ღვთის მადლით განმტკიცებული ცხოვრება: მონაზონი ნანა (ნინო ილარიანი)
   მონაზონი ნანა (ნინო ილარიანი)2003–2008 წლებში, თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის ქრისტიანული ფსიქოლოგიის ფაკულტეტის კურსდამთავრებული გახლავთ. სტუდენტობის წლებში მის  ცხოვრებას განსაკუთრებული მნიშვნელობა და ღირებულება მიანიჭა იმ გარემოებამ, რომ იმ დროს სასულიერო აკადემიის და სემინარიის  რექტორი თავად საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II გახლდათ.     

    სასულიერო აკადემიისა და სემინარიის  ცხოვრებაში ეს ის პერიოდია,როდესაც სტუდენტების ყოველდღიურობა არა მხოლოდ საგანმანათლებლო პროცესით, არამედ უწმინდესთან  შეხვედრებით და მასთან უბრალო,უშუალო საუბრით  გამოირჩეოდა. მისი უწმინდესობა ყურადღებით, გულისყურით უსმენდა სტუდენტებს, მოკრძალებით აძლევდა რჩევას  და  ცხოვრებისეულ და სულიერ გამოცდილებას უზიარებდა.
    ვფიქრობ,უნდა აღინიშნოს,რომ სასწავლებლის რექტორს არ ჰქონდა არანაირი ვალდებულება ყოველ დღე შეხვედროდა სტუდენტებს, მით უფრო, როცა რექტორი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ერის სულიერ მამა,სულიერი მწყემსი და სულიერი მოძღვარია, მაგრამ მისი უწმინდესობის ამგვარი დამოკიდებულება  ახალგაზრდების მიმართ სიყვარულს და  მზრუნველობას მოწმობდა.
   დედა ნანა წმ.სამების საკათედრო ტაძრის კურთხევის დღიდან, სხვადასხვა მორჩილებაში მონაწილეობდა - დიასახლისის, ტრაპეზარის და სხვა მრავალ საქმეში. ერთგულებით და თავდადებით შესრულებული თითოეული საქმე მისი პიროვნული ფორმირების, სიმდაბლის, შრომისმოყვარეობის, მორჩილების და სულიერი სიმტკიცის უმთავრეს-ცხოვრების გაკვეთილად იქცა. სწორედ ეს ყოველდღიური შრომა და მისი უწმინდესობის სულიერი მზრუნველობა და უფლისადმი სიყვარული თანდათანობით ქმნიდა იმ საფუძველს, რომელზეც შემდგომში მონასტრული ცხოვრება დამყარდა.
    2012 წელს, მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევით, ცხვარიჭამიაში დაარსდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის დედათა მონასტერი, სადაც, ღვთის წყალობით და განგებულებით  2018 წელს მონაზვნად აღიკვეცა და ამ ღვთითგამშვენებულ დღეს მოციქულთა სწორი დედოფლის - ნანას სახელი ეწოდა, რომელიც არა მხოლოდ ახალი ცხოვრების სიმბოლო, არამედ მუდმივი მოწოდებაა სიყვარულში, სიმდაბლესა და ერთგულებაში დარჩენისა.
   როდესაც დედა ნანას, განვლილ ცხოვრების  გზას გადავხედავთ, ნათლად ჩანს, რომ სასულიერო აკადემიაში სწავლა, მისი უწმინდესობის სტუდენტებთან ყოველდღიური ურთიერთობა, საუბრები და წმ.სამების ტაძარში მრავალწლიანი მორჩილებით და სიწმინდით მსახურება სულიერი ნაყოფიერების სათავეა,რაც  ცოდნასთან ერთად, ადამიანს შინაგანი სიმტკიცისაკენ და ღვთის ნებაზე მინდობისაკენ მიმართავს.