მიტროპოლიტი ნაუმი, ერისკაცობაში ნაომ გრიგოლის ძე შავიანიძე, დაიბადა 1889 წელს ქუთაისის მაზრის სოფელ ოხომირაში,
სასულიერო პირის ოჯახში. მამა გაბრიელ შავიანიძე იყო დეკანოზი. 1904 წელს ნაუმ შავიანიძემ დაამთავრა ქუთაისის კლა¬სიკური გიმნაზია. მისი გიმნაზიელი მეგობარი იყო შემდგომში ცნობილი ენათმეცნიერი აკაკი შანიძე, რომელთანაც კონტაქტი არასდროს არ გაუწყვეტია. სასწავლებლის დამთავრების შემდეგ დაინიშნა სოფელ ცუცხვათის ეკლესიის მედავითნედ. 1905 წელს სოფელ ოხომირაში დააარსა საკუთარი სკოლა, სადაც უსასყიდლოდ ასწავლიდა გლეხის შვილებს.
1916 წელს იმერეთის ეპისკოპოსმა გიორგიმ (ალადაშვილი) ხელი დაასხა ქუთაისის საკათედრო ტაძრის მთავარდიაკვნად. 1918 წლის დასაწყისში ქუთათელი მიტროპოლიტის ანტონის (გიორგაძე) მიერ იკურთხა მღვდლად და გამწესებულ იქნა ოხამირას მაცხოვრის სახელობის ეკლესიაში. 1921 წელს მამა ნაუმი შეთავსებით ქუთაისის სამრეკლო სკოლების განათლების განყოფილების გამგის მოადგილედ მუშაობდა. იგი აქტიურ მონაწილეობას იღებდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მესამე საეკლესიო კრების მუშაობაში, რომელიც ჩატარდა 1921 წლის 1-5 სექტემბერს გელათში და მხარს უჭერდა მიტროპოლიტ ნაზარის (ლეჟავა) კანდიდატურას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტახტზე. 1924-1929 წლებში ჭოგნარის მაცხოვრის ეკლესიის წინამძღვარია.
1929 წელს მამა ნაუმი დაინიშნა ქუთაისის მწვანეყვავილას ეკლესიის წინამძღვრად. ამ ეკლესიაში მსახურობდა იგი 1941 წლამდე, ვიდრე ხელისუფლებამ 1941 წელს ადმინისტრაციული წესით არ დაკეტა იგი. მამა ნაუმს 1942 წელს დიდი უბედურება დაატყდა თავს, დააპატიმრეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა ჯგუფის წევრები, რომელთა მიზანი იყო ბრძოლა საქართველოს საბჭოთა იმპერიის მარწუხებიდან განთავისუფლებისათვის. ამ ჯგუფის აქტიური წევრები; კოტე ჯოგლიძე, კოტე ხიმშიაშვილი და შალვა შავიანიძე (მამა ნაუმის შვილი) დახვრიტეს. დიდი მწუხარების მიუხედავად, მამა ნაუმი სულიერად არ გატეხილა, 1943 წელს იგი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა კალისტრატემ თბილისის სიონის ტაძრის მოძღვრად გადაიყვანა, იმავდროულად იგი ასრულებდა სინოდის მდივნის მოვალეობას.
მამა ნაუმი მონაწილეობდა რუსეთისა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიებს შორის მოლაპარაკებაში, რომელიც 1943 წელს გაიმართა. მოლაპარაკების დამთავრების შემდეგ რუსეთის ეკლესიამ აღიარა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ტერიტორიალური ავტოკეფალია. მამა ნაუმის თბილისში გადასვლა გააპროტესტეს მორწმუნეებმა და უწმიდეს კალისტრატეს სთხოვეს მისი ქუთაისში დაბრუნება. პატრიარქმა ქუთათელ ეპისკოპოს ეფრემს ასეთი შინაარსის წერილი გაუგზავნა: "აცნობეთ მთხოვნელებს, ნაომი ჩემთვის საჭიროა, დროებით მაინც, გთხოვთ ასევე განუმარტოთ მორწმუნეთ, ჯერჯერობით ნაუმს ვერსად ვერ გავუშვებ." (59, 8).
1945 წლის თებერვალში უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი კალისტრატე იმყოფებოდა მოსკოვში რუსეთის პატრიარქის ალექსი I-ის აღსაყდრებაზე მას თან ახლდა სიონის ტაძრის დეკანოზი ნაუმი. ამის შემდეგ იგი არაერთხელ ყოფილა მოსკოვში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის შემადგენლობაში. 1955 წელს ეჩმიაწინში მამა ნაუმი ესწრებოდა ყოველთა სომეხთა პატრიარქ-კათოლიკოსის ვაზგენ I-ის აღსაყდრებას. დახვეწილი ინტელექტუალი, უაღრესად მოწესრიგებული კაცი იყო იგი. უწმიდესი და უნეტარესი კალისტრატე ასე აფასებდა მის ღვაწლს: "თქვენი მოღვაწეობა სიონის ტაძარში თუმცა რამდენიმე წლის ამბავს წარმოადგენს, მაგრამ არ შეიძლება არ აღვნიშნოთ, რომ ეს მანძილი თქვენი დაუცხრომელი შრომისა, ნათლად გვიხატავს ეკლესიის ჭეშმარიტი მსახურებისა და ღვთის საყვარელი მოწაფის სურათს. სიმშვიდე, სიმდაბლე, გულწრფელობა და სიყვარული ღვთისა და ხალხის მიმართ. აი, რას ახორციელებთ თქვენ." (59, 10).
1947 წელს დეკანოზი ნაუმი დაჯილდოვდა მიტრით და დაუბრუნდა ქუთაისის მწვანეყვავილას ეკლესიას. 1956 წლის 3 ივლისს მოულოდნელად გარდაიცვალა ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი გაბრიელი (ჩაჩანიძე). უწმიდესისა და უნეტარესის, მელქისედეკ III-ს ბრძანებით დეკანოზი ნაუმი დაინიშნა ეპარქიის მთავარხუცესად. 1957 წლის 7 იანვარს იგი აკურთხეს ქუთათელ-გაენათელ ეპისკოპოსად. მეუფე ნაუმი წერდა: "ბავშვობიდანვე მქონდა სურვილი გავმხდარიყავი ეკლესიის მსახური, მაგრამ ის კი არასოდეს მიფიქრია, რომ ეპისკოპოსი ვყოფილიყავი, ვინაიდან მღვდელმთავრობა არის დიდი და ძნელი საქმე, და რომ ეპისკოპოსი უნდა იყოს შემკული მრავალგვარი კარგი ღირსებებით, მაგრამ რადგანაც ეს ღმერთმა ინება, მე უღირსი მონა ღვთისა, სავსებით მორჩილებას ვაცხადებ და დიდ მადლობას შევსწირავ უფალსა ღმერთსა ჩვენსა ჩემდამი დიდი მოწყალებისათვის." (59, 111).
1958 წელს მეუფე ნაუმი დაჯილდოვდა ოქროს ჯვრით. მეუფე ნაუმს ურთულეს პირობებში უხდებოდა მღვდელმთავრის ტვირთის ზიდვა. იგი თავის დღიურში წერდა: "ქუთაისში, პეტრე-პავლეს ეკლესიაში, კარგა ხანია დაიწყო შფოთი და ეკლესიისათვის დიდად საზიანო მდგომარეობა... საქმის ნათელსაყოფად ბევრი ფრიად მნიშვნელოვანი საბუთი მოიპოვება. ბევრმა იცის რა მოუვიდა მიტროპოლიტ ეფრემს, ერთი უღირსი დედაკაცი შეუვარდა ღვთისმსახურების დროს და მისი მოკვლა უნდოდა. ღვთის მადლით ის ცოცხალი დარჩა, ასევე მიტროპოლიტ გაბრიელს მსახურების დროს შეუვარდნენ და ჩაქოლავდნენ, საკურთხეველში რომ არ მოესწრო შესვლა. მე კი რამდენი შეურაცხყოფა მომაყენეს უსახელო წერილებით, მუქარით... საშინელ დევნილ და ტანჯულ მდგომარეობაში ვიმყოფები. არ მქონია შესაძლებლობა, რომ დამშვიდებულად შემესრულებინოს წირვა-ლოცვა და ეს როგორი ღვთისმსახურებაა, როდესაც მღვდელმთავარი იმის ფიქრშია, თუ როდის ესვრიან მას ანდა ცივი იარაღით გამოასალმებენ წუთისოფელს?" (59, 12). ეს ჩანაწერები ზუსტად ასახავს XX საუკუნის 50-60-იან წლების რთულ ვითარებას, როდესაც ხელისუფლებისაგან მოსყიდული პირები ცდილობდნენ არასასურველი სასულიერო პირების დაშინებას, ცილისწამებით საზოგადოებისაგან მათ იზოლირებას, მაგრამ მეუფე ნაუმს კარგად ჰქონდა გათავისებული, რომ აუცილებელი იყო სიმშვიდით დაეთმინა ყველაფერი. მეუფე ნაუმის თავმდაბლობა კიდევ უფრო მკაფიოდ წარმოჩნდა 1959 წელს, როდესაც იგი თბილისში დაიბარა უწმიდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მელქისედეკ III-მ და სთხოვა დათანხმებულიყო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრეობას, მაგრამ მეუფე ნაუმმა თავაზიანად მიანიშნა პატრიარქს, რომ მოსაყდრეობისათვის ყველაზე ღირსეული მიტროპოლიტი იყო ეფრემი (სიდამონიძე). მისმა პოზიციამ ბოდბელ დიმიტრისთან (იაშვილი) ერთად გადაწყვიტა მე-10 საეკლესიო კრებაზე მიტროპოლიტ ეფრემის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევის საკითხი. უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ეფრემ II განსაკუთრებული პატივისცემით იყო გამსჭვალული მეუფე ნაუმის მიმართ, 1964 წელს ეპისკოპოსი ნაუმი წმიდა ნინოს ორდენით დაჯილდოვდა, 1967 წელს მას მიტროპოლიტობა ებოძა.
უწმიდესი ეფრემი მიტროპოლიტს ნაუმს წერდა: "შენ ერთს გაქვს უფლება ცოდვების მოკითხვისა და ბედნიერი ვართ, რომ შენ ამას არ აკეთებ, ბედნიერი ვართ, რომ შენ არ იცი ზედმეტის თქმა, ის რაც შენ იცი, რომ გეთქვა, ვინ იცის შეიძლება წარღვნაც მოსულიყო." (59, 73). მიტროპოლიტმა ნაუმმა დიდი შრომა გასწია მოწამეთის მონასტრის მოწესრიგებისათვის, გაიყვანა გზა, ააგო საეპარქიო სახლი, მოაწყო მონასტრის ეზო, წმიდა დავითისა და კონსტანტინეს საძველე. მძიმე ავადმყოფს სიცოცხლის შენარჩუნება შეეძლო თუ გაიკეთებდა ცალი ფეხის ამპუტაციას (განგრენა ჰქონდა), რაზედაც უარი განაცხადა. ღმერთთან სამსჯავროზე ცალი ფეხით როგორ წარვსდგეო. 1969 წლის 3 მარტს იგი გარდაიცვალა ქუთაისში. უწმიდესმა და უნეტარესმა ეფრემ II-მ ასეთი შინაარსის დეპეშა გაგზავნა: "ჩემი უძვირფასესი ნაუმის გარდაცვალების გამო ვერ მოგახსენებთ სამძიმარს, რადგან ყველამ მე უნდა მითხრას სამძიმარი ყველაზე მძიმე დანაკლისით შეწუხებულს." (7, 55). განსვენებულს წესი აუგეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ეფრემ II-მ და ცხუმ-აფხაზეთის ეპისკოპოსმა ილიამ (შიოლაშვილი). მიტროპოლიტი ნაუმი დაიკრძალა ქუთაისში, პეტრე-პავლეს ეკლესიაში.
სერგო ვარდოსანიძე