ჩამავალი მზის სხივები მკრთალად ანათებს ქარხნის დაცარიელებულ ტერიტორიას. ირგვლივ ყველაფერი გადათხრილი და დანგრეულია. ჰაერში დენთის სუნი ტრიალებს. ადრეული შემოდგომის აქა-იქ შემორჩენილ ბალახს შავი ლაქები დამჩნევია - ეს სისხლია, იმ ქართველთა სისხლი, რომლებმაც ბოლომდე უერთგულეს მშობლიურ ქალაქს და მის დაცვას შეეწირნენ.
ქარხნის შენობის გადარჩენილი ნაწილიდან ველური ბაკქანალიის ხმები ისმის - სისხლით მთვრალი ბარბაროსები გამარჯვებას ზეიმობენ. ბაბილონის გოდოლივით აღრეულა ენები ერთმანეთში - რუსული, აფხაზური, სომხური, ჩეჩნური და ვინ იცის, კიდევ რომელი...
ეზოში ფრთხილად შედის კაფანდარა მოხუცი. მართალია, წლებს თავისი დაღი დაუმჩნევია მისი სახისათვის - თმები გასთეთრებია, ნაოჭებით დაღარვია ყვრიმალები, მაგრამ მზერა კვლავ ძველებური შერჩენია - მკაცრი და ყოვლისმწვდომი. ამ მოხუცს მთელი სოხუმი იცნობს - დიდი სამამულო ომის ვეტერანი, მრავალი საზღვაო ბრძოლის მონაწილე და გმირი, გერმანული ენის საუკეთესო სპეციალისტია, რომელმაც მთელი ცხოვრება მართალი კაცის ცხოვრებით იცხოვრა, ხანდაზმულობაში კი სამხედრო საქმეს ასწავლიდა ახალგაზრდებს.
უამრავმა მოსწავლემ გაიარა მის ხელში, რომლებიც დიდი ინტერესითა და ბავშვური სულსწრაფობით ხსნიდნენ და აწყობდნენ სასწავლო ავტომატებსა და ხელყუმბარებს. მაშინ მათ არ იცოდნენ, რა იყო ომი, კინოფილმებიდან კი ყველაფერი ისე რომანტიკული ჩანდა...
დღეს ბევრი მათგანი უკვე აღარ არის...
ფრთხილად მიიპარება მოხუცი შენობისაკენ. ერთადერთი ხელყუმბარა უდევს ჯიბეში, მეტი არაფერი შემორჩა.
თუმცა ეს ომი სულ არ ჰგავს იმ დიდ ომს, რომელიც მან ახალგაზრდობაში გადაიხადა - არცერთ კანონს არ ემორჩილება, მაგრამ ძველი, გამოცდილი მებრძოლის ალღო ჯერ კიდევ არ განელებია.
ჩუმად შემოუარა კუთხეს და დამეხილივით შედგა - მისი ყოვლისმნახველი მზერაც კი შეძრა სურათმა, რომელიც იხილა:
სასწაულით გადარჩენილ ხეზე ფეხით ეკიდა შეურაცხყოფილი, თვალებდათხრილი, ხელებმოკვეთილი გვამი, რომელსაც მკერდზე ქაღალდი ჰქონდა მიკრული სისხლიანი, ოკრობოკრო წარწერით:
„Продается грузинское мясо“.
ასეთი რამ იმ ომშიც არ ენახა მოხუცს. გაშეშდა. ბოღმა მოაწვა ყელში, ცეცხლმა დაუშანთა მთელი სხეული. მერე აკანკალებული ხელი ერთადერთ იმედს მოუჭირა და შესასვლელს მიაშურა.
მთვრალი „ბოევიკების“ ღრიანცელში არავის გაუგია მისი შესვლა, მხოლოდ მაშინ შეამჩნიეს, როცა ერთად შეკრებილებს მიუახლოვდა. მაშინვე ავტომატი მოუღერეს, მაგრამ უკვე გვიანი იყო...
აფეთქების ტალღამ შეძრა ოთახი...
მებრძოლის უკანასკნელი ვალიც პირნათლად მოიხადა მოხუცმა.