მიტროპოლიტი ანტონი (ერისკაცობაში — სიმონ შევარდენის ძე გიგინეიშვილი; დ. 1882, სოხუმი — გ. 24 ნოემბერი, 1956, იქვე) — საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელთმთავარი.
მიტროპოლიტი ანტონი, ერისკაცობაში სიმონ შევარდენის ძე გიგინეიშვილი, დაიბადა 1882 წელს ქ. სოხუმში. პირველდაწყებითი განათლება მიიღო სოხუმის სკოლაში, შემდეგ სწავლობდა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში, რომლის დამთავრების შემდეგ დაინიშნა მასწავლებლად გუდაუთის სკოლაში.
ამ ფაქტმა წონასწორობა დააკარგვინა დეკანოზ ივანე ვოსტორგოვს, რომელიც მკაცრად აკრიტიკებდა ამ ფაქტს, ვინაიდან მისი აზრით ქართველ მასწავლებელს შეეძლო აფხაზების გაქართველება. 1914 წელს სიმონ გიგინეიშვილი ხელდასხმულ იქნა მღვდლად და მსახურობდა სამხედრო პოლკში. პირველი მსოფლიო ომის დროს სასულიერო საქმიანობას ეწეოდა სტავროპოლის ეპარქიაში. უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქარ¬თველოს კათოლიკოს-პატრიარქის ამბროსის ლოცვა-კურთხევით 1922 წელს დაინიშნა სოხუმის საკათედრო ტაძრის წინამძღვრად. ურთულეს პირობებში უხდებოდა მას სოხუმში მოღვაწეობა, მაგრამ იგი მოთმინებითა და დიდი ტაქტით ახერხებდა არსებული პრობლემების მოგვარებას. 1952 წელს უწმიდესისა და უნეტარესის, კათოლიკოს-პატრიარქის კალისტრატეს წინადადებით მღვდელი სიმონ გიგინეიშვილი აღიკვეცა ბერად და ეწოდა სახელად ანტონი. იგი იმავე წელს ხელდასხმულ იქნა ცხუმ-აფხაზეთის ეპისკოპოსად. 1954 წელს უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მელქისედეკ III-ის ლოცვა-კურთხევით აყვანილ იქნა მიტროპოლიტის ხარისხში.
მიტროპოლიტი ანტონ გიგინეიშვილი გარდაიცვალა 1956 წლის 24 ნოემბერს 74 წლის ასაკში. განსვენებულს წესი აუგო ბათუმ-შემოქმედელმა მიტროპოლიტმა ეფრემმა (სიდამონიძემ), რომელმაც მიტროპოლიტი ანტონი დაახასიათა როგორც ერთ-ერთი გამორჩეული სასულიერო პირი, რომელიც იყო თავმდაბალი, ტაქტიანი განათლებული და პატრიოტი და რომლის გარდაცვალება იყო დიდი დანაკლისი ქართული ეკლესიისათვის. იგი დაიკრძალა სოხუმში.
სერგო ვარდოსანიძე