სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11164

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
წმიდა სინოდი
ეპისკოპოსი დიმიტრი (ლაზარიშვილი) 1870-1947წწ  დაბ. სოფ. ჯიმითი გურჯაანი ეპისკოპოსი დიმიტრი (ლაზარიშვილი) 1870-1947წწ  დაბ. სოფ. ჯიმითი გურჯაანი

1970-1947 წწ. გარდ. -23 წლის

ბმულის კოპირება

წმიდა სინოდი

გვარი ლაზარიშვილი სია

გურჯაანი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

332       ბეჭდვა

ეპისკოპოსი დიმიტრი (ლაზარიშვილი) 1870-1947წწ დაბ. სოფ. ჯიმითი გურჯაანი

ეპისკოპოსი დიმიტრი (ერისკაცობაში — დიმიტრი ივანეს ძე ლაზარიშვილი; დ. 16 სექტემბერი, 1870, სოფელ ჯიმითი, სიღნაღის მაზრა — გ. 8 ნოემბერი, 1947, თბილისი) — საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელთმთავარი.


ეპისკოპოსი დიმიტრი, ერისკაცობაში დიმიტრი ივანეს ძე ლაზარიშვილი, დაიბადა 1870 წლის 16 სექტემბერს სიღნაღის მაზრის სოფელ ჯიმითში. 1889 წელს ჩაირიცხა თბილისის სასულიერო სემინარიაში, მაგრამ საქართველოს ეგზარქოსის პალადის წინადადებით გამოვიდა სემინარიიდან და 1890 წლის 21 იანვარს იგი აკურთხეს დიაკვნად და სიონის ეკლესიის წიგნის მკითხველად, 1897 წლის 28 მაისიდან ქაშუეთის წმიდა გიორგის სახელობის ეკლესიის დიაკვანია.


1904 წლის 29 თებერვალს ხელდასხმულ იქნა მღვდლად დიაკვნის ადგილზე ქაშუეთში. 1907 წლიდან იმავე ეკლესიის შტატის მღვდელია. 1906-1907 წლებში მუშაობდა საქართველოს საეკლესიო მუზეუმის კომიტეტის წევრად და ხაზინადარად. 1908-1912 წლებში პარალელურად მუშაობდა ქართლ-კახეთის ეპარქიის ეკლესიების შემოსავალ-გასავლის წიგნების შემმოწმებელი კომისიის წევრად. 1914 წლის 24 ივლისს დაინიშნა მღვდელმსახურად საველე მოძრავ ჰოსპიტალში N481 - ბრძოლის ველზე (დასავლეთის ფრონტზე). საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ, 1918-1920 წლებში, თბილისის საოლქო კრების არჩევით ასრულებდა თბილისის საეპარქიო საბჭოს წევრის მოვალეობას. 1919 წელს აყვანილ იქნა დეკანოზის ხარისხში. 1919-1923 წლებში მუშაობდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საკათოლიკოსო საბჭოს სამეურნეო ნაწილის გამგედ. 1921 წლის თებერვალში ბოლშევიკური რუსეთის საოკუპაციო ჯარები გააფრთებით უტევდნენ თბილისს. ამ საგანგებო ვითარებაში 24 თებერვალს თბილისში სასწრაფოდ შეიკრიბა საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის საკათოლიკოსო საბჭოს სხდომა, რომელმაც განიხილა უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლეონიდეს 19 თებერვლით დათარიღებული წერილი - "ვინაიდან მოულოდნელი არეულობის პირველ დღეებში საკათოლიკოსო საბჭოს არ ჰქონდა დრო და შეძლება, რომ ზოგიერთ საჭირო საეკლესიო კითხვების შესახებ გამოეტანა საჩქარო გადაწყვეტილება და გაეცა საკათოლიკოზოში დროის შესაფერისი სათანადო განკარგულებანი, ამით წინადადებას ვაძლევ ხსენებულ დაწესებულებას, ახლავე გამოიტანოს გარკვეული გადაწყვეტილებანი შემდეგი საკითხების შესახებ: 1. სად და როგორ იქნას დაცული ომისაგან მოსალოდნელი საშიშროებისაგან სოფლებისა და ქალაქის ეკლესიების განძეულობა და სიწმინდე? 2. სად იქნას დაცული საკათოლიკოსო საბჭოს ქონება, არქივი? 3. როგორ შეიცვალოს ეკლესიის მართვა-გამგეობის წესები შექმნილ ვითარებაში? 4. როგორ მოვიქცე პირადად მე, ვინცობაა, რომ ჩვენმა მთავრობამ მოახდინოს ქალაქის ევაკუაცია? 5. რა ზომების მიღებაა საჭირო საკათოლიკოზოში. ომისგან შექმნილ არაჩვეულებრივი პირობების გამო." (38, 1304).


საკათოლიკოსო საბჭომ დაადგინა, დაუყოვნებლივ მოეხდინათ თბილისის ეკლესია-მონასტრებიდან საეკლესიო სიწმინდეთა და განძის გამოტანა და ქუთაისში გაგზავნა. ამ საქმეზე პასუხისმგებლობა დაეკისრათ ეპისკოპოს დავითს (კაჭახიძე) და არქიმანდრიტ პავლეს (ჯაფარიძე). უწმიდესმა და უნეტარესმა ლეონიდემ საკათოლიკოსოს სამეურნეო განყოფილების გამგეს, დეკანოზ დიმიტრი ლაზარიშვილს ასეთი შინაარსის წერილი გაუგზავნა: "მამაო დიმიტრი, მთავრობა მზად არის, მოგვცეს მცველები და გადავიტანოთ რკინიგზით ჩვენი განძეულობა ქუთაისში. თუ ჩვენ ყველა ამას მივიტანთ ვაგზლამდე. აბა დატრიალდი, იშოვე ურმები და სხვა რამ. ჩააბარა ბარგი რკინიგზაზე, რაც შეიძლება ჩქარა." (38, 6475). საეკლესიო განძი უვნებლად გადაიტანეს ქუთაისში და გადამალეს ქუთათელი მიტროპოლიტის ნაზარის საეპარქიო სახლის სარდაფში, მაგრამ ბოლშევიკურმა ხელისუფლებამ დეკანოზ პლატონ ცქიტიშვილის მეშვეობით შეიტყო განძის ადგილსამყოფელი და მოახდინა მისი კონფისკაცია. 1923 წლის 13 იანვარს დეკანოზი დიმიტრი ლაზარიშვილი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ უწმიდეს ამბროსისა და საკათოლიკოსო საბჭოს წევრებთან ერთად დაპატიმრებულ იქნა. იგი გაასამართლეს და მიუსაჯეს 5 წლიანი პატიმრობა, მაგრამ გაათავისუფლეს ამინისტიის საფუძველზე 1 წლისა და ორი თვის შემდეგ. ციხიდან განთავისუფლების შემდეგ დაუბრუნდა ქაშუეთის ეკლესიას. 1925 წლის 17 ივნისს დაინიშნა თბილისის ოლქის მთავარხუცესის თანაშემწედ, 1926 წლის 17 თებერვალს - საქართველოს საკათოლიკოსო საბჭოს სამეურნეო ნაწილის გამგედ. 1927 წლის 26 ივნისიდან დეკანოზი დიმიტრი ლაზარიშვილი საკათოლიკოსო სინოდის წევრია. 1930 წელს დაინიშნა ქაშუეთის ეკლესიის წინამძღვრად. ამ თანამდებობაზე იყო 1943 წლის მაისამდე.


1943 წლის იანვარში უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი კალისტრატე (ცინცაძე) შეუძლოდ გახდა, ავადმყოფობა კიდევ უფრო გაუძლიერდა. "თბილისის ეკლესიები ხუთი თვის მანძილზე მღვდელმთავრის წირვა-ლოცვის გარეშე დატოვა. გამოჯანმრთელებისთანავე მიიღო გადაწყვეტილება ქაშუეთის ეკლესიის წინამძღვრის დიმიტრის ეპისკოპოსად კურთხევის შესახებ. 1943 წლის 23 მაისს დიმიტრი ლაზარიშვილი ხელდასხმულ იქნა ნინოწმინდელ ეპისკოპოსად. უწმიდესმა და უნეტარესმა კალისტრატემ ამ სიტყვებით მიმართა მას: "ყოვლადსამღვდელო მეუფე დიმიტრი. შენ იცი, სწორედ ერთი თვის წინათ შემისრულდა 77 წელი, რაც უფალმა მომავლინა ამ ქვეყნად და 50 წელი, რაც მომიწოდა წმიდა ტრაპეზის მსახურად. ნახევარი საუკუნის ძალისამებრ სამსახურმა დამღალა, ხოლო დღეთა სიგრძემ მიმიყვანა უკურნებელი სენის, მოხუცებულობის კარამდე. ამავ დროს, სიყრმის მეგობარმა და თანამოსაგრემ, ტკბილმა ყოვლადსამღვდელო იეროთეოსმა სამუდამო თავშესაფარს მიაშურა და დამაობლა. მარტოდ დარჩენილს მძიმე ავადმყოფობა მეწვია და თბილისის ეკლესიები ხუთი თვით მღვდელმთავრის წირვა-ლოცვის გარეშე დასტოვა. ეს კი დიდად აღონებდა მორწმუნეებს და სარეცელზე მდებარე ეკელსიის მეთაურსაც. ბუნებრივია, ასეთ პირობებში დამებადებოდა აზრი დამხმარე მღვდელმთავრის ხელდასხმისათვის. ვისზედ უნდა შევჩერებულიყავი? ორმოცი წლის ერთად მოღვაწეობამ წმიდა გიორგის საფარველის ქვეშ საკმაოზედ მეტად გამაცნო შენი პიროვნება და მეც აგირჩიე ქორეპისკოპოსად. ვიმედოვნებ ჩემს დაუძლურებას არ აგრძნობინებ მორწმუნე ერს, ბეჯითად წირვა-ლოცვით დააკმაყოფილებ მის სულიერ მოთხოვნილებას. დღეიდანვე შეუდექ შენს მოვალოების აღსრულებას და დასდევ მისი დასაწყისი მღვდელმთავრულ ლოცვა-კურთხევის გადაცემით აქა მდგომარეთადმი, რომლებიც სასოებითა და სიყვარულით მოელიან მას შენგან. ქრისტე აღსდგა, ძმაო და თანამწირველო და არს ჩვენ შორის." (58, 189).


ეპისკოპოსმა დიმიტრიმ ამ სიტყვებით მიმართა უწმიდესსა და უნეტარეს კალისტრატეს: "ნება მიბოძეთ საჯაროდ წარმოვთქვა ჩემი აღსარება. თოთხმეტი თვისა ვიყავ, როდესაც მამა გარდამეცვალა და დავრჩი უმწეოდ. მომვლელ პატრონად უფალმა მომივლინა დედის მამა, მღვდელი მაკარი შიშნიაშვილი, რომელმაც წამიყვანა თავის სახლში და ჩამინერგა გულში ღვთის შიში და მტკიცე სარწმუნოება. ამგვარმა აღზრდამ აღმარჩევინა სამოღვაწეო ასპარეზად მღვდლობა. ამისთვის დღევანდელ ჩემთვის შესანიშნავ დღეს ვალად ვრაცხ მადლობით მოვიხსენიო მამა მაკარი. რაც შეეხება მღვდელმთავრის ხარისხის მიღებას, მე მას არ ვესწრაფოდი, მიუხედავად იმისა, რომ ამ რამდენიმე წლის წინათ, თქვენო უწმიდესობავ, თქვენ გთხოვეს ჩემი ეპისკოპოსად გაგზავნა ერთ-ერთ ეპარქიაში, მაგრამ როდესაც ამა თვის 11 მაისს მიბრძანეთ, უნდა ეპისკოპოსად გაკურთხოვო, დაგემორჩილეთ, როგორც მუდამ მზადმყოფი თქვენი ბრძანების შესრულებისა, ხოლო იმ დღიდან ჩავარდი საფიქრებელში, რად ვკიდებ ხელს ასეთ დიდ საქმეს და რად ვკისრულობ ასეთ პასუხსაგებელ სამსახურს მეთქი. ეპისკოპოსისათვის საჭიროა სიბრძნე და სიმშვიდე, კრძალულება და გაბედულება, გამოცდილება და სიმტკიცე, სიყვარული და მოთმინება, რომ ემსახუროს მორწმუნეთ, შეეწიოს მათ და აღასრულოს თვისი მოვალეობა განურისხებლად და შებრალებით. ამასთან ერთად მაგონდება დიდი მღვდელმთავრის იოანე ოქროპირის სიტყვები: "ეპისკოპოსი უნდა იყოს შემოსილი სიმართლითა, სუფთა ზნე-ჩვეულებითა, სპეტაკი ცხოვრებითა და ქველმოქმედებითა მეტად, ვინემ ჩვეულებრივი ადამიანებიო", და ძალად უნებურად, შიში და ძრწოლა მოიცავს ჩემ სულს, რადგანაც თვალწინ მიდგას ჩემი სისუსტე და უღონობა და ამავე დროს მაგონდება პავლე მოციქულის განმამხნევებელი სიტყვები: "ძალი ღვთისა უძლურება შინა სრულ იქნებისაო." (2 კორ. 12. 2) და ამისათვის, თუმცა მოგახსენებთ მორჩილ ვარ ბრძანებისა, თქვენისა და არა რას მცირესა წინააღმდეგობასა ვიტყვი, მუდამ უმდაბლესად გთხოვთ: "შემავედრეთ ყოვლადშემძლებელს გარდმოავლინოს ჩემზედა მადლი სულისა წმიდისა და მომცეს ძალი და სიმხნე კეთილად აღსრულებისათვის მადლისა და ძნელი მსახურებისა." (58, 190).


ეპისკოპოსი დიმიტრი დაინიშნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსად. მას ენდობოდა და დიდ პატივს სცემდა უწმიდესი და უნეტარესი კალისტრატე. 1943 წლის სექტემბერში, როდესაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრედ გამოაცხადა მიტროპოლიტი მელქისედეკი (ფხალაძე) უწმიდესი კალისტრატე მას ურჩევდა: "გთხოვთ ჩემს მიერ აღებულ გეზსა და მიმართულებას ნუ შეცვლით. ეს არ ივარგებს, ეკლესიისა და პირადად თქვენთვისაც იქნება საზიანო. ჩემი დამარხვის შემდეგ დაუყოვნებლივ დაამტკიცეთ ქაშუეთის წინამძღვრად ყოვლადსამღვდელო ნინოწმინდელი ეპისკოპოსი დიმიტრი, იქონიეთ მასთან ძმური კავშირი და ყური ათხოვეთ მის რჩევებს ფრთხილი და ჭკვიანი კაცია, შემინდე თხოვნისა და დავალებისათვის, ვევედრებით უფალს, შეგვეწიოს სამშობლოსა და ეკლესიის სამსახურში." (26, 155). მეუფე დიმიტრი მართალია იწოდებოდა ნინოწმინდელად, მაგრამ შექმნილი რთული ვითარების გამო (ეპარქიაში არ იყო არცერთი მოქმედი ეკლესია ს.ვ.) წირავდა ქაშუეთის ეკლესიაში. 1947 წლის 8 ნოემბერს იგი ხანმოკლე ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა. დაკრძალულია თბილისის ქაშუეთის ეკლესიაში.

სერგო ვარდოსანიძე

http://library.church.ge/index.php?option=com_content&view=article&id=337&fbclid=IwAR0Ft9sx8NJ_lqCQxNHIrO_Dp_DqjF3h2UWCSAdeIbA2KmE_sEjTeeUVUh0


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 29.09.2022
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0