სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10630

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
წმიდა სინოდი
მიტროპოლიტი ანტონი (ალექსი გიორგაძე) 1866-1918წწ დაბ. ქუთაისი მიტროპოლიტი ანტონი (ალექსი გიორგაძე) 1866-1918წწ დაბ. ქუთაისი

1866-1918 წწ. გარდ. 52 წლის

ბმულის კოპირება

წმიდა სინოდი

გვარი გიორგაძე სია

ქუთაისი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

47       ბეჭდვა

მიტროპოლიტი ანტონი (ალექსი გიორგაძე) 1866-1918წწ დაბ. ქუთაისი

მიტროპოლიტი ანტონი (ერისკაცობაში — ალექსი გიორგაძე; დ. 17 მარტი, 1866, ქუთაისი — გ. 18 სექტემბერი, 1918, ქუთაისი) — ქართველი საეკლესიო და საზოგადო მოღვაწე.


იტროპოლიტი ანტონი (ერისკაცობაში ალექსი ლუკას ძე გიორგაძე) - სასულიერო პირი, მქადაგებელი, პედაგოგი, ღვთისმეტყველების კანდიდატი, საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის ერთ-ერთი შემოქმედი - დაიბადა 1866 წლის 17 მარტს ქუთაისში; 1878-1882 წლებში სწავლობდა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში, 1882-1888 წლებში - თბილისის სასულიერო სემინარიაში; 1889 წლის 12 თებერვალს ხელდასხმულ იქნა დიაკვნად, ხოლო 19 თებერვალს - მღვდლად. სხვადასხვა დროს ქუთაისის სასულიერო სასწავლებლებში ასწავლიდა საღვთო სჯულს, საეკლესიო გალობასა და სხვ.


მამა ალექსი პარალელურად მუშაობდა სასულიერო გამომძიებლად, იმერეთის საეპარქიო საბჭოს წევრად და მისი ერთ-ერთი განყოფილების თავმჯდომარედ; 1903 წლიდან სწავლობდა ჯერ კიევის, ხოლო შემდეგ პეტერბურგის სასულიერო აკადემიაში, პარალელურად ჩაირიცხა საიმპერატორო არქეოლოგიის ინსტიტუტშიც. იყო საიმპერატორო არქეოლოგიური საზოგადოების წევრი; 1905 წელს, პეტერბურგის სასულიერო აკადემიაში სწავლის დროს, გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა მამა ალექსის წერილი, რომელიც ეხება საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენას.


1906 წელს მღვდელი ალექსი აღიკვეცა ბერად და ეწოდა სახელი ანტონი. 1907 წელს მან წარჩინებით დაამთავრა პეტერბურგის სასულიერო აკადემია, სადაც (აწ უკვე მღვდელმონაზონმა) დაიცვა სამაგისტრო ნაშრომი თემაზე: „ქართული მონაზვნობის შესახებ XIII საუკუნემდე“ („Mонашество въ Грузии до начала XIII века“), რის საფუძველზეც მას მიენიჭა ღვთისმეტყველების კანდიდატის ხარისხი. 1907 წლის ივლისიდან იგი მოღვაწეობდა ვიატკის სასულიერო სემინარიაში ინსპექტორის თანამდებობაზე; 1907 წლის 10 ნოემბერს გადაყვანილ იქნა სმოლენსკის სასულიერო სემინარიის ინსპექტორად. 1911 წლის 19 დეკემბერს არქიმანდრიტი ანტონი ეპისკოპოსად გამოარჩიეს; 1912 წლის 15 იანვარს მას გორის ეპისკოპოსად დაასხეს ხელი. იგი დაინიშნა საქართველოს ეგზარქოსის მესამე ქორეპისკოპოსად.


მეუფე ანტონს, როგორც ქორეპისკოპოსს, ხშირად უწევდა საქართველოს ეგზარქოსთან ერთად ღვთისმსახურებაში და, ასევე, მის ნაცვლად სხვადასხვა მნიშვნელოვან ღონისძიებაში მონაწილეობა. ამაზე მეტყველებს სხვადასხვა საარქივო პერიოდიკის მასალები.


მიტროპოლიტ ანტონს ურთიერთობა ჰქონდა ქართველ საზოგადო მოღვაწეებთან. ესენი იყვნენ: ალექსანდრე ცაგარელი, იოსებ იმედაშვილი, სოსიკო მერკვილაძე, თედო სახოკია, პეტრე ბარათაშვილი, იპოლიტე ვართაგავა, გრიგოლ ვეშაპელი, ლელი ჯაფარიძე და სხვ. 1917 წელს იგი იყო რედაქტორი ჟურნალისა „Духовный Вестник Грузинскаго Экзархата“.


მეუფე ანტონი აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენაში. იგი გახლდათ 1917 წლის 12 მარტს განხორციელებული ისტორიული მოვლენის, საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის იდეის ერთ-ერთი ავტორი და განმახორციელებელი.


1917 წლის 8–17 სექტემბერს გამართულ საქართველოს სამოციქულო ეკლესიის პირველ საეკლესიო კრებაზე მეუფე ანტონი ქუთათელ მღვდელმთავრად დაადგინეს, ხოლო 14 ოქტომბერს სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში ეპისკოპოს ანტონს მიტროპოლიტის წოდება მიენიჭა. ძალზე მოკლე, თუმცა, მნიშვნელოვანი და ნაყოფიერი იყო მიტროპოლიტ ანტონის მღვდელმთავრობა ქუთაისის სამიტროპოლიტო კათედრაზე 1917-1918 წლებში. 1917 წლის 5 ოქტომბერს გაზეთი „საქართველო“ წერდა: „დღეს ქუთაისს მიემგზავრება ქუთათელ მიტროპოლიტად ხელდასმული, ყოვლადსამღვდელო ანტონი. უკუღმართ დროს დაქვრივებულს ქუთათურ კათედრას ამიერიდან ეყოლება მამა მწყემსმთავარი, ერის ნებით დასმული და მისთა ზრახვათა მსმენელი...“


საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, კირიონ მეორის მკვლელობიდან სამი თვის შემდეგ, 1918 წლის 18 სექტემბერს, ნაშუადღევს, 1 საათზე, ქუთაისის საეპისკოპოსო სახლში ქუთათელი მიტროპოლიტი ანტონი მოულოდნელად გარდაიცვალა. ერთ-ერთი გავრცელებული ვერსიით, ის მოწამლა ქალიშვილის - ალექსანდრა გიორგაძის ქმარმა, საკუთარმა სიძემ, ანატოლი ნიკოლოზის ძე რიდიგერმა.

მიტროპოლიტ ანტონის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ქუთაისის საეპარქიო საბჭოს სახელზე საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან მოვიდა მრავალრიცხოვანი სამგლოვიარო დეპეშა, რომელთა ავტორები იყვნენ ცნობილი სასულიერო და საერო პირები.


1918 წლის 24 სექტემბერს ქუთათელი მიტროპოლიტი ანტონი ქუთაისის წმ. დავით აღმაშენებლის სახელობის საკათედრო ტაძრის (სობოროს) ინტერიერში დაიკრძალა. აღნიშნული ტაძარი საბოლოოდ ათეისტურმა ხელისუფლებამ დაანგრია 1923-1924 წლებში და დიდი მღვდელმთავრის განსასვენებელიც დაიკარგა.


2 -შემოქმედება

ეპისკოპოსმა ანტონმა 1912 წელს იმოგზაურა ფშავ-ხევსურეთში და შექმნა უნიკალური ნაშრომი „რელიგიურ-ეთნოგრაფიული ნარკვევი ფშავ-თუშეთ-ხევსურეთი“ („Религиозно-этнографический очерк Пшаво-Тушино-Хевсуретий“, 1914 г.), რომელიც რუსულ ენაზე დაიბეჭდა ჟურნალში „Духовный Вестник Грузинскаго Экзархата“ (Тифлис, 1914 г.). მის კალამს ასევე ეკუთვნის მრავალი ქადაგება-მოძღვრება.


ეპისკოპოსი ანტონი თავის ნაშრომში „რელიგიურ-ეთნოგრაფიული ნარკვევი ფშავ-თუშეთ-ხევსურეთი“ წერს: „როდესაც მისი მაღალყოვლადუსამღვდელოესობის, საქართველოს ეგზარქოსის ინოკენტის განკარგულებით შესასრულებლად დამეკისრა ფშავ-ხევსურეთის მრევლის საეპისკოპოსო ვიზიტის მარშრუტი, ამავდროულად კავკასიაში მართლმადიდებელი ქრისტიანობის აღდგენის საზოგადოების საბჭოსაგან პატივი მხვდა - გავაკეთო დასკვნა საეკლესიო, სამრევლო და სასკოლო შენობების მდგომარეობის შესახებ სოფლებში - ბაცალიგო, შატილი, უკანაფშავი, მუცო და ახიელი. ასეთი მაღალი იდეის მატარებელი საზოგადოების წინადადება ჩემთვის მით უფრო ფასეული იყო, რამეთუ დიდი ხანია, თვითონაც მინდოდა ადგილებზე მენახა, თუ რას აკეთებს და კიდევ რისი გაკეთება შეუძლია მართლმადიდებლური ჭეშმარიტების ამ კავკასიურ მნათობს. წარმოვადგენ რა ანგარიშს ჩამოთვლილ სამრევლოთა ნაგებობებისაგან მიღებული შთაბეჭდილებების შესახებ, ამავდროულად მოგმართავთ უმორჩილესი თხოვნით, მოისმინოთ ჩემი დასკვნა იმ ცხოველი ქვენიადაგის შესახებ, რომლის არსებობა წარმოშობს იმ საჭიროებებს, რომელთა დაკმაყოფილების თაობაზეც შუამდგომლობს საზოგადოების საბჭოს წინაშე ფშავ-ხევსურეთის ხუთი სამრევლო“.


ზემოთ დასახელებული ნაშრომის წინასიტყვაობაში ეპისკოპოსი ანტონი აღნიშნავდა: „ჩემი ვიზიტის საგანს წარმოადგენს განსაკუთრებული სამყარო, რომელიც თვით ბუნების მიერაა მოწყვეტილი ჩვენგან...“ იგი, ასევე, წერს: „ბუნებრივია, რომ როდესაც მე, მართლმადიდებელი მღვდელმთავარი, მივემგზავრებოდი მხარეში ეკლესიების, სამრევლოების, სამრევლო საეკლესიო ცხოვრების დასათვალიერებლად, ველოდი, რომ იქ დამხვდებოდა, თუ გულმოდგინებით არა, ჩვევის წყალობით მაინც დამკვიდრებული მართლმადიდებლური სამრევლო წესრიგი. მომიწია, თავიდანვე შემეჩვია თავი აზრისთვის, საეკლესიო ცხოვრების სუსტ, მიძინებულ პულსზე ამ მაღლობებზე, რომლებსაც არასდროს უნახავთ ეპისკოპოსი. მაგრამ იმან, რაც იქ დამხვდა, ჩემდა სამწუხაროდ და გასაოცად, ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ვერ ვნახე ფშავ-ხევსურეთში ვერანაირი საეკლესიო-სამრევლო ცხოვრება, ამ ცნების ყველაზე შემწყნარებლური გაგებითაც კი. იქ არის ტაძრები, არიან მღვდლები, მაგრამ ხალხმა არც ერთნი იცის და არც მეორენი. ქრისტიანული იდეა უცხოა ფშაველისა და ხევსურის გულისა და გონებისათვის...“ ფშავ-ხევსურთა რელიგიურ-სარწმუნოებრივი ცხოვრების შესახებ ეპისკოპოს ანტონის მიერ გაკეთებულმა დასკვნებმა ვაჟა-ფშაველა გაანაწყენა და ამის გამო მან 1914 წელს კრიტიკული წერილიც გამოაქვეყნა.


მეუფე ანტონის თქმით: „ხევსური და ფშაველი ინტენსიური ცხოვრებით ცხოვრობს იმ არამართლმადიდებლური რელიგიური იდეის გარემოში, რომელიც ახლობელი და გასაგებია ამ ბუნების შვილის ველური სულისათვის. მასში გასაოცრად დიდია ზეციური კურთხევის წყურვილი, ზებუნებრივთან ურთიერთობის მოთხოვნილება. ხევსური წლობით ცხოვრობს მღვდლის გარეშე: გინდ ყოფილა ეს უკანასკნელი და გინდ არა, მისთვის სულერთია, მაგრამ „დეკანოზის“ გარეშე ერთი დღეც არ შეუძლია. ეპისკოპოსმა ანტონმა პირადად გაიცნო ე.წ. „დეკანოზები“ და ამხილა ისინი, რის შესახებაც თავად მოგვითხრობს: „იმისთვის, რომ უფრო ახლოს გავცნობოდი ამ ქურუმთა ინსტიტუტს, შევეცადე მენახა „ხევისბერები““.


ეპისკოპოსი ანტონი დაუფარავად საუბრობს და ამხელს ფშავ-ხევსურთა შორის გავრცელებულ რელიგიურ „დოგმებს“ და წერს: „იმაზე, თუ რა კულტურულ გავლენას ახდენს „დეკანოზების“ რელიგიური დოგმა ფშავთა და ხევსურთა ყოფა-ცხოვრებაზე, შეიძლება მეტყველებდეს იქაური ქალების დამცირებული მდგომარეობა. ხევსური ქალი უსაზღვროდ დაბალი არსებაა მამაკაცთან შედარებით. მამაკაცები ზოგჯერ მაინც შემოიხედავენ ხოლმე მართლმადიდებლურ ტაძარში; ქალები კი ეკლესიის გალავანშიც კი არ შემოდიან. ფეხმძიმობისას ქალი უწმინდურად ითვლება. ნაკელისა და ნაგვის გროვაში ითხრება ფიცრებით დაფარული ორმო, შესასვლელად დატოვებული ღიობით. იქ ათავსებენ ქალს მშობიარობის მოახლოებისას. იმ ადგილას საკვებით შესვლაც კი წაბილწვად ითვლება“. საბოლოოდ, მეუფე ანტონმა შემდეგი დასკვნა გამოიტანა: „ჩემ მიერ ნანახის საფუძველზე დავრწმუნდი, რომ ფშავ-ხევსურეთი წარმოადგენს ისეთ ადგილს, სადაც ქრისტიანობა საჭიროებს არა მარტო აღდგენას, არამედ თავიდან დამკვიდრებას; რომ ეს ჩვენგან მოწყვეტილი მხარე ელოდება თავის მოციქულებს“.


მიტროპოლიტ ანტონის (გიორგაძე) ქადაგებები დღემდე საარქივო დოკუმენტებმა და საუკუნის წინანდელმა პრესის გახუნებულმა ფურცლებმა შემოინახეს. ჩვენამდე მოღწეული სიტყვებიდან და ქადაგებებიდან ირკვევა, რომ ისინი წარმოთქმულია რომელიმე საეკლესიო დღესასწაულთან დაკავშირებით, წმინდანთა ხსენების დღეებში („სიტყვა წმიდა აბო თბილელის დღეს“; „მოძღვრება წმიდა იოანე ზედაზნელის და მისთა მოწაფეთა ხსენების დღეს“; „სიტყვა ხელმწიფე იმპერატორის დაბადების დღეს“; „მილოცვა მის უწმინდესობას, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს, კირიონ მეორეს“; „სიტყვა პოეტ იროდიონ ევდოშვილის დასაფლავებაზე“; „სიტყვა კირიონ მეორის გარდაცვალების გამო“ და სხვ.). მიტროპოლიტ ანტონის მიერ წარმოთქმული სიტყვები და ქადაგებები საინტერესოა ჰომილეტიკური, ეგზეგეტიკური თვალსაზრისით, მათში ვხვდებით ეპიზოდებს საქართველოს ეკლესიის შორეული წარსულიდან. ავტორს მოჰყავს საგულისხმო ფაქტები, შედარებები, მაგალითები.


მიტროპოლიტ ანტონის შესახებ მისი თანამედროვე ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ რედაქტორი, იოსებ იმედაშვილი წერდა: „მისი ქადაგების საგანი იყო ჩვენი დაცემული სამშობლოს გამოფხიზლება, ერში მოქალაქეობრივ აზრთა გაღვივება, სამშობლოსათვის თავდადება, ზნეობით ამაღლება, საზოგადოებრივ გრძნობათა აღძრვა და სხვა... ყოველ მოვლენას, ყოველ ზოგად შემთხვევას შესაფერი სიტყვით განმარტავდა, მრევლს შთააგონებდა, მაგრამ ნათქვამის დაბეჭდვა კი არ უყვარდა, ამით თითქო მოკრძალებას იჩენდა... სხვათა შორის, თავისი გაბედულობით და პირდაპირობით, შესანიშნავი იყო მისი სიტყვები აკაკის კუბოს წინაშე, მთაწმიდაში ილიას წლისთავზე და სხვა კირიონ კათალიკოსის კუბოს წინაშე და სხვა“.


დეკანოზმა კალისტრატე ცინცაძემ (შემდგომში კათოლიკოს-პატრიარქი) მიტროპოლიტ ანტონის დაკრძალვის დღეს წარმოთქმულ სიტყვაში მას მჭევრმეტყველი უწოდა: „მეუფეო წმიდაო! მღვდელმთავრები წინადაც გარდაგვცვლია, მაგრამ ასეთი გულწრფელი მწუხარება იშვიათად განგვიცდია... ნუთუ მით მიიქციე ქართველთა ყურადღება, რომ იყავ მჭევრმეტყველი მქადაგებელი? სიყრმის მეგობარო! გაბრიელ ფილოსოფოს-ოქროპირის მომსწრეთ და თანამემამულეთ, განა ვინმე გააკვირვებს ენამზეობით?“


1918 წელს გაზეთი „საქართველო“ წერდა: „ანტონ მიტროპოლიტი ცნობილია, როგორც პრაქტიკული მოღვაწე და პირველხარისხოვანი გომილეტიკი. მცოდნე ქართული ენისა და საეკლესიო და საერო ლიტერატურისა, დაჯილდოებული უხვად ორატორული ნიჭით, მიტროპოლიტი დიდს შთაბეჭდილებას სტოვებდა ქადაგებებით“.


3 -გამოყენებული წყაროები და ლიტერატურა

• ლორთქიფანიძე, ი.: XX საუკუნის საქართველოს ეკლესიის ისტორიიდან - ქუთათელი მიტროპოლიტი ანტონი (გიორგაძე): ცხოვრება და მოღვაწეობა, თბილისი, 2019 წ.


• ლორთქიფანიძე, ი.: მკვლელობა თუ გარდაცვალება?! ქუთათელი მიტროპოლიტი ანტონის (გიორგაძე) გარდაცვალების საკითხისათვის, კრებულში: ინტერდისციპლინური კვლევები ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებებში. ფილოსოფია, ისტორია, ფილოლოგია, ფსიქოლოგია, პოლიტიკური მეცნიერება, რედ.: თ. ირემაძე, გ. ხუროშვილი, თბილისი, 2020 წ., გვ. 57-63.


• საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, კალისტრატე ცინცაძის ფონდი, საქმე №97.


• სრულიად საქართველოს საპატრიარქოს არქივი, აღ. 1. საქმე №192.


• ქუთათელ მიტროპოლიტ ანტონის ბიოგრაფია, ქუთაისში გამგზავრების გამო, გაზეთში: „საქართველო“, №218, 1917 წ.


• Епископ Антоний: Религиозно-этнографический очерк Пшаво-Тушино-Хевсуретий, в: „Духовный Вестник Грузинскаго Экзархата“, Тифлис, №1, 1914 г., ст. 5-10.


• Журналы заседаний Совета Санкт-Петербургской Духовной Академии за 1906-1907 учебный годъ, Санкт-Петербург, 1907 г.

1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთი „Грузия“ იუწყება ქუთაისის მიტროპოლიტ ანტონის გარდაცვალების შესახებ.

1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ გამოქვეყნებულ განცხდებაში იმერეთის ეპარქიის საბჭო იუწყებოდა, რომ ქუთაისის გარდაცვლილი მიტროპოლიტი ანტონის დაკრძალვა 24 სექტემბერს მოხდებოდა.

1897 წელს მღვდელი ანტონ (ალექსი) ლუკას ძე გიორგაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი გახდა.

1917 წლის 17 სექტემბერს საქართველოს საეკლესიო კრებამ ქუთაისის მიტროპოლიტად აირჩია ეპისკოპოსი ანტონ გიორგაძე.

1917 წლის 5 ოქტომბერს ქუთაისში ჩაბრძანდა ქუთათელი მიტროპოლიტი ანტონი.

1918 წლის 17 სექტემბერს, ღამით, ქუთაისში გულის შეტევით გარდაიცვალა ქუთათელი მიტროპოლიტი ანტონი, ერისკაცობაში გიორგაძე.

1918 წლის 24 სექტემბერს ქუთაისში თავისი ბინიდან გამოასვენეს და საკათედრო ტაძარში დაასაფლავეს მიტროპოლიტი ანტონი.


მიტროპოლიტი ანტონი (გიორგაძე) 1866-1918წწ  XVIII - XX საუკუნეში მოღვაწე სასულიერთ პირთა ცხოვრება მოღვაწეობა ავტ. გიორგი მაჩურიშვილი, ლურსაბ ტოგონიძე 


მიტროპოლიტი ანტონი· ერისკაცობაში – ალექსი ლუკას ძე გიორგაძე. 1866 წლის 17 მარტს იმერეთში, ქ.ქუთაისში მედავითნის 
ოჯახში დაიბადა. მამამისი, მედავითნე ლუკა, ადრე გარლაიცვალა და პატარა ალექსი დედაშ, ნატალიამ ქუთაისის სასულიერო სასწავლებილში მიაბარა, 
სადაც 1878-1882 წლებში სწავლობდა· 1882 წელს კი თბილისის სასულიერო სემინარიაში ჩააბარა, რომელიც 1888 წელს 
პირველი ხარისხის ღიპლომით დაამთავრა. აღსანიშნავია„ რომ ობლად დარჩენილ  ალექსის ორივე სასწავლებელში იმერეთის ეპისკოპოსი 
გაბრიელი (ქიქოძე) პატრონობდა და სწავლის ქირასაც უოხდიდა. 
სასწავლებლის დასრულების შემდეგ. 1888 წელს, ალექსი ქუთაისში დაბრუნდა და დაოჯახდა. ჰყავდა სამი ასული. 
1889 წლის 12 თებერვალს ეპისკოპოსმა გაბრიელმა დიაკვნად, ერთი კვირის შემდეგ კი მღვდლად დაასხა ხელი და 
ქუთაისის მთავარანგელოზთა სახელობის სასაფლაოს ეკლესიის მღვდელმსახურად დანიშნა. ამავე წლის 25 ივნისს ქუთაისის ქალთა 
სასწავლებელში არსებული ეკლესიის წინამძღვრად გადაიყვანეს და 1 სექტეშბერს საღვთო სჯულის მასწავლებლად დაინიშნა. 
1889 წლის 2 ნოემბერს ქუთაისის საასულიერო სასწავლებელში სლავური საეკლესიო გალობის მასწავლებლობაც დაევალა.
1892 წლის იანვარში გაბრიელ ეპისკოპოსმა საგვერდულით დააჯილდოვა. 1892 წლის 12 თებერვალს ქუთაისის 
გვ265
მთავარანგელოზთა სახელობის სასაფლაოს ეკლესიის წინამძღვრად დაადგინეს. 
ამავე წლის 6 ოქტომბერს ქუთაისის წმინდა ნინოს სახელობის ქალთა გიმნაზიაში არსებული ეკლესიის წინამძღვრად და საღვთო სჯულის პედაგოგად განამწესეს. 
1893 წლის 9 დეკემბერს გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის ქალთა ეპარქიალურ სასწავლებელში გალობის მასწავლებლად დაინიშნა, გარდა ამისა. მამა ალექსი მუშაობდა 
სასულიერო გამომძიებლად, იმერეთის საეპარქიო საბჭოს წევრად და ამავე საბჭოს განყოფილების თავმჯდომარედ. 
1896 წლის 6 მაისს სკუფიით დაჯილდოვდა, ხოლო 1900 წლის 15 მაისს კამილავკა უბოძეს· 
1903 წელს, მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, მამა ალექსიმ კიევის სასულიერო აკადემიაში ჩააბარა. 
1904 წლიდან სწავლა პეტერბურგის სასულიერო აკადემიაში განაგრძო და პარალელურად საიმპერატორო არქეოლოგიის ინსტიტუტშიც ჩააბარა. 
1906 წელს, სწავლის პერიოდში, ბერად აღიკვეცა და სახელად ანტონი უწოდეს· 
1907 წელს წარჩინებით დაამთავრა აკადემია და ღვთისმეტყველების კანდიდატის ხარისხი მიენიჭა. 
აკადემიის დასრულებისთანავე მღვდელ-მონაზონი ანტონი საქართველოში დაბრუნებას აპირებდა, მაგრამ მაშინდელი ეგზაქროსი ნიკონის (სოფისკი) კურთხევით გაიგზავნა 
ქ. ვიატკაში, სადაც 1907 წლის 26 ივლისს სასულიერო სემინარიის ინსპექტორად დაინიშნა· ამ დროს ვიატკაში მრავალი გადასახლებული ქართველი ცხოვრობდა, 
რომელთაც მამა ანტონი არა მარტო სულიერად, ფულითა და სასმელ–საჭმელითაც ეხმარებოდა. იგი 
ხშირად დადიოდა ვიატკის სატუსაღოში დაპატიმრებულ თანამემამულეებთან და სულიერად ამხნევებდა, ანუგეშებდა მათ. 
1907 წლის 10 ნოემბერს მამა ანტონი გადაიყვანეს სმოლენსკის სასულიერო სემინარიის ინსპექტორად, სადაც დროგამოშვებით  რექტორის მოვალეობასაც ასროლებდა. 
1909 წლის 6 მაისს საეკერდე ოქროს ჯვრით დაჯილდოვდა. 
1910 წლის 30 იანვარს, წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით, მამა ანტონი დავით გარეჯის წმინდა იოანე ნათლისმცემლის
გვ266 

სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვრად დაინიშნა. ამავე  წლის 17 თებერვალს სმოლენსკის ეპისკოპოსმა თეოდოსიმ (ფეოდოსიევი) არქიმანდრიტის 
წოდება მიანიჭა· როგორც კი იქაური საქმეები მოაწესრიგა სამშობლოს მონატრებული მოძღვარი მეორე ღღესვე საქართველოსკენ გამოემგზავრა· 
ამავე წლის 24 თუბერვალს დაევალა ქართლ-კახეთის მონასტრების მთავარხუცესობა. 
1910 წლის 7 ივნისიდან 7 დეკემბრამდე დროებით შეუთავსეს რუსული მონასტრების და ქვათახევის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის 
მონასტრის წინამძღვრობა. 
1911 წლის 7 ივნისს თბილისის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვრად გადაიყვანეს. ამავე წლის 19 დეკემბერს წმინდა სინოდმა 
გორის ეპარქიის მღვდელმთავრად გამოარჩია. 
1912 წლის 15 იანვარს სანკ-პეტერბურგის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საკათედრო ტაძრის წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობის 
ლავრაში ეპისკოპოსად დაასხეს ხელი და საქართველოს ეგზარქოსის მესამე ქორეპისკოპოსად დანიშნეს. 
1912 წლის 26 იანვარს საქართველო-იმერეთის სინოდალური კანტორის წევრად აირჩიეს. 
1914 წლის 6 მაისს წმინდა ვლადიმერის III ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა. ამავე წელს სვეტიცხოვლის საკათეღრო ტაძრის რესტავრაციის კომიტეტისა და 
საეკლესიო მუზეუმის წევრად აირჩიეს. 
1916 წლის 24 მარტს საქართველოს ეგზარქოსის მეორე ქორეპისკოპოსად დაინიშნა. 
1916 წლის 7 აპრილს წმინდა ანას I ხარისხის ორდენი ეწყალობა.
გვ267 
ცნობილი საზოგადო მოღვაწე და მწერალი ზაქარია ჭიჭინაძე მის შესახებ წერდა: „ყოვლადსამღვდელო, როგორც ქართველი მღვდელმთავარი, 
უმეტესად რჩება ქართველად და სადაც რიგია, იგი ქართულადაც ასრულებს წირვა-ლოცვას, ამას გარდა, მხურვალე თანამდევრია ქართველი ერის ცხოვრების, მათმა  
მეუფებამ იცის შესაფერი სიტყვების წარმოთქმა, ამას გარდა, პატივს სცემს მრევლში ყველას, დახმარება შეუძლო მოწაფეთა, 
ერთ სასწავლებელში ყოვლადსამღვდელოს სტიპენდიაც აქვს დაარსებული. ერთ დროს ჩვენს წერა-კითხვის სამმართველოსაც შესწირა თავის წვლილი და ბევრსაც 
სხვა კეთილ საქმეებს ასრულებს თავის წინაშე, რომელთა მოთვლა აქ შეუძლებელია. ყოველივე ასე სასიკეთო მოქმედებასთან ერთად, იგი გახლავთ 
ქართული მწიგნობარიც და საქართველოს ისტორიის მოყვარე და ქართველ მწერლობასაც გულმხურვალედ ადევნებს თვალ-ყურს“.
როგორც ამ დახასიათებიდან ირკვევა, ეპისკოპოსი ანტონი, საეკლესიო საქმეების გარდა აქტიურად იყო ჩართული ქვეყანაში მიმდინარე ეროვნულ პროცესებში. 
მას მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა იმჟამინდელი ინტელიგენციის წარმომადგენლებთან, მწერლებთან, საზოგადო და პოლიტიკურ მოღვაწეებთან.
ესწრებოდა კულტურულ და საზოგადოებრივ შეკრებებს. 1916 წლის 8 მაისს, პოეტ იროდიონ ევდოშვილის (ხოსიტაშვილი) დასაფლავებაზე,
დიდუბის პანთეონში, წარმოთქმულ ქადაგებაში თავის გულისტკივილს იგი ასე გადმოსცემდა:
„მსწრაფლ მავალი ვარსკვლავივით ჩვენი სამშობლო სიტყვის და აზრის სულიერ ცის სახედავიდგან, შენც მოსწყდი, ჩვენო ძვირფასო იროდიონ! 
შემოდგომის ფოთოლივით, სამწუხაროდ, დამჭკნარი, უეცრად ჩამოვარდი ჩვენი ქვეყნის ცხოვრების ხიდან! როდის, როდის გათავდება ეს ძვირფასნი დანაკარგნი! 
სიბნელე ჩუმად, ქურდულად გვეპარება; ჩვენი ქვეყნის ვარსკვლავნი ერთი მეორეზედ ბნელდებიან, ავდრიანი შემოდგომა მოგორავს, გვიახლოვდება; ცივი 
ზამთარი თვალებში ჩაგვცქერის. იქ, სისხლით მორწყულ ბრძოლის ველზედ, ჩვენი ქვეყანა საუკეთესო, გაფურჩქვნილ ძალებს 
გვ268

მსხვერპლად სწირავს ამ უბედურ მსოფლიო ომს, აქ კი ერთი მეორეზე ჩადიან სამარეში სილამაზენი ჩვენი სამშობლო აზრისა, 
გრძნობისა და სიტყვისა. დიდი, დიდი სასჯელია, ძნელი გადასატანია ერისთვის ასეთი საუკეთესო, ძვირფასი ძალების დაკარგვა! 
შენ კი დაგვეკარგე, ჩვენო ძვირფასო იროდიონ, მაგრამ ვის დაუტოვე შენი ტკბილხმოვანი ჩანგი? თუ მაგ ოთხ ფიცარში 
მიგაქვს, რომ ჩაიტანო ცივ სამარეში? რა ჰქნას შენმა სამშობლომ, როდესაც ვეღარ გაიგონებს შენს სიმღერას? შენ გიყვარდა შენი ქვეყანა უსაზღვრო სიყვარულით, 
შენ აღტაცებით უმღეროდი მას შენ მადლ-მოფენილ ჩანგზე. შენ განვლე მთელი შენი ერის ბუნება და მიაღწიე მის სულიერ წმიდა წმიდათამდე, 
შენ კარგად გქონდა გათვალისწინებული, შეგნებული შენი ქვეყნის როგორც სიხარული, ისე მისი მძიმე ტანჯვა-წვალება. 
ეხლა დაგვრჩა ერთადერთი იმედი, ვიაროთ ხალხმა სიყვარულით გათელილ ბილიკით შენ მიერ ამართულ ხელთუქმნელ 
გვ269
ძეგლთან. შენი უკვდავი ქმნილება, – აი ჩვენი ნუგეში, აი შენი ანდერძი, შენი უკანასკნელი სიკვდილის წინა სურვილი. 
მაშ, განისვენე ტკბილად, დარწმუნებული, რომ ჩვენ არ დავივიწყებთ შენს წმინდა მცნებას. მოისვენე, იცოდე რა, რომ შენ: 
მიერ ერთა ხნულში დათესილი მარცვლები სილამაზისა, კეთილისა და საუკუნოისა გამოიღებენ მშვენიერ ნაყოფს. ჩვენ არ 
დავივიწყებთ შენს წმინდა მცნებას, არ გადაუხვევთ შენ მიერ გათელილ გზას, რომ არ დავამძიმოთ შენი წმინდა საფლავი. 
რადგან, ბატონებო, ჩვენი წმინდა სარწმუნოების სწავლით არ არს კაცი, რომელი სცხონდეს და არა სცოდოს. შევევედროთ 
უფალს, რომ მან მიუტევოს ჩვენს ძვირფას მიცვალებულს შეცოდებანი მისნი და საუკუნოდ ჰყოს ხსენება მისი, ამინ“. 
ეპისკოპოსი ანტონი, სხვა ქართველ სასულიერო პირებთან ერთად, აქტიურად იყო ჩაბმული საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის მოძრაობაში. 
ამ საკითხთან დაკავშირებით, 1917 წლის ზაფხულში საქართველოს ეკლესიის დროებითმა 
მმართველობამ იგი დეკანოზ კალისტრატე ცინცაძესთან (დედაქალაქში ჩასულ ამ დელეგაციას რუსეთში მყოფი არქიმანდრიტი ამბროსი ხელაია შეუერთდა) ერთად 
მოლაპარაკებებზე გააგზავნა სანკტ-პეტერბურგში დროებით მთავრობასთან საქართველოს ეკლესიის დებულებათა დასამტკიცებლად. 
1917 წლის 8-17 სექტემბრის საქართველოს სამოციქულო ეკლესიის პირველ საეკლესიო კრებაზე მეუფე ანტონი ქუთათელ 
ეპისკოპოსად გამოარჩიეს. 
1917 წლის 14 ოქტომბერს სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში მიტროპოლიტის წოდება მიენიჭა· 
1917 წლის 17 ოქტომბერს მიტროპოლიტი ანტონი ქუთაისის ეპარქიაში ჩავიდა. რიონის სადგურზე მას დახვდა დიდძალი 
სამღვდელოება და საზოგადოების წარმომადგენელნი. თბილისიდან თან ჩამოჰყვნენ: გრიგოლ ვეშაპელი. ლელი ჯაფარიძე 
და საკათალიკოსო საბჭოს წევრი პ. ბართაშვილი. სადგურზე ასევე მოვიდა ქუთაისის გუბერნიის კომისარი გრ. გიორგაძე, 
რომელმაც ავტომობილი მიართვა მეუფეს. გუბერნიის კომისარ
გვ270

მა სიტყვით მიმართა მიტროპოლიტს. სადგურიდან ყველანი ერთად გაეშურნენ საკათედრო ტაძრისაკენ. მცირე პარაკლისის
გადახდის შემდეგ მიტროპოლიტს სიტყვცით მიმართა დეკანოზმა იოსებ ჭეიშვილმა. შემდეგ სიტყვა წარმოთქვა თვით მეუფე ანტონმა.
საკათედრო ტაძრიდან იგი სამღვდელმთავრო რეზიდენციაში წაბრძანდა.
ცნობილი სასულიერო მოღვაწე,  მგალობელი და ტიპიკონის საუკეთესო მცოდნე, მღვდელი რაჟდენ ხუნდაძე თავის წერილში
ასე აღწერს ამ სასიხარულო მოვლენას:
„მთელმა საქართველომ იდღესასწაულა პირველ ოქტომბერს განუსაზღვრელის აღტაცებულის სიხარულით სრულიად 
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევა. უძველესმა მცხეთის ტაძარმა კვლავ იხილა 117 წლის შემდეგ მისი გა
გვ271
ნახლება, მისი დიდების აღდგენა, რომელიც მას უღვთო ტლანქმა ძალამ წაართვა. დღეს კი დასავლეთ საქართველო, კერძოდ 
კი, ქუთაისი განიცდის უაღრეს სიხარულს. დღეს ქუთაისი ეგებება თავის საყვარელ მღვდელმთავრის, მაღალყოვლადუსამღვდელოესს, 
ქუთათელ მიტროპოლიტს. ეს სახელი ქუთაისთან შესისხლხორცებული იყო ამ ასი წლის წინეთ. დღეს კი ჩვენს
ყურს უცხოდ ეჩვენება. 117 წელია მას შემდეგ, რაც უწყალო, უსამართლო, უღვთო მსაჯულმა ქუთათელი მიტროპოლიტი ფეხ-შიშველი და თავშიშველი თავის 
სახლიდან გაათრია და რუსეთში წაიყვანა, რომელმაც გაჭირვებას ვერ გაუძლო და გზაში გარდაიცვალა. აი, სწორედ ამ დროს ახადეს ჩვენს საშოციქულო
ქრისტეს ეკლესიას წმინდა მსოფლიო კრებისაგან მინიჭებული. 
უფლება და უფლებამოსილი, უუფლებო რუსის ეკლესიას დაუმორჩილეს. ბატონ-პატრონად მას მიუჩინეს რუსის სინოდი, 
რომელმაც ის „სიწმინდე“ და მზრუნველობა გამოუჩინა, რომ 150 მილიონის შემოსავლიანი მამულები წაართვა, შინაგანი 
ეკლესიის სიმდიდრე, ფასდაუდებელი თვალ-მარგალიტები გაზიდა. 
ქართველ მეფეთაგან შემკობილ ხატებს აუარებელი ძვირფასი ალმასები ააცალა, ქართული წიგნები გამოყარა და შიგ სლავიანური შემოზიდა. 
„ღმერთო, ღმერთოს“ მაგიერ „ბოჟე, ბოჟე“ გვაძახა, მღვდლები ჩინოვნიკებად გადააქცია, მრევლი და მოძღვარი ერთი მეორეს შეაძულა და გადაკიდა. 
ყველა ამას და მრავალ სხვა უბედურებას დღეს ქართველი ერი შხამ-ნაღველით იგონებს და ისტორიის შხამიან ფურცლებს 
აბარებს, დაკარგულ დიდებას იბრუნებს, გონებას სცილდება და თავისუფალ ხანაში გადადის და რა გასაკვირველია, რომ დღეს 
ქუთაისი სულითა და გულით ამას დღესასწაულობს? ჩვენ მარტო ის კი არ გვახარებს, რომ ქუთათელ-მიტროპოლიტობა განახლდა. 
ჩვენი სიხარული ის არის, რომ ჩვენი საყვარელი მიტროპოლიტი ანტონი თავისი მეთაურობით ჩვენს 
ეკლესიას დაუბრუნებს იმ ქართველურ ელფერს, რაც წინეთ ჰქონდა, სანამ მას არ გადააგვარებდნენ და გადააუკუღმართებდ
გვ272
ნენ. ვიმედოვნებთ, მათი მეუფება იქნება მტკიცედ ძლიერი დარაჯი მისდამი ღვთივმონიჭებული სამწყსოისა. 
სიხარულს კვლავ გვიასკეცებს ის, რომ ამ ჩვენი ეკლესიის თავისუფლებას მოჰყვება მთელი საქართველოს თავისუფლება, 
სრული ბედნიერება და მაშინ, მხოლოდ მაშინ იდღესასწაულებს სრულის გამარჯვებით მთელი საქართველო ბრწყინვალე აღდგომას“. 
ქუთათელი მიტროპოლიტი ანტონი 1918 წლის 18 სექტემბერს უეცრად გარდაიცვალა. როგორც სამედიცინო დასკვნამ აჩვენა, 
იგი მოწამლეს საჭმელში ვერცხლისწყლის შერევით. ამ საქმის ჩადენას აბრალებდნენ მის სიძეს, გვარად რედიგერს.   
მეუფე ანტონი დიდი პატივით დაკრძალეს ქუთაისის წმინდა დავით აღმაშენებლის სახელობის საკათედრო ტაძარში,
რომელიც 1924 წელს კომუნისტებმა დაანგრიეს და სამწუხაროდ, მისი საფლავიც დღემდე დაკარგულად ითვლება.











კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 05.10.2022
ბოლო რედაქტირება 06.02.2024
სულ რედაქტირებულია 4





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0