდილო კავკასიაში მდებარე, წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობის არდონის მისიონერულ სემინარიაში მიიყვანა, სადაც მისი სულიერი მოძღვარი სემინარიის რექტორი, არქიმანდრიტი დიმიტრი (აბაშიძე) გახდა. 1900 წლის 28 ოქტომბერს პირველი. კურსის სტუდენტი ნიკოლოზ მარღიშვილი არქიმანდრიტმა დიმიტრიმ ბერად აღკვეცა და სახელად იოანე უწოდა.1901 წლის 28 იანვარს ვლადიკავკაზისა და მოზდოკის ეპისკოპოსმა ვლადიმერმა (სენკოვსკი) ბერმონაზონი იოანე დიაკვნად აკურთხა. 1904 წლის 11 იანვარს თავისი მოძღვრის, მეუფე დიმიტრის ლოცვა-კურთხევით, რომელიც იმჟამად უკვე ეპისკოპოსის ხარისხში გახლდათ და გურია-სამეგრელოს ეპარქიის კათედრაზე მოღვაწეობდა, ბერ-დიაკონი იოანე ქუთაისის სასულიერო სემინარიაში აგრძელებს სწავლას და პარალელურად, 1904 წლის 27 მარტს იგი მარტვილის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მამათა მონასტრის საძმოში უშტატო წევრად დაინიშნა. 1904 წლის 14 აპრილს მთავრობის დადგენილებით დაიკეტა ქუთაისის სასულიერო სემინარია, რის გამოც მამა იოანემ სწავლა თბილისის სასულიერო სემინარიაში გააგრძელა. 1904 წლის 6 აგვისტოს გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსმა დიმიტრიმ (აბაშიძე) მას მღვდლად დაასხა ხელი. 1905 წლის 6 მაისს საგვერდულით დააჯილდოვა. 1906 წელს მღვდელ-მონაზონმა
21-1 საპატრიარქოს უწყებანი N21 1-6ივნისი 2011წ გვ.18
მიტროპოლიტი იოანე (მარღიშვილი) 1874-1929 (გაგრძელება)
იოანემ თბილისის სასულიერო სემინარია წარჩინებით დაამთავრა და სამოღვაწეოდ ერთ-ერთ მონასტერში ითხოვა განწესება. 1905 წელს მღვდელ-მონაზონი იოანე ხირსის წმინდა სტეფანე პირველდიაკონისა და დავით გარეჯის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის მონასტრების ხაზინადრად დაინიშნა. 1906-1907 წლებში იგი პეტერბურგის სასულიერო აკადემიის თავისუფალი მსმენელია. 1907-1910 წლებში მამა იოანე თბილისის სასულიერო სემინარიასთან არსებულ სამრევლო-საეკლესიო სკოლაში მასწავლებლად მუშაობს. 1908 წლის 27 თებერვალს საქართველო-იმერეთის სინოდალური კანტორის განჩინებით იგი აღმოსავლეთ საქართველოს მონასტრების მთავარხუცესად დაინიშნა. 1910 წელს მამა იოანემ ცოდნის გაღრმავების მიზნით მოსკოვის სასულიერო აკადემიაში ჩააბარა, რომელიც 1914 წელს დიპლომის დაცვის გარეშე დაამთავრა. 1914 წლის 2 სექტემბერს იგი საქართველოში დაბრუნდა და ქუთაისის სასულიერო სასწავლებლის ზედამხედველად დაინიშნა. 1915 წლის 10 აგვისტოს გორის სასულიერო სასწავლებლის ზედამხედველად გადაიყვანეს. ამავე წლის 29 აგვისტოს ეკლესიაში ერთგული სამსახურისათვის არქიმანდრიტის წოდება მიენიჭა. 1917 წლის 21 სექტემბერს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ კირიონის (საძაგლიშვილი) ლოცვა-კურთხევით, არქიმანდრიტი იოანე თბილისის სასულიერო სასწავლებლის პედაგოგად, შემდეგ კი ინსპექტორად დაინიშნა. 1918 წლის 1 ივლისიდან ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიაში გადაიყვანეს და ოქუმის ოლქის მომრიგებელ მოსამართლედ, ხოლო იმავე თვის 30 რიცხვიდან –– სოსუმის ოლქის მომრიგებელ მოსამართლეთა ყრილობის თავმჯდომარედ აირჩიეს. 1919 წლის 1 სექტემბერს არქიმანდრიტი იოანე სოხუმის ეპარქიის დროებით მმართველად დაინიშნა, თუმცა ერთ კვირაში მის ადგილზე საკათოლიკოსო საბჭომ მიტროპოლიტი ამბროსი (ხელაია) განამწესა. 1919 წლის 13 სექტემბერს არქიმანდრიტი იოანე სოხუმის ეროვნულ საბჭოს წერდა: „ვინაიდგან, თანახმად კათოლიკოზისაგან შინაგან საქმეთა კომისრის სახელზე მიღებულ დეპეშისა, დროებით მართვა-გამგეობა დაევალა მიტროპოლიტ ამბროსის და მით მე ვიქმენ განთავისუფლებული ჩემი მოვალეობისაგან, ამიტომ უმორჩილესად ვსთხოვ ქართულ ეროვნულ საბჭოს, იშუამდგომლოს წინაშე სახალხო განათლების კომისრის ბატონ ივანე ლორთქიფანიძისა, რათა ოქუმის, სადაც მე ვითვლები მომრიგებელ მოსამართლედ, უმაღლეს ოთხკლასიან სასწავლებლის ინსპექტორად ვიქმნე განწესებული“. სახალხო განათლების საბჭომ გაითვალისწინა მისი თხოვნა და იგი ოქუმის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის ინსპექტორად განამწესა.
სხედან მარცხნიდლან: სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძრის არქიმანდრიტი პავლე (ჯაფარიძე, შემდგომში წილკნელი ეპისკოპოსი), ცხუმ-აფხაზეთის ეპისკოპოსი იოანე (მარღიშვილი), კათოლიკოს-პატრიარქი ამბროსი (ხელაია), ჭყონდიდელი ეპისკოპოსი დავითი (კაჭახიძე), ურბნელი ეპისკოპოსი ქრისტეფორე (ციცქიშვილი, შემდგომში დგანან: სტუდენტი გაბრიელ ჩაჩანიძე (შემდგომში ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი გაბრიელი), სიონის საპატრიარქო ტაძრის დიაკონი სიმონ მონასელიძე, სიონის საპატრიარქო ტაძრის დიაკონი ნიკოლოზ ბოლლაშვილი (შემდგომში კათოლიკოს-პატრიარქი). მღვდელი სოფელ ჯუგაანში), თბილისის წმინლა ესტატეს სახელობის ეკლესიის წინამძლვარი, დეკანოზი ლაზარე ნათიძე, შიომღვიმის მონასტრის მმართველი, მღვდელ-მონაზონი ეფრემი (სიდამონიძე, შემდგომში კათოლიკოს-პატრიარქი). მცხეთა. სვეტიცხოვლის ტაძრის ეზო. 1922 წლის 14 ოქტომბერი
1920 წლის 1 სექტემბრიდან არქიმანდრიტი იოანე გურჯაანის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის ინსპექტორად დაინიშნა. მამა იოანე ესწრებოდა საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ,II, III და IV საეკლესიო კრებებს. 1921 წლის შემოდგომაზე ცხუმ-აფხაზეთის სამღვდელოების საოლქო კრებებზე არქიმანდრიტი იოანე აფხაზეთის ეპისკოპოსად აირჩიეს: 1 ოქტომბერს გუმისთის ოლქის სამღვდელოებამ, 3 ოქტომბერს -– კოდორისა და სამურზაყანოს ოლქებმა. საოლქო კრებებს წინ უძლოდა ცხუმ-აფხაზეთის საეპარქიო სამართლოს 1921 წლის 21 სექტემბრის გადაწყვეტილება ახალ მღვდელმთავრად მამა იოანეს დამტკიცების შესახებ. საქართველოს საკათოლიკოსო საბჭომ 8 ოქტომბერს არქიმანდრიტი იოანე (მარღიშვილი) ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიის მღვდელმთავრად დაამტკიცა. ამავე წლის 15 ოქტომბერს მცხეთაში, სვეტიცხოვლის თორმეტი მოციქულის სახელობის საპატრიარქო ტაძარში, კათოლიკოს-პატრიარქმა ამბროსიმ (ხელაია), ქუთათელი მიტროპოლიტ ნაზარისა (ლეჟავა) და ალავერდელი ეპისკოპოს პიროსის (ოქროპირიძე) თანამწირველობით არქიმანდრიტ იოანეს ეპისკოპოსად დაასხა ხელი. ეს იყო ბოლშევიკური მმართველობის დროს პირველი ეპისკოპოსის კურთხევა. კვერთხის ჩაბარების დროს კათოლიკოსმა ამბროსიმ მას შემდეგი სიტ“ ვებით მიმართა: „მოგილოცავ იმ მადლს სულიწმი დისას და დიდ ხარისხს, რომელიც შენ დღეს მიიღე. გახსოვდეს, რომ ეს არის არა მარტო ხარისხი, არამედ დიდი ჯვარი, რომელიც შენ უნდა ატარო მომავალს შენს ცხოვრებაში. შენ უნდა იყო მზათ, თავი დასდო ცხოვართათვის. შენი სამსახური ცხუმაფხაზეთის ეპარქიაში განსაკუთრებული იქნება. შენ, როგორც მწყემსმთავარმან, არა მარტო კეთილ საძოვარზე უნდა არონინო პირმეტყველნი ცხოვარნი, არამედ ეძიო დაკარგულნიც, რომელნიც უნდა აღიყვანო შენს მხრებზე და მოჰგვარო ქრისტეს. ამნაირ გზადაკარგულ ცხოვარს წარმოადგენს აფხაზეთის მკვიდრთა საგრძნობელი ნაწილი. ეს მხარე დასახლებული იყო ქართველთა მოდგმის ხალხით და ეკლესიური ცხოვრება ძალიან მაღლა იდგა XVII ს-ის II ნახევრამდე, როდესაც აფხაზთა გადმოლახეს გაგრის სივიწროენი და კაპუეტის მდინარე და დაიმორჩილეს მთელი გუდაუთის მხარე, დაიწყო მაჰმადიანობის პროპაგანდა. ეს განსა-
21-2 საპატრიარქოს უწყებანი N21 1-6ივნისი 2011წ გვ.19
მიტროპოლიტი იოანე (მარღიშვილი) 1874-1929 (გაგრძელება)
კუთრებით გაძლიერდა რუსების კავკასიაში დამკვიდრების შემდეგ. რუსეთის აგრესიულმა დენამ კავკასიისაკენ გამოიწვია მის წინააღმდეგ მთიელთა ბრძოლა და ახალი პოლიტიკურ-სარწმუნოებრივი მოძღვრება მიურიდებისა. მიურიდობა სცდილობდა მაჰმადის სარწმუნოების გავრცელებით შეერთებინათ ყველა კავკასიელები მტრების საწინააღმდეგოდ. ამისთვის, აფხაზეთში მეტისმეტად გაძლიერდა მაჰმადიანობა და აფხაზთაგან ბევრი გადუდგა ქრისტიანობას. მაშასადამე, შენს ახალ სამწყსოში სამკალი ბევრია და შენგან საქართველოს ეკლესია მოითხოვს თავდადებულ მუშაობას, რომ აფხაზეთში ისევ ძველებურად გაბრწყინდეს ქრისტიანობა, რაშიაც ომერთი იყოს შენი შემწე“. ეპისკოპოს იოანეს ცხუმაფხაზეთის ეპარქიაში მოღვაწეობა უაღრესად რთულ პერიოდში მოუხდა. ეპარქიის რუსი ეროვნების მოსახლეობა და სამღვდელოება არ სცნობდა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიას. მეუფე იოანემ საკათალიკოსო საბჭოსადმი გაგზავნილ წერილში ჩამოაყალიზა თავისი მოსაზრებანი ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიაში ჩასატარებელი სამუშაოების შესახებ. მისი აზრით, აუცილებელი იყო ბედიელის კათედრის აღდგენაც და აფხაზეთში ფრთხილი პოლიტიკის გატარება. აი, რას სწერდა იგი 1922 წლის 10 მარტს კათოლიკოს-პატრიარქ ამბროსის: „პასუხად თქვენი უწმინდესობის შეკითხვისა უმდაბლესად მოგახსენებთ, რომ აქაური საზოგადოების კატეგორიული მოთხოვნით, სოხუმის საკათედრო ტაძარში ვსწირე დღემდე მხოლოდ სამჯერ შობას, ნათლისღებას და ნინოობას. სამჯერ კიდევ ჩემი პირადი სურვილით ვწირე ბერძნებში. ნინოობას მე ვსწირე ქართულად, თუმც მლოცველთა ნახევარს რუსობა შეადგენდა, ხოლო შობა-ნათლისღებას ბერძნულ-ქართულ და სლავიანურ ენებზე. სახარებაც იმავე სამ ენაზე იქმნა წაკითხული (ორი ასამაღლებელი აფხაზურადაც წარმოვსთქვი). შობა-ნათლისღებას მლოცველთა სამ მეოთხედს რუსობა წარმოადგენდა. აი, სწორედ ამ ორ დღეს დიდ გამოსვლაზე აუარებელი რუსობის თვალთა წინაშე ერთგვარ ტაქტიკურ მოსაზრებით მოვიხსენიე სხვათა შორის რუსეთის პატრიარქი, რასაკვირველია, მე-6 ადგილას. ამგვარს ტაქტიკას ჩემგან მოითხოვს სოხუმში არა მარტო დღევანდელი პოლიტიკური მომენტი, არამედ თვით მაცხოვარი ჩვენი იესო ქრისტეც, რომელიც ოდესმე, ჯვარსა ზედა მიმსჭვალული, ლოცავდა მტანჯველთა თვისთა: „მამაო! მიუტევე ამათ, რამეთუ არა იციან, რასა იქმან“. ხოლო რაც შეეხება სოხუმის ეპარქიის დღევანდელ მდგომარეობას, უნდა მოგახსენოთ, რომ საზოგადოდ ეპარქია ჯერჯერობით იმყოფება იმავე სამწუხარო მდგომარეობაში, რო- მელშიაც თქვენ დასტოვეთ იგი. ჩემი თბილისში მოსვლა საქმისათვის აუცილებელ საჭიროებას წარმოადგენს, და აი, მაშინ პირადად მოგახსენებთ უფრო დაწვრილებით ყოველივე გარემოების შესახებ“. 1923 წლის 17 დეკემბერს ეპისკოპოს იოანეს მიტროპოლიტის წოდება მიენიჭა. ცხუმაფხაზეთის ეპარქიაში დაძაბულ და დატვირთულ რეჟიმში მოლვაწეობამ უარყოფითად იმოქმედა მეუფე იოანეს ჯანმრთელობაზე, ამიტომ 1925 წლის 1 თებერვალს, თავისი თხოვნის საფუძველზე, იგი გათავისუფლდა ამ ეპარქიის მმართველობიდან. ამავე წლის 23 თებერვლიდან მას დროებით თბილისისა და ალავერდის ეპარქიების მართვა დაევალა, მაგრამ შერყეული ჯანმრთელობის გამო უჭირდა სამწყსოს მართვა. ამიტომ მუდმივად თბილისში იმყოფებოდა და იქიდან ადევნებდა თვალს სამწყსოს ცხოვრებას. 1925 წლის 9 ოქტომბერს ურბნისის ეპარქია ჩააბარეს. 1926 წლის 14 იანვარს მიტროპოლიტმა იოანემ საკათალიკოსო საბჭოს განსახილველად წარუდგინა თავისი სამაგისტრო დისერტაცია თემაზე: „ბიზანტიის იმპერატორების დამოკიდებულება მსოფლიო საეკლესიო კრებებისადმი“, თუმცა მისი თხოვნა არ დაკმაყოფილდა. ამის შემდეგ მან თავისი ნაშრომი რუსეთში წაიღო. 1926 წლის ოქტომბერში მოსკოვისა და კიევის ყოფილი სასულიერო აკადემიების პროფესორების შეფასებით, ნოვგოროდის მიტროპოლიტმა სერგიმ (სტრაგოროდსკი, შემდგომში რუსეთის პატრიარქი) მეუფე იოანეს ღვთისმეტყველების მაგისტრის წოდება მიანიჭა. 1926 წლის 20 ოქტომბერს მეუფე იოანე გათავისუფლდა ურბნისის ეპარქიიდან და ამავე წლის 3 ნოემბერს ბათუმ-შემოქმედის კათედრაზე დაინიშნა. მის დანიშვნას ამ თანამდებობაზე მტრულად შეხვდა აჭარის საერო ხელისუფლება, მათ მეუფე იოანეს მოსთხოვეს ბათუმის დატოვება. ეპისკოპოსი იოანე იძულებული გახდა დროებით დაეტოვებინა საქართველო და რუსეთში წასულიყო, თუმცა ორ თვეში იგი სამშობლოში დაბრუნდა. 1927 წლის 27 ოქტომბერს მან თხოვნით მიმართა საკათალიკოსო სინოდს დაენიშნათ აღმოსავლეთ საქართველოს რომელიმე ეპარქიის
21-3 საპატრიარქოს უწყებანი N21 1-6ივნისი 2011წ გვ.20
მიტროპოლიტი იოანე (მარღიშვილი) 1874-1929 (დასასრული)
მღვდელმთავრად. საკათალიკოსო სინოდის განჩინებით, 1928 წლის 4 ოქტომბრიდან იგი ბოდბელი მღვდელმთავარია. ადგილზე ჩასულ მღვდელმთავარს ეპარქიაში მეტად მძიმე სულიერი მდგომარეობა დახვდა. სამღვდელოება და მრევლი ადგილობრივი ხელისუფლებისაგან ძლიერ ზეწოლას განიცდიდა, მოძღვრები მასობრივად ტოვებდნენ მღვდელმსახურებას, თავად მეუფე იოანეს არ ჰქონდა ღამის გასათევი ადგილი. ამას დაერთო მძიმე ავადმყოფობა, რომელმაც კვლავ იჩინა თავი. 1929 წლის 13 ნოემბერს მიტროპოლიტი იოანე მოულოდნელად გარდაიცვალა. მისი ნეშტი თბილისში გადმოასვენეს და სიონის საპატრიარქო ტაძარში დაასვენეს. 16 ნოემბერს საკათალიკოსო სინოდმაწ თხოვნით მიმართა საქართველოს სახკომსაბჭოს, რათა მეუფის ნეშტი სიონის ეზოში დაეკრძალათ, რაზედაც დათანხმდნენ. დამკრძალავ კომისიას დეკანოზი ნესტორ მაჭარაშვილი ხელმძღვანელობდა. 17 ნოემბერს მიტროპოლიტს წესი აუგო და პანაშვიდი გადაუხადა კათოლიკოს-პატრიარქმა ქრისტეფორემ (ციცქიშვილი), წმინდა სინოდის წევრებთან ერთად. იგი სიონის ტაძრის ეზოში, სამხრეთის მხარეს დაკრძალეს.
22 საპატრიარქოს უწყებანი N22 9-15 ივნისი 2011წ გვ.17