სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10526

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
წმიდანები
წმიდა მიხეილ-მიქაელ ყულოშვილი 1842-1918წწ.  მღვდელი ხსენება 05 ივლისი დაბ. სოფ. კაკი, კახი, საინგილო. წმიდა მიხეილ-მიქაელ ყულოშვილი 1842-1918წწ.  მღვდელი ხსენება 05 ივლისი დაბ. სოფ. კაკი, კახი, საინგილო.

1845-1917 წწ. გარდ. 72 წლის

ბმულის კოპირება

წმიდანები

გვარი ყულოშვილი სია

კახი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

39       ბეჭდვა

წმიდა მიხეილ-მიქაელ ყულოშვილი 1842-1918წწ. მღვდელი ხსენება 05 ივლისი დაბ. სოფ. კაკი, კახი, საინგილო.

მიხეილ ყულოშვილი 1845-1917წწ


დაბადების ადგილია: სოფელი კაკი, საინგილო (თანამედროვე აზერბაიჯანის კახის რაიონი, სოფ. კახი).


მიხეილის მამა მუსლიმი იყო, მაგრამ ყულოშვილების ოჯახში ქრისტიანული ტრადიციები მაინც ინახებოდა. 1854 წლის 17 აგვისტოს მიხეილი მართლმადიდებლურად მოინათლა. იგი ფლობდა რუსულ, თათრულ, სომხურ და უდინურ ენებს. მან ქართული წერა-კითხვა, წმიდა წერილი, გალობა და საეკლესიო ტიპიკონი ზაქათალის ოლქის მთავარხუცესთან, მღვდელ სვიმონ ბეგიაშვილთან შეისწავლა. 1858 წელეს ჰერეთში მისი თაოსნობით გაიხსნა პირველი ქართული სამრევლო-საეკლესიო ორკლასიანი სკოლა‚ სადაც ადგილობრივ ბავშვებს ქართულ წერა-კითხვას უსასყიდლოდ ასწავლიდა; ზეპირად იცოდა "ვეფხსიტყაოსანიც"; მიქაელის საეკლესიო მსახურება 1860 წლის 19 სექტემბერს ბელაქანის ყოვლადწმიდა სამების სახელობის ეკლესიაში უშტატო მედავითნეობით დაიწყო; 1866 წელს დიაკვნად აკურთხეს და კახის წმიდა გიორგის სახელობის ეკლესიაში დაინიშნა; 1870 წელს მღვდლად დაასხეს ხელი და ვართაშენის წმიდა ალექსანდრე ნეველის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დადგინდა; სასულიერო მოღვაწეობას ეწეოდა რამდენიმე ეკლესიაში და ასწავლიდა საღვთო სჯულს სამრევლო-საეკლესიო სკოლებში; 1888-1904წწ. აქტიურად მონაწილეობდა ქურმუხის ტაძრის აღდგენის საქმეში; XIX საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს სწორედ მისი თაოსნობით დაიწყო ამ ტაძრის აღდგენის მიზნით ფულის შეგროვება; 1892 წელს მამა მიქაელი თასმალოს წმიდა თომა მოციქულის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დადგინდა; ეკლესია კახიდან 15 კილომეტრის მოშორებით მდებარეობდა. სოფელი მუსლიმანებით იყო გარშემორტყმული და ადგილობრივი ქართველი მოსახლეობა ძლიერ დისკრიმინაციას განიცდიდა. მამა მიქაელი თასმალოში ერთხელ ან ორჯერ ჩადიოდა და მოღვაწეობაც რთულ პირობებში უწევდა. კარგად იცოდა ყურანი და მოლებთან პაექრობაში, უპირატესობით გამოირჩეოდა. მისი საუბრების შედეგად მართლმადიდებლურად ბევრი ინათლებოდა და რამდენიმე ოჯახიც მოექცა.1917 წლის რუსეთის ოქტომბრის რევოლუციისა და ჰერეთში პოლიტიკური მდგომარეობის დაძაბვის შემდეგ, საქართველოს წარმომადგენლებმა შიშის გამო ზაქათალის ოლქი მიატოვეს და საქართველოსთან ყველანაირი კავშირი შეწყდა. იმ დროს მუსავატების მოძრაობა იყო, ისინი დიდი აგრესიულობით გამოირჩეოდნენ, ხალხს თავის რაზმებში ჩაწერას აიძულებდნენ, ამოწყვიტეს სომხური სოფლები… როცა ჰერეთის ჯერი დადგა, ბევრმა მაცხოვრებელმა თავს გაქცევით უშველა… საფრთხის ქვეშ იდგა მღვდელი მიქაელის სოცოცხლეც, რომელმაც ქრისტიანობის უარყოფასა და მუსლიმანობის მიღებაზე მასთან მისულ მრჩევლებს კატეგორიულად მოსთხოვა, მეორედ ამისთვის აღარ მისულიყვნენ. 1917 წლის 1-ელ ნოემბერს იგი სარწმუნოებრივ ნიადაგზე აწამეს და მოკლეს. 2012 წელს საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ მიხეილ ყულოშვილი წმინდანად შერაცხა.

წყარო: კახეთის გამოჩენილი ადამიანები/ოთარ ნაცარაშვილი.-თბ.,2001.-გვ.726 



მღვდელ მიქაელს მოლები და მუსავატები ემტერებოდნენ. 1918 წელს იგი წამებით მოკლეს.

2012 წლის 5 ივლისს საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის წმიდა სინოდის სხდომაზე ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპისკოპოს მელქისედეკის (ხაჩიძე) წარდგინებით, მღვდელი მიქაელ ყულოშვილიწმიდანად შეირაცხა ჰერეთში მოღვაწე, რწმენისთვის თავდადებული მღვდელი, მიხეილ-მიქაელ ყულოშვილი (1842-1918 წწ.). მისი ხსენების დღედ 5 ივლისი დადგინდა.


მღვდელი მიქაელ ყულოშვილი 1842 წელს საინგილოში, სოფელ კაკში (თანამედროვე აზერბაიჯანი) დაიბადა. მამამისს ერქვა რაფაელი, ხოლო დედას – საბედო. მართალია, მიხეილის მამა მუსლიმი იყო, მაგრამ ყულოშვილების ოჯახში ქრისტიანული ტრადიციები მაინც ინახებოდა. 1854 წლის 17 აგვისტოს მიხეილი მართლმადიდებლურად მოინათლა. იგი ფლობდა რუსულ, თათრულ, სომხურ და უდინურ ენებს. მან ქართული წერა-კითხვა, წმიდა წერილი, გალობა და საეკლესიო ტიპიკონი ზაქათალის ოლქის მთავარხუცესთან, მღვდელ სვიმონ ბეგიაშვილთან შეისწავლა. 1858 წელეს ჰერეთში მისი თაოსნობით გაიხსნა პირველი ქართული სამრევლო-საეკლესიო ორკლასიანი სკოლა‚ სადაც ადგილობრივ ბავშვებს ქართულ წერა-კითხვას უსასყიდლოდ ასწავლიდა. მან ზეპირად იცოდა “ვეფხსიტყაოსანიც.”



მიქაელის საეკლესიო მსახურება 1860 წლის 19 სექტემბერს ბელაქანის ყოვლადწმიდა სამების სახელობის ეკლესიაში უშტატო მედავითნეობით დაიწყო. 1866 წლის 20 ნოემბერს‚ მღვდელ პეტრე კონჭოშვილის წარდგენით დიაკვნად აკურთხეს და კახის წმიდა გიორგის სახელობის ეკლესიაში დაინიშნა. 1870 წლის 11 იანვარს საქართველოს ეგზარქოსმა ევსევიმ (ილინსკი) მიხეილ ყულოშვილს მღვდლად დაასხა ხელი და ვართაშენის წმიდა ალექსანდრე ნეველის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დადგინდა.

მღვდელი მიქაელი სასულიერო მოღვაწეობას ეწეოდა რამდენიმე ეკლესიაში და ასწავლიდა საღვთო სჯულს სამრევლო-საეკლესიო სკოლებში.


1888-1904 წლებში წმიდანი აქტიურად მონაწილეობდა ქურმუხის ტაძრის აღდგენის საქმეში. XIX საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს სწორედ მისი თაოსნობით დაიწყო ამ ტაძრის აღდგენის მიზნით ფულის შეგროვება. 1892 წელს მამა მიქაელი თასმალოს წმიდა თომა მოციქულის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დადგინდა (1894 წლის 9 ოქტომბერს ტაძარი საზეიმოდ იკურთხა). ეკლესია კახიდან 15 კილომეტრის მოშორებით მდებარეობდა. მღვდელი მიქაელ ყულოშვილისოფელი მუსლიმანებით გახლდათ გარშემორტყმული და ადგილობრივი ქართველი მოსახლეობა ძლიერ დისკრიმინაციას განიცდიდა. მამა მიქაელი თასმალოში ერთხელ ან ორჯერ ჩადიოდა და მოღვაწეობაც რთულ პირობებში უწევდა. მამა მიხეილმა კარგად იცოდა ყურანი და მოლებთან პაექრობაში, უპირატესობით გამოირჩეოდა. მისი საუბრების შედეგად მართლმადიდებლურად ბევრი ინათლებოდა და რამდენიმე ოჯახიც მოექცა.


1917 წლის რუსეთის ოქტომბრის რევოლუციისა და ჰერეთში პოლიტიკური მდგომარეობის დაძაბვის შემდეგ, საქართველოს წარმომადგენლებმა შიშის გამო ზაქათალის ოლქი მიატოვეს და საქართველოსთან ყველანაირი კავშირი შეწყდა. იმ დროს მუსავატების მოძრაობა იყო, ისინი დიდი აგრესიულობით გამოირჩეოდნენ, ხალხს თავის რაზმებში ჩაწერას აიძულებდნენ, ამოწყვიტეს სომხური სოფლები… როცა ჰერეთის ჯერი დადგა, ბევრმა მაცხოვრებელმა თავს გაქცევით უშველა… საფრთხის ქვეშ იდგა მღვდელი მიქაელის სოცოცხლეც, რომელმაც ქრისტიანობის უარყოფასა და მუსლიმანობის მიღებაზე მასთან მისულ მრჩევლებს კატეგორიულად მოსთხოვა, მეორედ ამისთვის აღარ მისულიყვნენ.


მუსავატთა მუქარის მიუხედავად, მამა მიხეილი ყოველდღე უშიშრად დადიოდა სოფელ მარსანსა და თასმალოში, სადაც წირვა-ლოცვას აღავლენდა. 1917 წლის 1-ელ ნოემბერს მამა მიხეილი სამრევლოში ჩავიდა. წირვის დამთავრების შემდეგ სახლისკენ გაემართა. მას გზად სოფელი მარსანი უნდა გაევლო. სოფლის ხიდთან კაცი შემოხვდა, რომელმაც ავადმყოფის სანახავად გაყოლა სთხოვა. მოძღვარი უცნობს მიენდო. ავადმყოფის სახლში მისულმა ფეხი ფარდაგს როგორც კი დააბიჯა ფარდაგიანად სარდაფში ჩავარდა, სადაც მოსყიდული მკვლელები იყვნენ ჩასაფრებულები. მღვდელი შებოჭეს და სარწმუნოების შეცვლა სთხოვეს, რათა შემდეგ გაქრისტიანებული ინგილო ხალხიც მუსლიმანობაზე მოექცია. მოძღვარს ხანჯლებითაც დაადგნენ თავს, თუმცა – უშედეგოდ. ბოლოს მოძღვარს უთქვამს: “ვიცი, რომ სიკვდილის პირას ვარ, მაგრამ მე ჩემს სარწმუნოებას ურჯულოთა რჯულზე არ შევცვლი. ადამიანის სიცოცხლის ბოლო მაინც სიკვდილია, ამიტომ‚ „სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა, სიკვდილი სახელოვანი”. დაე, მომკალით წმიდა სამებისთვის. სიკვდილის შიშითაც არ მივიღებ თქვენს საზიზღარ სარწმუნოებას – სადაც დედისა და დის მეტს არავის ცნობთ. ძმა ძმის ცოლს ირთავს, არ იცით სისხლით ნათესაობა. გაქვთ ჩამორჩენილი კულტურა…” ჯალათებმა მამა მიხეილს სიტყვა არ დაასრულებინეს, პირჯვრის გადაწერაც ვერ მოასწრო, ისე გამოასალმეს სიცოცხლეს. შებინდებულზე მისი გვამი შავ სუდარაში შეახვიეს, ურემზე დადეს და უღრან ტყეში წაიღეს. უპატრონოდ დარჩენილი ცხენი ჭიხვინით გამოიქცა სოფელში, ხალხი ყველაფერს მიხვდა…


წმიდა მიხეილ-მიქაელ ყულოშვილის მკვლელობის ამბავი სწრაფად გავრცელდა მთელ საქართველოში. 1918 წლის გაზეთ “საქართველოს” მეექვსე ნომერში ვინმე “ვ-ლი”-ის ფსევდონიმით წერდა, რომ მამა მიხეილის გვამი 18 დღის ძებნის შემდეგ სოფელ მარსანის ახლო ტყეში, ძველი ნახშირის საწვავ ორმოში ჩაგდებულს მიაკვლიეს.


“ნახევრად გახრწნილი გვამი რომ ამოიღეს, მნახველთ საშინელი სურათი წარმოუდგათ: ხელები გაკრული ზურგზედ, ხანჯლის ჭრილობა გულის ზემოთ, ყელი გამოჭრილი და კისრის ხერხემლის ძვლები დაკეპილი. ექიმების გამოკვლევით, ხელგაკრული მღვდელი დაუწვენიათ მარცხენა გვერდზე და მარჯვენა მხრით დაუწყიათ ხანჯლით (ან ცულით) ცემა და ნახევარზედ მოუშორებიათ კისერი. კუჭის გასინჯვამ აღმოაჩინა, რომ მღვდელი რამდენიმე დღე მშიერი ჰყოლიათ დამწყვდეული. არის ნიშნები, რომ გვამის დაწვა სდომებიათ ორმოში, მაგრამ ცეცხლი მალე ჩამქრალა. ამ მხეცური მკვლელობის ჩამდენნი ხალხმა იცის, მაგრამ ვერ უთქვამს, რადგან მთავრობა არ არის და გამჟღავნებისთვის შურისძიების ეშინიათ. მღვდელი მიხეილ ყულოშვილის გვამი მრავალი ხალხის თანდასწრებით დაკრძალული იქნა კახის წმიდა გიორგის სახელობის ეკლესიის ეზოში… ეჭვი არ არის, რომ მხეცური მკვლელობა ჩადენილია სარწმუნოებრივ ნიადაგზე. სიცოცხლის დროსვე მუსლიმანები ხან ემუქრებოდნენ მღვდელ ყულოშვილს ჩვენს სჯულზე გადმოდი, თორემ ინანებო, ხან გამოცვლისთვის ბევრ რამეს ჰპირდებოდნენ. განსაკუთრებით მოლები ემტერებოდნენ, რადგან უკანასკნელმა კარგად იცოდა მაჰმადის სჯული, ყურანის ახსნა და ხშირად ამხელდა მოლების უვიცობას. მუქარას უთვლიდნენ მუსლიმანები ქრისტიან-ინგილოთაც და ძალათ უნდათ მაჰმადიანობა მიაღებინონ. საჭიროა, ქართველობამ ჯეროვანი ყურადღება მიაქციოს მათ გაჭირვებულ მდგომარეობას და ეხლავე ზომები მიიღოს ინგილოთა განსაცდელისგან დახსნისთვის, თორემ მერე გვიანი იქნება…”

წმიდანი კახის წმიდა გიორგის ეკლესიის ეზოში მიასვენეს და საინგილოს დიდი ეროვნული გმირის, ივანე-ბაბა ბულუღაშვილის გვერდით, საინგილოს პანთეონში დაკრძალეს. დასაფლავებას ინგილო ქრისტიანებთან ერთად მაჰმადიანებიც ესწრებოდნენ.

მღვდელი მიქაელის მკვლელობისთვის კანონიერი გზით დასჯის შესახებ არაფერია ცნობილი.

მოამზადა თეონა ნოზაძემ

წმიდა მიხეილ-მიქაელ ყულოშვილის შესახებ ცნობების მოპოვებაში დაგვეხმარა ხატმწერი დავით ქავთარაძე. სტატიაში გამოქვეყნებული წმიდანის ხატის ავტორიც ის გახლავთ.


04.07.2014

წმინდა სინოდის განჩინებით და ხორნაბუჯის ეპისკოპოსის მელქისედეკის წარდგინებით, 2012 წლის 5 ივლისს, სარწმუნეობისათვის თავდადებული მღვდელი მიხეილი წმინდანად შეირაცხა და სახელად ეწოდა წმინდა მიქაელი (ყულოშვილი) ჰერეთში წამებული.


მისი ხსენების დღედ კი  5 ივლისი დადგინდა. წმინდანის საფლავი  დღევანდელი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე,  ჰერეთში, კახის წმინდა გიორგის სახელობის მონასტრის ეზოშია. როგორც ხორნაბუჯის ეპარქიის ფეისბუქის გვერდზე ვკითხულობთ, ამ დღესთან დაკავშირებით ჩატარდება სადღესასწაულო წირვა. ღვთისმსახურებას ხორნაბუჯელი ეპისკოპოსი მელქისედეკი, ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად აღავლენს დედოფლისწყაროს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში. სადღესასწაულო წირვა დაიწყება დილის 09:00 საათზე.

 მღვდელმოწამე მიხეილის ცხოვრებასა და მოღვაწეობას "კარიბჭის" მკითხველს ისტორიის მაგისტრის  თემურ ტარტარაშვილის მიერ მოძიებული მასალების  მიხედვით გადმოგცემთ

მიხაელ ყულოშვილის ცხოვრება და მოღვაწეობა (1842-1918)

მღვდელმოწამე მიხეილ ყულოშვილი დაიბადა 1842 წელს სოფელ კახში რაფიელ და საბედო ყულოშვილების ოჯახში. მართლმადიდებლურ სარწმუნოებაზე მოქცევამდე, მიხეილ ყულოშვილი მუსლიმი იყო და მას გადაწყვეტილი ჰქონდა მუსლიმი სასულიერო პირი გამხდარიყო. 1858 წელს მიხეილ ყულოშვილი მართლმადიდებლური წესით მოინათლა და სიკვდილამდე უფლისა და ხალხის სამსახურში იყო. მისი ცხოვრების პერიოდში, საინგილოში განხორციელებული ყველა ქართული საქმე პირდაპირ თუ ირიბად, მამა მიხეილ ყულოშვილის სახელს უკავშირდება. მღვდელი მიხეილ ყულოშვილი აქტიურად მონაწილეობდა ზაქათლის ოლქის სამრევლო სკოლის დაარსების, ეკლესიების აშენებისა და აღდგენის საქმეში. მღვდელმსახურებასთან ერთად, მამა მიხეილი პედაგოგიურ საქმიანობასაც ეწეოდა. იგი კახის სკოლის მასწავლებელი იყო. მიხეილ ყულოშვილმა დაწყებითი განათლება ოჯახში მიიღო.

მას ასევე დამთავრებული ჰქონდა გორის პედაგოგიური სასწავლებელი (კავკასიაში მართლმადიდებლური ქრისტიანობის აღმდგენი საზოგადოების 1887 წლის ანგარიში (რუსულ ენაზე) გვ. 94). 1860 წელს "ოსეთის სასულიერო კომისია" გაუქმდა და მის ბაზაზე "კავკასიაში მართლმადიდებლური ქრისტიანობის აღმდგენი საზოგადოება" ჩამოყალიბდა, რომლის მიზანი კავკასიის გაქრისტიანება იყო (ვლადიმერ წვერავა, საქართველოს საეგზარქოსოს სამისიონერო მოღვაწეობა XIX საუკუნეში, ქუთაისი 2003, გვ.78).

ამ ორგანიზაციამ, კავკასია 12 სამისიონერო რაიონად – საბლაღოჩინოდ დაყო, რომელთა შორის ერთ-ერთი საინგილო იყო. საზოგადოების დაფინანსებით იქმნებოდა სამრევლოები და სამრევლო სკოლები. ეს ორგანიზაცია აქტიურად მუშაობდა აგრეთვე ძველი ეკლესიების აშენებისა და აღდგენის საკითხზე. 1860 წელს მიხეილ ყულოშვილმა ,,კავკასიაში მართლმადიდებლური ქრისტიანობის აღმდგენ საზოგადოებაში" მუშაობა დაიწყო (კავკასიაში მართლმადიდებლური ქრისტიანობის აღმდგენი საზოგადოების 1898-1901 წლების ანგარიში, II ნაწილი (რუსულ ენაზე), გვ. 15). იგი ქრისტიანობის აქტიურ ქადაგებას ეწეოდა და ამ ორგანიზაციის სხვადასხვა დავალებებს ასრულებდა. ცნობილი ფაქტია, რომ მუსლიმი სასულიერო პირები მიხეილ ყულოშვილს ამზადებდნენ იმისათვის, რომ მოლა გამხდარიყო. ქრისტიანობაზე მისი მოქცევა კი ისლამის მიმდევარი სასულიერო პირებისთვის დიდი დარტყმა იყო, რასაც მამა მიხეილს სიცოცხლის ბოლომდე ვერ პატიობდნენ. ისინი მას "მირზა ქეშეშს" ეძახდნენ.

1870 წელს მიხეილ ყულოშვილი მღვდლად აკურთხეს და კახის წმინდა გიორგის ეკლესიაში გაამწესეს, სადაც 1894 წლამდე მსახურობდა (კავკასიაში მართლმადიდებლური ქრისტიანობის აღმდგენი საზოგადოების 1898-1901 წლების ანგარიში, II ნაწილი (რუსულ ენაზე), გვ. 145-146). ეს ეკლესია, 1855 წელს ძველი ეკლესიის ნანგრევებზე აშენდა. 1869 წელს კახის წმინდა გიორგის ეკლესიასთან დაარსდა სამრევლო სკოლა, სადაც მიხეილ ყულოშვილი ასწავლიდა.

ამ სკოლას "კავკასიაში მართლმადიდებლური ქრისტიანობის აღმდგენი საზოგადოება" აფინანსებდა. 1888 წლის მონაცემებით, კახის სკოლაში 75 მოსწავლე სწავლობდა, მიხეილ ყულოშვილის ხელფასი კი წელიწადში 300 მანეთს შეადგენდა (კავკასიაში მართლმადიდებლური ქრისტიანობის აღმდგენი საზოგადოების 1888 წლის ანგარიში, გვ. 122). 1870 წლიდან 1918 წლამდე მიხეილ ყულოშვილი საინგილოში მღვდელმსახურებას ეწეოდა. ამ პერიოდში მან ხალხის დიდი სიყვარული და პატივისცემა მოიპოვა. ღვთისმსახურების გარდა, მიხეილ ყულოშვილი სამედიცინო საქმიანობასაც ეწეოდა. ხალხურ მედიცინაზე დაყრდნობით, მიხეილ ყულოშვილი წამლებს ამზადებდა და მოსახლეობას კურნავდა.

მღვდელი მიხეილ ყულოშვილი ასევე აქტიურად მონაწილეობდა 1888-1894 წლებში ქურმუხის ეკლესიის აღდგენის საქმეში. ქურმუხის ეკლესიის აღდგენა ადგილობრივ ქართველ მოსახლეობას დიდი ხანია უნდოდა, თუმცა შექმნილი პოლიტიკური ვითარება მათ ამის შესაძლებლობას არ აძლევდა. 1880-იანი წლების ბოლოს, ქურმუხის ეკლესიის აღდგენის მიზნით, საინგილოს მოსახლეობამ ფულის შეგროვება დაიწყო. ამ საქმის ინიციატორი და ორგანიზატორი იყო კახის წმინდა გიორგის ეკლესიის მღვდელი მიხეილ ყულოშვილი (გაზეთი "ივერია", 1890 წელი, N175, სტატია "სოფელი კაკი", გვ. 1).

მამა მიხეილი ქურმუხის ეკლესიის მშენებლობის საორგანიზაციო კომიტეტის წევრი იყო. ცნობილია, რომ კომიტეტის წევრებსა და მის თავმჯდომარეს, ბლაღოჩინ ბარნაბოვს შორის გარკვეული უთანხმოება არსებობდა. ვითარების შესასწავლად, ეგზარქოსმა პალადიმ საინგილოში გაგზავნა "კავკასიაში მართლმადიდებლური ქრისტიანობის აღმდგენი საზოგადოების" სასწავლებლების ინსპექტორი ბემონაზონი ლეონიდი (შემდგომში, 1918-1921 წლებში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ლეონიდი (ოქროპირიძე) ). 1890 წლის 11 დეკემბერს, ეგზარქოს პალადისათვის გაგზავნილ ვრცელ წერილში, ინსპექტორი ლეონიდი მღვდელ მიხეილ ყულოშვილს დადებითად ახასიათებს და მას ღირსეულ პიროვნებას უწოდებს, რომელსაც ბლაღოჩინი ბარნაბოვი დაუმსახურებლად შეურაცყოფას აყენებს (საქართველოს ცენტრალური სახელმწიფო საისტორიო არქივი, ფონდი-493, საქმე-580, დოკუმენტი N1140, გვ19).


1912 წელს მიხეილ ყულოშვილმა საკუთარი სახსრებით აღადგინა კახში, საყარულოს მთაზე, VIII საუკუნეში ქართლის მეფე არჩილის მიერ აშენებული კასრის სამების ეკლესია (ზ. ედილი, საინგილო, 1997, გვ. 177). 1922 წელს კასრის ეკლესია დარბეულ იქნა, შემდეგ კი მიწისძვრამ დაანგრია და დღეს მხოლოდ მისი ნანგრევებია შემორჩენილი (ილია ადამია, ქართული ხალხური ხუროთმოძღვრება, ტომი III, საინგილო, 1968, გვ. 145-146).

1891 წელს ,,კავკასიაში მართლმადიდებლური ქრისტიანობის აღმდგენმა საზოგადოებამ" სოფელ თასმალოში წმინდა თომა მოციქულის სახელობის ეკლესიის აშენება დაიწყო, რომელიც 1894 წლის 9 ოქტომბერს ეკურთხა (კავკასიაში მართლმადიდებლური ქრისტიანობის აღმდგენი საზოგადოების 1898-1901 წლების ანგარიში, გვ.14). თასმალოს ეკლესია კახიდან დაახლოებით 15 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს. 1894 წელს მიხეილ ყულოშვილი თასმალოს ეკლესიის მღვდლად დანიშნეს. მამა მიხეილი კვირაში ერთხელ ან ორჯერ დადიოდა თასმალოში და საჭიროების შემთხვევაში იქ რჩებოდა. თასმალოში მოღვაწეობა მას მეტად რთულ პირობებში უხდებოდა. 1900 წლის მონაცემებით, თასმალოს მართლმდიდებლური სამრევლო 22 კომლისგან შედგებოდა, რომელთა შორის 38 მამრობითი, ხოლო 25 მდედრობითი სქესის წარმომადგენელი იყო (იქვე, გვ. 14). ასეთ რთულ პირობებში და შედარებით მოკლე დროში 22 ოჯახის მოქცევა მამა მიხეილის წარმატებულ მისიონერულ მოღვაწეობაზე მეტყველებს.

აღსანიშნავი ის ფაქტი, რომ მამა მიხეილთან ერთად თასმალოში პერიოდულად ჩადიოდა მამა ლეონიდი (ოქროპირიძე), რომლის ქადაგებების შედეგად სოფელ თასმალოს რამდენიმე კომლი კვლავ მამაპაპისეულ სარწმუნოებას დაუბრუნდა (იქვე, გვ. 154). 1918 წელს, სოფელ თასმალოს ეკლესიის მღვდელი მიხეილ ყულოშვილი, წირვის დასრულების შემდეგ, ფანატიკოსებმა მოტყუებით ტყეში მიიყვანეს და სასტიკად აწამეს, რის შედეგაც იგი გარდაიცვალა. მიხეილ ყულოშვილი ადგილობრივმა ქართველმა მოსახლეობამ კახის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის ეზოში დიდი პატივით დაკრძალა.

აქვე წაიკითხეთ:

სანამ ყელს გამოსჭრიდნენ, პირჯვრის გამოსახვა უცდია, მაგრამ ვეღარ მოუსწრია

"საინგილოს მიეხმარე, როგორც შეგიძლიაო..."



KARIBCHE

მიხეილ ყულოშვილის საფლავი კახის წმინდა გიორგის ეკლესიის ეზოში

ჯაბა ლაბაძის ფოტო

სტატიის ავტორი: თეა ცაგურიშვილი


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 20.03.2023
ბოლო რედაქტირება 11.02.2024
სულ რედაქტირებულია 2

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 01.05.2023
სულ რედაქტირებულია 1



მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0